ეროვნული ბანკიდან გამოყოფილი უწყება, საფინანსო – ზედამხედველობის სააგენტო დღეიდან აქტიურ მუშაობას შეუდგება, რომელიც “პროგრეს ბანკის” ყოფილმა ხელმძღვანელმა კოტე სულამანიძემ ჩაიბარა, ხოლო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძეა.

როგორც ახალი უწყების ხელმძღვანელმა პირებმა პარლამენტში ჟურნალისტებს განუცხადეს, საფინანსო – ზედამხედველობის სააგენტოს მთავარი ამოცანა ქვეყნაში ფინანსური სტაბილურობაა, თუმცა რა ნაბიჯებს გადადგამს ახალი უწყება ეროვნული ვალუტის გაჯანსაღებისათვის, ამ ეტამზე არ აკონკრეტებენ და განაცხადეს, რომ ეროვნულ ბანკთან კორდინაციასაც გეგმავენ.

“კანონის თანახმად გვაქვს გარდამავალი პერიოდი, რომლის განმავლობაშიც გავივლით ყველა პროცედურას და სააგენტო სამუშაო მდგომარეობაში გადავა. ეს უპირველეს ყოვლისა გულისხმობს კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტებას, შემდეგ უნდა ჩამოყალიბდეს სააგენტოს ბიუჯეტი, რომელიც ეროვნულ ბანკთან ერთად უნდა შეთანხმდეს. პრაქტიკულად გადმოსაბარებელი არის ყველა ის საქმე, რომელიც ნებისმიერრ ქართულ ბანკთან, ან საფინანსო ბაზრის მონაწილესთან დაკავშირებით, რომელიც ეროვნულ ბანკშია,” – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

საფინანსო-ზედამხედველობის სააგენტოს უფროსი კოტე სულამანიძე მიიჩნევს, რომ ლარის დასტაბილურება რეალურად დამოკიდებულია ფინანსური პოლიტიკის სწორ წარმართვაზე და მაქსიმალურად იმოქმედებს იმ ბერკეტებით, რაც კანონმდებლობით აქვთ მინიჭებული.