ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოში ახალი ელჩი ჰყავს. რობინ დანიგანი საქართველოში 12 ოქტომბერს ჩამოვიდა და საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს რწმუნებათა სიგელი იმავე დღეს გადასცა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აშშ-ის ელჩმა განაცხადა, რომ ელის მჭიდრო თანამშრომლობას საქართველოს პრეზიდენტთან, მით უფრო მაშინ, როდესაც ქვეყანა ევროატლანტიკური ინტეგრაციისაკენ ისწრაფვის. თავის მხრივ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის მჭიდრო თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება საქართველოს მომავლისთვის ამ გადაწყვეტ მომენტში.

რობინ დანიგანის წინამორბედის, აშშ-ს ყოფილი ელჩის, კელი დეგნანის დიპლომატიური საქმიანობით საქართველოში ყველა როდი იყო აღფრთოვანებული. გარკვეული პოლიტიკური ლიდერები მას ძალიან ხშირად, ქვეყნის საშინაო საქმეებში უხეშად ჩარევასა და რადიკალური ოპოზიციის მხარდაჭერაში ადანაშაულებდნენ. ამ მხრივ განსაკუთრებით გამოირჩეოდა საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი “ხალხის ძალა”.

„ხალხის ძალის“ წევრი გურამ მაჭარაშვილი იმედოვნებს, რომ აშშ-ის ახალი ელჩი იმ მავნე პრაქტიკას არ გააგრძელებს, რასაც მისივე შეფასებით, საქართველოსთან ვასალური დამოკიდებულება და ქვეყნის მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებების გაკეთება ჰქვია. ასევე იმედოვნებს, რომ ახალი ელჩი, წინამორბედისგან განსხვავებით მათი პოლიტიკური ძალის განცხადებებს გაეცნობა, რათა უკეთ გაიგოს, რა პრეტენზიები ჰქონდა დეგნანის მიმართ.

 გურამ მაჭარაშვილი

“ამერიკის ელჩის ბიოგრაფიაზე მეტად ის გვაინტერესებს, თუ როგორი იქნება მისი პოზიციები საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ. ამერიკასთან პარტნიორული ურთიერთობა გვინდა და არა – ვასალური დამოკიდებულება. დიდ იმედს გამოვთქვამთ, რომ ასეთი შეცდომები არ იქნება დაშვებული, სხვა შემთხვევაში, რა თქმა უნდა, საქართველო-ამერიკის ურთიერთობები ვერ იქნება ისეთი, როგორიც უნდა იყოს“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

“ხალხის ძალის” პრეტენზიები აშშ-ს წინა ელჩის მიმართ შემდეგია: კელი დეგნანი არ გაემიჯნა უკრაინის მაღალი თანამდებობის პირების ომის რიტორიკას, მაგრამ ემიჯნებოდა საქართველოს საზოგადოებას, რომელსაც არ სურს ომი. კელი დეგნანი თავს უფლებას აძლევდა კონკრეტული მოსამართლისთვის კონკრეტულ საქმეზე მოეთხოვა ანგარიში და, თუ არ მოეწონებოდა გადაწყვეტილება, მოსამართლის მიმართ სანქციები დაეწესებინა.

გურამ მაჭარაშვილი საქართველოში უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში რადიკალური ოპოზიციის ქმედებებზეც პასუხისმგებლობას აშშ-ს საელჩოს აკისრებს დუმილის გამო. მისი თქმით, ელჩი დეგნანი დუმილით ჰპასუხობდა რადიკალური ოპოზიციის ყველა ანტისახელმწიფოებრივ და ანტიკონსტიტუციურ საქმიანობას, რითაც ახალისებდა და აქეზებდა მათ ანტიკონსტიტუციურ ქმედებებს. მაჭარაშვილის თქმით, საზოგადოება არის ის ძალა, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს, რომელი ხელისუფლება უნდა და რომელი არ უნდა. თავად აირჩიოს, რომელი პოლიტიკური პარტია მოსწონს ხელისუფლებაში და რომელი ოპოზიციაში.

“ყველა ეს დემოკრატიული პრინციპი, რომელზეც, სხვათა შორის, 30 წლის განმავლობაში, სწორედ შეერთებული შტატების შესაბამისი ინსტიტუტები საუბრობდნენ, საელჩომ პრაქტიკულად თავდაყირა დააყენა და თქვა, რომ ის არის ყველაფრის გადამწყვეტი – ვინ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში, რომელმა მოსამართლემ, როგორი გადაწყვეტილება მიიღოს და ა.შ. შესაბამისად, აქ არის უგულებელყოფილი, საელჩოს მხრიდან, ხალხის ნება და ჩვენ ამას დავუპირისპირებთ ხალხის ძალას”, – აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ადასტურებს, რომ კელი დეგნანის ელჩობის პერიოდში ქართულ-ამერიკულ ორმხრივ ურთიერთობებში უხერხულობები მართლაც შექმნა, რაც დასტურდება, როგორც ფაქტობრივი მასალით, ისე ყოფილი ელჩის განცხადებებითა და ქმედებებითაც. მისივე თქმით, დეგნანი, განსაკუთრებით ელჩობის ბოლო 2 წლის განმავლობაში, ნამდვილად არ ემსახურებოდა ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაუმჯობესებას და ამ მხრივ სირთულეები ნამდვილად იყო.

რაც შეეხება “ხალხის ძალის” წარმომადგენლების პოზიციას, ზაალ ანჯაფარიძის შეფასებით, ამ პოლიტიკური ძალის დასავლეთისადმი დამოკიდებულება და პოზიცია ცნობილია და მათი განცხადებების სტილში ჯდება, თუმცა, მეორე მხრივ “ხალხის ძალის” პრეტენზიები საფუძველს მოკლებული არ არის.

“ხშირად, ელჩის საქმიანობა არ უწყობდა ხელს ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობების განვითარებას. ელჩი არაერთხელ ჩარეულა პირდაპირ ქვეყნის სუვერენულ საქმეებში, გავიხსენოთ მოსამართლეზე ზემოქმედების მცდელობა. როდესაც საელჩოს წარმომადგენელმა მოითხოვა ახსნა -განმარტება, თუ რატომ მიიღო გვარამიას საქმის მოსამართლემ ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო. ასევე ელჩის განცხადებები ქვეყნის საშინაო პოლიტიკის საკითხებზე, რაც არ არის ელჩის გასარჩევი და სხვა“, – განუცხადა Dalma News-ს ზაალ ანჯაფარიძემ.

მისივე თქმით, სწორედ ელჩმა დეგნანმა მონათლა „უცხოური გავლენის შესახებ კანონპროექტი“ რუსულ კანონად. დაამკვიდრა ეს მოსაზრება და დიდწილად შეუწყო ხელი ქვეყანაში 7-8 მარტის ქუჩის პროცესების განვითარებას, როდესაც პროტესტანტების აგრესიულად განწყობილი ჯგუფები ისროდნენ მოლოტოვის კოქტეილებს, ამტვრევდნენ მანქანებს, ამსხვრევდნენ პარლამენტის შენობის მინებს და სხვა.

„მანვე გაუკეთა საკუთარი განცხადებით დისკრედიტაცია არჩევნების ელექტრონული სისტემით ჩატარებას. ამით, ფაქტობრივად, ზიანი მიაყენა ქვეყნის საარჩევნო სისტემას. ელჩის გასარჩევი არ არის ქვეყანა არჩევნებს რა სისტემით ჩაატარებს, როცა არ ხარ ჩახედული ამ საკითხში და ხელაღებით აცხადებ, რომ ვერ იქნება ქვეყანაში უზრუნველყოფილი დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნებიო, – ეს არის უკვე გარკვეული ჩარევა ქვეყნის შიდა საქმეებში”, – ამბობს ანჯაფარიძე.

მისივე თქმით, ელჩმა დეგნანმა ამით ხელი წაუკრა ოპოზიციას, რომელიც ამტკიცებს, რომ ელექტრონული არჩევნები არის გაყალბების ერთ-ერთი წყარო. ზედმიწევნით დაემთხვა მისი ნარატივი ოპოზიციისას.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ს ახალი ელჩი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროშიც სტუმრობდა, სადაც მინისტრ ილია დარჩიაშვილთან შეხვედრისას განაცხადა, რომ მისთვის „დიდი პატივია წარმოადგენდეს პრეზიდენტ ბაიდენს, როგორც შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში“. ასევე აღნიშნა, რომ მოუთმენლად ელის ქართველ ხალხთან და საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობას, ორ ქვეყანას შორის ხანგრძლივი მეგობრობის კიდევ უფრო გაღრმავებისა და სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაძლიერებისთვის. ასევე, მოუთმენლად ელის ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავებას.

„მე ვიცი, რომ საქართველოს ხელისუფლებას და ხალხს სურს ინტეგრაციის გაღრმავება ევროკავშირთან, ნატოსთან, დასავლეთთან. პრეზიდენტ ბაიდენთან და მდივან ბლინკენთან ერთად, მეც ვუჭერ მხარს ამ გზას. მჭიდროდ ვითანამშრომლებ საქართველოსთან ამ მიზნის მისაღწევად“, – განაცხადა აშშ-ს ელჩმა.

თავის მხრივ, საგარეო საქმეთა მინისტრმა – ილია დარჩიაშვილმა თავისი ოპტიმისტური განწყობა დაადასტურა იმასთან დაკავშირებით, რომ ქალბატონი ელჩის ძალისხმევა, მისი პერსონალური ჩართულობა ამ ურთიერთობებში მნიშვნელოვან შედეგებს მოიტანს.

შორენა პაპაშვილი