სომხეთის ეკონომიკის ზრდის ტემპები შთამბეჭდავია, რადგან მის რეალურ პოტენციალს რამდენჯერმე უსწრებენ. რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2022 წელს სომხეთის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 14%-ს შეადგენს.  რაც ბიუჯეტით გაწერილ ციფრს (7%) ორჯერ აღემატება. ეს ფაქტობრივად, ბოლო 15-20 წლის განმავლობაში უპრეცედენტო მაჩვენებელია.  იშვიათი შემთხვევა, როდესაც გარე ნეგატიური გარემო (უკრაინის კრიზისი, ეკონომიკური ომი რუსეთსა და ევროკავშირს შორის, სანქციები) ამიერკავკასიის პატარა რესპუბლიკისთვის, რომელსაც აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან დაბლოკილი სუსტად განვითარებული ეკონომიკა აქვს, იქცა არა შოკად, არამედ – ეკონომიკურ კატალიზატორად.

და მაინც, გარე პოზიტიური იმპულსები დროებითია, მათმა გაქრობამ ან შესუსტებამ შეიძლება ეკონომიკური განვითარების ისარი საპირისპირო მიმართულებით სწრაფად შეატრიალოს, როგორც ეს  2008 წლის გლობალური ფინანსური კრიზისის დროს მოხდა.  მით უფრო რომ, გულუხვმა ფინანსურმა ინვესტიციურმა იმპულსებმა საერთოდ ვერ მოაგვარა და სადღაც გააძლიერა-კიდევაც სომხეთის ეკონომიკაში არსებული სისტემური ხარვეზები.  ამ მხრივ, 2023 წელი სომხეთის ეკონომიკისთვის გამოცდა იქნება. საინტერესოა, შეძლებს თუ არა ის არსებული დინამიკის შენარჩუნებას, თუნდაც “დაუნშიფტერის” ბედის თავიდან არიდებას?

მაღალი ზრდის მოლოდინში

12 დეკემბერს, სომხეთის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს ეკონომიკის სამინისტროში აცნობეს, რომ მიმდინარე წლის პირველი 9 თვის განმავლობაში ქვეყანაში ეკონომიკურმა ზრდამ 12,1% შეადგინა და მშპ-ის ზრდის რეალისტურმა პროგნოზებმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა (14%).  მაკროეკონომიკური მაჩვენებლები, განსაკუთრებით დოლარის თვალსაზრისით, 10 პროცენტიანი ინფლაციისა და ამერიკული ვალუტის 20 პროცენტიანი დევალვაციის გათვალისწინებით, უბრალოდ სასწაულებრივად გამოიყურება.  2022 წლის ბოლოსთვის, ფინანსთა სამინისტროს შეფასებით, სომხეთის მშპ-მა შესაძლოა 19 მილიარდ აშშ. დოლარს გადააჭარბოს, ხოლო ერთ სულ მოსახლეზე მშპ-მა 6,5 ათასი აშშ. დოლარი შეადგინოს, რაც წინა წელთან შედარებით 1,8 ათასი დოლარით მეტია.

ბოლო 15-20 წლის განმავლობაში უპრეცედენტო ეკონომიკურ ზრდას თან ახლდა ექსპორტის (75.2%) და იმპორტის (63.6%) მკვეთრი ზრდა.  თუმცა, ეკონომიკური ზრდის მთავარი მამოძრავებელი კვლავ მომსახურების სექტორია, რომელიც 28,2%-ით აღემატება 2021 წლის 11 თვის მაჩვენებელს.  მას მოსდევს ვაჭრობა – 11 თვის განმავლობაში 16.2%-იანი ზრდის ტემპით, შემდეგია მშენებლობა – 13.9%-ით და მეოთხე ადგილზეა მრეწველობა – 8.4%-ით.  ეკონომისტების აზრით, სომხეთის ეკონომიკის ზრდის ძირითადი პუნქტები – ექსპორტის, მომსახურებისა და ვაჭრობის ზრდა – გარკვეულწილად რუსეთთან არის დაკავშირებული.

სომხური სამომხმარებლო ბაზრისთვის ძლიერი სტიმული სომხეთში კერძო ტრანსფერების შემოდინების მკვეთრი ზრდა იყო.  ცენტრალური ბანკის მონაცემებით, 2022 წლის 10 თვის შედეგების მიხედვით, სომხეთში საბანკო სისტემით ფულადი გზავნილების მოცულობამ ახალ რეკორდულ დონეს – 4,1 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, რაც წინა წელთან შედარებით 2,4-ჯერ მეტია.  საინტერესოა, რომ რუსეთის წილი შემოდინებაში 2022 წლის იანვარ-ოქტომბერში 68,6%-მდე გაიზარდა (2021 წლის იანვარ-ოქტომბერში 41,3% იყო).

ამასთან დაკავშირებით, ზოგიერთი სომეხი ექსპერტის მტკიცება, რომ რუსეთიდან მიგრანტების და კაპიტალის შემოდინების ტალღაზე, ეკონომიკა თავის პოტენციალზე უფრო სწრაფად იზრდება, უსაფუძვლო არ არის.  სომხეთის ეკონომიკური ზრდა 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში 7%-ით, ხოლო ინფლაცია 4%-ით (± 1,5%) არის გათვალისწინებული.

სომხეთის ცენტრალური ბანკის სექტემბრის პროგნოზით, 2022 წლის ბოლომდე ქვეყნის ეკონომიკა 12,9%-ით გაიზრდება, ინფლაცია კი დაახლოებით 10%-ს შეადგენს.

2022 წელს, სომხეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 11%-მდე გააუმჯობესა საერთაშორისო სავალუტო ფონდმა, რომელიც ოქტომბერში 7%-იან ზრდას პროგნოზირებდა.  საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზის თანახმად,2023 წელს ეკონომიკური ზრდა 4,5%-მდე შენელდება, რაც 1%-ით აღემატება ოქტომბრის 3,5%-იან პროგნოზს.

ევრაზიის განვითარების ბანკი 2023 წლისთვის სომხეთის მთლიანი შიდა პროდუქტის 4,2%-ით გაზრდას ელის.  ბანკის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მოთხოვნა ეტაპობრივად დასტაბილურდება, ეკონომიკური ზრდა შენელდება (2022 წლისთვის პროგნოზი – 12,5%) და განვითარდება დაბალანსებული მაჩვენებლები – 4,2% და 4,3%, 2023 და 2024 წლებისთვის.

„2023 წელს, მონეტარულ-საკრედიტო პირობები ნეიტრალურ გავლენას მოახდენს მოთხოვნაზე, ხოლო ფისკალური პოლიტიკის გავლენა ფასდება როგორც სუსტად მასტიმულირებელი“, – ნათქვამია ევრაზიის განვითარების ბანკის 2023 წლის მაკროეკონომიკურ პროგნოზში.

სომხეთის მთავრობა უფრო ოპტიმისტურად არის განწყობილი.  2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ეკონომიკური ზრდა 7%-იანი მაჩვენებლით არის გათვალისწინებული, რაშიც ექსპერტებს ეჭვი ეპარებათ, თუ, რა თქმა უნდა, სომხეთის ეკონომიკისთვის ხელსაყრელი ახალი საგარეო შოკები არ წარმოიქმნება.

გარე მოთხოვნის რისკები

ევრაზიის განვითარების ბანკის ანალიტიკოსები გარე მოთხოვნას განიხილავენ, რამაც ამიერკავკასიის რესპუბლიკის ეკონომიკას დამატებითი ლიკვიდობა შესძინა, ხოლო მისმა საბანკო სისტემამ 500 მილიონი დოლარის მოგება უზრუნველყო, როგორც დადებითად, ისე უარყოფითად.

კვლევაში ნათქვამია, რომ 2023 წელს მსოფლიოში ბიზნეს აქტივობის შენელება ზოგადად უარყოფით გავლენას მოახდენს ბევრ სახელმწიფოზე, მათ შორის სომხეთზე.

„ეს გამოიხატება ექსპორტირებულ საქონელზე სუსტი საგარეო მოთხოვნით, მათი მიწოდების პრობლემებში.  მოსალოდნელია ფულადი გზავნილების მოცულობის შემცირება, მათ შორის აშშ-დან.  ამავდროულად, ზარალი ანაზღაურდება, პირველ რიგში, რუსეთში ექსპორტის გადახედვით, სადაც სხვა ქვეყნებიდან ექსპორტის შეზღუდვის პირობებში ახალი შესაძლებლობები იხსნება სომხეთიდან საქონლისა და მომსახურების მიწოდებისთვის.  მეორეც, მსოფლიოში პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების შემსუბუქების პირობებში ქვეყანაში ტურისტული ნაკადები აღდგება.  ასევე მოსალოდნელია რუსეთიდან ფულადი გზავნილების შემოდინების გაგრძელება“, – ნათქვამია კვლევაში.

ევრაზიის განვითარების ბანკის ანალიტიკოსების აზრით, არახელსაყრელი სცენარის განხორციელება, რომელსაც შესაძლოა თან ახლდეს გაჭიანურებული რეცესია მსოფლიოს უმსხვილეს ეკონომიკებში, გამოიწვევს სომხეთის ეკონომიკურ ზრდას 2023 წელს, რასაც მოჰყვება ეტაპობრივი დაჩქარება 2024 წელს- მსოფლიო ეკონომიკოს აღდგენასთან ერთად.

სამი რისკი და რეცეპტი ხელისუფლებისგან

სანამ ეკონომისტები ცდილობენ გაარკვიონ, რომელ ინდუსტრიებს შეუძლიათ უზრუნველყონ მშპ-ს 7%-იანი ზრდის ტემპი, რომელიც მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შედის, ეკონომიკის სამინისტრომ 2023 წელს სამი ძირითადი რისკი გამოავლინა.  ეს არის გეოპოლიტიკური მდგომარეობა და ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები, კადრების დეფიციტი და საინვესტიციო გარემოს.

სომხეთში, როგორც დეპარტამენტში აღნიშნეს, 100 ათასი ადგილი ვაკანტური რჩება, რაც ქვეყანაში უმუშევართა დიდი არმიის არსებობის ფონზე უცნაურიცაა.  სომხეთში უმუშევრობის დონე 2022 წლის მეორე კვარტალში 13%-მდე შემცირდა, ხოლო მაქსიმალური მაჩვენებელი 21,1%-ია.

მთავრობის მონაცემებით, 2022 წლის ნოემბერში, სომხეთში ოფიციალურად დარეგისტრირებული სამუშაო ადგილების რაოდენობამ პირველად გადააჭარბა 700 000-ს (701 451).

და მაინც, პერსონალის მკვეთრ დეფიციტს განიცდის ისეთი სწრაფადმზარდი სფეროები, როგორიცაა მშენებლობა, მრეწველობა, სოფლის მეურნეობა და მომსახურება.

“ძირითადი მიზეზი არის მოსახლეობის დაბალი მობილობა და დაბალი ხელფასები.  ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებას საზღვარგარეთიდან სომხეთში, როგორც მაღალანაზღაურებადი, ისე დაბალანაზღაურებადი სამუშაო ძალის შემოდინების უზრუნველსაყოფის გზით ვგეგმავთ”, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ვაჰან კერობიანმა.

ეკონომიკის მინისტრმა საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების მთავარ შეზღუდვად მოუხერხებელი ბიუროკრატია დაასახელა, რის გამოც საინვესტიციო პროექტები ძალიან ნელა ხორციელდება.

ეკონომისტმა სურენ პარსიანმა სომხეთის ეკონომიკის ერთ-ერთ მთავარ რისკად დაასახელა გარე ფაქტორების არასტაბილურობა, რომელმაც 2022 წელს ქვეყანაზე დადებითად იმოქმედა.

“ეს ფაქტორები მდგრადი არ არის, ისევე როგორც სომხეთის ეკონომიკის ზრდა, რომელიც დროებითია.  შესაძლებელია 2008 წლის კრიზისის მსგავსი ვითარება შეგვექმნას. მაშინ, წინა პერიოდში ეკონომიკა ორნიშნა რიცხვით გაიზარდა, რაც სამშენებლო სექტორში განხორციელებული საგარეო ინვესტიციებით იყო გამოწვეული.  როგორც კი 2008 წლის გლობალური კრიზისი დაიწყო, ინვესტიციებიც შეჩერდა და ჩვენი ეკონომიკის რეცესია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული იყო.  ახლა კი შეიქმნა ვითარება, როდესაც რუსეთიდან კაპიტალისა და ხალხის შემოდინებამ ძლიერი იმპულსი მისცა სომხეთის ეკონომიკას, მაგრამ, როდესაც ეს ნაკადი შეჩერდება მძიმე დრო დადგება”, – განაცხადა სურენ სპარსიანმა Dalma News-თან ინტერვიუში.

აიკ გრიგორიანი