2022 წელი, გაზრდილი გეოპოლიტიკური რისკებისა და ეკონომიკური არასტაბილურობის მიუხედავად, რომელიც შარშან პოსტსაბჭოთა ქვეყნებს დაატყდა თავს, აზერბაიჯანის საბანკო სექტორისთვის წარმატებული გამოდგა.

საბანკო ექსპერტმა, წიგნის „აზერბაიჯანის საბანკო კანონის“ ავტორმა აკრამ ჰასანოვმა Dalma News-თან ინტერვიუში, წლის შედეგების შეჯამებისას ისაუბრა, თუ როგორ მოახერხეს აზერბაიჯანულმა ბანკებმა კრიზისის თავიდან აცილება, კაპიტალიზაციის გაზრდა და რატომ ელის აზერბაიჯანს 2023 წელს საბანკო სექტორის გასუფთავება.

– თითქმის მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში, საბანკო ინდუსტრიისთვის გასული წელი  რთული აღმოჩნდა.  გეოპოლიტიკისა და სანქციების რისკების ფონზე საკრედიტო ინსტიტუტებმა არაერთი შოკი განიცადეს.  როგორი იყო 2022 წელი აზერბაიჯანული ბანკებისთვის?

– რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, 2022 ჩვენი საბანკო სექტორისთვის კარგი წელი აღმოჩნდა, რომელმაც ძალიან ნაყოფიერად და შედეგიანად ჩაიარა.  რა თქმა უნდა, გეოპოლიტიკურმა პრობლემებმა ბევრი ქვეყნის, მათ შორის აზერბაიჯანის საბანკო სისტემას სერიოზული რისკი შეუქმნა და შესაძლებელია 2023 წელს სიტუაცია კიდევ უფრო გართულდეს.  მაგრამ რაოდენ ცინიკურადაც არ უნდა ჟღერდეს, გეოპოლიტიკურმა კრიზისმა ჩვენთვის გარკვეული შესაძლებლობები შექმნა.  კერძოდ, ენერგორესურსებზე ფასების ზრდამ აზერბაიჯანს დამატებითი სავალუტო შემოსავალი და ეროვნული ვალუტის სტაბილურობისადმი ნდობა მოუტანა, რითაც საბანკო სექტორმაც ისარგებლა.   უფრო მეტიც, ამ ფონზე, გაიზარდა დეპოზიტები – ძირითადად ეროვნულ ვალუტაში, ვინაიდან ქვეყანაში უცხოურ ვალუტაში დეპოზიტების განაკვეთები ძალიან დაბალია.

გარდა ამისა, სასესხო პორტფელიოს ზრდის ფონზე პრობლემური სესხების მოცულობა შემცირდა.   ბანკების საქმიანობაზე დადებითად იმოქმედა კაპიტალისა და ახალი კლიენტების, მათ შორის რუსეთიდან, შემოდინებამ.

შესაბამისად, 2022 წელს აზერბაიჯანის რესპუბლიკის საბანკო სისტემის განვითარების დინამიკა დადებითი იყო.  მაგრამ 2023 წლისთვის გეოპოლიტიკური რისკები კვლავ არსებობს, რადგან სესხებისა და ინვესტიციების უმეტესობა მოკლევადიანია.  იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიოში მოვლენები სწრაფად იცვლება, გრძელვადიანი პროგნოზების გაკეთება შეუძლებელია.

– 2022 წლის გაზაფხულზე სახელმწიფოს მეთაურმა მარეგულირებლის ხელმძღვანელი შეცვალა, აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარედ ტალეჰ კიაზიმოვი დანიშნა.  რა რეაგირებდა მოჰყვა ბაზარზე ხელმძღვანელის შეცვლას? 

– აზერბაიჯანის საბანკო სისტემისთვის შესაძლოა, ეს გასული წლის მთავარ მოვლენად იქცეს.  ბევრი პოსტსაბჭოთა ქვეყნისგან განსხვავებით, სადაც ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელები ხშირად იცვლებოდნენ, აზერბაიჯანში მარეგულირებლის ხელმძღვანელი შეუვალი პირი იყო, რომელიც ცენტრალურ ბანკს 1996 წლიდან ხელმძღვანელობდა.  აღსანიშნავია, რომ ელმარ რუსტამოვი აპრილში შეცვალეს, როდესაც გაირკვა, რომ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი კიდევ დიდხანს გაგრძელდებოდა და რეგიონში გეოპოლიტიკური ვითარება მომდევნო წლებში კიდევ უფრო გართულდებოდა. ვთუმცა, ამავდროულად, ენერგორესურსების ფასები დიდხანს შენარჩუნდებოდა ზედა ნიშნულზრ.  ზოგადად, ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის ცვლილება დადებითი სიგნალი იყო ბაზრისთვის, რომელსაც დიდი ხანია სისტემური ცვლილებები სჭირდებოდა.

– მიმდინარე წლის პირველი დეკემბრის მდგომარეობით, აზერბაიჯანის საბანკო სექტორის აქტივებმა პირველად გადააჭარბა 45 მილიარდ მანეთს, რაც 27%-ით მეტია 2021 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.  შეგვიძლია ვთქვათ, რომ არსებული სტრესული ვითარებების მიმართ საბანკო სექტორი მდგრადია?

– ნამდვილად ასეა.  მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ თავად სისტემის შიგნით ბანკების გაძლიერება ერთგვაროვანი არ არის.  მსხვილი ბანკები, რომლებიც სისტემურად მნიშვნელოვან ფინანსურ ინსტიტუტებს შორის არიან, ზრდიან თავიანთ აქტივებს, ზრდიან მომხმარებელთა ბაზას და საკრედიტო პორტფელიოს, ზრდიან ლიკვიდობას, ამასთან, მცირე და საშუალო ბანკები ასეთი მდგრადი ზრდით ვერ დაიკვეხნიან.  ზოგიერთი საკრედიტო ორგანიზაცია არც თუ სახარბიელო ფინანსურ მდგომარეობაში იმყოფება.  ეს იმაზე მეტყველებს, რომ საბანკო სექტორში არაჯანსაღი ვითარება შეიქმნა და ამ სფეროს შესაძლოა, არა მხოლოდ საბანკო მომსახურების ხარისხის დაქვეითება შეეხოს, არამედ მონოპოლიზაციის რისკიც.

აკრამ ჰასანოვი

– 2022 წლის განმავლობაში, მარეგულირებელმა არაერთხელ გაზარდა დისკონტის განაკვეთი.  როგორ აისახება ეს ბანკების მომგებიანობაზე?

– სუსტადგამოხატული ფორმით.  საქმე იმაშია, რომ მარეგულირებელი ბაზრის ყველა მონაწილეზე სესხებს თანაბარი და გამჭვირვალე პირობებით არ გასცემს – ცენტრალური ბანკისგან სესხის მიღება ადვილი არ არის ბანკებისთვის, რომ აღარაფერი ვთქვათ არასაბანკო საკრედიტო ორგანიზაციებზე, თუმცა კანონით მათ ამის უფლება აქვთ. ამიტომ, აზერბაიჯანში დისკონტის განაკვეთი ყოველთვის ფორმალური მაჩვენებელი იყო და მონეტარული პოლიტიკის მართვაში ეფექტურ მექანიზმს არ წარმოადგენს.

მაგრამ, დეპარტამენტის ახალი ხელმძღვანელი ცდილობს ვითარება შეცვალოს. საბანკო სექტორს და ეკონომიკის სხვა სექტორების მონაწილეებს აჩვევს, რომ უახლოეს მომავალში დისკონტის განაკვეთის ნებისმიერი ცვლილება გავლენას მოახდენს სესხების პროცენტზე, დეპოზიტებზე, ინფლაციაზე.  შესაძლოა, მომავალ წელს ამ მიმართულებით რეალური ცვლილებები მოხდეს.

– გასული წლის პირველი დეკემბრის მდგომარეობით აზერბაიჯანში ვადაგადაცილებული სესხების მოცულობამ 641 მილიონი მანეთი შეადგინა.  ამასთან, ვადაგადაცილებული სესხების წილმა მთლიან საკრედიტო პორტფელიოში მხოლოდ 3.2% შეადგინა.  როგორ მოახერხა ინდუსტრიამ ასეთი შედეგების მიღწევა, იმის გათვალისწინებით, რომ სულ რაღაც ორიოდე წლის წინ უმოქმედო სესხების წილი სამჯერ უფრო მეტი იყო, ვიდრე ახლა?

– პრობლემური სესხების რაოდენობა მთავრობის მხარდაჭერის წყალობით შემცირდა.  2019 წელს პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერა განკარგულებას, ფიზიკური პირებისთვის პრობლემური სესხების საკითხის გადასაჭრელად დამატებითი ზომების თაობაზე.   დადგენილება ითვალისწინებდა ფიზიკური პირებისთვის უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების, 10 000 დოლარამდე ოდენობით, ძირითადი დავალიანების სხვაობის ანაზღაურებას, რომელიც 2015 წელს გაუფასურების შედეგად   წარმოიშვა. სხვა სესხებზე მთავრობამ 1%-იანი ხუთწლიანი საშეღავათო პერიოდი გამოყო.  იმ დროს პრობლემური სესხები კრედიტორებსა და საბანკო სექტორს “დამოკლეს მახვილივით” ეკიდა.  დადგენილების წყალობით შესაძლებელი გახდა ბანკების სასესხო პორტფელიოს გასუფთავება, მოსახლეობისთვის დავალიანებების ტვირთის მნიშვნელოვნად შემცირება და აზერბაიჯანული ბანკების საინვესტიციო მიმზიდველობის გაზრდა.

რა თქმა უნდა, დღეს ეს საკითხი ბოლომდე არ მოგვარებულა და აზერბაიჯანული ბანკებისთვის ვადაგადაცილებული სესხების პრობლემა კვლავ აქტუალურია. თუმცა ამას მასობრივი სახე აღარ აქვს და არსებული ვითარება კრიტიკულისგან შორს არის.  ამასთან, შეგახსენებთ, რომ 2016 წლის დასაწყისში, ქვეყანაში ფიზიკურ პირებზე, ვისაც შემოსავალი დოლარსა, ან ევროში არ აქვს, უცხოურ ვალუტაში სესხების გაცემა აიკრძალა.  აზერბაიჯანში ასეთი მოქალაქეების პროცენტული რაოდენობა შეზღუდულია, ამიტომ სესხების ძირითადი ნაწილი ეროვნულ ვალუტაშია გაცემული, რაც ასევე აფერხებს ვადაგადაცილების ზრდას, ვინაიდან მომდევნო ორ წელიწადში მანათის გაუფასურების რისკი ძალიან დაბალია.

– ეს ენერგომატარებლების მაღალ ფასს უკავშირდება?

– რა თქმა უნდა.  ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში აზერბაიჯანმა თავისი სავალუტო რეზერვები ნავთობისა და გაზის გაყიდვებით საგრძნობლად გაზარდა და ეს მიუხედავად იმისა, რომ მისი ტერიტორიების გათავისუფლების შემდეგ ქვეყანამ ძალიან დიდი ხარჯები გაიღო.  ახლა ყარაბაღში ფართომასშტაბიანი აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს, რაც დიდ დაფინანსებას მოითხოვს. ამიტომ სავალუტო რეზერვების შევსება ენერგომატარებლების მაღალი ფასით შეიძლება.  აქედან გამომდინარე, მანათის გაუფასურების რისკი ძალიან დაბალია, ყოველ შემთხვევაში, მომავალ წელს ეროვნული ვალუტის დაცემის ალბათობა 1%-ზე ნაკლებია. მსოფლიოში რაღაც ძალიან სერიოზული უნდა მოხდეს, რომ აზერბაიჯანული ვალუტის ამჟამინდელი პოზიცია შეირყეს.

– რა სტრუქტურულ ცვლილებებს ელით საბანკო სექტორში მომავალ 2023 წელს?

– დიდი ალბათობით, ცენტრალური ბანკის ახალ ხელმძღვანელობას საბანკო სექტორში წესრიგი აღდგენა მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი და, ალბათ, წლის პირველ ნახევარში მარეგულირებელი ბაზის გაუმჯობესებაა მოსალოდნელი.  კერძოდ, მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდება საკანონმდებლო ბაზაში კორპორატიული მართვისა და საბანკო ზედამხედველობის სტანდარტების გაძლიერების კუთხით, რათა საკრედიტო ინსტიტუტების საქმიანობა უფრო გამჭვირვალე და ეფექტიანი იყოს. ცხადია, ეს გამოიწვევს იმას, რომ ზოგიერთი ბანკი ბაზარს დატოვებს, რადგან დარგის ამ სტანდარტების დაკმაყოფილებას ყველა ვერ შეძლებს.  ამავდროულად, არ არის აუცილებელი მათი სრული ლიკვიდაცია მოხდეს. შესაძლოა, ისინი უფრო დიდმა ბანკებმა „შეითვისონ“.  ასევე, დიდი ალბათობით, გაფართოვდება არასაბანკო საკრედიტო ორგანიზაციების უფლებამოსილებები, რაც მათ საშუალებას მისცემს განახორციელონ არა მხოლოდ ფულადი ოპერაციები, არამედ, შესაძლოა, ვალუტის გადამცვლელი ოპერაციებიც კი.

აისელ მამედოვა