ქართულ ოპოზიციურ ფლანგზე წამყვანი პოლიტიკური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომლის 9-წლიანი მმართველობა გამორჩეული იყო შანტაჟისა და მაკომპრომეტირებელი ფარული ჩანაწერების გამოქვეყნებით, საკუთარ სტილს არ ღალატობს. კომპრომატებით ბრძოლის მეთოდებს ნაციონალები ახლა ერთმანეთის წინააღმდეგ იყენებენ.
ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პარტიაში განხეთქილება დიდი ხანია გასცდა შიდა პარტიული უთანხმოების ფარგლებს. საქმე იქამდე მივიდა, რომ პარტიის თავმჯდომარის არჩევნები ვადაზე ადრე ჩაინიშნა, მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელია აღარავის მოსწონს, განსაკუთრებით კი პარტიის მთავარი პოლიტიკური ფიგურის, დაპატიმრებული სააკაშვილის დედა გიული ალასანიას. მან მელიას სააკაშვილის ჯიბეზე ჩამოკიდებულიც კი უწოდა. მელიას მიმართ მთავარი პრეტენზია იმაში მდგომარეობს, რომ ის სათანადოდ არ გაისარჯა და სააკაშვილის ციხიდან დასახსნელად საერთო სახალხო პროტესტის ორგანიზება ვერ უზრუნველყო.
“ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” 3 კლანი უპირისპირდება ერთმანეთს: სააკაშვილის ოჯახი, კეზერაშვილ-ხაბეიშვილ-მერაბიშვილისა და მელიას კლანები. ვინ გაიმარჯვებს ამ ბრძოლაში, 28-29 იანვარს გამოჩნდება, როდესაც ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ. ბრძოლაში ყველა ხერხი გამოდგებაო და ნაციონალებმა ფარული ჩანაწერებით ფარიკაობა გააჩაღეს.
მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარეობისთვის 4 კანდიდატი იბრძვის: ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, გიორგი მუმლაძე და ნონა მამულაშვილი. არჩევნები ბლოქჩეინის ტექნოლოგიით ჩატარდება, თუმცა, ექსპერტები არჩევნების ამ სისტემით ჩატარებაში შედეგების გაყალბების შესაძლებლობებს ხედავენ.
დანარჩენ ოპოზიციაში იმედოვნებენ, რომ პარტიული არჩევნების შემდეგ მაინც დასრულდება ნაციონალების მრავალპოლუსიანობა და საბოლოოდ გაირკვევა “ენმ”-ში ვისთან უნდა ჰქონდეთ კომუნიკაცია. მმართველ პარტია “ქართულ ოცნებაში” კი ფიქრობენ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” დაშლა გარდაუვალია და შიდა არჩევნების შემდეგ ეს პროცესი კიდევ უფრო დაჩქარდება.
ნაახალწლევს, 9 იანვარს, “ენმ”-ს მოქმედ თავმჯდომარე ნიკა მელიას სოციალურ ქსელში მაკომპრომეტირებელი ჩანაწერი გაუვრცელეს. აუდიოჩანაწერი 2021 წლით თარიღდება. როგორც მითითებულია, თვითმმართველობის არჩევნების წინა პერიოდშია ჩაწერილი. აუდიო მასალაში მელია სააკაშვილს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს და ამბობს, რომ მას ქვეყანაში დაბრუნების ეშინია.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა ჩანაწერის გავრცელებაში ეჭვი “ქართულ ოცნებაზე” მიიტანეს, “ოცნებაში” კი ამბობენ, რომ მელიას დისკრედიტირება ლევან ხაბეიშვილის ინტერესშია. ნიშანდობლივია, რომ ამ ჩანაწერის გავრცელებამდე რამდენიმე კვირით ადრე, 14 დეკემბერს, „ენმ“-ს წევრმა, ეკა ხერხეულიძემ განაცხადა, რომ ფაბრიკაცია ამ ხელისუფლების იარაღია და მას მოასმენინეს აუდიო, სადაც მელია სააკაშვილზე “არასასიამოვნო ტერმინოლოგიით” საუბრობს.
ჩანაწერთან დაკავშირებით თავად სააკაშვილის შეფასება საზოგადოებას მისმა ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ გააცნო. თურმე, ექსპრეზიდენტი ჩანაწერების გავრცელებას გმობს და აღშფოთებულია.
“ხომ უნდა დამთავრდეს, ერთხელ და სამუდამოდ, ეს პერიოდი, როცა ეს სისულელეები ხდებოდა”, — უთქვამს სააკაშვილს.
შანტაჟი, კომპრომატების შეთითხნა, ფარული ვიდეო და აუდიო ჩანაწერები, მათი ფაბრიკაცია – საქართველოში ჯერ კიდევ კარგად ახსოვთ, რომელი პოლიტიკური პარტიის ხელწერაა. დღეს, ნაციონალები “საზიზღრობას” და “ჭაობს” უწოდებენ იმას, რასაც თავად აქტიურად იყენებდნენ პოლიტიკური ბრძოლის იარაღად და დიდი ალბათობით, დღემდე იყენებენ.
ნიკა მელიას მაკომპრომეტირებელ ფარულ ჩანაწერს მალევე მოჰყვა თავად ექსპრეზიდენტის დედის, გიული ალასანიას ჩანაწერი, სადაც ის სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებაში რუსულ ფაქტორზე აკეთებს აქცენტს, ოპოზიციას კი პარაზიტებად მოიხსენიებს. ჩანაწერი ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ეთერში გავრცელდა.
მასალა, დიდი ალბათობით 2 წლის წინანდელია, რაც ჟურნალისტებთან კომენტარში ირიბად გიული ალასანიამაც დაადასტურა. გიული ალასანია 2021 წელს კიევში ჩასვლას და შვილის გადარწმუნების მცდელობასაც ადასტურებს. ჩანაწერში ალასანია მაშინდელ პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიასაც ახსენებს.
“ქართული ოცნების” ლიდერებს საუბრის ავთენტიკურობაში ეჭვი არ ეპარებათ და მის გავრცელებას მელიას უკავშირებენ, რომელიც შიდა არჩევნების წინ, თავადაც ფარული ჩანაწერის მთავარი ფიგურანტი აღმოჩნდა.
“ხალხის ძალის” წევრის, ზურაბ ქადაგიძის თქმით, ახალი არაფერია, მიყურადება, მოსმენა, გავრცელება და შანტაჟი “ნაც-მოძრაობის” ბუნებაა. მისივე თქმით, ორი დღის წინ, ხაბეიშვილმა გაუვრცელა მელიას ფარული ჩანაწერი, დღეს კი სამაგიერო მიიღო და იმაზე დიდი ნაგავი დაიმხეს თავზე ვიდრე, ვინმეს წარმოედგინა…
„მთავარი და სავალალო ისაა, რომ ოპოზიციის 90% გამარგინალებული გავლენის პერსონები არიან, რომელთა პოლიტიკური მომავალი ძირითადად საზღვარგარეთ იგეგმება”, – მიაჩნია ქადაგიძეს.
გიული ალასანიას ფარულ ჩანაწერში მოხსენიებულია გახარიაც: “უნდათ ახლა გახარიაზე მუშაობა, თანაც იციან, რომ გახარია ამ მომენტში ბევრს ვერაფერს მოიტანს, არ აქვს პროცენტულად ის შედეგი, მაგრამ ამზადებენ მომავლისთვის. არ ვიცი, ჩემ შვილს აქ რა დახვდება, ოპოზიციაც არასწორად გაზრდილი ხალხია. ეგენი არიან ბუნებით პარაზიტები. მიშიკოს კარგად ყოფნის დროსაც პარაზიტობდნენ და ცუდად ყოფნის დროსაც ამის ხარჯზე იყვნენ”.
უფლებადამცველ დიმიტრი ლორთქიფანიძისთვის გაუგებარია, რატომ უწოდებენ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლას, უფრო სწორად კი, შემოპარვას, შეცდომას, მაშინ, როდესაც თავად სააკაშვილი აცხადებდა, რომ არ ეშინოდა ციხეში ჩაჯდომის. ლორთქიფანიძე ვარაუდობს, რომ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლა იყო ამერიკული გეგმის ნაწილი, ისევე, როგორც 2 წლის წინ, მელიას გამო, გახარიას პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან წასვლა.
მისივე მოსაზრებით, სააკაშვილს ძალიანაც არ უნდოდა, ოკეანის გაღმა დაგეგმილი სპეცდავალების აღსრულება, მაგრამ ის აიძულეს, როგორც უკანასკნელი ბერკეტი საქართველოში რევოლუციის მოხდენისა. მანამდე იყო ნიკა მელიას პროვოკაციული ქმედება, როცა მან შინაპატიმრობის სამაჯური საჯაროდ მოიხსნა და კანონის წინაშე დაუმორჩილებლობის დემონსტრირება მოახდინა.
“მელია ამერიკელების მიერ შერჩეულია კადრია – ქარიზმატული, ახალგაზრდული ენერგიით და რაც მთავარია ძალიან სანდო კადრი, რომლის მიმართ, როგორც აშშ იმედოვნებდა, მზარდი იყო მხარდაჭერა ქართულ საზოგადოებაში. იფიქრეს, რომ თუ კი ის მოიხსნიდა სამაჯურს, ჩაუდგებოდა სათავეში 2019 წლის 20 ივნისის შტურმს პარლამენტზე, თუ კი, ღიად დაარღვევდა კანონს და მოახდენდა ხელისუფლების პროვოცირებას, რომ ის დაეკავებინათ, ეს დაკავება იქნებოდა ყველაზე მძიმე პოლიტიკური ფასის გადახდა “ოცნების” ხელისუფლების მხრიდან, რასაც ქვეყანაში მოჰყვებოდა რევოლუცია”, – Dalma News-თან საუბრისას დიმიტრი ლორთქიფანიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, იმისთვის, რომ ეს საკითხი ძალიან კარგად შეეფუთათ, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს ვიზიტის პროცესში პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მიმართ გატარდა ისეთი სპეციალური ზომები, რომელიც მანამდე დაიგეგმა ვაშინგტონში გახარიას ვიზიტის დროს.
“ალბათ, არაფერი დამალული არ არის და ესეც გამოჩნდება, თუ რა ვითარებაში, რა კომპრომატების საშუალებით გადაიბირეს გახარია, რომელიც ივანიშვილის ერთგულ კადრად ითვლებოდა. პროცესი შემზადდა შემდეგნაირად, მელიას უნდა განეხორციელებინა რადიკალური ქმედებები და როცა კრიტიკული მომენტი დადგებოდა და მას შსს-ს თანამშრომლები დააკავებდნენ, ამის საპასუხოდ გახარია გაერიდებოდა პასუხისმგებლობას, მოახდენდა დემარშს. ეს 2 მოქმედება – “ენმ”-ს ლიდერის დაკავება და პოპულარობის პიკში მყოფი გახარიას დემარში იქნებოდა პირდაპირი ნაპერწკალი დენთზე, რასაც გარდაუვალად მოჰყვებოდა აფეთქება ქართულ საზოგადოებაში”, – აცხადებს დიმიტრი ლორთქიფანიძე.
უფლებადამცველი აქვე იხსენებს იმას, თუ როგორ აღმოჩნდნენ ვაშინგტონში, გახარია და მელია ერთდროულად იმავე სასტუმროში, სადაც სააკაშვილი იმყოფებოდა. ლორთქიფანიძის აზრით, გახარია გადაიბირეს ბიძინა ივანიშვილის ინტერესების საზიანოდ, რაც იქნებოდა სერიოზული დარტყმა “ქართული ოცნებისთვის”.
ანალიტიკოსი გია აბაშიძის შეფასებით, გიული ალასანიას ფარული ჩანაწერის გამოქვეყნებაში ლოგიკური ეჭვი ნიკა მელიას შურისძიებასთან მიდის, თუმცა, ამ შემთხვევაში საინტერესოა მეორე – ვინ ჩაიწერა და შეინახა ჩანაწერი და “საჭირო დროს” გაასაჯაროვა. გამორიცხული არ არის, რომ ფარული ჩანაწერების შემდგომი სერიები ვიხილოთ.
“ჩანაწერის ავთენტიკურობაზე კითხვის ნიშნები თავად გიული ალასანიას არ აქვს და მხოლოდ ამბობს, რომ ეს ჩანაწერი 2 წლის წინანდელია. ვინ არის ის ადამიანი, ვინც გიული ალასანიას გარემოცვაშია და არა მხოლოდ ეს ჩანაწერი, შესაძლოა, სხვა ჩანაწერებიც აქვს დაარქივებული და საჭირო დროს, საჭირო ვითარებაში გაასაჯაროოს. ეს მეტყველებს იმაზე, რომ თავად “ნაციონალური მოძრაობის” სხვადასხვა ფლანგზე, ერთმანეთს არ ენდობიან და მათი ლიდერის დედის საუბრებს ფარულად იწერენ”, – განუცხადა Dalma News-ს გია აბაშიძემ.
ანალიტიკოსის თქმით, მომხდარი მეტყველებს იმაზე, რომ “ენმ” ჩამოშლილია და ის არის ხელოვნურად შეკოწიწებული ჯგუფი. თუ კი, მელია მართლად დასთანხმდა მათი პარტიის დამფუძნებლის, პატიმრობაში მყოფი ლიდერის, სააკაშვილის დედის მაკომპრომეტირებელი ჩანაწერის გამოქვეყნებას, ლოგიკურად ნიშნავს იმას, რომ მას არჩევნებში გამარჯვების იმედი აღარ აქვს.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” რღვევა 2012 წლიდან, მას შემდეგ დაიწყო, რაც სააკაშვილმა საქართველოში ძალაუფლება დაკარგა. ისმის კითხვა, ვინ დაშალა “ენმ”, ივანიშვილმა თუ თავად სააკაშვილმა?
გია აბაშიძის მოსაზრებით, ეს თავად “ნაციონალურმა მოძრაობამ” გააკეთა. პარტიის ბოლო წლების საქმიანობამ გამოავლინა, რომ “ენმ” პოლიტიკურად გაკოტრებული პოლიტიკური სუბიექტია.
“ძალიან ადვილია ფიასკოს სხვისთვის გადაბრალება. ღიმილისმომგვრელია ეს ყველაფერი დააბრალო ივანიშვილს”, – აცხადებს აბაშიძე.
ექსპერტების შეფასებით, 28-29 იანვრის შემდეგ სააკაშვილის პარტიის დასუსტების ახალი ეტაპი დაიწყება. შინა პარტიული დაპირისპირება კიდევ უფრო გაღრმავდება, გამორიცხული არ არის მელია და მისი თანამოაზრეები სხვა პარტიაში გადაბარგდნენ, ან თავად შექმნან ახალი პარტია. რაც შეეხება გახარიას, არსებობს ვარაუდი, რომ მას მალე მელიასთან ერთ ფლანგზე ვიხილავთ.
გიორგი ქართველი