გაგანია ტურისტულ სეზონზე, როცა ქვეყნის მოსახლეობას, ტურიზმიდან შემოსული ფულით ლარის გაუფასურების კი არა, გამყარების იმედი ჰქონდა, საქართველოს ეროვნულმა ვალუტამ მოულოდნელი ვარდნა განიცადა. მიზეზების ძიებაში ლარის ვარდნას ხელი ეკონომიკის სამინისტრომ შეაშველა და არგუმენტად თურქული ლირა და რუსული რუბლი დაასახელა, რომლებიც აშშ დოლართან საკუთარი პოლიტიკის გატარებით არიან დაკავებულნი. მეზობელ ქვეყნებში ვალუტების გაუფასურებამ დომინოს ეფექტით ლარზე ჰპოვა ასახვა და ამ პროცესებთან უძლურნი ვართო, – ასეთია ეკონომიკური სამინიტროს მხრიდან გაკეთებული განმარტება.

რამდენად სარწმუნო და საიმედოა მსგავსი არგუმენტები და რა დოზით ზემოქმედებს საქართველოს ეროვნულ ვალუტაზე თურქეთ -ამერიკას შორის პოლიტიკური დაძაბულობა, ამის შესახებ Dalma News-ს ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, ვახტანგ ჭარაია ესაუბრა.

– რა ფაქტორებმა განაპირობა ლარის კურსის ბოლოდროინდელი ვარდნა?

– დიდწილად ეს ჩვენი მეზობელი ქვეყნების ეროვნული ვალუტების მნიშვნელოვანი დევალვაციის შედეგია. ეს ის ქვეყნებია, რომლებიც ჩვენი ძირითადი სავაჭრო პარტნიორები არიან, საიდანაც ყველაზე მეტი უცხოური ინვესტიციები, ფულადი გზავნილები და ყველაზე მეტი ტურისტი შემოდის. ეს არის რუსეთი, თურქეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, სადაც დიდი ხანია არასტაბილურობა სუფევს.

თუმცა, ლარის უკანასკნელი გაუფასურება ყველაზე მეტად კორელაციაში თურქულ ლირასთანაა, რომელზეც საქართველოს მთლიანი საგარეო ეკონომიკური თანამშრომლობის დაახლოებით 10% მოდის და რაც ერთი ქვეყნისთვის ძალიან დიდი მაჩვენებელია. ერთი მხრივ ჩვენს ძირითად ეკონომიკურ პარტნიორებს მათი ეროვნული ვალუტების დევალვაციის შემთხვევაში, გააჩნიათ ნაკლები ფულადი რესურსი ტურიზმისთვის, რომ შეიძინონ გაძვირებული ქართული/იმპორტირებული პროდუქცია, ან განახორციელონ ინვესტიციები საზღვარგარეთ, ეს კი თავის მხრივ გავლენას ახდენს ჩვენი ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსზე. რა თქმა უნდა არა მომენტალურად, მაგრამ ერთვება მოლოდინების ეფექტი. ბიზნესმენი, რომელსაც პროდუქცია თურქეთიდან შემოაქვს, როდესაც ხედავს, რომ ლარი უფასურდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მისთვის მეზობელი ქვეყნიდან შემოსატანი მომდევნო პარტია საქონლის ფასი გაძვირდება, ის ცდილობს დღესვე გააკეთოს რეზერვები, რისი საშუალებაც აქვს, იყიდოს დოლარი. თუმცა, ეს უკანასკნელი ნეგატიურად მოქმედებს ლარის სტაბილურობაზე.

როდესაც ჩვენს მეზობელ ქვეყნებში ეროვნული ვალუტები უფრო სწრაფად უფასურდება ვიდრე ჩვენთან, ეს ჩვენ ნაკლებ კონკურენტუნარიანს გვხდის სხვა გარე პარტნიორებთან. ეს ეხება ინვესტიციასაც, ტურიზმსაც და ვაჭრობასაც. რაც უფრო მეტად გამყარდება ლარი და გაუფასურდება ლირა, მით უფრო იაფი ეღირება თურქული პომიდორი და ძვირი ქართული, შესაბამისად ქართული პროდუქცია კონკურენტუნარიანობას კარგავს. აი ეს ფაქტორები პირდაპირ გავლენას ახდენენ გაცვლით კურსზე. გაცვლით კურსს გრძელვადიან ჭრილში ხელოვნულად ვერ დავაფიქსირებთ (ეს ძალიან ძვირია) ამის გაკეთება შეიძლება 2-3 დღით იყოს შესაძლებელი სპეკულაციის გზით, მაგრამ არა მუდმივად.

ზოგიერთი ეკონომისტი ამბობს, რომ შესაძლებელია ლარის კურსი იყოს 2 ლარი 1 დოლართან მიმართებაში. რამდენიმედღიან ჭრილში, უზარმაზარი ხარჯის შედეგად შეიძლება ამ ნიშნულს მივაღწიოთ, თუმცა ამ კურსის შენარჩუნება არამხოლოდ შეუძლებელი, არამედ კონტრპროდუქტიულიც იქნება. ძირითად ეკონომიკურ პარტნიოერ ქვეყნებში დევალვაციის ფონზე, ლარის გამყარება პირდაპირ ზიანის მომტანი იქნება ქართული ეკონომიკისთვის.

– ქვეყანაში, რომელის ეკონომიკა დამოკიდებულია ტურიზმსა და უცხოურ ინვესტიციებზე, ეკისრება თუ არა მთავრობას პასუხისმგებლობა აქტიურად ადევნოს თვალი საგარეო პოლიტიკა და სათანადოდ შეაფასოს მოსალოდნელი რისკები?

– ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს მეზობელ ქვეყნებში მიმდინარე პროცესებს ვაკვირდებოდეთ, რაც დღეს სამწუხაროდ არ ხდება მასშტაბურად. ის რომ ცალკეული ექსპერტები მოვლენებს აკვირდებიან არის არასტრუქტურიზებული და შესაბამისად მასზე დაყრდნობით სახელმწიფო გრძელვადიანი გეგმების აწყობა შეუძლებელია. საგარეო საქმეთა სამინისტროს აქვს ძალიან კარგი შესაძლებლობა, საელჩოებიდან მიიღოს ინფორმაცია, თუმცა ამ მიმართლებით სერიოზული მუშაობა პრაქტიკულად არ მიმდინარეობს. რეალობაში გვაქვს რომ სპონტანურად მომხდარ ფაქტზე მედიით გაიჟღერებს ნიუსი და ამით მთავრდება ყველაფერი. არ მიდის საგარეო რისკების სათანადოდ გაანალიზება. ყველაზე ღირებული და კარგი იქნებოდა, რომ ჩვენი ეკონომიკა განვითარებულიყო და ამით გადაგველახა პრობლემები. თუმცა, სამწუხაროდ წლიდან წლამდე ვხედავთ, რომ ჩვენი საექსპორტო პოტენციალი დიდად არ იცვლება, ერთი და იგივე საქონელი შედის და გადის ქვეყნიდან.

– თუმცა, აქაც სეზონურად ვაწყდებით პრობლემებს და ფერმერებს ხშირად უჭირთ საკუთარი პროდუქციის ხელსაყრელად გასაღება…

– ეს კიდევ ცალკე პრობლემაა. ჩვენ თუ შევხედავთ წლიურ ჭრილში ნებისმიერი სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტსა და იმპორტს, დავინახავთ, რომ იმპორტი უფრო მეტია ვიდრე ექსპორტი (იშვიათი გამონაკლისი გახლავთ – კვერცხი). იმპორტის ძირითადი ნაწილიც ტურისტულ სეზონზე მოდის. ზაფხულში და ზამთარში, როდესაც ტურისტების დიდი ნაკადი შემოდის, სწორედ მაშინ ჭარბობს შიდა ბაზარზე იმპორტირებული სოფლის მეურნეობის პროდუქცია რაც ადგილობრივი პროდუქციის სიმცირეზე ან/და მის ნაკლებ კონკურენტუნარიანობაზე მეტყველებს. ფაქტობრივად, ტურისტულ სეზონს მოუმზადებლები ვხვდებით, შესაბამისად ვკარგავთ ტურიზმიდან მაქსიმალური ეფექტის მიღების შესაძლებლობას. ტურიზმით შემოსული თანხის უდიდესი ნაწილი ისევ უკან საზღვარგარეთ გადის.

– ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით ეკონომიკის სამინისტროს განმარტებაში ითქვა, რომ ვაშინგტონსა და ანკარას შორის პოლიტიკურმა დაძაბულობამ იმოქმედა საქართველოს სავალუტო კრიზისზე. ესეც პოსტფაქტუმ გააანალიზეს? საგარეო პოლიტიკის გამო ზარალდება ადგილობრივი მომხმარებელი, რა ნაბიჯებია გადასადგმელი?

– პირველ რიგში უნდა ტარდებოდეს კვლევები. საგარეო საქმეთა და ეკონომიკის სამინისტროების, თუ სხვა უწყებების ფარგლებში, უნდა მიმდინარეობდეს მუდმივი დაკვირვება მეზობელ ქვეყნებზე. შეიძლება მოლოდინები ყოველთვის არ გამართლდეს, მაგრამ მზად მაინც ვიქნებით. თურქეთ-ამერიკის დაძაბულობა გუშინ არ დაწყებულა, წელიწადზე მეტია ის აქტიურ ფაზაში გრძელდება. ამის შესახებ აქამდე ვინმემ ისაუბრა ქართულ მედიასივრცეში? რომელიმე პოლიტიკოსმა გაამახვილა ამაზე ყურადღება?

– რამდენად არის ასეთი არგუმენტი დამამშვიდებელი საქართველოს მოსახლეობისთვის, რომ თურქეთ-ამერიკის დაძაბულობის გამო უფასურდება ლარი?

– ვერ იქნება და რატომ უნდა იყოს დამამშვიდებელი ის, რომ ოკეანის გადაღმა ქვეყანასთან, რომელიმე ჩვენი მეზობელი ქვეყნის დაძაბულობა ახდენს გავლენას საქართველოს მოსახლეობის ეკონომიკურ მდგომარეობაზე? რიგით მოქალაქეს აწუხებს ფასები, ხელფასები. მას აწუხებს ის, რომ მისი ცხოვრების დონე უარესდება. თუ მთავრობა წინასწარ იმუშავებს მოსახლეობასთან და აუხსნის მას, როგორ შეიძლება ამ რისკების მინიმალიზება, რომ მოსახლეობამ არ იგრძნოს ეს ტვირთი, შეიძლება ეს ჩაითვალოს სწორ ნაბიჯად იმ პირობებში, როდესაც ქვეყანა ვერ ახერხებს ეკონომიკურ განვითარებას. ხშირ შემთხვევაში დღეს მოსახლეობა იღებს იმდენ ვალს, რისი გადახდის უნარიც არ აქვთ. ხშირად ვალს იღებენ აშშ. დოლარში, იმიტომ, რომ საპროცენტო განაკვეთი ნაკლებია, მაგრამ კურსის მერყეობამ, რომ შესაძლოა მომავალში პრობლემა შეუქმნათ ამას არ ითვალისწინებენ. ასეთი ფაქტორები მოსახლეობისთვის არის ყურადსაღები. მეორე მხრივ, მთავრობამ მაქსიმალურად უნდა აღკვეთოს დოლარში და ევროში ვაჭრობა. თუნდაც ის, რომ ავტომობილი და ბინების გაყიდვა ხორციელდება აშშ დოლარში, ან მის ექვივალენტ ლარში. ამაზეც საკმაოდ ყურადღებით არის სამუშაო. ასევე, არსებობს სპეკულაციის რისკი. ეროვნული ბანკის გარკვეული ნაბიჯები ხელს უშლის ლარის გამყარებას, როდესაც ეს თეორიულად შესაძლებელია. მაგალითად როდესაც ეროვნული ბანკი ყიდულობს უცხოური ვალუტის მარაგს ქვეყანაში და ავსებს თავის რეზერვებს, ამით ხდება ლარის არგამყარება, მეორე ის, რომ ხელს უწყობს კომერციულ ბანკებს ასეულობით მლნ დოლარი აბრუნონ ეკონომიკაში და ლარის კურსის მანიპულაცია მოახდინონ.

ლარის კურსის ჩამოყალიბებაც არ არის გამჭვირვალე პროცესი. ბლუმბერგის სისტემაში ხდება ლარის გაცვლითი კურსის ჩამოყალიბება. როდესაც ეროვნული ბანკის და რამდენიმე მსხვილი კომერციული ბანკის გარდა არავინ იცის, რა მოცულობის ვალუტამ შეცვალა ლარის გაცვლითი კურსი ეს ქმნის არაგამჭვირვალე სისტემას სადაც სპეკულაცია არათუ შესაძლებელი, მოსალოდნელიცაა.

ესაუბრა შორენა პაპაშვილი