საქართველოს ეროვნულმა ვალუტამ აპრილში ანტირეკორდი აჩვენა და აშშ დოლართან მიმართებით ლარის კურსმა 3.50-მიაღწია. წლის დასაწყისთან შედარებით, ლარი დოლართან მიმართებით 16,32 თეთრით, ხოლო ევროსთან — 10,86 თეთრით გაუფასურდა. ლარის კურსის მერყეობის შესამცირებლად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მიმდინარე 242,9 მლნ დოლარი გაყიდა. ბოლო სავალუტო აუქციონი 22 აპრილს შედგა, სადაც 30 მილიონი აშშ დოლარი გაიყიდა.

ივნისში ლარმა გამყარება დაიწყო, რაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ, პანდემიის გამო ჩაკეტილი ეკონომიკის გახსნით ახსნა და განმარტა, რომ ლარის კურსის გამყარებას ორი ფაქტორი უწყობს ხელს – დადებითი მოლოდინები და ახალი სავალუტო შემოდინება: სავალუტო გადმორიცხვები, ტურიზმი და ექსპორტი, რომელიც აპრილში 70%-ით გაიზარდა.

რამდენად ნორმალური პროცესია ლარის კურსის სწრაფი ცვლილება და მშპ-ის 45%-იანი ზრდა, რატომ ვერ პოულობს ასახვას მოსახლეობის კეთილდღეობაზე? Dalma Newsის კითხვებს პროფესორი ლადო პაპავა და ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, ნიკა შენგელია პასუხობენ.

ლარის კურსის უეცარი გამყარება, რამდენად გრძელვადიანი პროცესია და არის, თუ არა ის ხელოვნური?

ლადო პაპავა: ეკონომიკის გახსნას, ტურისტების ნაწილობრივ შემოსვლას, ფულადი გზავნილების გაზრდას, ექსპორტის იმპორტთან შედარებით უფრო მეტი ტემპით ზრდას ლარის კურსის გამყარებაზე უშუალო გავლენა ჰქონდა. ამასთან ერთად, მთელი რიგი სხვა პოზიტიური მომენტებიც გამოიკვეთა. კერძოდ, ვაქცინაციის პროცესის დაჩქარებამ, ეპიდემიის მესამე ტალღის პიკის გადავლამ და ოპოზიციის პარლამენტში შესვლით პოლიტიკური დაძაბულობის განმუხტვამ ის უარყოფითი მოლოდინები მოხსნა, რომლებიც ლარის გაუფასურებას უწყობდა ხელს. ყველაზე მთავარი კი, ჩემი აზრით არის ის, რომ ეროვნულმა ბანკმა შეამცირა რეფინანსირების სესხების გაცემა, ანუ პრაქტიკულად შეამცირა მიმოქცევაში ფულის მასა, რაც ლარის გამყარებისთვის იყო გადამწყვეტი. ყველაზე მთავარი ფაქტორი ესაა. აქედან გამომდინარე, კითხვაზე, რა გვექნება მომავალში ერთმნიშვნელოვანი პასუხის მოძებნა ძნელია.

ნიკა შენგელია

ნიკა შენგელია: როდესაც ლარის გამყარება დაიწყო, ჩვენ გვქონდა პროგნოზი, რომ ეს მოკლევადიანი ღონისძიება იქნებოდა. ვთქვით, რომ 2-3 კვირის განმავლობაში მისი კურსი ითამაშებდა 3.07-სა და 3.17 -ს შორის. სავარაუდოდ ჯერჯერობით ამას ვხედავთ. ზაფხულის პერიოდის დასრულების შემდგომ ლარი კვლავ შეუდგება გაუფასურებას. ჩვენს ეკონომიკაში განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, რომ ლარის კურსი გამყარდეს, თან ისე სწრაფად და ჩქარა, როგორც ვნახეთ. შესაძლოა ეკონომიკა გამოჯანმრთელდეს, დაიწყოს ძვრები, მაგრამ ლარი მაინც ნელ-ნელა დაიწყებს გამყარებას. სწრაფი ტემპი მიუთითებს იმაზე, რომ საბანკო ოლიგოპოლიამ გადაწყვიტა ხელში იაფად ჩაიგდოს ვალუტა და შემდეგ, ისევ ძვირად მიჰყიდიან მოსახლეობას და ბიზნესს. ლარის სწრაფი გამყარებითა და გაუფასურებით სარგებლობს ოლიგოპოლიური სისტემა და არავინ სხვა. ყოველთვის ზარალდება ბიზნესი და მოსახლეობა.

პირველი ივნისიდან საქართველომ გახსნა სახმელეთო საზღვარი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, ეს ხელს შეუწყობს ქვეყანაში უცხო ვალუტის შემოტანას?

ნიკა შენგელია: ეკონომიკის გახსნის ეფექტი გამოჩნდება გარკვეული დროის შემდეგ. როდესაც ეკონომიკაში იწყება გამოცოცხლება, ის 3 თვის შემდეგ აისახება მოსახლეობაზე. მაგრამ პირდაპირ გეტყვით, რომ 3 თვის შემდეგაც არაფერი აისახება ჩვენს მოსახლეობაზე. ახლა ისეთი პერიოდია, როცა დოლარზე მოთხოვნა იკლებს. ივლის-აგვისტოში ძირითადი სოფლის მეურნეობის პროდუქტები, რომლებიც უცხოეთიდან შემოდიოდა, ნაკლებად შემოდის, რადგან ბაზარს ადგილობრივი იკავებს. ლარის გაუფასურება დაიწყება ოქტომბრის მეორე ნახევრიდან. წლის ბოლომდე ველოდებით ლარის გაცვლით კურსს აშშ დოლართან მიმართებით 3.45-სა და 3.55 შორის.

ტურისტები, როცა შემოდიან და მათ მომსახურებას ისევ იმპორტირებული პროდუქციით უწევენ, შესაბამისად იმპორტიც იზრდება. ცალსახად იმის თქმა, რომ ტურისტი შემოვა და ექსპორტი გადაახტება იმპორტს, ეს არის უტოპია. რაც მეტი ტურისტული შემოვა, იმპორტზე მოთხოვნაც გაიზრდება. ეს კი ნიშნავს უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნის გაზრდას. როგორ შეიძლება ლარის კურსზე ამან იმოქმედოს სუპერ დადებითად. შემოდგომით ლარის კურსი კვლავ მიადგება გაუფასურების ანტირეკორდს.

ლადო პაპავა

ლადო პაპავა: ეკონომიკის გახსნა სავარაუდოდ გაიზრდება, იმიტომ, რომ ვაქცინაციის პროცესი ასე თუ ისე მიდის და გვპირდებიან, რომ ივლისიდან ის უფრო მასშტაბური გახდება. ეს აყალიბებს პოზიტიურ დღის წესრიგს. სავარაუდოდ მეტი ტურისტი გვეწვევა ამ ზაფხულს, რადგან უკვე ფრენებიც აღდგა, ახალი ავიაკომპანიები შემოვიდა საქართველოს ავიაბაზარზე, გაიხსნა სახმელეთო საზღვარი, ეს ყველაფერი დადებითი ტენდენციაა და პოზიტიურ გავლენას იქონიებს ლარის კურსზე.

მაგრამ ვერანაირ პროგნოზს ვერ ვაკეთებ იმასთან დაკავშირებით, უახლოეს მომავალში რას იზამს ეროვნული ბანკი, ხომ არ გაზრდის ისევ რეფინანსირების სესხებს და ამით, ხომ არ გაზრდის ფულის მასას. სხვა სიტყვებით, ყველაზე არაპროგნოზირებადი კომპონენტი მთელ ამ ვითარებაში, რაც საქართველოშია შექმნილი, ეს ეროვნული ბანკის დღევანდელი ხელმძღვანელობაა. ერთი წამითაც ეჭვი არ მეპარება საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლების კომპეტენტურობაში, მაგრამ იმავდროულად ვერანაირი ნდობით ვერ ვეკიდები ეროვნული ბანკის დღევანდელ ხელმძღვანელობას, რომელიც არაერთი წელია იძახის, რომ ლარი და ლარის გაცვლითი კურსი მისი საქმე არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ლარის „მშობელი“ ეროვნული ბანკია, ის მაინც უარს ამბობს თავისი პირმშოს მდგომარეობაზე. ვისი მოსავლელია ლარი, თუ არა ეროვნული ბანკის? ამ მხრივ მთავრობის ინსტრუმენტები ისეთი ძლიერი არ არის, როგორიც გააჩნია ეროვნულ ბანკს.

ასე, რომ თუ ეროვნულმა ბანკმა ისევ გაზარდა რეფინანსირების სესხები, ლარი ისევ გაუფასურდება.

რა შემთხვევაში შეიძლება გაზარდოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების სესხები? ეს იძულებითი ღონისძიებაა, თუ მის სურვილზეა დამოკიდებული?

ლადო პაპავა: ვერ გეტყვით. მე შემიძლია პროგნოზი გავაკეთო, როგორც ეკონომისტმა, რა შეიძლება მოხდეს ეკონომიკაში, თუმცა აქაც შეიძლება შევცდე, იმიტომ, რომ 100%-იანი პროგნოზები უბრალოდ არ არსებობს, მაგრამ რას მოიმოქმედებს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობა, რომელიც თვლის, რომ ლარის გაცვლითი კურსი მისი საქმე არ არის, ამასთან დაკავშირებით მე პროგნოზს ვერ გავაკეთებ…

სანამ ლარის გამყარება დაიწყებოდა, გაიზარდა ტარიფები გაზზე, გაძვირდა დენი. მიზეზად დასახელდა ლარის კურსის ვარდნა. ლარის გამყარების შემთხვევაში რა ელის ტარიფებს?

ნიკა შენგელია: ლარის კურსის ვარდნით გაზის და დენის ტარიფის გაძვირება უხეშად რომ ვთქვათ, “გააპრავეს”. მაშინ, როცა კურსი გამყარდება ტარიფიც ლოგიკურად უნდა შემცირდეს. ამას არავინ არ გააკეთებს. თავი და თავი პრობლემის არის ის, რომ ქვეყანას აქვს ვალები და ამ ვალების ნაწილი გაზრდილი ტარიფიდან იფარება. თან მთავრობას გული შესტკივა იმ კომპანიებზე, რომლებიც, თურმე წაგებაზე გადიან, როგორც მოვისმინეთ მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის განცხადება.

ლადო პაპავა: საუბარია გაზის ტარიფის გაზრდაზე 8 თეთრით, ეს ბუნებრივიც იყო. გაზი იმპორტული საქონელია. იმპორტიორმა ფასი უნდა გადაიხადოს აშშ დოლარებში, ხოლო ქვეყნის შიგნით გაზი ლარში უნდა გაყიდოს. როდესაც ლარი უფასურდება, ბუნებრივია ლარში უკვე დადგენილი ფასი იმ ხარჯებს ვერ ფარავდა, რომელიც იმპორტიორს ჰქონდა გაზის შესყიდვაში. ამიტომ, სახელმწიფომ, კერძოდ, ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისია იძულებული გახდა ტარიფი გაეძვირებინა. რაც შეეხება ლარის გამყარების გამო გაზის ტარიფის შემცირებას, ეს ამ ეტაპზე ნაკლებადაა სავარაუდო, რადგანაც, როგორც ზემოთ გითხარით, ლარის გაცვლითი კურსის გამყარების პროცესის გაგრძელების შესაძლებლობა არ არის გარანტირებული…

გაზის ტარიფი რომ არ გაეზარდათ, ქვეყანას გაზი არ ექნებოდა და საერთოდ გაჩერდებოდა ყველაფერი ის, რაც გაზზე მუშაობს. ზამთარი როცა მოვა და ყველა სიცივეში იქნება. კომპანია, რომელიც გაზის იმპორტს ახორციელებს ის ლარის გაცვლით კურსთანაა „მიბმული“. ვინც უნდა მიხედოს ამ სფეროს არის, სწორედ ეროვნული ბანკი, რომელმაც უნდა იზრუნოს ლარის გაცვლით კურსზე. ეს მისი მოვალეობაა და კონსტიტუციითაც მისი სფეროა. მაშინ ლარიც უფრო სტაბილური იქნება და გაცვლით კურსის მერყეობის გამო ფასების ამგვარი ზრდაც ნაკლებად იქნებოდა მოსალოდნელი.

სტატისტიკის სამსახურმა გამოაქვეყნა მონაცემები, რომ ეკონომიკის ზრდამ აპრილში, წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით, თითქმის 45% შეადგინა. რამდენად სარწმუნოა ეს ციფრი?

ნიკა შენგელია: სად გაგონილა, რომ 45 % იზრდებოდეს მშპ მაშინ, როცა უმუშევრობის თვალსაზრისით მსოფლიოში მეათე ადგილზე ვართ. მაშინ, როდესაც პროდუქტებზე მაღალი ფასები გვაქვს და არ იკლებს, როცა ეკონომიკაში უამრავი პრობლემები გვაქვს. საქართველოში არსებობს 2 ეკონომიკა – ფურცელზე და რეალობაში. ციფრებში ეკონომიკა უმჯობესდება, მაგრამ გაჭირვება, უმუშევრობა, იმატებს, 800 ათასი ადამიანია სიღარიბის ზღვარს ქვემოთ არის ფაქტობრივად. მთლიანი შიდა პროდუქტი ნიშნავს ქვეყანაში არსებული პროდუქციისა და მომსახურების ჯამს და არა იმპორტირებული პროდუქციისა და რეექსპორტის ჯამს. ლარის კურსი რომ ჩამოვიდეს 2.80-ზე ექსპორტი შემცირდება. 3.15 – 3.30-ის ფარგლებში კურსი ნორმალურია.

ლადო პაპავა: ეკონომიკის ზრდა გვიჩვენებს ეკონომიკური აქტიურობის ამაღლებას. 2021 წლის აპრილში 2020 წლის აპრილთან შედარებით ეკონომიკა, რომ გაიზრდებოდა, ამას ყველა ველოდით. გავიხსენოთ, 2020 წლის აპრილში ქვეყნის ეკონომიკა პრაქტიკულად სრულად ჩაკეტილი იყო. 2021 წლის აპრილში ეკონომიკა უფრო გაიხსნა. მაგრამ ასეთი მატება, გულახდილად გითხრათ, ჩემთვის მოულოდნელი იყო. ამას სჭირდება მთავრობის მხრიდან ახსნა-განმარტება. ეკონომიკის სამინისტროში არის ის კომპეტენტური კადრები, რომლებმაც უნდა აგვიხსნან, რის ხარჯზე მოხდა ასეთი ზრდა? ეგებ ეს ტექნიკური ხარვეზია და სტატისტიკის სამსახურს გათვლებში აქვს დაშვებული რაღაც შეცდომა?

როგორ უნდა აისახებოდეს მოსახლეობის კეთილდღეობაზე ეკონომიკური ზრდა?

ლადო პაპავა: ჩვენ უნდა ავუხსნათ მოსახლეობას, რომ ეკონომიკური ზრდა, სხვა თანაბარ პირობებში, არ ნიშნავს მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდას. ეკონომიკური ზრდა არის კარგი, რადგანაც ეს ნიშნავს ეკონომიკურ აქტიურობის ამაღლებას. მაგრამ არის შემთხვევები, როცა ეკონომიკური ზრდა მოსახლეობის კეთილდღეობას არ აუმჯობესებს. ამ კონტექსტში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას, როცა ახალი საწარმოების გახსნით უფრო მეტი ადამიანი დასაქმდება, გაეზრდება შემოსავლები და ეს ზრდა მათ კეთილდღეობაზე უკვე ნამდვილად აისახება.

ესაუბრა შორენა პაპაშვილი