240 წლის წინ, 1783 წლის 24 ივლისს საქართველოსა და რუსეთს შორის ხელი მოეწერა „გეორგიევსკის ტრაქტატს“, რომელიც აღმოსავლეთ საქართველოზე რუსეთის მფარველობის გავრცელებას ითვალისწინებდა. ამ დოკუმენტს, დღეს უკვე, რუსეთში “პირველ დოკუმენტს” უწოდებენ, რომელმაც საქართველოსა და რუსეთს შორის სახელმწიფოებრივ თანამშრომლობას ჩაუყარა საფუძველი.

საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით გეორგიევსკის მუზეუმში “მრგვალი მაგიდა” გაიმართა, რომელშიც რუს მეცნიერებთან ერთად საქართველოდან ჩასული დელეგაცია მონაწილეობდა, მათ შორის იყვნენ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერები და რუსეთში ქართული დიასპორის ხელმძღვანელები. ქართული დელეგაციის შემადგენლობაში იყო, ასევე, საქართველოს პარლამენტის წევრი საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფ „ევროპელი სოციალისტებიდან“ გიორგი მაღლაკელიძე. რუსეთის მხრიდან ძირითადად იყვნენ წარმოდგენილნი სტავროპოლის უნივერსიტეტის პროფესორები, მეცნიერები, ისტორიკოსები.

შეხვედრა შედგა მუზეუმში, სადაც განთავსებულია საქართველოსა და რუსეთს შორის ისტორიული დოკუმენტის – “გეორგიევსკის ტრაქტატის” ეპოქის ამსახველი ფოტო და ვიზუალური მასალა. გამოფენილია ქართველ მხატვართა ნამუშევრები, ეკატერინე მეორის, ერეკლე მეორისა და ქართველ თავად-აზნაურთა სურათები.

კონფერენცია რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდა, რომელიც ონლაინ რეჟიმში გადმოიცა თბილისში. მოისმინეს გამომსვლელების მოხსენებები “გეორგიევსკის ტრაქტატთან” დაკავშირებით და იმაზე, თუ როგორია ამ ტრაქტატის თანამედროვე ხედვა?

რუსეთში ქართული დიასპორის ხელმძღვანელმა – დავით ცეცხლაძემ მსოფლიო გლობალიზაციის პროცესში ქართულ-რუსული ურთიერთობების მოწესრიგების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, იმ პირობებში, როდესაც საფრთხე ემუქრება ეროვნულ ფასეულობებს, ტრადიციებს, კულტურას და მიდის ომი იდენტობის წინააღმდეგ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ და რუსეთმა გააკეთონ ყველაფერი მეგობრობის გასაგრძელებლად და სახელმწიფოთა შორის ურთიერთობების გასამყარებლად.

დავით ცეცხლაძე

“ამ საკითხებში ქართველი და რუსი ხალხის პოზიციები ემთხვევა. ორივე ქვეყნის მთავრობების წარმომადგენლებმაც არაერთხელ დააფიქსირეს თავიანთი პოზიციები გლობალიზაციის პირობებში რა არჩევანს აკეთებენ და რომელი გზით აპირებენ სიარულს”, – განაცხადა მან კონფერენციის შემდგომ Dalma News-ის კორესპონდენტთან საუბრისას.

“გეორგიევსკის ტრაქტატი” არის დოკუმენტი, რომლითაც საქართველოსა და რუსეთს შორის, ორ საუკუნეზე მეტი ხნის წინ, დაიწყო სახელმწიფოთაშორისი ოფიციალური ურთიერთობები. მაგრამ, როგორია ამ ტრაქტატის მიმართ თანამედროვე მიდგომა, რა შეიცვალა 240 წლის შემდეგ?

“რა თქმა უნდა, ამ დროის განმავლობაში იყო კარგი მოვლენებიც და რთული პერიოდებიც. ორივე მხრიდან შეიმჩნევა განწყობა, რომ კრიტიკულ საკითხებზე მოინახოს კომპრომისი, რომ წარსულის პრობლემების ირგვლივ არ იტრიალონ. ორივე მხარე დაინტერესებულია ქართულ-რუსული მომავალი ურთიერთობებით. უფრო ხელჩასაჭიდი რაც გვაქვს პოზიტიური ურთიერთობების გასაგრძელებლად, ის გამოვიყენოთ. დღეს, ორივე მხარე გაგებით ეკიდება ერთმანეთის ხედვებს. არსებობს საკითხები, რომელთა გადაწყვეტა მთავრობების მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია”, – განუცხადა Dalma News-ს დავით ცეცხლაძემ.

მისივე შეფასებით, ქართულ-რუსულ ურთიერთობებში ახალი ეტაპი უკვე დაწყებულია და ახლა ჯერი ამ ქვეყნების მთავრობებზეა. აუცილებელია მთავრობებს შორის კომუნიკაცია სამთავრობო კომისიების დონეზე.

„რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას ვერავინ მოაგვარებს ამ ორი ქვეყნის გარდა, ამაში დავრწმუნდით ბოლო 25 წლის განმავლობაში. ჩვენ ვაკვირდებით დასავლეთის ინსტიტუტების წნეხს საქართველოს ხელისუფლებაზე. დასავლეთი უნდა იყოს მოხარული, თუ საქართველოს და რუსეთის ხელისუფლებები შეძლებენ პრობლემების მოგვარებას. თუ ეს ასე არ არის, მაშინ სხვა მოცემულობასთან გვაქვს საქმე“, – აცხადებს დავით ცეცხლაძე.

შეფასებები გააკეთეს პოლიტიკოსებმაც. საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი მაღლაკელიძე იმედოვნებს, რომ ეს ორი ქვეყანა შეძლებს მეგობრული ურთიერთობების მრავალსაუკუნოვანი ტრადიციის გაგრძელებას.

გიორგი მაღლაკელიძე

“იმედია, შევძლებთ გავაგრძელოთ საუკუნოვანი ტრადიცია, საუკუნოვანი მეგობრობა, ურთიერთობები, რაც არსებობდა საქართველოსა და რუსეთს შორის. ჩვენ ვალში ვართ იმ ადამიანების წინაშე, რომლებმაც შექმნეს ეს ურთიერთობები“, – განაცხადა მან.

გეორგიევსკის ოლქის ხელმძღვანელის ანდრეი ზაიცევის თქმით, ეს არის ისტორია, რომელსაც ისინი პატივს სცემენ და არავის აქვს უფლება ის გააყალბოს.

ისტორიის გაყალბება პირველ რიგში სწორედ საქართველოს ინტერესებში არ შედის. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ელიზბარ ელიზბარაშვილმა თავის გამოსვლაში იმ პრობლემებზე და საფრთხეებზე ისაუბრა, რაც რუსეთის მხრიდან ტრაქტატის პირობების არშესრულების გამო შეექმნა საქართველოს XVIII საუკუნის ბოლოს. შეიძლება ითქვას, “მრგვალი მაგიდის” ფორმატში მისი გამოსვლა შედარებით კრიტიკული იყო. ელიზბარ ელიზბარაშვილმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, თუ ვისი მხრიდან დაირღვა “გეორგიევსკის ტრაქტატი” და ეკატერინე მეორის ღალატი საქართველოს რის ფასად დაუჯდა.

ელიზბარ ელიზბარაშვილი

„ჩემი მოხსენების მთავარი მიზანი იყო იმის შეხსენება, რომ ტრაქტატის პირობები სწორედ რუსეთს მხრიდან დაირღვა. თუ გვინდა მეგობრობა და სტრატეგიული ურთიერთობები, ერთმანეთი არ უნდა მოვატყუოთ. უნდა ითქვას სიმართლე. მეგობრობა ვერ დაემყარება გაყალბებულ ისტორიას. თუმცა, დადებითი, რაც იყო ტრაქტატის ფარგლებში, ისიც უნდა აღინიშნოს. საქართველომ დაკარგული ტერიტორიები დაიბრუნა და რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში აღიდგინა ტერიტორიული მთლიანობა. ერეკლე მეორის სურვილი იყო, რომ საქართველო აღმდგარიყო „ოქროს ხანის“ პერიოდის სახით. თუმცა საქართველოს გაძლიერება არ შედიოდა რუსეთის იმპერიის ინტერესებში“, – განუცხადა Dalma News-ს ელიზბარ ელიზბარაშვილმა.

საკუთარი მოხსენება არისტოტელეს სიტყვებით დაიწყო, რომ მეგობრობა არის ფენომენი მტრობასა და მლიქვნელობას შორის. გამუდმებით არ უნდა გააკრიტიკო მეგობარი, რადგან მტრებად გადაიქცევით, მაგრამ ყველაფერზე არ უნდა დაეთანხმო, როცა იცი, რომ ის ცდება, ეს ქმნის მაამებლობას. მეგობრობა სადღაც შუაშია, როცა უნდა თქვა სიმართლე და მხარი დაუჭირო მეგობარს.

როგორც ელიზბარაშვილმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, საქართველოსა და რუსეთს შორის 1783 წელს გეორგიევსკში დადებული ხელშეკრულება იყო მეფე ერეკლე II-ის კარგი და ძალიან მნიშვნელოვანი იდეა, მაგრამ ის ვერ განხორციელდა. ხელშეკრულების თანახმად, რუსეთი ვალდებული იყო დაეცვა საქართველო მტრებისგან, მაგრამ, როდესაც 1795 წელს აღა-მაჰმად-ხანმა, ამ ხელშეკრულების ფაქტით განრისხებულმა, სპარსეთის დიდი ჯარით შეუტია საქართველოს, ერეკლე II-ის არაერთგზის თხოვნისა რუსეთის იმპერატორი მას არ დაეხმარა. შედეგად, სპარსელებმა გადაწვეს თბილისი, საქართველოს მოსახლეობის უმეტესი ნაწილი გაანადგურა.

“იმ დროს საქართველო რუსეთში ერთი რწმენის ბუნებრივ მოკავშირეს ეძებდა, მაგრამ ეკატერინე II და რუსული პოლიტიკური ელიტა სხვა გეოპოლიტიკურ თამაშს თამაშობდა – არა საქართველოს გასაძლიერებლად, არამედ დასასუსტებლად, რათა გაეღიზიანებინა აღმოსავლეთის ორივე იმპერია. ქართლ-კახეთის დასუსტებას ხელი შეუწყო ერეკლე II-ის პოლიტიკის მოწინააღმდეგე ქართველი თავად-აზნაურობის ნაწილმაც, რომელსაც სამეფო ოჯახის წევრები ლობირებდნენ, პირველ რიგში დედოფალი დარეჯანი”, – განაცხადა თავის გამოსვლაში ელიზბარ ელიზბარაშვილმა.

მოხსენების ბოლოს კი, აღნიშნა, რომ 21-ე საუკუნეში მსოფლიოს ცივილიზაციური და გეოპოლიტიკური სტრუქტურა აღარ არის ისეთი, როგორიც მე-18 საუკუნეში იყო. დღეს რუსეთისთვის საქართველოს დასუსტება და სახელმწიფოებრიობის გაუქმება მიუღებელია მისი გეოპოლიტიკური ინტერესებისთვის… პირიქით, ძლიერი ქართული სახელმწიფო, როგორც რუსეთის მოკავშირე, უზრუნველყოფს რუსეთის გავლენის გაძლიერებას გლობალურ გეოპოლიტიკაში.

В рамках трехдневной программы – ряд мероприятий. - Sputnik Грузия

კონფერენციის შემდეგ მრგვალი მაგიდის მონაწილეებმა ყვავილებით შეამკეს სასაფლაო, სადაც დაკრძალულია ერეკლე მეორის ქალიშვილი. დღის ბოლოს სტავროპოლის კულტურის ცენტრში კონცერტი გაიმართა.

გიორგი ქართველი