ექსპერტები ერთხმად საუბრობენ იმაზე, რომ შემოღებული კარანტინის რეჟიმი განქორწინებების მომრავლებას გამოიწვევს. სოცქსელში უკვე აღიარებენ წყვილები, რომ გახანგრძლივებული იზოლაცია მათი ქორწინების სერიოზული გამოცდაა. რამდენად ხშირია აზერბაიჯანში, განქორწინებისა და ოჯახში ძალადობის ფაქტები, ამის შესახებ Dalma News-ის კორესპონდენტს ფსიქოლოგი, ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პედაგოგი, ნიგიარ გადაშოვა ესაუბრა.

რამდენად მართლდება ექსპერტების პროგნოზები იმასთან დაკავშირებით, რომ აზერბაიჯანში, და არა მხოლოდ ამ ქვეყანაში, კარანტინის რეჟიმის პირობებში განქორწინებების რაოდენობა მოიმატებს?

 ამ თემაზე საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც ჩინეთის სხვადასხვა პროვინციაში კარანტინის რეჟიმის მოხსნის შემდეგ განქორწინების შემთხვევები გაიზარდა. ამ ინფორმაციას ხშირად ავრცელებდა, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო მედია. სწორედ, ამის შემდეგ დაიწყეს აზერბაიჯანში ჩინური სცენარის პროგნოზირებაც.

სინამდვილეში, ყველაფერი არც ისე ცუდადაა, როგორც ამას მედიაში აცხადებენ. კვლევები, რომლებიც საკმაოდ ზედაპირულად ტარდება, არ ითვალისწინებს იმ ფაქტს, რომ იმ ბევრმა წყვილმა კარანტინის გამოცხადებამდე გადაწყვიტა განქორწინება, თუმცა COVID-19-ის გავრცელების საფრთხისა და სხვადასხვა მიზეზის გამო, შესაბამის ორგანოებს ვერ მიმართა.

შესაბამისად, არასწორია იმის თქმა, რომ ყველა წყვილი, ვინც კარანტინის შემდეგ განქორწინებას მოითხოვს, სწორედ იზოლაციის პირობებში მივიდნენ ამ გადაწყვეტილებამდე. ბუნებრივია, ამ წყვილებს დაემატებათ ისინიც, რომლებიც კარანტინის დროს მიხვდნენ, რომ მათთვის განქორწინება უკეთესი გამოსავალი იქნება. აქედან გამომდინარე, აშკარაა, რომ ქვეყანაში კარანტინის რეჟიმის გაუქმების შემდეგ, განქორწინების სტატისტიკა, წინა წლების ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაიზრდება.

გარდა ამისა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სტატისტიკა ხშირად თანაბრდება. ანუ, თუ ამ წელს განქორწინებების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზრდება, შემდეგ წელს – შემცირდება.

– თუ ვისაუბრებთ შეუღლებულ წყვილზე, რომელიც იზოლაციის პერიოდში მიხვდება, რომ უნდა დაშორდნენ, ვის უფრო ემუქრება ეს – ახალდაქორწინებულებს, თუ მათ, ვისაც პატარა ბავშვები ჰყავთ?

– ვფიქრობ, ახალდაქორწინებულები ნაკლებად არიან რისკჯგუფში, რადგანაც ერთობლივი ცხოვრების დასაწყისში წყვილს სულ ერთად ყოფნა და დროის ერთად გატარება სურს. უფროსი თაობა, რომელსაც უკვე 20-30 წლიანი თანაცხოვრების გამოცდილება აქვთ, ალბათ, ოჯახის დანგრევაზე არც იფიქრებს. ასეთი წყვილები პარტნიორის ჩვევებს და ხასიათს უკვე შეგუებულები არიან, ამიტომ იზოლაცია მათ ურთიერთობას საფრთხეს ვერ შეუქმნის.

რისკჯგუფს მიეკუთვნებიან ოჯახები, რომლებიც ქორწინებაში 5-10 წელია იმყოფებიან. ერთი მხრივ, ეს ოჯახისთვის კრიზისული პერიოდია; მეორე მხრივ, არასრულწლოვანი შვილების ყოლა განქორწინების შანსს ზრდის. თვეზე მეტია, რაც სკოლები და საბავშვო ბაღები დაიხურა, ამიტომ მთელი რიგი მოვალეობები მშობლებს დაეკისრათ. სახლიდან დისტანციურად მუშაობა, ბავშვების მოვლა, მათი სახლში მეცადინეობა, დავალებების შემოწმება, ამას ემატება სახლის საქმეებიც. ბუნებრივია, ამ ფონზე ოჯახებში დაძაბულობის, სტრესის და დეპრესიის შანსებიც იზრდება. დავა და სკანდალი შეიძლება ნებისმიერმა მიზეზმა წარმოშვას. მაგალითად, ქალები, რომლებსაც ერთდროულად უწევთ ბავშვებზე ზრუნვა, მათი აღზრდა, საოჯახო საქმეები – დალაგება, დასუფთავება და მომზადება, ქმრებს გარკვეული საქმეების გადანაწილებას სთხოვენ. ძნელი მისახვედრი არ არის, რომ თუ რომელიმე მეუღლე კარანტინის პირობებშიც არ ცდილობს საოჯახო საქმეებში მონაწილეობას, ეს სკანდალს გამოიწვევს, რომელიც დღითი დღე კიდევ უფრო გაიზრდება და შესაძლოა საქმე განქორწინებამდეც მივიდეს.

ნიგიარ გადაშოვა

– თავისუფალი დროის გამოჩენის პირობებში ბევრი წყვილი დროს კომპიუტერებთან, ან ტელეფონებთან ატარებს. ეს ფაქტორი, რამდენად უარყოფითად მოქმედებს ცოლქმრულ ურთიერთობაზე?

– თუ დროის ამგვარად გატარება ორივე მეუღლეს მოსწონს, მაშინ არც პრობლემა წარმოიშვება. მაგრამ თუ ერთ-ერთ მეუღლეს ურთიერთობა, ან ოჯახის საქმეებში თანაბრად მონაწილეობა სურს, მეორე კი ამ დროს კომპიუტერთან, ან ტელეფონთან ზის, ცხადია ეს სკანდალის წინაპირობა შეიძლება იყოს. თუმცა, ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ მეუღლეები ერთმანეთის ჩრდილად იქცნენ და დილიდან საღამომდე ერთმანეთს დაჰყვებოდნენ. თითოეულს პირადი სივრცე და საკუთარი დრო უნდა ჰქონდეს. არ შეიძლება მხოლოდ ქმრის, ან მხოლოდ ცოლის სურვილებით ცხოვრება. ოჯახში საჭიროა კომპრომისები.

 ცოტა ხნის წინ, გაეროს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ კარანტინის პერიოდში ოჯახური ძალადობის გლობალური აფეთქება შეინიშნება. შეგიძლიათ, თქვათ ამ მხრივ, როგორი ვითარებაა აზერბაიჯანში?

– ამ თვალსაზრისით ოფიციალური მონაცემები ჯერჯერობით არ გვაქვს, ამიტომ რთულია ქვეყნის შიგნით არსებული პრობლემების მასშტაბებზე საუბარი. გასაგებია, რომ ზოგიერთი ოჯახისთვის ეს კარანტინი ნამდვილი გამოცდა იქნება. რისკჯგუფში ძირითადად ისეთი ოჯახებია, სადაც ცხოვრობენ ადამიანები, რომლებსაც მძიმე ხასიათი, ან ალკოჰოლური დამოკიდებულება აქვთ. ასეთი ადამიანები კარანტინამდეც აგრესიულად იქცეოდნენ და იზოლაციამ უფრო გაამძაფრა მათი ქცევები. თუ მოძალადეები ადრე სამსახურში დადიოდნენ, თავიანთ ენერგიას იქ ხარჯავდნენ და სახლში დაღლილები ბრუნდებოდნენ, ოჯახში რეგულარული სკანდალისთვის ხშირად არ ეცალათ. წარმოიდგინეთ, ახლა რა ხდება ასეთი ადამიანების ოჯახებში, მით უფრო თუ გავითვალისწინებთ, რომ შემოსავლის დაკარგვის ნიადაგზე ისინი თავიანთ აგრესიას ოჯახის წევრებზე გადაიტანენ.

რაც შეეხება იმ ოჯახებს, სადაც ალკოჰოლდამოკიდებულები ცხოვრობენ, ყველაფერი ცხადზე ცხადია. ალკოჰოლური სასმელის მაღაზიები, კაფე-ბარები და პაბები დაიკეტა. გარდა ამისა, ოჯახებს იმდენი შემოსავალი არ აქვთ, რომ ალკოჰოლური სასმელი რეგულარულად შეიძინონ.

საერთო ჯამში, მიმაჩნია, რომ ოჯახური ძალადობის ზოგადი სტატისტიკის მაჩვენებელი არ გაიზრდება. სხვა საქმეა ფსიქოლოგიური ზემოქმედების და სიტყვიერი კონფლიქტების შემთხვევების ზრდა. სამწუხაროდ, ხშირია შემთხვევა, როდესაც მსხვერპლი ხელს აფარებს ოჯახის წევრს და მის წინააღმდეგ არ აცხადებს, რაც კიდევ უფრო ართულებს მათ მდგომარეობას, რადგანაც ოჯახის მოძალადე წევრი თავს დაუსჯელად გრძნობს და განაგრძობს სხვადასხვა სახის ძალადობას. ამიტომ ყველას ვურჩევ, თუ შეესწრო ოჯახური ძალადობის ფაქტს, ან თავად არის მსხვერპლი, აუცილებლად დარეკონ სამართალდამცავ ორგანოში.

ოპტიმისტ ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ იზოლაციის მეორე მხარე შეიძლება იყოს დემოგრაფიული ზრდა. რამდენად მოსალოდნელია შობადობის მაჩვენებლის ზრდა კარანტინის შემდეგ?

 ეს სავსებით რეალურია. თუმცა, მე ყველას ვურჩევ, სანამ ბავშვის გაჩენას გადაწყვეტენ, კარგად დაფიქრდნენ ფინანსური კრიზისის და არასტაბილურობის პერიოდში, რამდენად შეძლებენ ბავშვებისთვის იმ ყველაფრის მიცემას, რაც მათ სჭირდებათ. ეს განსაკუთრებით მრავალშვილიან ოჯახებს ეხება. მოსალოდნელი ეკონომიკური ვარდნა შესაძლოა, რამდენიმე წელიწადს გაგრძელდეს, ამიტომაც ამ საკითხისადმი რაციონალური მიდგომაა საჭირო.

აღსანიშნავია, რომ ბოლო მონაცემებით, აზერბაიჯანში 2020 წლის პირველ სამ თვეში 12 300 ქორწინება და 4 ათასი განქორწინება დაფიქსირდა. აზერბაიჯანის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარში 1467 განქორწინება დაფიქსირდა, თებერვალში – 1493, ხოლო მარტში – 980 შემთხვევა.

ირადა იმანოვა