საქართველოს მესამე პრეზიდენტი, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი, უკვე წელიწადი და 3 თვეა დაპატიმრებულია, თუმცა პატიმრობის ძირითად ნაწილს სამედიცინო დაწესებულებაში ატარებს. მეცხრე თვეა იგი კლინიკა “ვივამედის” თერაპიულ განყოფილებაში მკურნალობს. ყოფილი მთავარსარდალი პატიმრობას, ფაქტობრივად, სამოქალაქო კლინიკაში ატარებს და არა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.

საქართველოში ძებნილად გამოცხადებული სააკაშვილი წლების განმავლობაში უკრაინის მთავრობაში იყო მოკალათებული. ამ ხნის განმავლობაში ის რამდენიმე საქმეზე დაუსწრებლად გაასამართლეს და სასჯელიც გამოუტანეს. ის დამნაშავედ არის ცნობილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით – ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე მას 6 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი. სააკაშვილი ბრალდებულია 2007 წელს 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის, ტელეკომპანია “იმედის” დარბევისა და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი – 9 024 367 ლარის პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე.

2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების წინა დღით, ყოფილი პრეზიდენტი საქართველოში არაჟნის კონტეინერებთან ერთად შემოიპარა. ის დააკავეს და სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადმოკვეთისთვის სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამის მუხლი წარუდგინეს. მესამე პრეზიდენტის მიმართ სისხლის სამართლის საქმეებს თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს.

ექსპრეზიდენტის ადვოკატები და პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებას და მის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაშვებას მოითხოვენ. სააკაშვილის ოჯახმა დასავლეთის გავლენიან პიარკომპანიაც კი დაიქირავა, რათა ქართული სასამართლო საგარეო პოლიტიკური წნეხის ქვეშ მოექცეს და საკუთარი ლობისტების დახმარებით მსჯავრდადებულმა სააკაშვილმა ქართულ მართლმსაჯულებას თავი დააღწიოს.

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ზედიზედ რამდენიმე პროცესზე, მოწმის სტატუსით ჩვენებები უცხოელმა სპეციალისტებმაც მისცეს. ერთ-ერთია ამერიკელი ტრავმატოლოგ-ორთოპედი, ქირურგი ჯეიმს კობი. კობი საქართველოში იმყოფებოდა, მან მსჯავრდადებული სააკაშვილი “ვივამედის” კლინიკაში მოინახულა, თუმცა საკუთარი სამედიცინო დასკვნა, მხოლოდ თბილისიდან წასვლის შემდეგ, სასამართლოში დისტანციური გამოკითხვისას განაცხადა.

როგორც კობი ამბობს, სააკაშვილს რამდენიმე ოპერაცია სჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში მოძრაობას პრაქტიკულად ვეღარ შეძლებს. მისი დიაგნოზით სააკაშვილს აქვს: მარცხენა მხრის სახსრის ართრიტი და უკანა დისლოკაცია, მარცხენა მენჯ-ბარძაყის სახსრის ართრიტი, დაზიანებული (გახეული) მალთაშუა დისკი კისრის მიდამოში და რადიკულოპათია, სპინალური სტენოზი, რის საფუძველზეც ხდება ზეწოლა ზურგის ტვინის ნერვებზე. ჩამოთვლილი დიაგნოზებიდან, კობის შეფასებით, ყველაზე სერიოზული და მტკივნეულია კისრის და მარცხენა მხრის სახსრის პრობლემა.

ამერიკელი ქირურგის დასკვნამდე იყო სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ყოფილი პრეზიდენტი კლინიკაში მოწამლეს. ალასანიას სიტყვები კონკრეტული მტკიცებულებებით ვერ გამყარდა, პატიმრის მოწამვლის მცდელობაში კი, რუსეთი დაადანაშაულეს.

დაცვის მხარემ ახალი სტრატეგია შეიმუშავა – “მაგნიტსკის სიის” ქართული ანალოგი შედგენა დაიწყეს. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერების განმარტებით, სიაში ყველა ის ადამიანი შევა, რომელიც ექსპრეზიდენტის მიმართ წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში მონაწილეობს. სიაში დაახლოებით 20 ადამიანის გვარი შევა. მათ შორის იქნებიან იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე და პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები. ასევე, მოსამართლეები, ზოგიერთი ექიმი და ექთანიც კი. სიაში იქნებიან პროკურორები.

Михаил Саакашвили

“მაგნიტსკის ახალი სიის” შედგენაში საგარეო დახმარება თავად პატიმარმა სააკაშვილმა ითხოვა. მან “მაგნიტსკის აქტის” ავტორს, ბრიტანელ ფინანსისტ ბილ ბროუდერს ღია წერილით მიმართა და სთხოვა, ადგილობრივ ქართულ ჯგუფებს “მაგნიტსკის ახალი სიის” შედგენაში დაეხმაროს სანამ მისთვის ლეტალური შედეგი დადგება.

ბროუდერმა სააკაშვილის წერილს უპასუხა და ექსპრეზიდენტს სთხოვა, რომ მისმა გუნდმა მოამზადოს დოკუმენტები, თუ ვინ აფერხებს სამედიცინო მკურნალობას და ვინ არის პასუხისმგებელი მის მოწამვლასა და წამებაზე. ბროუდერი სააკაშვილს დაჰპირდა, რომ ის ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ დასავლური ქვეყნების მთავრობებმა ამ პირებს სანქციები დაუწესონ.

“მაგნიტსკის სიის” იდეას წინ უძღოდა პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული კადრები, რომლებიც სააკაშვილის პალატაში დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერამ გადაიღო. კადრებში გარკვევით ჩანს, თუ როგორ აყენებს შეურაცხყოფას ყოფილი პრეზიდენტი მედპერსონალს, როგორც ცდილობს საწოლიდან იატაკზე გადმოვარდნის, როგორ იყვანენ მას ხელში ციხის ბადრაგები და ისევ საწოლზე აწვენენ.

სააკაშვილი და მისი გარემოცვა, 20-მდე ადამიანს, მსჯავრდადებულის მიმართ არაადამიანურ მოპყრობაში სდებენ ბრალს და დასავლური სანქციებით იმუქრებიან.

ნიკა ჩიტაძე

ექსპერტი ნიკა ჩიტაძე დარწმუნებულია, რომ “მაგნისტკის ახალი სია სააკაშვილისთვის” ქართულ მართლმსაჯულებაზე ზემოქმედების ერთ-ერთი ბერკეტი იქნება სხვა ბერკეტებთან ერთად. სხვა ბერკეტებში მოიაზრებს ნაციონალების დასავლელი პარტნიორების განცხადებებს და რეზოლუციებს.

ჩიტაძის აზრით, “მაგნისტსკის სიის” სააკაშვილისეული ვერსია აუცილებლად უნდა შედგეს და მასში 20-ზე მეტი გვარი უნდა შევიდეს. სია გაცილებით ფართო უნდა იყოს და პასუხისმგებლობა გაცილებით მეტ ადამიანს დაეკისროს, ანუ ყველას, ვინც “სააკაშვილისა და მისი გარემოცვის დისკრედიტაციას ჭორებით ცდილობს”.

“საზოგადოება კიდევ ერთხელ უნდა დარწმუნდეს, თუ ვინ მონაწილეობს ძალადობაში და ვის ეკისრება სისხლის სამართლისა და ზნეობრივი პასუხისმგებლობა. სიაში უნდა შევიდეს თუნდაც, სააკაშვილის გარშემო ატეხილის ჭორების ავტორები, რომ თითქოს, სააკაშვილი და მისი ცოლი ადამიანის ორგანოებით ვაჭრობდნენ, რომ ერთი ლიტრი ბენზინიდან ლარი სააკაშვილის ჯიბეში მიდიოდა, რომ რაფალიანცი მოკლეს, რომ ვითომ დავით-გარეჯი გაყიდა და სხვა. ამ სიას ფართო გაქანება უნდა მიეცეს. პრობლემა არ უკავშირდება, მხოლოდ დღეს სააკაშვილის უფლებების შელახვას. ღირსების შემლახავი განცხადებები კეთდება წლების განმავლობაში. ტყუილები დააბრალეს”, – განუცხადა ნიკა ჩიტაძემ.

მისივე თქმით, დღეს მსოფლიოს ყურადღება კონცენტრირებულია უკრაინაზე, ომი თუ დროზე დასრულდა, სააკაშვილის მიმართ საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება გაორმაგდება. ის კიდევ უფრო მოექცევა ყურადღების ცენტრში. Dalma News-ის კითხვაზე, საქართველოს ხელისუფლება რომ დათანხმდეს სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაშვებას, ვინ უნდა იყოს მისი სიცოცხლის გარანტორი, ნიკა ჩიტაძემ განაცხადა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მის ჯანმრთელობაზე საქართველოს ხელისუფლება არის პასუხისმგებელი, საზღვარგარეთ იმ ქვეყანამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, რომელიც ქვეყნის კლინიკაშიც გადაიყვანენ მას.

ნანა კაკაბაძე

უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე მიიჩნევს, რომ სააკაშვილისთვის შედგენილ სიაში შეყვანილი ადამიანების მიმართ ვერანაირი საგარეო პოლიტიკური წნეხი ვერ განხორციელდება. არ არსებობს მტკიცებულებები, რომ სააკაშვილი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლია. საქმე უფრო პირიქით არის. სამედიცინო ჰოსპიტალ “ვივამედში” განთავსებულმა სააკაშვილმა თავად განახორციელა კლინიკის თანამშრომლების მიმართ არადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა. საზოგადოებამ იხილა რამდენიმე წამიანი ეპიზოდი, სადაც ნათლად ჩანს მედპერსონალის მიმართ სააკაშვილის მოპყრობა.

კაკაბაძის აზრით, აქ საკითხი დადგება პირიქით. პროკურატურას შეუძლია ეს ვიდეოკადრები სააკაშვილის წინააღმდეგ მტკიცებულებადაც კი გამოიყენოს.

“ეს სია არის საკენკი, რომელიც “ენმ”-მ თავის მომხრეებს გადაუყარა. დემენციას დაიმართებს თუ ამნეზიას, სააკაშვილმა ძალიან კარგად იცის, რომ ამ სიას არანაირი პერსპექტივა არ ექნება. ეს სია არის მათი პოლიტიკური პიარ-კამპანიის ნაწილი”, – აცხადებს ნანა კაკაბაძე.

Dalma News-ის კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა “მაგნიტსკის ახალ სიაში” შეტანილი საქართველოს მოქალაქეების გვარები დასავლურ პრესაში მოხვდეს, უფლებადამცველმა განაცხადა, რომ ეს იქნება ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა, რაც დანაშაულია.

“თუ ეს სია არ იქნება საყოველთაოდ მიღებული და აღიარებული, თუ ეს ადამიანები არ იქნებიან სანქცირებულები, ისე მათი გვარების გასაჯაროება ადამიანის უფლებების დარღვევაა”, – აცხადებს ნანა კაკაბაძე.

მისივე თქმით, “სააკაშვილის სიისგან” განსხვავებით რეალური და საყურადღებოა “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერების მხრიდან წამოსული მუქარა.

“იმ შემთხვევაში თუ ქვეყნის ხელისუფლება დაუშვებს შეცდომას და წამოეგება მუქარაზე, რომელსაც სააკაშვილის ლობისტური ჯგუფები საქართველოს წინააღმდეგ იყენებენ, იგივე მეორე ფრონტის გახსნაზე, საქართველოს ხელისუფლება თუ ვერ შეინარჩუნებს სწორ პოლიტიკას, ვერ გაუძლებს წნეხს, ძალიან რეალურია, რომ ეს გახდეს მიზეზი ხელისუფლებიდან “ქართული ოცნების” გაქრობისა. ამიტომ ხელისუფლებას, ერთი მხრივ, სჭირდება გონიერება და მეორე მხრივ, არ უნდა იყოს იმპულსური და არ დაექვემდებაროს გარედან ბულინგს”, – აცხადებს უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე.

მისივე შეფასებით, სააკაშვილის მდგომარეობასა და მაგნიტსკის შორის არანაირი ობიექტური მსგავსება არ არსებობს. არ არსებობს მტკიცებულებებიც, რომლებიც რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი დაექვემდებარა წამებას და არაადამიანურ მოპყრობას.

შ.ქარჩავა