საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვებიდან ათობით წელი გავიდა, რაც საკმარისი პერიოდია გარკვეული შედეგების შეჯამებისთვის. მოვიდა იმის დრო, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკა ღრმად და მიუკერძოებლად გავაანალიზოთ? დამოუკიდებლობამ ჩვენს ქვეყანას რა წარმატებები მოუტანა, როგორ შეუწყო ხელი ჩვენი სახელმწიფოებრიობის, ჩვენი სუვერენიტეტის გაძლიერებას და თანამედროვე, ვეებერთელა მსოფლიოში, საქართველომ რა ადგილი დაიკავა?

სსრკ-ს დაშლას დიდი ხნის განმავლობაში მოიაზრებდნენ, როგორც მის შემადგენლობაში მყოფი ხალხების ხანგრძლივი განმათავისუფლებელი ბრძოლების და ამ ხალხების დემოკრატიისა და თავისუფლებისადმი სწრაფვის დაუოკებელ შედეგად. ანტიკომუნიზმი და ანტისაბჭოობა გახდა ყველა რანგისა და ზოლის ნაციონალისტების მთავარი იარაღი, რომლებიც დემოკრატის ნიღბის მორგებას მეტ-ნაკლები წარმატებით ცდილობდნენ. თუმცა, გიგანტური ზესახელმწიფოს დაშლა სისხლიანი იუგოსლავიური სცენარით არ განხორციელებულა. იგი მშვიდობიანად და უსისხლოდ დაიშალა, ხოლო ანტიკომუნიზმი და ანტისაბჭოობა მწვავე რუსოფობიად გარდაიქმნა.

ეს გასაგებიცაა. პირველი ეტაპის – საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, უნდა ყოფილიყო მეორე ეტაპი – რუსეთის ფედერაციის დაშლა, რომლის ადგილზეც ოცამდე მორჩილი და მარიონეტული სახელმწიფო უნდა გაჩენილიყო. თავისი არსით, ეს იგივეა რაც ბევრ მოკავშირულ რესპუბლიკას დაემართა. საქართველოს მაგალითზე ეს განსაკუთრებით ნათლად ჩანს.

ახალგაზრდა სახელმწიფოს პირველი ლიდერი იყო ცნობილი ანტისაბჭოური მოღვაწე და დისიდენტი ზვიად გამსახურდია. მას არც კი რცხვენოდა რევოლუციური მოღვაწეობისთვის გაკეთებული საჯარო მონანიების, რომელიც რესპუბლიკის ტელევიზიით გადაიცა. სწორედ მაშინ დაიწყო ზნეობრივი ფასეულობების გადაფასება, როდესაც შავი გახდა თეთრი, ცუდი – კარგი და ბოროტი – კეთილი. ბოლო ათწლეულების განმავლობაში პირველად, საქართველოს უმაღლესმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსეთი და მითიური “კრემლის აგენტები”, რომლებიც „ხალხის მტრების“ სინონიმად იქცა, საქართველოს ყველაზე უბოროტესი მტრები არიან.

პარალელურად, მეზობელ თურქეთს “ისტორიული მეგობრის” და “მოძმის” წოდება მიენიჭა. ამ განცხადებამ შოკში ჩააგდო მოსახლეობის დიდი ნაწილი, რომელიც ჯერ კიდევ არ იყო ზომბირებული და რომელმაც ჯერ კიდევ კარგად იცოდა რეალური, და არა ალტერნატიული ისტორია. მაგრამ, როგორც ამბობენ, “დაიწყო მწუხარე პრობლემები”. პირველი ნაბიჯი გადაიდგა და ყველა მომდევნო მთავრობამ ერთსულოვნად აიტაცა. თუმცა, მათ ფონზე, გარკვეული განსხვავებებით გამოირჩეოდა საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქმიანობა, რომელსაც თურქეთთან “ოჯახური კავშირები” აკავშირებდა. მაშინ ჩვენი პოლიტიკური ელიტის საგარეო- პოლიტიკურმა კურსმა პარადოქსული ხასიათი საბოლოოდ შეიძინა. პროდასავლური კურსი უალტერნატივოდ გამოცხადდა, საქართველომ თურქეთი და აზერბაიჯანი, რომლებთანაც კოლექტიურ დასავლეთს არაერთმნიშვნელოვანი დამოკიდებულება აქვს, თავის ერთადერთ მოკავშირეებად გამოაცხადა.

ამ კონტექსტში, საბოლოოდ უნდა გავერკვეთ იმაში, თუ როგორი ურთიერთობები გვექნება დასავლეთთან და უახლოეს “მეზობელ-მოკავშირეებთან”?

ბოლოდან დავიწყოთ: თითქოს 21-ე საუკუნეში რელიგიური ფაქტორი ცივილიზებული მეზობლების ურთიერთობაში გადამწყვეტი არ უნდა იყოს. ცხადია, ეს არ ეხებათ ერაყისა და ლევანტის ისლამურ სახელმწიფოსა და მისნაირ ტერორისტულ სახელმწიფოებსა და ფანატიკოს-ტერორისტებს.

ცოტა ხნის წინათ, ქართველთა მომლოცველთა ჯგუფმა, თურქეთში ყოფნისას, ტაო-კლარჯეთის ისტორიულ მხარეში დოლისყანის ტაძრის მონახულება მოისურვა. ეს ქრისტიანული სალოცავი ყოველთვის მნიშვნელოვან ადგილს იკავებდა საქართველოს კულტურულ-ისტორიულ მემკვიდრეობაში, რადგანაც მისი ისტორია ბაგრატის, სუმბატ I-სა და გრიგოლ ხანძთელის სახელებს უკავშირდება. თუმცა მომლოცველებმა შიგნით შესვლა და ლოცვა ვერ შეძლეს. მათ ხელი შეუშალეს ადგილობრივმა მცხოვრებლებმა, რომლებმაც ხანგრძლივი სიტყვიერი მოლაპარაკებების შემდეგ ტაძრისთვის შორიდან ფოტოების გადაღების ნება დართეს.

ეს შემთხვევა ერთადერთი რომ ყოფილიყო, მისი უგულებელყოფა შესაძლებელი იქნებოდა. მაგრამ ეს არის თურქეთის ხელისუფლების მრავალსაუკუნოვანი მიზანმიმართული პოლიტიკა, რომლის მიზანია დაპყრობილი მოსახლეობის იძულებითი ასიმილაცია, მისი კულტურული მემკვიდრეობის და ისტორიული მეხსიერების განადგურება. აბსოლუტურად მსგავსი მდგომარეობაა ჩვენს კიდევ ერთ მეგობარ და მეზობელ – აზერბაიჯანთან, რომელმაც შუასაუკუნეების სამონასტრო კომპლექს დავით-გარეჯის ნაწილი ალბანური კულტურის ძეგლად აღიარა, ხოლო თავად აზერბაიჯანელები მოულოდნელად ალბანელების შთამომავლები გახდნენ. უბრალოდ გასაოცარია, არაბები და ეგვიპტის მოქალაქეები არ აცხადებენ, რომ პირამიდების მშენებლები არიან, მაგრამ შუა საუკუნეების ქართველებმა და ალბანელებმა, უბრალოდ გასაოცარი სიზუსტით შეძლეს საერთო სამონასტრო კომპლექსის მშენებლობისას წინასწარ განესაზღვრათ საქართველო -აზერბაიჯანის ადმინისტრაციული საზღვარი.

როგორ უნდა გავიგოთ ჩვენი მეგობრების ასეთი ქცევა? ან როგორ უნდა გავიგოთ ჩვენი ერთმანეთისგან განსხვავებული ხელისუფლებების ქცევები, რომლებიც ზუსტად ისე იქცევიან, როგორც ქართული მიწების დამპყრობლების მიერ დანიშნული მთავრობები იქცეოდნენ. ამგვარი ქცევის საფუძველი – მონური მორჩილებაა.

სად არის ჩვენი ხელისუფლების მტკიცებები იმის შესახებ, რომ კულტურული საკუთრება დაცული იქნებოდა? სად არის აღშფოთებული ევროპისა და ამერიკის ჩარევა?

საქართველოს პოლიტიკის კიდევ ერთი პარადოქსი რუსეთთან ურთიერთობას უკავშირდება. ამ პოლიტიკის ფარგლებში რუსეთს პატივსაცემი ტიტული ერგო – “მთავარი მტერი”, “ოკუპანტი ქვეყანა” და ა.შ. ჩვენი ტერიტორიის 20% ცხადია, ბევრია. საინტერესოა ქართული მიწების რამდენი პროცენტი იმყოფება “მეგობარი” და “მოკავშირე” თურქეთის შემადგენლობაში? – 20% კი არა, ათობით უფრო მეტი! რამდენი სიბინძურეც არ უნდა დააბრალონ რუსეთს, აფხაზეთი და ე.წ სამხრეთ ოსეთი მას არ მოუთვისებია.

რა მოუვიდა თურქეთის ტერიტორიაზე დარჩენილ ქართულ მოსახლეობას? შეინარჩუნა თავისი ეროვნული იდენტურობა? იქნებ ენა, ან რელიგია მაინც შეინარჩუნა? მათი ენა ახლა თურქულია, რწმენა – მუსლიმური. საქართველოს ყოფილ ისტორიულ მიწაზე ქართული მოსახლეობა აღარ არსებობს. რუსეთს ყოველთვის ადანაშაულებენ საქართველოს რუსიფიკაციაში. მეფის რუსეთს – საბჭოთა პერიოდში, ხოლო საბჭოთა კავშირს – დემოკრატიის პერიოდში. თუმცა, მთელი ამ ხნის განმავლობაში ქართველები ქართველებად რჩებოდნენ, სწავლობდნენ ქართულ სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში, მუშაობდა ქართული თეატრები, იბეჭდებოდა ქართული წიგნები და გაზეთები, ქართულ სახელსა და გვარს ყველა ინარჩუნებდა.

ანალოგიური ვითარებაა აზერბაიჯანშიც, რომლის შემადგენლობაში საქართველოს ისტორიული ნაწილი – საინგილოა. იქ ასიმილაციის პროცესი ბოლო წლებში ერთობ დაჩქარებულად მიმდინარეობს. ამ ყველაფრის მიუხედავად, მთავარი მტერი რუსეთია. პასუხი მარტივია – ასე სურს დასავლეთს.

როგორი დამოკიდებულება აქვს ჩვენდამი დასავლეთს? ის ხომ ჩვენი ერთგული მეგობარი, სუსტების დამცველი, სამართლიანობის გარანტი და “თეთრ რაშზე ამხედრებული რაინდია”?! საკმარისია იმის გახსენება, დაეხმარა თუ არა რუსული იმპერიის დაღუპვით გახარებული დასავლეთი ახალგაზრდა ქართულ სახელმწიფოს პირველი მსოფლიო ომის შემდეგ. ვინმემ გაუწოდა საქართველოს “დახმარების ხელი”? გერმანია და ანტანტის ქვეყნები, რომლებიც ერთმანეთის მიყოლებით იცვლებოდნენ, მხოლოდ საკუთარ ინტერესებს ემსახურებოდნენ და ყოველ ხელსაყრელ შემთხვევაში ურცხვად ღალატობდნენ საქართველოს.

განა შეიძლება იმ ფაქტის დავიწყება, რომ თანამედროვე საქართველო სწორედ რუსული იმპერიის შემოქმედებაა, რომელმაც ტფილისის და ქუთაისის გუბერნიები მის ტერიტორიას შეუნარჩუნა. მანამდე ეს მიწები რუსეთის იმპერიამ, 1801-1878 წლების თურქეთთან და ირანთან წარმოებული ომების შედეგად, ერთმანეთის მიყოლებით გაათავისუფლა.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შეიქმნა ვითარება, როდესაც დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების საკითხი უნდა გადაწყვეტილიყო. სტალინმა ეს საკითხი წამოჭრა და ცხადია, დადებითადაც მოგვარდებოდა, რომ არა მოწინააღმდეგეები – ჩვენი საუკეთესო მეგობრები – დასავლური დემოკრატია! საჭირო არ არის იმის მტკიცება, რომ მათ სტალინის გაძლიერება არ სურდათ. მათ თურქეთი ნატოში მიიღეს, ყველაფერი გააკეთეს, რათა ქართველი ერის გაერთიანება არ დაეშვათ და იგი ასიმილაციის და კულტურული გენოციდისთვის გაეწირათ.

დასავლური ქვეყნები თურქეთის “დემოკრატიულობაში” ხომ არ დაეჭვებულან? რა თქმა უნდა, არა! ევროპის კარი თურქეთისთვის სწორედ ამიტომ არის დაკეტილი. იგივე ბედი აქვს აზერბაიჯანსაც, რომელსაც ევროპაში “სასულთნოს მემკვიდრეობად” განიხილავენ.

ასე, რომ რისი იმედი აქვს ჩვენს ხელისუფლებას? საით მიჰყავს ქვეყანა? დასავლეთით თურქეთი გვყავს 80 მილიონიანი მოსახლეობით, აღმოსავლეთით – აზერბაიჯანი. 1959 წლის აღწერის შედეგად, საქართველოში 4,2 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა, ხოლო აზერბაიჯანში – 4 მილიონი. დღისათვის, ჩვენი მოსახლეობა ფაქტობრივად განახევრებულია, ხოლო აზერბაიჯანის მოსახლეობა 10 მილიონს აჭარბებს.

მსგავსი ტენდენციების მქონე პოლიტიკური ელიტები ქვეყანას, როგორ მომავალს უქადიან? სრული განადგურება სხვისი ინტერესების სასარგებლოდ? 

რამდენიმე წლის წინათ, ცნობილმა ფოტოხელოვანმა კულტურის სამინისტროში თავისი თანამდებობა მხოლოდ იმიტომ დაკარგა, რომ 1878 წელს, თურქებისგან აჭარის განმანთავისუფლებელი რუსი გენერლების სადღეგრძელო დალია. ვინ არიან ახალგაზრდობის და სხვადასხვა სოციალური ფენის ის ზომბირებული წარმომადგენლები, რომლებიც რეალური ისტორიული ფაქტების გამო ისტერიაში ვარდებიან? იქნებ, გავლენის მომხდენი ჯაშუშები, ან მეხუთე კოლონა, რომელიც აჭარას თურქეთის შემადგენლობისთვის ამზადებს? და ეს, სულაც არ არის ფანტასტიკა!

დავით კუპატაძე (თბილისი)