14 აპრილს საქართველოში დედა ენის დღე აღინიშნება. დღესასწაული უნიკალურია, რადგანაც მსოფლიო ისტორიაში ანალოგი არ აქვს. 1978 წელს საბჭოთა კავშირმა ახალი კონსტიტუცია მიიღო, რომელსაც ენაკვიმატები “ბრეჟნევის კონსტიტუციას” უწოდებენ, ხოლო მის წინამორბედს – “სტალინის კონსტიტუციას”. ტექსტში არაფერი იყო ნათქვამი ქართული ენის სახელმწიფო ენად აღიარების თაობაზე. “საბჭოთა” კონსტიტუცია ყველა მოკავშირე რესპუბლიკას, რომლებისთვისაც საერთო ენა რუსული იყო, მათ შორის საქართველოს სსრ-საც უნდა მიეღო. ამას უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტების და პედაგოგების მრავალრიცხოვანი მშვიდობიანი დემონსტრაციები მოჰყვა. მათი მთავარი მოთხოვნა ქართული ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსის შენარჩუნება იყო.

მომიტინგეებს საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის მაშინდელი პირველი მდივანი, აწ გარდაცვლილი ედუარდ შევარდნაძე შეხვდა. იგი შეკრებილებს დაპირდა, რომ ამ საკითხის მოგვარებაზე პირადად იზრუნებდა და დანაპირებს მათ სასარგებლოდ შეასრულებდა. ასეც მოხდა… ედუარდ შევარდნაძემ კრემლი ქართული ენისთვის სახელმწიფო სტატუსის შენარჩუნებაში დაარწმუნა. 1990 წლის 14 აპრილს საქართველოში ეს დღე ოფიციალურ სახელმწიფო დღესასწაულად გამოცხადდა.

დღესასწაულთან დაკავშირებით ქვეყნის მოსახლეობას საქართველოს ამჟამინდელმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა შემდეგი სიტყვებით მიმართა:

“1978 წლის 14 აპრილი – ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღეა ჩვენს უახლეს ისტორიაში. როდესაც საბჭოთა ხელისუფლებამ ეროვნული ენებისთვის სახელმწიფო ენის სტატუსის გაუქმება სცადა, თბილისში, რუსთაველის გამზირზე ათასობით ადამიანი, ძირითადად ახალგაზრდობა შეიკრიბა და ამ მცდელობას შეეწინააღმდეგა”, – განაცხადა მან.

პრაქტიკულად ყველა სახელმწიფო თავისი ქვეყნის ისტორიის გმირული მითოლოგიისკენ იხრება. ამ მხრივ, ყველაზე მეტად ახალგაზრდა სახელმწიფოები გამოირჩევიან. ცხადია ეს “ბავშვური ავადმყოფობა” თავიდან ვერც საქართველომ აიცილა. პრეზიდენტმა სამართლიანად აღნიშნა, რომ დემონსტრანტების უმრავლესობას ახალგაზრდები წარმოადგენდნენ, მაგრამ ეს უბრალო ახალგაზრდები კი არა, უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები იყვნენ, რომლებიც რუსთაველი გამზირზე თავისთავად, ქაოსურად კი არ გამოვიდნენ, არამედ ორგანიზებულად. ეს ყველაფერი მათი პროფესორების და პედაგოგების მკაფიო ხელმძღვანელობით განხორციელდა.

გასული საუკუნის 70-იანი წლების დასასრულს, საბჭოთა ხელისუფლება დისიდენტების მიმართ კარგ მოპყრობაზე ფიქრით თავს ნამდვილად არ იწუხებდა. მათგან ბევრმა მსოფლიოში გაითქვა სახელი. სამეცნიერო და შემოქმედებითი ინტელიგენციის წარმომადგენელი მთელი რიგი გვარის ჩამოთვლა შეიძლება აკადემიკოს ანდრეი სახაროვით დაწყებული, ნობელის პრემიის ლაურეატ ალექსანდრე სოლჟენიცინით დამთავრებული და ბევრი სხვაც. მაგრამ თბილისის უმაღლესი სასწავლებლების პედაგოგების დამსახურებისადმი პატივისცემის მიუხედავად უნდა ითქვას, რომ ზემოთ აღნიშნული დემონტრაციის არც ერთი მონაწილე არ კვალიფიცირდებოდა, როგორც ანტისაბჭოთა მოღვაწე და მათგან ხელისუფლებასთან პრობლემა არც ერთს ჰქონდა.

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თავის მიმართვაში ასევე აღნიშნა, რომ “1978 წლის მოვლენები პირველი იყო ისტორიაში, როდესაც ავტორიტეტული ხელისუფლება იძულებული გახდა ხალხის წინაშე დათმობაზე წასულიყო”. მართალია აღნიშნული მოვლენებისგან თითქმის 40 წელი გვაშორებს, მაგრამ თბილისში ყველას კარგად ახსოვს, რომ აპრილის მოვლენებს ბევრი საქართველოს გამჭრიახი პარტიული ხელმძღვანელის კარგად გათვლილ სვლას უკავშირებდა. მას დასავლეთში “ვერცხლისფერი მელა” შეარქვეს. მიხეილ გორბაჩოვის მმართველობის დროს მოკავშირე რესპუბლიკის ხელმძღვანელის სავარძელი თავად გრომიკოს სავარძლით შეცვალა და სსრკ-ს საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩაუდგა სათავეში.

ედუარდ შევარდნაძეს ამ ხელსაყრელი ვითარებით რომ არ ესარგებლა და თავად განეხორციელებინა ეს შესანიშნავი კომბინაცია, სამართლიანად დაიმსახურებდა დიდებული პოლიტიკოსის სახელს, რადგანაც თავისი რეიტინგი რესპუბლიკაშიც და კრემლშიც ერთდროულად აამაღლა. ის, რომ ხელისუფლებამ დემონსტრანტების წინააღმდეგ რეპრესიებს არ მიმართა, გამოუქვეყნებელი სანქციის ვერსიის სასარგებლოდ მეტყველებს, რომელიც მათ სახელმწიფოს ხელმძღვანელმა გააცნო. ამავდროულად დისიდენტებისადმი მის ჰუმანურობაზე საუბარი ზედმეტია, რადგან მათ მიმართ იგი საკმაოდ მკაცრი იყო. საკმარისია გავიხსენოთ მერაბ კოსტავას და ზვიად გამსახურდიას დაკავების ამბავი. ისინი შევარდნაძემ აიძულა ტელეეკრანებიდან ეღიარებინათ, რომ ინანიებდნენ თავიანთ ანტისაბჭოთა მოღვაწეობას და რომ პატიებას ითხოვდნენ. ზვიად გამსახურდია ხომ ქართული თანამედროვე ლიტერატურის კლასიკოსის, რესპუბლიკაში უდიდესი ავტორიტეტის მქონე, კონსტანტინე გამსახურდიას შვილი იყო. დამოუკიდებელი საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ კი თავისი მონანიების ლაქა ცხოვრების ბოლომდე ვერ ჩამოირეცხა.

გარდა ამისა, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა თავის მიმართვაში ასევე განაცხადა: “საბჭოთა ისტორიაში პირველმა საპროტესტო დემონსტრაციამ ქართულ ენას, არა მხოლოდ სახელმწიფო სტატუსი შეუნარჩუნა, არამედ გარდამტეხ მოვლენად იქცა მთელს ბოლშევიკურ იმპერიაში. სწორედ ამ დღეს მიეცა ბიძგი 80-იანი წლების ეროვნული მოძრაობის გამოჩენას”. ამ საკითხთან დაკავშირებით კი შეიძლება ითქვას, რომ პრეზიდენტი ოდნავ აბუქებს.

საქმე იმაშია, რომ სსრკ-ში ეროვნული ენის სახელმწიფო სტატუსი სომხეთმა ყოველგვარი მანიფესტაციების გარეშე შეინარჩუნა. უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ ამ ფაქტორის არსებობა, ან არ არსებობა სუფთად ფორმალური იყო. მშობლიურ ენას სახელმწიფო სტატუსი არც ბალტიისპირეთის ქვეყნებში, შუა აზიურ რესპუბლიკებში, უკრაინაში, ბელორუსში და მოლდოვაში ჰქონია, მაგრამ ამას დამოუკიდებლობის მოპოვებაში ხელი არ შეუშლია.

“მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს მშობლიურ ენას საფრთხე აღარ ემუქრება, დიდი პასუხისმგებლობა გვეკისრება მსოფლიო ცივილიზაციაში მისი განსაკუთრებული ადგილის აღსადგენად. დავეხმაროთ ყველა ჩვენს მოქალაქეს ქართული ენის სწავლაში, რათა მისი სახელმწიფო სტატუსი გავამყაროთ”, – დასძინა გიორგი მარგველაშვილმა.

ამ ციტატაში პრეზიდენტი მართლაც აქტუალურ თემას შეეხო. მრავალნაციონალურ საქართველოში სახელმწიფო ენა საკმაოდ სუსტად იყო გავრცელებული მჭიდროდ დასახლებული ეროვნული უმცირესობების ადგილებში. სახელმწიფო ენის უცოდინრობა, ბუნებრივია, ეთნიკური უმცირესობის სამოქალაქო საზოგადოებასთან ინტეგრაციას უშლის ხელს. ეს სახელმწიფოსთვის აბსოლუტურად არასასურველი მოვლენაა.

ბოლო დროს საქართველოს ხელისუფლებამ ამ მიმართულებით ბევრი დადებითი ნაბიჯი გადადგა. “ქართული ოცნების” მთავრობას ბევრ საკითხში სამართლიანად აკრიტიკებენ, მაგრამ ის, რომ ამ სფეროში თავისი წინამორბედებისგან განსხვავებით მან დიდ წარმატებებს მიაღწია, უდავოა. დღევანდელი ხელისუფლების განსაკუთრებულ მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ მათ ერთმანეთისგან გამიჯნეს სამოქალაქო საზოგადოებასთან ინტეგრაცია და ასიმილაცია. ამ საკითხში მათ წარმატებები უნდა ვუსურვოთ.

ირაკლი ჩხეიძე