“წყალქვეშა ცურვის ასოციაციის” ხელმძღვანელს დავით ნიკოლაიშვილი მწვანე ტბის ფსკერის სრულად გაწმენდამდე მოითხოვს ტბაში ცურვა ოფიციალურად აიკრძალოს, რადგან ფსკერზე აღმოჩენილი იარაღის ნაწილი აქტიურია და შესაძლებელია ადამიანური მსხვერპლი გამოიწვიოს.

როგორც დავით ნიკოლაიშვილმა გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში განაცხადა, დაივინგ კლუბის წევრებმა მწვანე ტბაში ჩაძირული იარაღი ჯერ კიდევ 2006 წელს აღმოაჩინეს, მაშინ ეს ფაქტი აჭარის ტელევიზიამაც გადაიღო, მაგრამ კუდ-მა კადრები ჩამოართვა და ფაქტი ზედაპირულად მხოლოდ 3 დღის შემდეგ გაშუქდა.

დავით ნიკოლაიშვილის ინფორმაციით, იარაღი ტბაში აჭარის უზენაესი საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის ასლან აბაშიძის დროს არის ჩაყრილი და მათი რაოდენობა იმდენად ბევრია, რომ ტბის გარკვეულ ნაწილში მუხლამდე წყალშიც შესაძლებელია მათი აღმოჩენა. წვრთნის შედეგად მორჩენილ სამხედრო ნარჩენებს თურმე 2003 წლამდეც ყრიდნენ, მერე კი უკვე გამოუყენებელი იარაღიც ჩაყარეს.

“ჩვენი კლუბი ერთადერთია, რომელსაც დაივინგის საერთაშორისო სერთიფიკატი აქვს, შესაბამისად, სრული უფლება გვაქვს, დაივინგით დაინტერესებული უცხოელი ტურისტები წავიყვანოთ და მომსახურება გავუწიოთ. რადგან აფხაზეთის ტერიტორიაზე ვერ შევდივართ, დაივინგის ბევრი კარგი ადგილი, ფაქტობრივად, მიუწვდომელია ჩვენთვის, დარჩა მხოლოდ კვარიათი, გონიო და კიდევ აქამდე ვსარგებლობდით ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე მწვანე ტბით, რომელშიც განსაკუთრებული წყალქვეშა ფლორა და ფაუნაა. ამიტომ ეს ადგილი ძალიან მიმზიდველია უცხოელებისთვის, ხოლო ახლა, როცა ტბაში ჩაძირული იარაღი ვიპოვეთ, გამოდის, რომ ამ ტბას დაივინგისთვის ვეღარ გამოვიყენებთ,” – აცხადებს სპეციალისტი.

ხულოს მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 2 200 მეტრ სიმაღლეზე მდებარე მწვანე ტბა თავისი სილამაზით გამოირჩევა და ტურისტებს იზიდავს. ტბა უზარმაზარ მთებს შორისაა მოქცეული და ნაძვნარითა და წიფლნარითაა შემოსაზღვრული. აქამდე ტბას დაივინგისთვისაც იყენებდნენ. მწვანე ტბაში საბრძოლო იარაღის აღმოჩენის შესახებ მანამდე Dalma News-ი ოფიციალურ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერდა, კერძოდ, ჩაძირული ყუმბარმტყორცნები საკმაოდ კარგ მდგომარეობაშია და მისი აფეთქების საფრთხე არსებობს.