მას შემდეგ, რაც ნინოწმინდის პანსიონატში სახალხო დამცველის მონიტორინგის ჯგუფი არ შეუშვეს, პროცესები, არც თუ სახარბიელო სცენარით განვითარდა. ერთი მხრივ ომბუდსმენი პანსიონატის დირექტორ, მეუფე სპირიდონს ადანაშაულებს იმაში, რომ ბავშვთა სახლში ირღვევა არასრულწლოვანთა უფლებები და აღმზრდელები ბავშვებზე ძალადობენ, მეორე მხრივ, თავად პანსიონატის აღზრდილები და მათი მშობლები მეუფე სპირიდონს მხარდაჭერას უცხადებენ, ხოლო ომბუდსმენს ცილისწამებაში ადანაშაულებენ და მასთან შეხვედრას მოითხოვენ.

პანსიონატის ყოფილი აღსაზრდელებისა და აღმზრდელების მოსაზრებით, ნინოწმინდის პანსიონატისა და მეუფე სპირიდონის წინააღდეგ მიზანმიმართული, ცილისმწამებლური და ამაზრზენი კამპანია მიმდინარეობს.

მეუფე სპირიდონი

15 აპრილს, სახალხო დამცველის წარმომადგენელი საპატრიარქოს ნინოწმინდის “წმინდა ნინოს ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონში არ შეუშვეს. მიზეზად,  ომბუდსმენის მიერ ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების მოთხოვნა დასახელდა. ამის შემდეგ, არასამთავრობო ორგანიზაციამ – “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა და პანსიონატში მონიტორინგის ჩატარების უზრუნველყოფა მოითხოვა.

სკანდალს საფუძვლად დაედო 2016 წელს გახმაურებული ინფორმაცია, პანსიონატში გოგონას გაუპატიურების შესახებ. მაშინ ჩატარებული გამოძიების შედეგად აღნიშნული ფაქტი არ დადასტურდა. ასევე, საუბარია მკვლელობაზე. კერძოდ, ანონიმური პირი ჟურნალისტებს სატელევიზიო ეთერში მოუყვა, თუ აღმზრდელს ცემისას, როგორ შემოაკვდა ბავშვი, რომელიც შემდგომ დაბურულშუშებიანი მანქანით წაიყვანეს და საიდუმლოს დამარხეს.

2016 წლიდან დღემდე შინაგან საქმეთა სამინისტრომ პანსიონში განვითარებულ მოვლენებზე 5 საქმე აღძრა — 4 ძალადობაზე და 1 სავარაუდო გაუპატიურებაზე. მანამდე კი, თბილისის საქალაქო სასამართლომ პანსიონატიდან შშმ ბავშვების გამოყვანის გადაწყვეტილება მიიღო. 7 შშმ პირთან ერთად სკანდალის გამო პანსიონატიდან შვილი, რამდენიმე მშობელმაც გაიყვანა, რომლებმაც ჟურნალისტები დაადანაშაულეს იმაში, რომ მათ შვილებს სწავლის შეწყვეტა და პანსიონატის დატოვება ზაფხულის არდადეგების დაწყებამდე მოუხდათ.

​როგორც სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოში განმარტავენ, პანსიონატიდან გამოყვანილი ბავშვები ბიოლოგიურ ოჯახში, მცირე საოჯახო ტიპის სახლსა და მინდობით აღზრდაში იმყოფებიან.

7 ივნისს მეუფე სპირიდონის მხარდამჭერი რამდენიმე აქცია გაიმართა, – ერთი თბილისში, სახალხო დამცველის ოფისთან და მეორე ზესტაფონში, სადაც აღნიშნული პანსიონატი თავდაპირველად ფუნქციონირებდა. ორივე აქციის მონაწილეების მოთხოვნა იყო სახალხო დამცველთან შეხვედრა. მათი განცხადებით, ომბუდსმენი ეკლესიის დისკრედიტაციას ეწევა.

მოქალაქეებთან ერთად აქციაზე სასულიერო პირებიც იმყოფებოდნენ. ორივე აქციას მხარდაჭერა გამოუცხადეს პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა, ზესტაფონის აქციაზე “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი, ირმა ინაშვილი იმყოფებოდა, ხოლო თბილისის აქციაზე „ერთობა, რაობა, იმედის“ ლიდერი ლევან ვასაძე. სახალხო დამცველი ოფისთან მობილიზებული იყო პოლიცია. თავად ომბუდსმენი აქციის მონაწილეებთან შესახვედრად არ გამოსულა.

“მეუფე სპირიდონმა, 25 წლის ასაკში, პირადად მე, სულიერად გამზარდა და ჩამომაყალიბა, როგორც ადამიანი. შეურაცხყოფილი ვარ, თურმე ვმუშაობდი ისეთ სამსახურში, სადაც არაადამიანური და დამსჯელი რაღაცეები ხდებოდა. მიმდინარეობს ბრძოლა მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ, მეუფე სპირიდონი ყველაზე ძლიერ ფიგურას წარმოადგენს და, ალბათ, ამიტომ დაიწყეს მისით”, – განაცხადეს ზეტსაფონის აქციის მონაწილეებმა.

მანამდე, 3 ივნისს, საპირისპირო შინაარსის აქცია გაიმართა პროკურატურის შენობასთან. აქციის მონაწილეები სახალხო დამცველის ბავშვთა პანსიონში შეშვებას მოითხოვდნენ. აქციის ერთ-ერთ აქტივისტ (მოძრაობა “სირცხვილია”) გიგა მაქარაშვილს პოლიციამ დაკავებისას ხელი მოტეხა. მის გარდა, პოლიციამ აქციაზე ადმინისტრაციული წესით კიდევ 5 აქტივისტი დააკავა.

როგორც Dalma News-ის კორესპონდეტს პანსიონატის ერთ-ერთმა ყოფილმა აღმზრდელმა, ქეთევან ყვავაძემ განუცხადა, აღნიშნული პანსიონატი 1996-97 წლიდან არსებობს. ის ჯერ ზესტაფონში ფუნქციონირებდა. 2006 წლიდან კი ჯავახეთში, ქალაქ ნინოწმინდაში გადავიდა. ბავშვებს მეუფე მზრუნველობას არ აკლებდა და მათზე დღემდე ზრუნავს.

თავად ნინო პანსიონატში აღმზრდელად და მედავითნედ 18 წლის განმავლობაში მუშაობდა. ამბობს, რომ ბევრი ბავშვი იქაურ აღმზრდელებს დღემდე დედად მოიხსენიებს.

“გული მტკივა ამ ყველაფერზე ასეთი ცილისწამება არ შერჩება არავის. აღშფოთებულია მთელი ქალაქი. აქ, ზესტაფონში, ეს სისულელე არავის სჯერა. ბავშვებს სამედიცინო კუთხით ძალიან დიდი ყურადღება ჰქონდათ”, – ამბობს ყვავაძე.

ახალგაზრდა დედამ, ეკა გაგნიძემ ნინოწმინდის პანსიონატში თავისი 3 წლის შვილი გაჭირვების გამო მიიყვანა და თავად სამუშაოდ საზღვარგარეთ წავიდა. 10 წლის შემდეგ კი, როცა ფინანსურად “ფეხზე დადგა” შვილი ემიგრაციაში თან წაიყვანა. ამბობს, რომ მეუფე სპირიდონის დაუხმარებლად ამას ვერ შეძლებდა, რადგან ბავშვის დამტოვებელი არ ჰყავდა.

“საქართველოში, რაც არ უნდა იმუშაო, ვერც ბინას იყიდი და ვერც ვერაფერს მიაღწევ. ქუჩაში ვიყავი დარჩენილი და ის გზა მრჩებოდა უცხოეთში წავსულიყავი სამუშაოდ. მეუფეს ჩავაბარე ჩემი შვილი და წავედი. უკვე 4 წელია, ჩემი შვილი ჩემთან წამოვიყვანე”, – ამბობს ეკა გაგნიძე.

მისი თქმით, ბავშვები, რომლებიც დედებმა მეუფეს ჩააბარეს, სოცმუშაკს რა უფლებით მიჰყავთ იქ, სადაც მათ მოუნდებათ?

“ალბათ, გული გამისკდებოდა, ჩემი შვილი სოცმუშაკს, სადმე რომ წაეყვანა. იმ პანსიონატში მყოფ ბავშვებს უმეტესობას ყველას ჰყავს პატრონი, – დედა ან ბებია. მეუფე ძალიან კარგი ადამიანია და ყოველთვის ვიტყვი – ღმერთმა დალოცოს“, – ამბობს ეკა გაგნიძე.

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატის ყოფილი აღსაზრდელი გიორგი ლელაძე იხსენებს, თუ, როგორ მოხვდა მეუფე სპირიდონთან პანსიონატში. მისი მშობლები გაიყარნენ და დედა 3 შვილით საქართველოში დაბრუნდა. დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, გიორგის ხშირად უწევდა ქუჩაში ყოფნა. სანამ ბავშვი ქუჩას მიეჩვეოდა და მისი აღზრდა რთული გახდებოდა ოჯახის ახლობლებმა დედას სთხოვეს, ბავშვები ბავშვთა სახლში ჩაებარებინა. გიორგი და მისი ორი უმცროსი და ქუთაისში, ოჯახური ტიპის ბავშვთა სახლში ჩააბარეს. იქ მოხდა ასეთი ინციდენტი, გიორგის დები აღმზრდელებმა დასაჯეს და სიმინდის მარცვლებზე დააყენეს. პროტესტის ნიშნად გიორგი ბავშვთა სახლი გაიქცა და თბილისში გაიპარა. პოლიციამ ბავშვი ქუთაისში დააბრუნა და სამივე დედმამიშვილი მეუფე სპირიდონის პანსიონატს მიაბარეს.

“ეს 2000 წელს მოხდა. ქვეყანაში ძალიან გაჭირვება იყო, მაგრამ ბავშვთა სახლის ბავშვები საერთოდ არ განვიცდიდით იმ გაჭირვებას საკუთარ თავზე. სულ სხვა სამყაროში ვცხოვრობდით. გვქონდა 4-ჯერადი კვება, სწავლა, ზაფხულობით 3 თვით კურორტებზე დასვენება“, – ამბობს გიორგი.

ამბობს, რომ მეუფის პანსიონატში ძალადობის ფაქტები, არც უნახავს და, არც სმენია, სხვა შემთხვევაში აუცილებლად ექნებოდა მძაფრი რეაქცია, როგორც ეს წინა შემთხვევაში იყო. აუცილებლად გააპროტესტებდა ბავშვების მიმართ ძალადობას და აუცილებლად გაასაჯაროვებდა.

მისივე თქმით, მეუფეს მომვლელები კატეგორიულად ჰყავდა გაფრთხილებული, რომ თუ რომელიმე მათგანი ბავშვს დასჯიდა, ან სცემდა პანსიონატს დატოვებდა. 2004-2005 წლებში პანსიონატი ჯავახეთში გადავიდა, გიორგიც იმ ბავშვებთან ერთად წაიყვანეს ნინოწმინდაში და იქ იზრდებოდა. იხსენებს იმ წლებს და ამბობს, რომ მოზრდილი ბავშვები პანსიონატში სხვადასხვა საქმეში ეხმარებოდნენ.

“ნინოწმინდაში ჩაკეტილები არ ვყოფილვართ, დავდიოდით სკოლაში. გვერდით პარკში ადგილობრივ სომეხ ბავშვებთან ერთად ფეხბურთს ვთამაშობდით. ნინოწმინდაში ქართული მოსახლეობა ძალიან ცოტაა, პანსიონატის ჯავახეთში გადატანის ერთ-ერთი მიზანი ესეც იყო, რომ ეს ბავშვები რომ გაიზრდებოდნენ, იქ დასახლებულიყვნენ, შეექმნათ ოჯახები. 2011 წელს დავამთავრე სკოლა და ჩავაბარე უნივერსიტეტში და გადავედი საცხოვრებლად აჭარაში”, – ამბობს გიორგი ლელაძე.

მისივე თქმით, იმ ბიჭის ინტერვიუ, თითქოს ნინოწმინდის ბავშვთა სახლს მავთულხლართები ჰქონდა შემოვლებული, ტყუილია. გიორგი, ასევე, სიცრუეს უწოდებს ინფორმაციას, ბავშვის გარდაცვალებასთან და გოგოს გაუპატიურებასთან დაკავშირებით.

განათლების სამინისტროს პროექტის – „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“ მონაწილე ნინო ლარცულიანი ყვება, რომ ნინოწმინდაში 2012-2013 წლებში ცხოვრობდა და აღნიშნულ პანსიონატთან მოუხდა თანამშრომლობა. მისი თქმით, მეუფე ბავშვებს შვილებივით ზრდის.

“მინახავს მათი გაკვეთილები, რამხელა შრომას დებენ პედაგოგები და აღმზრდელები, რომლებიც ამ ბავშვებთან ერთად მუშაობენ. დღეს რაც ხდება, ეს წარმოუდგენელი უმადურობაა. შევესწარი იმ ფაქტსაც, როცა პანსიონატში ფერადკანიანი ბავშვი მოიყვანეს და მეუფემ სპირიდონი დაარქვა. თვითონ ბავშვებიც ერთმანეთის მიმართ სითბოს გამოხატავენ. ვფიქრობ, ეს თემა განგებ არის აგორებული. ჩვენს ტელევიზიებს “ქაჯეთის ციხე” ვუწოდე. განგებ ქმნიან დაძაბულ ფონს, რათა დაარტყან ეკლესიას. არ მინახავს, არც ერთი ბავშვი, რომელიც მადლიერი არ ყოფილიყოს ამ პანსიონატის“, – ამბობს ნინო ლარცულიანი.

ყოფილი აღსაზრდელი ნინო ქაშიბაძე ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ამაზრზენს უწოდებს.

“ფიზიკური ძალადობა არასდროს ყოფილა, არც ერთი თანამშრომლისგან, ისე ვიზრდებოდით იქ, როგორც ერთი ოჯახი. 24 საათის განმავლობაში, როგორ გაჩერდები ბავშვთან, თუ ის უზრდელია? ამიტომ ვცდილობდით ყველასთან კარგი ურთიერთობა გვქონოდა. რაც დაზუსტებით არ იცით, ნუ გაასაჯაროვებთ, ძალიან არასწორად იქცევით“, – მიმართავს ნინო ჟურნალისტებს.

მისივე თქმით, პანსიონატში გაზრდილი ბავშვები აღსაზრდელებთან ურთიერთობას დღემდე ინარჩუნებენ.

“სანამ პანსიონატში მოვხვდებოდი, არ მეგონა, თუ იდეალური სამყარო არსებობდა. როდესაც იქ შევაბიჯე, მივხვდი, რომ იდეალურ გარემოში მოვხვდი, გამძლეობას ვუსურვებ მეუფეს, რადგან ძნელია ამდენი ცილისწამება აიტანო“, – ამბობს ნინო ქაშიბაძე.

ნინოწმინდის ბავშვთა სახლში აღზრდილები ამბობენ, რომ საუკუნე არ ეყოფათ მეუფე სპირიდონის სიკეთის ფაქტების მოსაყოლად. ყოველწლიურად თბილისში სამედიცინო გამოკვლევაზე, ხოლო სოფელ ჩუმათელეთში დასასვენებლად მიჰყავდათ ისინი. ასევე, ყოველ ხუთშაბათს დადიოდნენ ექსკურსიებზე და თითქმის თელი საქართველო აქვთ შემოვლილი, მაშინ, როცა ძალიან ბევრ ოჯახს არ აქვს საშუალება, საკუთარი შვილი ყოველ წელიწადში ერთხელ მაინც ექსკურსიაზე წაიყვანოს, ან გამოკვლევა ჩაუტაროს ყოველ წელიწადს. პანსიონატის ბავშვები ყველა კულტურულ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ.

ქუჩაში რომ ტოვებენ დედები შვილებს, ეგ “ტეხავს”. გაჭირვების გამო, შვილს ეკლესიას რომ მიაბარებ მასეთი დედობა არ “ტეხავს“, – ამბობენ ბავშვთა სახლის ყოფილი აღსაზრდელები.

როგორ განვითარდება მოვლენები, დრო გვიჩვენებს. ამ ეტაპზე სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს სპეციალისტთა ჯგუფი, რომელიც სოციალური მუშაკებითა და ფსიქოლოგებით არის დაკომპლექტებული, ნინოწმინდის პანსიონატში მუშაობენ. ისინი არასრულწლოვნების მდგომარეობას, მათი განვითარებისა და ფსიქო-ემოციური ფონის თავისებურებებს ადგილზე აფასებენ.

შ. ქარჩავა