საქართველოს დედაქალაქ თბილისს, გარევაჭრობის პრობლემა წლებია აწუხებს. უკიდურესი გაჭირვების გამო სამოსის, საკვები პროდუქტისა თუ საყოფაცხოვრებო ნივთების გასაყიდად ქუჩაში გამოსული ადამიანების მიერ მოწყობილი გარევაჭრობის კონსტრუქციები, თითქოს ჩვენი ყოფიერების ნაწილად იქცა. “პერესტროიკის” შემდგომ, ფუნქციადაკარგული, რამდენიმე შენობაში ხილ-ბოსტნეულის ბაზრობაც გაიხსნა. ერთ-ერთი ასეთი მსხვერპლთაგანი იყო კინოთეატრი “აპოლო”. 1909 წელს აშენებული ერთ-ერთი ულამაზესი შენობის გადასარჩენად, დედაქალაქის მოსახლეობამ, რამდენჯერმე აქციები გამართა. მართალია შენობაში ბაზრობა გააუქმეს, მაგრამ მოდერნისტული არქიტექტურისთვის დამახასიათებელი სტილით აგებული შენობის მომავალი კვლავაც ბუნდოვანია.

ამასობაში თბილისმა, რამდენიმე მთავრობა და კიდევ მეტი მერი გამოიცვალა. გარემოვაჭრეები პერიოდულად გაჰყავდათ ქალაქის ცენტრალური ქუჩებიდან, შემდგომ კი, თითო-თითოდ თუ წყვილ-წყვილად, კვლავ ჩნდებოდნენ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, მეტროსადგურების ამოსასვლელებსა და ავტობუსის გაჩერებებთან.

წლების განმავლობაში, თითქმის ტრადიციად ქცეულ გარევაჭრობას თბილისის მერიამ, აქტიური ბრძოლა გამოუცხადა. ქალაქის მახინჯი კონსტრუქციებისგან გაწმენდა მეტროსადგურ “მარჯანიშვილის” მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყეს. ამას მიჰყვა: წერეთლის გამზირზე “დინამო” სტადიონისა და აკაკი წერეთლის ძეგლი მიმდებარე ტერიტორიები. დიდებული პოეტის, ასევე დიდებული ძეგლი, წლების განმავლობაში გარემოვაჭრეთა ფარდულებს მიღმა იმალებოდა და არა თუ თბილისის სტუმრებისთვის, თბილისელისთვისაც შეუმჩნეველი იყო.

თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებმა, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარემოვაჭრეების გაფრთხილების შემდეგ, ერთმანეთის მიყოლებით რამდენიმე ქუჩა და მეტროსადგურების მიმდებარე ტერიტორიები გაწმინდეს. რამდენიმე ადგილას, დახლებიდან ვადაგასული საკვები პროდუქტები ამოიღეს, გამოთავისუფლებული ტერიტორიები კი, სპეციალური ხსნარით მორეცხეს.

რეაქცია…

უკანონო გარევაჭრობის აღკვეთის ღონისძიებებს, თბილისის მოსახლეობის ნაწილი დადებითად შეხვდა, თუმცა, იქვე დასძენენ, რომ მერიამ თითოეულ იმ ადამიანზე უნდა იზრუნოს, რომლებიც გარევაჭრობით არჩენდნენ ოჯახებს. ანტისანიტარიითა და ქალაქში გადაადგილებისას დისკომფორტით შეწუხებული მოსახლეობა მერიას, გარემოვაჭრეების გაყვანას მათი საცხოვრებელი ტერიტორიებიდანაც სთხოვს. მაგალითად, ერთ-ერთი მოქალაქის თქმით, უმძიმესი მდგომარეობაა მეტროსადგურ “ახმეტელის თეატრის” ამოსასვლელთან, სადაც გარევაჭრობის დახლების გამო ისეთი სიმჭიდროვეა, ქვეითებს გავლა უჭირთ:

“მეტროდან ამოსასვლელი ფართო კიბე გვქონდა, რომელიც დაანგრიეს და მის ადგილას სავაჭრო ცენტრი ააშენეს. ახლა ქალაქში გასასვლელი გზა, ან ამ სავაჭრო ცენტრზე გადის, ან ვიწრო გვირაბზე, რომელიც ასევე, გარემოვაჭრეებით არის სავსე. მეტროში რამე გაუთვალისწინებელი რომ მოხდეს, უსაფრთხოდ ვერ გამოაღწევს ვერავინ იქიდან!”.

“ქალაქი უნდა ჰგავდეს ქალაქს, შეიყვანეთ მოვაჭრეები ბაზრებსა და ბაზრობებზე! ვერც ერთ მეტროსადგურთან ვეღარ გაივლი ადამიანი!” – წერენ მოქალაქეები სოციალურ ქსელში.

გარევაჭრობის ცივილიზებული, ევროპული სახით დაკანონებას მოითხოვს ორგანიზაცია “დემოკრატიის ინსტიტუტის” ხელმძღვანელი ლაშა ჩხარტიშვილი და მოსახლეობას, გარემოვაჭრეთა მხარდამჭერ საპროტესტო აქციებზე იწვევს. მისი აზრით, გარევაჭრობის აკრძალვით დაზარალდება მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, რადგან კონკურენციის შემცირების გამო, იაფი პროდუქციის გარეშე დარჩებიან, ამასთანავე გაიზრდება სოციალური შემწეობის მთხოვნელთა რიცხვი.

როგორც Dalma News-ს ლაშა ჩხარტიშვილმა განუცხადა, თბილისის მერიის მიერ, უღატაკესი თანამოქალაქეების – გარემოვაჭრეების წინააღმდეგ დაწყებული ბრძოლა, მიზნად ისახავს, ქუჩის ვაჭრობის სივრციდან მათ ტოტალურ განდევნას და ერთადერთი საარსებო წყაროს გარეშე დატოვებას.

“ეს არაადამიანური, უფრო მეტიც, ანტისახელმწიფოებრივი ქმედებაა.. რაც ათასობით ადამიანს შიმშილს, ასობით ადამიანს, ისედაც შერყეული ჯანმრთელობის კიდევ უფრო დაზიანებას, ხოლო ზოგიერთს სიკვდილსაც კი მოუტანს! ამიტომ ვაპირებთ ბოლომდე ვიბრძოლოთ, ვაიძულოთ მერია, შექმნან სამართლებრივი ბაზა, რომელიც გარევაჭრობას მისცემს ცივილიზებულ, ევროპულ სახეს! აღნიშნული საქმიანობის განხორციელების უფლება კი, მიენიჭებათ სწორედ იმ ადამიანებს, ვისაც უკიდურესად უჭირს და ვინც დღემდე აღნიშნული საქმიანობით იყო დაკავებული”, – აცხადებს ლაშა ჩხარტიშვილი და მოითხოვს, პარლამენტმა უმოკლეს ვადაში განაახლოს მუშაობა, მისი ავტორობით მომზადებულ და საკანონმდებლო ორგანოს მიერ 2014 წელს, ერთი მოსმენით მიღებულ „გარე ვაჭრობის რეგულირების შესახებ“ კანონპროექტზე.

მისი განმარტებით, კანონპროექტი ეყრდნობა ევროპულ გამოცდილებას და მოაგვარებს გარევაჭრობასთან დაკავშირებულ სანიტარულ, ვიზუალურ და სხვა საკითხებს.

ეკონომია ჯანმრთელობის ხარჯზე?

აგროეკოტოქსიკოლოგი ხათუნა ახალაიას თქმით, საქართველოს ყოველთვის უჭირს რეგულაციების რეალიზება, რადგან ის გარკვეულ ფინანსურ დანახარჯს უკავშირდება. ხოლო, როცა სახელმწიფოს მხრიდან მკაცრი მოთხოვნა არ არის, ბიზნესმენიც არ ცდილობს მდგომარეობის გამოსწორებას.

“ღია ბაზრობებზე, გარდა იმისა, რომ პროდუქტი მტვრითა და ავტომობილების გამონაბოლქვით ბინძურდება, ზაფხულის სეზონზე ამას ემატება მაღალი ტემპერატურა. გამონაბოლქვი ხვდება მალფუჭებადი პროდუქტის ცხიმოვან ზედაპირზე და მომხმარებელი პრაქტიკულად, ჯანმრთელობისთვის საშიში ქიმიური ნივთიერებებით გაჟღენთილ პროდუქტს ყიდულობს. ხშირია შემთხვევები, როდესაც საკვები პროდუქტების გვერდით საყოფაცხოვრებო დანიშნულების ქიმიური ნივთიერებებს ყიდიან”, – აცხადებს ხათუნა ახალაია.

მისივე თქმით, ამ სფეროში წესრიგის დამყარება მერიის პრეროგატივაა, თუმცა ეს მტკივნეულია ადამიანებისთვის, ვისთვისაც გარევაჭრობა შემოსავლის ერთ-ერთი წყაროა. მაგრამ მათ, ასევე უნდა ჰქონდეთ შეგნებული, რომ პროდუქცია, რომელსაც ისინი ყიდიან არ არის სასარგებლო ადამიანის ჯანმრთელობისთვის.

“ამასობაში ვღებულობთ დაავადებულ თაობებს. საქართველოში არ ტარდება კვლევა, თუ რა ეკონომიკური ეფექტი აქვს პროდუქციას, რომელსაც ადამიანი ქუჩაში იყიდის. რა ხარჯი აქვს, როდესაც ამ პროდუქციით მოწამვლის შემთხვევაში, ქრონიკული დაავადებების მკურნალობა უწევს. ასეთი დაავადებების პირველი სიმპტომებია: ალერგიული ფონი, ფილტვების დაავადებები, სისხლში ქიმიური ნივთიერებების მაღალი კონცენტრაცია, თირკმელების უკმარისობა და სხვა”, – აცხადებს ეკოლოგი.

ეკონომიკის საკითხებში ექსპერტ ვაჟა ბერიძის აზრით, მმართველი პარტია “ქართული ოცნება” ხელისუფლებაში სახალო მხარდაჭერით მოვიდა და ვალდებულია ამ ადამიანების მდგომარეობა გაითვალისწინოს. მათ ან ადეკვატური პირობები და ისეთივე დღიური შემოსავალი შესთავაზოს, ან მოითმინოს ეს მდგომარეობა, სანამ ქვეყანაში სოციალური დაცულობის მყარ პირობებს არ შექმნის.

“არც მე მომწონს ტალახსა და მტვერში ჩამჯდარი ქალბატონები პროდუქტებს რომ ყიდიან, მაგრამ სოციალური სიდუხჭირის ჩვენი მასშტაბების გათვალისწინებით, მათი ქუჩებიდან აყრა არ მომწონს. მოქალაქეები წლებია ვეგუებით და ვითმენთ გარკვეულ უწესრიგობას და ანტისანიტარიას ხალხმრავალ ადგილებში. კეთილი ინებონ და მდიდრებმაც მოითმინონ მათი არსებობა”,- აცხადებს ვაჟა ბერიძე.

მას არც მერიის მიერ გარემოვაჭრეებისთვის, კომერციულ ბაზრებში შესვლის სანაცვლოდ შეთავაზებული პირობები მოსწონს და აცხადებს, რომ 6 თვის ნაცვლად, ამა ადამიანებისთვის გადასახადისგან მინიმუმ ერთი წლით გათავისუფლება უნდა შეეთავაზებინათ. თანაც, ეეჭვება ქუჩის წვრილ მოვაჭრეებს თავიანთი პროდუქცია ბაზარშიც გაეყიდოთ.

ვაჟა ბერიძე არ გამორიცხავს ამ არა პოპულარულმა ნაბიჯმა, უარყოფითად იმოქმედოს თბილისის მერის და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების შედეგებზე.

“ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ “ქართულ ოცნებას” ეს, რატომღაც არც ადარდებს. საზოგადოების წინაშე რთული პრობლემები დგას და მათი გადაწყვეტა ძნელია. კეთილი უნდა ინებონ და მოუარონ თბილისს და მთელ ქვეყანას”, – განუცხადა მან Dalma News-ს.

ქალაქის იერსახე…

თბილისის ტურისტულ ზონაში, ძეგლებთან და ქალაქის სხვა ღირშესანიშნაობებთან, ასევე, ტრანსპორტით დატვირთულ ადგილებში გარევაჭრობის მოწყობის წინააღმდეგია ქალაქის მთავარი დეკორატორი, დოქტორი შალვა ისაკაძე და მიაჩნია, რომ ეს ქალაქის იერსახეს ამახინჯებს. იგი დიდი ხანია ელის, რომ ადრე თუ გვიან, თბილისში გარევაჭრობა აიკრძალება. თუმცა, მერიას ურჩევს, ეს პრობლემა უმტკივნეულოდ მოაგვაროს და არ დაზარალდნენ გარემოვაჭრეები, ვისთვისაც ეს საქმიანობა შემოსავლის წყაროა.

“რამდენჯერაც ვყოფილვარ უცხოეთში, იქ გარევაჭრობა მუზეუმებთან, თეატრებთან და თვალსაჩინო შენობა-ნაგებობებთან არ მინახავს, როგორც ეს თბილისშია. ევროპის ბევრ ქალაქში, ბაზრობები შაბათ-კვირაობით, რამდენიმე საათით იმართებოდა, საღამოს კი, უკვე სულ სხვა იერს ღებულობდა ევროპის მოედნები”, – განაცხადა შალვა ისაკაძემ.

მისივე თქმით, თბილისის რამდენიმე უბანში გარევაჭრობის აკრძალვით, დედაქალაქი სულ სხვა იერს მიიღებს.

შალვა ისაკაძე, დედაქალაქის მერიას გარევაჭრობისთვის სპეციალური ტერიტორიის გამოყოფას და საკვირაო ბაზრობების ტრადიციის დანერგვასაც ურჩევს ისეთ ადგილებში, სადაც ხალხმრავლობა არც ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეაფერხებს, არც მწვანე საფარი დაზიანდება და არც თბილისის იერსახე დაზარალება.

როგორ იმოქმედებს თბილისის მერის არაპოპულარული კამპანია მმართველი პარტიის იმიჯზე, უკვე მერის არჩევნები გვიჩვენებს. მანმადე კი, თბილისის ბაზრობების ასოციაციამ, რომელიც 17 სრულუფლებიან წევრს აერთიანებს, მზადყოფნას გამოთქვა, 3000-მდე გარემოვაჭრეს შეღავათიანი პირობებით დაუთმოს ფართი. 150-მდე მოვაჭრემ უკვე მიიღო მათი პირობები და “დეზერტირების” ბაზარში დაიკავეს დახლი.

შორენა პაპაშვილი