საქართველო ღვინის ქვეყანაა. ჩვენში იშვიათია ლეგენდა, რომელიც ღვინოს, სუფრასა და ზოგადად ბახუსის ტრფიალებას არ უკავშირდებოდეს. სხვადასხვა ისტორიულ წყაროებში, უმეტესად კი ზეპირ გადმოცემებში, ღვინოსთან დაკავშირებული ლეგენდადქცეული ამბები უხვად გვხვდება და ძნელი არ არის დავასკვნათ, რომ  საქართველო მართლაც ღვინის სამშობლოა. სადაო მხოლოდ ის არის, რა უფრო ძველია, ღვინო თუ საქართველო?

სანამ ეტრატებზე მიმოფანტულ ინფორმაციებში ჩავეფლობით ქართველებისა და ღვინის შესახებ ერთ პოპულარულ ლეგენდას გიამბობთ, რომელიც პოეტმა იოსებ ნონეშვილმა, კიდევ უფრო მშვენიერ ლექსში შემოგვინახა. როდესაც ღმერთი სხვადასხვა ხალხებს მიწებს უნაწილებდა, ქართველებმა დააგვიანეს. ღმერთმა ჰკითხა: – აქამდე სად იყავით, მთელი მთა-ბარი გავანაწილეო? ქართველებმა უპასუხეს:- რიგში დგომას, ნაბდები გავშალეთ და შენი სადღეგრძელო შევსვით, გაქეთ და გადიდეთო. ჩვენი სარგო მიწა, თუ აღარ დაგრჩა, არ იდარდოო.

ღმერთი სუფრასთან მიიწვიეს და ღვინით ფიალა მიაწოდეს. უყურა ღმერთმა ქართველებს და გადაწყვიტა, მათთვის ყველაზე ნაყოფიერი და მიწის პატარა ნაწილი მიეცა, რომელიც თავისთვის სურდა.

რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, ღვინის ტრადიციებისა და ლეგენდებით მდიდარ საქართველოში “ქართული ღვინის დღე” სულ რაღაც 2 წლისაა. ტრადიცია პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2014 წლის 4 ოქტომბერს დააწესა და უკვე მეორე წელია საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნება საქართველოს თითქმის ყველა იმ ქალაქში, რომელ რეგიონებშიც მევენახეობა – მეღვინეობას მისდევენ. პრემიერს ამ თარიღის დაწესება ღვინის კულტურის უძველესმა და უნიკალურმა ისტორიამ გადააწყვეტინა.

“ქართველი კაცისთვის ვაზი და ღვინო იდენტობის ტოლფასია, ქართული მეღვინეობის ისტორია ქართველი ხალხის ისტორიასთან არის გადაჯაჭვული. სწორედ საქართველოშია კულტურული მევენახეობის უძველესი ნაკვალევი. ამ დღესასწაულის მიზანია ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია მოვახდინოთ და ღვინის მოხმარების კულტურა ავამაღლოთ,” – აცხადებს ღარიბაშვილი.

ღვინის დღე წელს მასშტაბურად აღინიშნა. საზეიმო განწყობის შესაქმნელად თბილისში ჩამოსულ უცხოელ სტუმრებს, დედაქალაქის აეროპორტში ქართული ღვინითა და სუვენირებით ხვდებოდნენ. უცხოელებს ქართულ ღვინოს აგემოვნებინებდნენ, სასტუმროების ნომრებში კი სტუმრებს ქართული ღვინის სასაჩუქრე ნაკრებები ხვდებოდათ. ღვინის დაგემოვნების საშუალება მთელი დღის განმავლობაში თბილისელებსაც ჰქონდათ, დიდ სუპერმარკეტებში ღვინის კუთხეები მოეწყო, სადაც მისულ სტუმრებს სუვენირებს ჩუქნიდნენ. ღვინის დღის მილოცვა მომავალში ტრადიციად იქცევა და მისი შემადგენელი ნაწილი იქნება ბოთლის ღვინის ჩუქების წესი.

“ქართული ღვინის დღის” აღნიშვნა ღვინის ეროვნული სააგენტოს ოფისში ქართული ღვინის ცენტრის გახსნით დაიყო, სადაც განთავსდა ღვინის მცირე მუზეუმი და დამთვალიერებლებს შეეძლოთ ენახათ, როგორც ქართული ტრადიციული სუფრის ატრიბუტები, სუფრის საღვინე ჭურჭელი და სასმისები, ასევე მევენახეობა – მეღვინეობასთან დაკავშირებული სამეურნეო იარაღი, ყურძნის საწური და ღვინის შესანახი ჭურჭელი. თითოეულ არტეფაქტს საქართველოში ხანგრძლივი და უწყვეტი ტრადიცია აქვს.

დღის მთავარი ღონისძიება კი თბილისში, ვარდების მოედანზე დილით გაიმართა, სადაც ღვინის აღლუმიც კი მოაწყვეს. მსვლელობაში, ვაზის სხვადასხვა ჯიშით მოხატულ მაისურებში გამოწყობილი 525 მოხალისე ახალგაზრდა მონაწილეობდა.   დედაქალაქის ცენტრალურ უბნებში გაიშალა კარვები და ღვინის მწარმოებელი კომპანიები საკუთარი პროდუქციის პრეზენტაციას გულმოდგინედ უძღვებოდნენ.  გაიმართა ღვინის თემატიკასთან დაკავშირებული ნახატების, ფოტოების, კულტურულ-ტრადიციული ნიმუშებისა და ღვინო-პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა.

ღვინის დღის მხარდასაჭერი მნიშვნელოვანი ღონისძიება გაიმართა კახეთის რეგიონშიც. კახეთის მეღვინეთა გილდიის ორგანიზებით თელავში ღვინის ფესტივალი “თელავინო 2015” ჩატარდა. ფესტივალის სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ღვინის კომპანიებისა და მცირე საოჯახო მარნების წარმოებული სხვადასხვა სახეობის ღვინოები. გაიმართა ყველისა და თაფლის პროდუქციის, ასევე ხალხური რეწვის ოსტატთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა. მთავრობის წევრებთან ერთად კახეთის რეგიონს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც ესტუმრა და ყვარელის რაიონში რთველში მიიღო მონაწილეობა.

პრემიერის შეფასებით, საქართველოს წელს საუკეთესო რთველი აქვს. ამ ეტაპზე კახეთში 115 ათასი ტონა ყურძენია მოკრეფილი და მევენახეების შემოსავლებმა ჯამში 155 მილიონი ლარი შეადგინა. “ეს უპრეცედენტო, წარმატებული რთველია, რაც მთავარია ეს დიდი მოტივაცია, გლეხებისთვის სტიმულის მიმცემია. ოთხი ათას ჰექტარზე უკვე გაშენდა ახალი ვენახი. არიან ოჯახები, რომლებმაც 10, 20, 50 და 100 ათასი ლარის შემოსავალი მიიღეს. სოფლებში ეს ძალიან დიდი დახმარებაა,” – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მოგვიანებით მთავრობის მეთაური ალავერდის სამონასტრო კომპლექსში საზეიმო დოღს დაესწრო და იმედი გამოთქვა, რომ მომავალში ეს დღე ტრადიცია ნამდვილ ეროვნულ დღესასწაულად იქცევა. დოღში გამარჯვებულს პრემიერმა საქართველოს მეფე ერეკლე მეორეს ხმლის ასლი გადასცა.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ღვინის დაყენების უნიკალური, ათასწლოვანი ტექნოლოგიების შენარჩუნების მიზნით, აშენდება ღვინის მუზეუმი, რომელშიც თავს მოიყრის ქართული ღვინის მთელი ისტორია. აქვე ერთ, მეტად საინტერესო სიახლესაც გაგაცნობთ. საფერავის დასაგემოვნებლად ექსკლუზიური ბოკალი მსოფლიოს წამყვანმა ბრენდმა, 300 წლიანი ისტორიის მქონე ავსტრიულმა საგვარეულო კომპანია რიდელმა შექმნა. ამით საფერავი ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს მსოფლიოს 20-მდე წამყვანი ჯიშების ექსკლუზიური ბოკალების კოლექციაში.

თბილისსა და კახეთში გამართულ ღონისძიებებს უამრავი სტუმარი – სამთავრობო, არასამთავრობო, კერძო სტრუქტურებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ადგილობრივი მაცხოვრებლები და ტურუსტები დაესწრენენ. დღესასწაულში აქტიურად მონაწილებდა ქათული ღვინის კულტურის პოპულარიზაციის მიზნით შექმნილი ახალგაზრდული მოძრაობის 200-ზე მეტი წარმომადგენელი.

“ქართული ღვინის დღის” ორგანიზატორები იყვნენ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო, ალავერდის ეპარქია, ასოციაცია „ქართული ღვინო“ და საქართველოს სომელიეთა ასოციაცია.

რთველის აქტიურობა კახეთში თანდათან იკლებს და ახლა მთელი ყურადღება  რაჭისკენ გადაინაცვლებს. წერილის დასასრულს Dalma News-ის მკითხველს კიდევ ერთი ქართული ლეგენდის შესახებ მოვუთხრობ:

“უხსოვარ დროს, როდესაც ღმერთი დედამიწაზე ცხოვრობდა, გადაწყვიტა, საიქიოდან გამოძევებული და შრომისაგან დაქანცული ადამიანების ცხოვრება უფრო საინტერესო გაეხადა, ისეთი სასმელი შეექმნა, რომელიც კაცს მცირე ხნით სამოთხეში დააბრუნებდა. გააკეთა ღვინო და მის გასასინჯად ყველა ანგელოზი და ეშმაკიც მიიწვია. ღვინო ყველას მოეწონა. მაგრამ ეშმაკი რისი ეშმაკი იქნებოდა, ღმერთს რომ არ გაჯიბრებოდა. ადგა და ღმერთის მიერ გაკეთებული ღვინის ნარჩენებით, ანუ ჭაჭით, სხვა, უფრო მათრობელა და ძლიერი სასმელი – არაყი გააკეთა. მერე ამ სასმელის გასასინჯად ღმერთი მიიწვია. მივიდა ღმერთი, დალია ერთი ჭიქა, მეორე, მესამე და მეოთხეც რომ დალია, ეშმაკს უთხრა: “ვინც არაყი დალიოს, სამ ჭიქამდე ჩემსკენ იყოს, სამი ჭიქის მერე კი შენთვის დამითმიაო.” ეს ლეგენდა საქართველოს მთიანეთში დაიბადა და იქაურები არყის მეოთხე ჭიქას დღემდე “საეშმაკოს” ეძახიან, თუმცა, ეს უკვე სხვა ისტორიაა…

შორენა პაპაშვილი