Монастырский комплекс Давид Гареджи

200 ათასიანი რუკა, თუ 500-იანი? 1938 წლის, თუ 1942-ის? დავით-გარეჯის გარშემო მიმდინარე გამოძიება ამ კითხვებს 17 აგვისტოდან მოყოლებული სცემს პასუხს და დღემდე ვერ გასცა. ამასობაში, პატიმრობაში მყოფი ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა, 28 იანვარს, გირაოს საფუძველზე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. მელაშვილის შთამბეჭდავი და დაუვიწყარი განცხადების შემდეგ – “შენი არ არის და არ დაგითმობს!”, დავით-გარეჯი კვლავ დღის მთავარ თემად იქცა. მთავარი პროკურატურა დავით-გარეჯის საზღვრის დამდგენი კომისიის ხელმძღვანელ ივერი მელაშვილსა და კომისიის წევრ ნატალია ილიჩოვას საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას ედავება. პროკურატურა ამტკიცებს, რომ დაკავებულებმა საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და “საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს”.

გამოძიება 17 აგვისტოს, სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. საუბარია საქართველოს ტერიტორიის, ან მისი ნაწილის უცხო ქვეყნისთვის გადაცემის მცდელობაზე, რაც 10-15 წლამდე პატიმრობით ისჯება. ბრალდების სიმძიმის მიუხედავად, პროკურატურამ შეცვალა პოზიცია და  ბრალდებულები 20-20 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ გაანთავისუფლეს. თუმცა, პროკურატურა ირწმუნება, რომ გამოძიება გრძელდება და გირაოს საფუძველზე გათავისუფლება ბრალის მოხსნას არ ნიშნავს.

ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა ოპოზიციამ დიდი ხანია პოლიტპატიმრებად მონათლა. სამოქალაქო საზოგადოების საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი კი, დავით-გარეჯის თემის წინასაარჩევნოდ წამოწევას მმართველი პარტია “ქართული ოცნების” პოლიტიკურ მანევრად აფასებს, გარკვეული ნაწილისთვის კი, ივერი მელაშვილი გმირია, რომელიც დაჟინებით გვარწმუნებს, რომ დავით-გარეჯი საქართველო არ არის, ხოლო ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მსახურნი კელიებთან პოზირებით ირთობენ თავს.

პროკურატურის ინფორმაციით, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის, 2007 წლის ჩათვლით პერიოდში, შეთანხმებული საზღვრის რიგი მონაკვეთები არ შეესაბამება 1937-1938 წლებში გამოცემულ 1:200 000 მასშტაბის ტოპოგრაფიულ რუკებზე დატანილ საქართველოს საზღვრის ხაზს, სხვაობა საქართველოს საზიანოდ, შეადგენს 3500-მდე ჰა ფართობს. შესაბამისად, ბრალდებულთა დანაშაულებრივი ქმედების შედეგად საქართველოს ისტორიულად კუთვნილი ტერიტორიების დაკარგვის საფრთხე შეექმნა.

დავით-გარეჯის საქმეს  ქართულ მედიასივრცეში იმდენი თოქ-შოუ მიეძღვნა, რომ ქართველმა მაყურებელმა ლამის ზეპირად ისწავლა ამ საქმის მასალები, სადავო რუკების გაქრობისა და მათი აღმოჩენის ისტორია და ა.შ, მაგრამ დღემდე არ გაეცა პასუხი კითხვას, რა იქნება ამის შემდეგ, საქართველო-აზერბაიჯანი მზად არიან ამ პრობლემის დიპლომატიური გზით მოგვარებისთვის, თუ გავითვალისწინებთ იმას,  რომ სულ ახლახანს ბაქომ ყარაბაღის ომში წარმატებას მიაღწია? ამ ორი ქვეყნის კეთილმეზობლობა დგას, თუ არა ეპოქალური გამოწვევის წინაშე?

ვახტანგ მაისაია

პოლიტოლოგი ვახტანგ მაისაია მიიჩნევს, რომ ქართული ტელე-მედიის სივრცეში დღეს, გაჩაღებულია სასტიკი სამოქალაქო – საინფორმაციო ომი. თავად მელაშვილი-ილიჩოვას საქმეს აქვს პოლიტიკური შემადგენელი. ამ თემის პოლიტტექნოლოგიად გამოყენება სურდა “ქართულ ოცნებას” და მის შიგნით არსებულ პოლიტიკურ დაჯგუფებებს. ოპოზიციაც, ასევე იყენებს ამ თემას პოლიტიკური ანგაჟირებისთვის და არა საქართველოს ეროვნული და სახელმწიფო ინტერესებისთვის.

მისივე თქმით, ეს თემა პოლიტიკური მანიპულაციის ძალიან ცუდ და საშიშ ობიექტად იქცა. მეორე მხრივ, ამ ადამიანების გირაოთი გამოშვებით “ქართულმა ოცნებამ” არჩევნების თემა გაანულა და ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციის რიგებიდან 2 დეპუტატი შეიყვანა პარლამენტში – პარტია “მოქალაქის” ლიდერი ალეკო ელისაშვილი და მისი თანაპარტიელი, ლევან იოსელიანი.

“მელაშვილის და ილიჩოვას ხელში, თუ არის საქართველოს სახელმწიფო საზღვრების ბედი, ვაი, ჩვენს პატრონს, მაშინ. სწორედ ივერი მელაშვილი რომ არის საზღვრის დამდგენ კომისიაში, იმიტომ არის ახლა ჩვენი საქმე კარგად. არავის არ შეუძლია ისაუბროს ტერიტორია ჩემია თუ შენი, სანამ არ არის დემარკაცია-დელიმიტაცია განხორციელებული”, – განუცხადა Dalma News-ს ვახტანგ მაისაიამ.

მისივე მოსაზრებით, საქართველო-აზერბაიჯანს შორის დღეს არსებულ ურთიერთობაში დავით-გარეჯის ადგილიდან დაძვრა ქართულ მხარეს ძალიან გაუჭირდება. საეჭვოა, აზერბაიჯანმა უკან დაიხიოს. ერთადერთი გამოსავალია, მაღალი დონის თანამდებობის პირები დასხდნენ, მოილაპარაკონ და მიიღონ გადაწყვეტილება. სხვა შემთხვევაში შედეგი არ იქნება. მაისაიას აზრით, ეს საკითხი უკვე გასცდა კომისიის და სახელმწიფო ჩინოვნიკების ფარგლებს.

აზერბაიჯანი მრავალი წლით ადრე გამოხატავდა ინტერესს დავით გარეჯის მიმართ. საქართველოში, სხვადასხვა წლებში, პერიოდულად იმართებოდა ახალგაზრდული, თუ სხვა საპროტესტო აქციები საქართველოს ისტორიული ძეგლის დასაცვად. მთელი ამ წლების განმავლობაში ნელ-ნელა ვიწროვდებოდა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ბუფერული ზონა და ერთ მშვენიერ დღეს, დავით-გარეჯის სიახლოვეს ჯერ აზერბაიჯანული სამხედრო ბაზები გაჩნდა, შემდეგ კი, გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი ბაქომ ალბანური კულტურის ძეგლად გამოაცხადა და საკუთარი ქვეყნის ტურისტულ პოტენციალში ჩართო. ახლა კი აქტიურად აშენებს დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან მისასვლელ საავტომობილო გზას.

აზერბაიჯანის ხელისუფლების თვალსაზრისით, ახალი გზა ნაკრძალის ტერიტორიაზე არსებულ ძეგლებს ტურისტებისთვის უფრო ხელმისაწვდომს გახდის და რეგიონში ტურიზმის განვითარებაზე დადებით გავლენას მოახდენს. გზა, რომელიც “აღსთაფა-ფოილუ-საქართველოს სახელმწიფო საზღვარი” ტრასის 38-ე კილომეტრიდან იწყება, 32 კილომეტრის სიგრძისაა და კაპიტალურად კეთდება. გზაზე დამონტაჟდება ავტობუსის გაჩერებები, საგზაო ნიშნები და საინფორმაციო მანიშნებლები.

ბუნებრივად ჩნდება კითხვა, უღირს კი, საქართველოს დავით-გარეჯის ბედის ილიჩოვა – მელაშვილის დონეზე დაყვანა? რის მიღწევას ცდილობს საქართველოს ხელისუფლება?

როგორც ვახტანგ მაისიამ Dalma News-სთან საუბრისას განაცხადა, ექსპრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის დროიდან მოყოლებული, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის დაიდო ტაბუირებული ხელშეკრულება, რომელიც გულისხმობდა იმას, რომ ეს 2 ქვეყანა ერთმანეთისთვის მტკივნეულ საკითხებს არ შეეხებოდა. აზერბაიჯანის მაშინდელ პრეზიდენტს, ჰეიდარ ალიევს, შეიძლება ითქვას, დიდად არ ადარდებდა დავით-გარეჯი, თუმცა, ამის მიუხედავად არ უნდოდა საქართველოსთვის ტერიტორიების დაბრუნება. მათ ტერიტორია დაკარგული ჰქონდათ მთიან ყარაბაღში და კიდევ, რომ მომხდარიყო ასეთი ფაქტი, ეს დააზარალებდა ჰეიდარ ალიევის ხელისუფლებას.

“როცა მოვიდნენ მეორე თაობის ლიდერები, მიხეილ სააკაშვილი და ილჰამ ალიევი, აქ მოხდა უკვე ძალიან უცნაური მოვლენა. ილჰამ ალიევმა, 2005 წელს წამოაყენა იდეა, შექმნილიყო კავკასიური სახელმწიფოების გაერთიანება. კავკასიური კონფედერაციის ახალი მოდელის იდეის თანახმად, საქართველო უნდა ყოფილიყო აზერბაიჯანთან და თურქეთთან ერთად ფედერაციული გაერთიანების ნაწილი. ამ იდეას სააკაშვილმა მხარი დაუჭირა და მზად იყო ჩართულიყო ამ პროცესში”, – აცხადებს ვახტანგ მაისაია.

Dalma News-ის კითხვაზე, თუ რა შეიძლებოდა ყოფილიყო ექსპრეზიდენტ სააკაშვილის ინტერესი და რის ფასად, პოლიტოლოგი აცხადებს, რომ შესაძლოა მას სურდა აზერბაიჯან-თურქეთის კავშირი რუსეთის საპირწონედ გამოეყენებინა, ან სულაც, ფინანსური ინტერესის გამო.

“საბოლოო ჯამში სააკაშვილი იქამდე წავიდა, რომ მზად იყო, დავით-გარეჯის ნაწილი აზერბაიჯანული მხარისთვის გადაეცა და ამის მზაობა, როგორც ჩანს მას და მისი ხელისუფლების წარმომადგენლებს ჰქონდათ. სამაგიეროდ სააკაშვილის რეჟიმის წარმომადგენლები მიიღებდნენ პრეფერენციებს”, – ამბობს მაისაია.

მისივე თქმით, 2007 წელს, ილჰამ ალიევმა გამოსცა ბრძანებულება, რომლის საფუძველზე შექმნა “ალბანური კულტურის ისტორიული ნაკრძალი” და სწორედ ის ტერიტორიები შეიყვანა, რომელიც ახლა დაპირისპირების საფუძველია. სააკაშვილის დამხობის შემდეგ, როგორც ჩანს, „ქართული ოცნება“ ისევ შევარდნაძისეულ პერიოდს დაუბრუნდა და უთხრა ბაქოს, რომ არ მოხდებოდა ამ ტერიტორიების გადაცემა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ დაუბრუნდებოდნენ ნეიტრალურ მდგომარეობას, როგორც ჩანს ეს განხორციელდა კიდეც, რადგან აზერბაიჯანი მთლიანად ყარაბაღზე გადაერთო.

“ივანიშვილმა კავკასიური ფედერაცია თანამშრომლობის სამმხრივ ფორმატად გადააკეთა. ამას დაემატა თავდაცვის მინისტრების მინისტერიალის ფორმატი და კავკასიური ფორმატი საინტერესო ფორმით განვითარდა. მას აღარ ჰქონდა კონფედერაციის სახე და თანაბარუფლებიანი თანამეგობრობის მოდელი შეიქმნა. მაგრამ უცებ მოხდა ისე, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი ჩავიდა ბაქოში და საზღვრების საკითხი წამოსწია, აზერბაიჯანულმა მხარემ გადაწყვიტა, რომ საქართველომ დაარღვია შეთანხმება და ბაქოს ამ მიმართულებით პრეტენზია წაუყენა. აზერბაიჯანმაც გადადგა ნაბიჯი, აამოქმედა თავისი ძალოვანი სტრუქტურა და მაშინ ამოხეთქა ამ პრობლემამ”, – აცხადებს ვახტანგ მაისაია.

თავდაცვის ძალების კარტოგრაფია-გეოდეზიის დეპარტამენტის უფროსის, ნოდარ ხორბალაძის ინფორმაციით, 2 წლის წინ, აზერბაიჯანულ მხარესთან ერთობლივი სამუშაო პროცესში მიაღწიეს შეთანხმებას, რომ თითოეული მხარე საზღვარს აზომავს ისე, რასაც მართლზომიერად მიიჩნევს და ერთმანეთს ხელს არ უშლის. მაგრამ, როდესაც საქმე ჩიჩხიტურის მონასტრამდე მივიდა, იქ მხარეებს შორის ცხარე კამათი წარმოიშვა.

“მაგრამ დროთა განმავლობაში, მათმა ხელმძღვანელმა პირდაპირ მითხრა, რომ ეს საკითხი პოლიტიკურად არის გადასაწყვეტი, მაგრამ სიმართლე ყველამ კარგად ვიცითო”, – აცხადებს ნოდარ ხორბალაძე.

​შეძლებს თუ არა საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის სასიკეთო გადაწყვეტილების მიღებას, დრო გვიჩვენებს. დღეს კი, პროცესი აშკარა ჩიხშია. როგორც ჩანს “ქართული ოცნება” აჩქარდა, ელვისებური შეტევის იმედი ჰქონდათ. ეგონათ მელაშვილი და ილიჩოვა უფრო დიდი თევზს დააჭერინებდნენ, პატიმრობის შიშით ალაპარაკდებოდნენ, მაგრამ მწარედ შეცდნენ. პროკურატურამ მიაღწია იმას, რომ ივერი მელაშვილი ოპოზიციამ გმირად შერაცხა და ეს უკანასკნელი ახლა, უკვე დაუფარავად აცხადებს, რომ “ნერვები ეშლება”, როცა ხედავს ლოზუნგს – “დავით-გარეჯი საქართველოა”.

გიორგი ქართველი