ბოლო 2-წელზე მეტია, საქართველოში მაღალი ეკონომიკური ზრდა ფიქსირდება. ამას საერთაშორისო სავალუტო ფონდიც ადასტურებს, თუმცა ეს პროპორციულად არ აისახება ქვეყანაში ცხოვრების დონის გაუმჯობესებაზე. უფრო მეტიც, იზრდება ემიგრაციაში წამსვლელთა და უმუშევართა არმიაამას ემატება ქვეყანაში ყველაზე მოთხოვნადი კადრების დეფიციტი. როგორი უნდა იყოს ცოდნაზე დაფუძნებულ ეკონომიკა და არსებობს თუ არა იმის შანსი, რომ განათლების სფეროს პრიორიტეტულმა განვითარებამ ქვეყანას მაღალი დამატებითი ღირებულების პროდუქტი მოუტანოს? ამ საკითხებზე Dalma News აკადემიკოსი ლადო პაპავა ესაუბრა.

ეკონომიკურ ზრდას საქართველოს მოსახლეობა საკუთარ ჯიბეზე რატომ ვერ გრძნობს?

– ამას აქვს თავისი ახსნა. საკმაოდ მაღალია ინფლაცია მთელ მსოფლიოში და საქართველოშიც, ეს გამოწვეულია იმით, რომ კოვიდპანდემიის დროს, სხვადასხვა ქვეყნის ეკონომა ჩაიკეტა, ამან კი მიწოდების გლობალური ჯაჭვების რღვევა გამოიწვა. მიწოდების შემცირების გამო კი ფასები გაიზარდა. ეს პრობლემა გლობალურია, და ის აწუხებს აშშ-საც და ჩვენს მეზობელ ქვეყნებსაც. მაგალითად, თურქეთში წლიურმა ინფლაციამ 70%-ს გადააჭარბა. ჩვენ, რა თქმა უნდა, ასეთი მაღალი ინფლაცია არ გვაქვს, თუმცა 2021- 2022 წლებში 10%-ზე მაღალი ინფლაცია დაფიქსირდა, მაგრამ ეს არ არის განპირობებული ქვეყნის შიგნით არსებული მიზეზით, ეს არის იმპორტირებული ინფლაცია. ჩვენ ვართ იმპორტდამოკიდებული ქვეყანა. იმპორტი ექსპორტს დაახლოებით 2,5-ჯერ სჭარბობს. მართალია, ბოლო წლებში არის ტენდენცია, როდესაც ექსპორტი უფრო მაღალი ტემპით იზრდება ვიდრე იმპორტი, მაგრამ, მთლიანობაში ქვეყანა მაინც იმპორტდამოკიდებულია. თუ ავიღებთ სამომხმარებლო კალათას, აქაც დაახლოებით 70%-მდე არის იმპორტირებული საქონელი. ეს ნიშნავს, რომ როცა საქონელი ძვირდება მსოფლიოში, ჩვენთან ის გაზრდილი ფასით შემოდის. ის, რომ ჩვენთან ლარი ბოლო პერიოდში სტაბილურია და გამყარების ტენდენცია ახასიათებს, ცოტათი ამსუბუქებს ინფლაციის წნეხს ჩვენს ქვეყანაში. როდესაც ინფლაცია მაღალია, ეკონომიკური ზრდით გამოწვეული სიკეთე მოსახლეობისთვის ნაკლებად აღქმადია. საჭიროა საქართველომ თავი დააღწიოს იმპორტდამოკიდებულებას იმ დოზით, რა დოზითაც დღეს არის. გარდა ამისა, აუცილებელია ქვეყანაში დაინერგოს ეკონომიკური ზრდის ისეთი მოდელი, რომელსაც მთელ მსოფლიოში ეძახიან ინკლუზიურ  ეკონომიკურ ზრდას, ანუ მოსახლეობის ჩართულობა ეკონომიკურ ზრდაში, რაც ნიშნავს, რომ მოსახლეობა ახალ სამუშაო ადგილებზე დასაქმდება.

ლადო პაპავა

– წლების განმავლობაში ისმის იმპორტდამოკიდებულების ზრდის პრობლემა. რა უნდა გაკეთდეს რეალურად ამ პროცესის შესაჩერებლად?

– მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა აღიდგინა, ჩვენ ქვეყანაში იმპორტი ყოველთვის აღემატებოდა ექსპორტს. ბოლო პერიოდში ვითარება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, მაგალითად, რამდენიმე წლის წინ, იმპორტი ექსპორტს ლამის 4-ჯერ აღემატებოდა. შემდეგ ეს მაჩვენებელი ჩამოვიდა სამამდე, წელს 2,5-ჯერ აღემატება, ანუ იმპორტის ექსპორტთან შედარებით ნაკლებად ზრდის ტენდენცია აშკარად გამოხატულია. ტენდენცია არის, მაგრამ, რა გვჭირდება იმისთვის, რომ მივაღწიოთ იმპორტდამოუკიდებლობას? ამისთვის საჭიროა მოკლევადიანი, გრძელვადიანი და საშუალო ვადიანი ამოცანების გადაჭრა.

მოკლევადიანი ამოცანაა, უწინარეს ყოვლისა, სოფლის მეურნეობის განვითარება. დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი მწვავე პრობლემაა სასურსათო უსაფრთხოება. აუცილებელია ერთწლიანი კულტურების წარმოების მნიშვნელოვანი ზრდა, რაც ხელს შეუწყობს იმას, რომ საქართველო ნაკლებად იქნება დამოკიდებული სოფლის მეურნეობის პროდუქტების იმპორტზე.

ცალკე პრობლემაა ადგილობრივი ნედლეულის გამოყენებით მრეწველობის განვითარება. აუცილებელია ყველა მსხვილ დასახლებაში, იქნება ეს დაბის ტიპის დასახლება თუ აგრარული რაიონები, რამდენიმე სოფლისთვის გაკეთდეს ადგილობრივი ნედლეულის გადამამუშავებელი წარმოება. ეს უზრუნველყოფს, როგორც ადგილობრივი რესურსების უკეთესად გამოყენებას, ისე, ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობას საწამოო პროცესში, რაც სწორედ ინკლუზიური გზის განმაპირობებელია, – ეს არის საშუალო ვადიანი ამოცანა.

ხოლო გრძელვადიანი თვალსაზრისით ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ქვეყანაში დაინერგოს ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის მოდელი. ეს საკმაოდ ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესია, თუმცა არსებობს მსოფლიოში წარმატებული გამოცდილების მქონე ქვეყნები, მაგალითად, სამხრეთ კორეა. ცოდნაზე დაფუძნებულ ეკონომიკაში იქმნება ყველაზე მაღალი დამატებული ღირებულება. ეს უკვე იქნება ქვეყანაში სიმდიდრის შემომტანი ეკონომიკური ზრდა.

ეკონომიკურ განვითარებაში მოსახლეობის ჩართულობასა და სოფლებში მცირე მრეწველობის განვითარების ხელშეწყობის თვალსაზრისით რამდენად წარმატებულია სახელმწიფო პროგრამააწარმოე საქართველოში“?

– პოზიტიურად ვაფასებ ამ პროგრამას, მაგრამ მას აქვს ერთი ნაკლი. მისი სახელწოდებაა „აწარმოე საქართველოში“ და არა „დაასვენე საქართველოში“. ამ პროგრამიდან ამოსაღებია ტურიზმთან დაკავშირებული კომპონენტი. ის უნდა იყოს უშუალოდ წარმოებაზე, განსაკუთრებით, მრეწველობაზე ორიენტირებული ფონდი. მაშინ მისი ეფექტიანობა კიდევ უფრო გაიზრდება.

ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერმა გამოთქვა ინიციატივა, რომ საქართველოს ქალაქებისა და კურორტების განვითარების მასშტაბურ 5-წლიან პროგრამას დაიწყებენ, რაც ბიუჯეტიდან ერთი მილიარდი ლარით დაფინანსდება. უკვე შერჩეულია 11 მუნიციპალიტეტი და კურორტი. ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ ქვეყნის ეკონომიკა კვლავაც ტურიზმს ჩამოეკიდება?

– მივესალმები პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ამ ინიციატივას. ტურიზმი არის ის დარგი, რომლითაც საქართველო მსოფლიო რუკაზე სულ უფრო ცნობადი ხდება. მართალია ეკონომიკური ზრდის მამოძრავებელი ეს დარგი დიდად არ არის, რადგანაც ტურისტის მიერ დახარჯული თანხის დიდი ნაწილი იმპორტის განსახორციელებლად მიდის, მაგრამ, რაღაც ნაწილი ხომ რჩება ქვეყანაში. ამიტომ, როცა ვსაუბრობთ სოფლის მეურნეობის ან მრეწველობის განვითარების ხელშეწყობაზე, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ უარი უნდა ვთქვათ ტურიზმის განვითარებაზე.

ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის განვითარება, როგორ გესახებათ იმ ქვეყანაში, სადაც მოთხოვნადი კადრების კატასტროფული დეფიციტია?

– დღეს ამოსავალი უნდა იყოს სამეცნიერო სექტორი, რომელიც პრაქტიკულად უყურადღებოდაა მიტოვებული. მეცნიერთა რიცხვი საქართველოში იმდენად მცირეა, რომ მათი ხმები პოლიტიკურ არჩევნებზე დიდ ზეგავლენას ვერ ახდენს. მეცნიერების განვითარებაზე ფიქრი უკანა პლანზეა გადატანილი. ახალგაზრდისთვის პრესტიჟული უნდა იყოს სამეცნიერო დარგში მუშაობა, ამისთვის უნდა გაიზარდოს სამეცნიერო დაწესებულებებში შრომის ანაზღაურება, უნდა შეიქმნას შეაბამისი სამუშაო პირობები. დღევანდელი გლობალიზაციის პირობებში, სამეცნიერო კვლევებში ინტერნეტის გამოყენების პირობებში, საქართველოში მეცნიერების თითქმის ყველა დარგის განვითარებაა შესაძლებელი.

როცა მაღალ დონეზე გვექნება ისეთი დარგები, როგორიც არის ხელოვნური ინტელექტი, კომპიუტერული ტექნოლოგიები, სამედიცინო ფიზიკა, ფარმაკოლოგია, ბიოტექნოლოგიები, ეს შექმნის ძალიან მაღალი დონის დამატებულ ღირებულებას. მისი მწარმოებელი ქვეყანა იქნება განვითარებული. ამისთვის საჭიროა, უმაღლეს სასწავლებლებში, ქართველოლოგიურ დარგებთან ერთად, პრიორიტეტული გახდეს საბუნებისმეტყველო და საინჟინრო დარგების სწავლება, უნდა შეიცვალოს უმაღლესი სასწავლებლების დაფინანსება. სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლები ყველა უნდა გადავიდეს სახელმწიფო დაფინანსებაზე, არ შეიძლება სტუდენტი, განსაკუთრებით დოქტორანტი და მაგისტრანტი მუშაობდეს, იმისთვის, რომ სწავლის ფული გადაიხადოს და საღამოს მიდიოდეს ლექციაზე. საღამოს ნასწავლი საგანი დიდი შედეგის მომტანი არ არის. ახალგაზრდები დილიდან უნდა იყვნენ დაკავებულნი სამეცნიერო საქმიანობით, უნდა შეიცვალოს სახელმწიფო უნივერსიტეტების დაფინანსების პრინციპი. ისინი საბიუჯეტო დაფინანსებაზე უნდა გადავიდნენ. სკოლებში მე-12 კლასი პრაქტიკულად ამოგდებულია. მე-12 კლასში არ ისწავლება ის საგნები, რომლებიც მაღალტექნოლოგიური პროდუქტის შექმნილია. მე-12 კლასი უნდა დაიტვირთოს შესაბამისი საგნებით. აუცილებელია აღდგეს სკოლის დამამთავრებელი გამოცდები და მათ მიეცეს ეროვნული გამოცდების სტატუსი, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალგაზრდების უმაღლეს სასწავლებლებში ამ გამოცდების შედეგებით ჩაირიცხებიან. იმედით ვუყურებ განათლების და მეცნიერების სამინისტროს ახლ ხელმძღვანელობას, რომელსაც ვფიქრობ შესწევეს უნარი ეკონომიკის ამ უმნიშვნელოვანეს დარგში არსებული პრობლემები ჯეროვან დონეზე გადაწყვეტოს.

ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის განვითარებისთვის საჭიროა თუ არა განათლების სისტემის ძირეული და არა ფასადური რეფორმა?  როდესაც ვსაუბრობთ სოფლის მეურნეობის განვითარებაზე, დღეს ამ სფეროში ძალიან ბევრი მიმართულებით არსებობს განათლებული კადრების დეფიციტი. სოფლებს არ ჰყავთ მექანიკოსები, აგრონომები

– როცა ვსაუბრობ განათლების სისტემის რეფორმაზე, მისი ერთ-ერთი განუყოფელი ნაწილია პროფესიული განათლება. ეს ქვეყანას გამოცხადებული აქვს ერთ-ერთ პრიორიტეტად. ძალისხმევის გაზრდა ამ მიმართულებით აუცილებელია. იმ პროფესიის ადამიანებს, რომლებიც აუცილებელია სოფლად, სჭირდებათ შესაბამისი მომზადება.

პროგრამააწარმოე საქართველოში“- მსგავსი პროექტი რომ არსებობდეს პროფესიული გადამზადების თვალსაზრისით, რათა პროფესიები, რომლებიც სჭირდება დღეს ქვეყანას და რომელი პროფესიებიც გაქრობის საფრთხის წინაშეა, გაცილებით ქმედითი და გონივრული დახმარება არ იქნებოდა ხელისუფლების მხრიდან?

– ჯერ კიდევ პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის მთავრობაში, ეკონომიკის სამინისტრო, როდესაც ადგენდა ეკონომიკის განვითარების პროგნოზებს, იმავდროულად დგებოდა პროგნოზები, თუ რომელი დარგი იყო პრიორიტეტული, რომელი დარგი შეიძლებოდა განვითარებულიყო. შესაბამისად განისაზღვებოდა, თუ რამელი დარგის სპეციალისტებზე იქნებოდა მომავალში მოთხოვნა. ამ ინფორმაციის საფუძველზე იმ დროს განათლების სამინისტრო ადგენდა ამ დარგებში მოსამზადებელი სპეციალისტების რაოდენობის ნუსხას. ჯერ უნდა გაირკვეს, რომელი დარგები ვითარდება და ამ დარგების შესაბამისად, რა სპეციალობებია საჭირო. ამგვარად განათლების სამინისტრო განსაზღვრავდა იმას, თუ როგორი უნდა ყოფილიყო კადრების მომზადება ეკონომიკის სხვადასხვა დარგის განვითარების პერდპექტივიდან გამომდინარე. ეს ის სისტემაა, რომელიც ხელშეწყობას საჭიროებს. მარტო განათლების სამინისტრო ამას ვერ გააკეთებს, თუ მისი მყარი პარტნიორი არ იქნება ეკონომიკის სამინისტრო.

აუცილებლად უნდა გკითხოთ ლარის გამყარების ტენდენციაზეც. როგორც ეკონომისტები ამბობენ, ქართული ეკონომიკისთვის  ზედმეტად გამყარებული ლარიც არ არის ხელსაყრელი. რა არის ის ოპტიმალური დონე, რა კურსითაც ხელსაყრელია ლარის დასტაბილურება

– ლარის კურსის ოპტიმალური დონის განსაზღვრა „კაბინეტიდან“ პრაქტიკულად შეუძლებელია. ეს რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის, არა მარტო ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებზე. დღეს მსოფლიოში დაწყებულია დედოლარიზაციის პროცესი, როდესაც სანქცირებული რუსეთი ცდილობს გაცვლით ოპერაციებში აშშ დოლარის ნაცვლად გამოიყენოს სხვა ვალუტა. მაგალითად ჩინეთთან ურთიერთობაში გამოიყენება ჩინური ვალუტა – იუანი. ინდოეთი ცდილობს ისეთი სისტემის შექმნას, სადაც ინდური რუპია იქნება გამოყენებული გაცვლითი ოპერაციებისთვის. არგენტინა და ბრაზილია ერთიანი ვალუტის შემოღებაზე მუშაობენ. მსოფლიოში იმდენად რთული პროცესები მიმდინარეობს, რომ ერთმნიშვნელოვანი პასუხის მოძებნა პრაქტიკულად შეუძლებელია. უნდა გვახსოვდეს, რომ ლარის უწყვეტი გამყარება უარყოფითად აისახება ქვეყნის საექსპორტო პოტენციალზე, თუმცა იმპორტდამოკიდებულ ქვეყანაში ამცირებს ინფლაციის დონეს. ექსპორტის ხელშეწყობისთვის მიზანშეწონილია ლარი მცირედით უფასურდებოდეს, თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ინფლაციის დონეზე უარყოფითად აისეხება. მთავარი ამოცანაა ქვეყნის იმპორტდამოკიდებულება შევამციროთ.

ასევე უნდა გკითხოთ, საქართველოს მთავრობის მეთაურის მიერ რეგიონული პოლიტიკის გააქტიურებაზეც. როგორ აფასებთ პრემიერმინისტრის ეკონომიკურ პოლიტიკას?

– ვფიქრობ, პრემიერმა მიიღო საკმაოდ რთული გადაწყვეტილებები. არსებობდა რეალური საშიშროება საქართველოში მეორე ფრონტის გახსნისა. არსებობდა საამისოდ ემოციური მუხტი და პროვოკაციული საფრთხეებიც. ირაკლი ღარიბაშვილმა შეძლო ამ საფრთხეების თავიდან აცილება. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის პროექტ „დიდი აბრეშუმის გზის“ განახლებული ვერსიის – „შუა დერეფნის“ პროექტს. ეს ნიშნავს, არა მხოლოდ სატრანსპორტო დერეფნის ქმედით გამოყენებას, არამედ საქართველო გახდება ექსპორტიორი ქვეყანა. ამ თვალსაზრისით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია შავი ზღვის ფსკერზე წყალქვეშა კაბელის გაყვანა, რომელმაც საქართველო რუმინეთს უნდა მიუერთოს. ამ პროექტში ჩართულები არიან აზერბაიჯანი და უნგრეთი. ეს პროექტი განხორციელდება ევროკავშირის პატრონაჟით. ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა იმითაც, რომ ჩვენი ინტერესები ემთხვევა ბრიუსელის ინტერესებს. ამ პროექტის განხორციელება არის იმის გარანტი, რომ საქართველო არ იქნება ჩართული საომარ მოქმედებებში. თვითონ ბრიუსელი იქნება ამით დაინტერესებული. ყველანაირი პროვოკაცია თუ დაგებული მახე, რომ საქართველო ჩართონ რუსეთის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებში, იქნება თავიდან აცილებული.

ესაუბრა შორენა პაპაშვილი