აშშ-ში, 2 ნოემბერს, მძიმე დაავადებასთან ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ, მსოფლიოში ცნობილი ოლიმპიური ჩემპიონი ძალოსნობაში, შვიდგზის მსოფლიო ჩემპიონი, ლეგენდარული სომეხი და საბჭოთა სპორტსმენი იური ვარდანიანი გარდაიცვალა.

იური ვარდანიანი 1956 წლის 13 ივნისს გიუმრიში დაიბადა. ძალოსნობაში ვარჯიში 1970 წელს თავისი ბიძის სერგეი ვარდანიანის ხელმძღვანელობით დაიწყო. 1974-1980 წლებში მ. ნალბანდიანის სახელობის ლენინაკანის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში, ფიზიკური აღზრდის ფაკულტეტზე სწავლობდა და ფიზიკური კულტურის მასწავლებლის კვალიფიკაცია მიიღო. 1987 წელს ეკონომიკის ეროვნული ინსტიტუტი დაამთავრა და ეკონომისტის კვალიფიკაცია მიიღო.

1975-1976 წლებში იური ვარდანიანი 75 კგ. წონით კატეგორიაში ახალგაზრდებს შორის ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. 1977 წელს მსოფლიო ჩემპიონობა მოიპოვა 75 კგ წონით კატეგორიაში, 1978, 1979, 1980, 1981, 1983, 1985 წლებში 82,5 კგ წონით კატეგორიაში, ხოლო 1977 წელს (75 კგ), 1978, 1980, 1981, 1983 წლებში – ევროპის ჩემპიონობა.

1980 წლის ოლიმპიურ თამაშებზე მან 82.5 კგ. წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა, 5 მსოფლიო რეკორდი დაამყარა და შუა წონით კატეგორიაში პირველი ძალოსანი გახდა, რომელმაც 400 კგ ასწია. 1982 წელს, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატზე, 90 კგ. წონით კატეგორიაში იბრძოდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა, რის შემდეგაც იგი 82,5 კგ წონით კატეგორიას დაუბრუნდა. ამ კატეგორიაში 1984 წლის ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მოდელი მოიპოვა.

“80-იან წლებში ჩემი კარიერის შუა პერიოდი იყო. 1975 წლიდან საბჭოთა კავშირის ნაკრებში ვასპარეზობდი. იმავდროულად, ჩემი პირველი, ყველაზე სერიოზული გამარჯვება მოვიპოვე – მსოფლიო ჩემპიონატზე ახალგაზრდა ძალოსანთა შორის რეკორდი დავამყარე და პირველი ადგილიც მოვიპოვე. ორი წლის შემდეგ, უკვე უფროსი ასაკის ძალოსანთა შორის, მსოფლიო ჩემპიონი გავხდი და ჩემი წარმატება 1978-1983 წლებში ზედიზედ ექვსჯერ გავიმეორე. ერთწლიანი შესვენების შემდეგ, 1985 წელს მსოფლიო ოქრო მოვიპოვე”, – ყვება ვარდანიანი ერთ-ერთ ინტერვიუში.

ზედიზედ ოთხი წლის განმავლობში, 1978-1981 წლებში იური ვარდანიანი მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნად აღიარეს და საბჭოთა კავშირის ათი საუკეთესო სპორტსმენის სიაში შვიდჯერ მოხვდა. 1994 წელს იური ვარდანიანის სახელი ძალოსანთა დიდების დარბაზში ჩაეწერა. მას 111 მედალი აქვს მოპოვებული.

იური ვარდანიანი სპორტსმენიც იყო და პოლიტიკოსიც. 1985 წელს იგი სომხეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრად აირჩიეს. 1991 წელს საცხოვრებლად ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდა, სადაც საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩაერთო, მუშაობდა მწვრთნელად. ვარდანიანი ძალოსნობაში ავარჯიშებდა თავის ვაჟს – ნორაირ ვარდანიანს, რომელიც 2008 წელს აშშ-ს ჩემპიონი 94 კილოგრამ წონით კატეგორიაში გახდა.

2009 წელს იგი სამშობლოში დაბრუნდა და სომხეთის პრეზიდენტის მრჩევლად დაინიშნა. 2013 წელს თანამდებობიდან გადადგა და სომხეთის რესპუბლიკის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრად აირჩიეს. 2014 -2017 წლებში იყო სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში.

ოლიმპიური ჩემპიონი, შვიდგზის მსოფლიო ჩემპიონი, ხუთგზის ევროპის ჩემპიონი და რაღა თქმა უნდა, ყველა დროის დიდებული სომეხი ძალოსანი სომხეთში დაკრძალეს.

არპინე ბაღდასარიანი