სომხეთი ორიგინალური ქვეყანაა და მისი ეს ორიგინალურობა სხვადასხვა სფეროში ვლინდება. მაგალითად, ახალი წლის და შობის წინ, თითქმის ყველა ქვეყანაში სადღესასწაულო ფასდაკლებებია და ცდილობენ ძველი საქონლის ამოყიდვას. სომხეთში კი ასე არ ხდება. წელს ფასების რყევა გაზაფხულის დასაწყისში დაიწყო, რასაც ხალხი 2 აპრილის საპარლამენტო არჩევნებს უკავშირებს.

მართლაც, არჩევნების წინ, კერძოდ მარტში საკვები პროდუქტები სერიოზულად გაიაფდა. ეს განსაკუთრებულად ბანანზე და შაქარზე შეინიშნებოდა, რადგანაც სომხეთში სწორედ ამ პროდუქტების იმპორტი და რეალიზებაა მონოპოლიზებული. ამიტომაც არის ისინი ერევანში უფრო ძვირი, ვიდრე მოსკოვში. შემდეგ კი სააღდგომო გაძვირებების ჯერი დადგა.

არჩევნების შემდეგ ყველაფერი მყისიერად შეიცვალა: ბანანი იმაზე მეტად გაძვირდა, ვიდრე გაიაფებამდე, ხოლო შაქარს ძველი ფასი დაუბრუნდა. საზოგადოებრივი ორგანიზაცია “მომხმარებელთა საკონსულტაციო ცენტრის” თავმჯდომარე კარენ ჩილინგარიანმა ცოტა ხნის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ბანანი 25-30%-ით, ხოლო შაქარი -10%-ით გაძვირდა. რაც შეეხება საწვავს, მიმდინარე წლის იანვრიდან ბაზარზე ფასების პერიოდული მომატება შეინიშნება.

12 აპრილს “სომხეთის სამომხმარებლო ასოციაციის” თავმჯდომარე არმენ პოღოსიანმა ამასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ აღდგომის დღესასწაულის წინ პროდუქტები მუდმივად ძვირდება. მისივე თქმით, სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში შეტანილია პრინციპი, რომლის მიხედვითაც ფასების ზრდა 4%-ს არ უნდა აღემატებოდეს. თუმცა, ქვეყანაში ოთხი დღის განმავლობაში პროდუქტებზე ფასებმა 10%-ით მოიმატა. პოღოსიანის განცხადებით, პროდუქტების 10%-იანი გაძვირება საპარლამენტო არჩევნების შემდეგაც დაფიქსირდა. “ახალზელანდიური კარაქი 200 დრამით გაძვირდა, კვერცხი 3-დან 5 დრამამდე. რაც შეეხება თევზს, ის არა მხოლოდ გაძვირდა, არამედ მისი შოვნაც კი გართულდა”, – თქვა პოღოსიანმა და დასძინა, რომ ეს კვლევები აღდგომის წინა კვირაში გაკეთდა.

Армен Погосян
არმენ პოღოსიანი

ამ სტატიის მიზანი სტატისტიკა და ეკონომიკური გათვლები არ არის. ამჟამად საინტერესოა ის, რამდენად გამართლდა ხალხის მოლოდინი ფასების მატებასთან დაკავშირებით და არის თუ არა ეს ხელოვნურად პროვოცირებული. რაც შეეხება “პროვოცირებას”, ცხადია ეს მნიშვნელოვან როლს ასრულებს, თუმცა არ არის ფასების ზრდის მთავარი მიზეზი.

უნდა ვაღიაროთ, რომ ფასების მნიშვნელოვნად მომატებასთან დაკავშირებით არც ერთი მოლოდინი, ყველაზე “საიმედოც” ვერ გამართლდა. ამაში რომ დავრწმუნდეთ, საკმარისია დედაქალაქის, რამდენიმე სუპერმარკეტს ვესტუმროთ. ზემოთ აღნიშნული ახალზელანდიური კარაქის გარდა ფასები არც ერთ პროდუქტზე შეცვლილა. რაც შეეხება ალკოჰოლს და თამბაქოს ნაწარმს, მათი გაძვირება სააქციზო პოლიტიკის ცვლილებამ გამოიწვია, რაც უბრალოდ დროში დაემთხვა.

რამდენიმე დრამით გაძვირებული კვერცხი კი, თითქმის შეუმჩნეველია ამ პროდუქტის სიუხვის გამო. ხორც-პროდუქტებს შორის არაფერი გაძვირებულა. ოდნავ გაძვირდა “მარსი” და “სნიკერსი”, თუმცა ეს არჩევნებამდე მოხდა და მასთან არანაირი კავშირში არ აქვს. აღსანიშნავია ისიც, რომ სულ უმნიშვნელოდ გაიაფდა მცენარეული ზეთი.

გასაგებია, რომ მომხმარებელს ახარებს ის, როდესაც პროდუქტი, რომელსაც ყოველდღიურად ყიდულობს, იაფდება. მაგრამ ეს სასიამოვნოა სუფთად ემოციურად, ეკონომიკა კი ზუსტი და მკაცრი მეცნიერებაა, რომელიც ირწმუნება, რომ გონიერების და ზომიერების ფარგლებში მომხდარი ინფლაცია ჰაერივით საჭიროა.

ფასების მატების და საზოგადოებაში მასთან დაკავშირებული საფუძვლიანი უკმაყოფილების შესახებ ეკონომიკურმა მიმომხილველმა აშოტ არამიანმა გაზეთ “სომხეთის ხმაში” გამოქვეყნებულ სტატიაში გასაგები ენით ისაუბრა დეფლაციის (ფასების შემცირების) მინუსებსა და ინფლაციის (ფასების მომატების) პლიუსებზე.

Ашот Арамян
აშოტ არამიანი

ამგვარად არამიანს მიაჩნია, რომ თუ სომხეთის ფინანსური ხელმძღვანელობა შეძლებს ქვეყანაში, რაიმე ინფლაციის უზრუნველყოფას, ეს გარკვეული დახმარება იქნებოდა მთავრობისთვის, რომელიც ეკონომიკის გამოცოცხლებას ცდილობს. საქმე იმაშია, რომ ბიზნესმენები და პოტენციური ინვესტორები, რომლებიც შესაბამის პირობებში ინვესტიციების განხორციელების წინააღმდეგნი არ არიან, დეფლაციის შემთხვევაში აღარ ჩქარობენ ფულის დაბანდებას, ახალი საწარმოების გახსნას, ან უკვე არსებულის გაფართოვებას.

“დღესდღეობით სახეზეა დეფლაცია და სავსებით ნორმალურია, რომ სომხეთის მსგავსი ეკონომიკები დაახლოებით 4%-იან ინფლაციას განიცდიან”, – ამბობს სომხეთის ფინანსთა მინისტრი ვარდან არამიანი. სომხეთის სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით, წლიური შედეგებით, მიზნობრივი ინფლაცია მინიმუმ 2,5%-ს და მაქსიმუმ 5,5%-ს უნდა შეადგენდეს. ნებისმიერი სხვა მაჩვენებელი, რომელიც აღნიშნულ ზღვარს არ შეესაბამება, მაკრო ეკონომიკისთვის არასასურველია, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების შემდეგ მთელ რიგ პროდუქტებზე ფასების მომატებას მომხმარებელი ოლიგარქების და მონოპოლისტების სიხარბეს მიაწერს.

საეჭვოა მომხმარებელი, რომელიც ბანანის და ძეხვის 100-200 დრამით გაძვირებას აპროტესტებს, დაფიქრდეს იმაზე, რომ ფასების ვარდნას მხოლოდ მოკლევადიანი ეფექტი აქვს და რომ ეს ისევ მას მიაყენებს ზიანს, რადგანაც ფასების ვარდნა მთელს მსოფლიოში აფერხებს ეკონომიკის განვითარებას. შემთხვევითი არ არის, რომ ევროპაში უკვე, რამდენიმე წელია ცდილობენ ბიძგი მისცენ ინფლაციას, რათა არასასურველ დეფლაციურ სპირალს დააღწიონ თავი.

“ამასთანავე არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ წინ მოსავლის აღების პერიოდია. ამ დროს ხილი და ბოსტნეული შედარებით უფრო იაფია. 2017 წლის თებერვლისგან განსხვავებით, მარტში მინუს 0,3%-იანი დეფლაცია დაფიქსირდა. ეს ძირითადად უკავშირდება ბაზარზე საკვები პროდუქტების, ძირითადად კი ბოსტნეულის გაიაფებას. ასე, რომ ქვეყანაში ინფლაციის მინიმალური დონის უზრუნველყოფა ნებისმიერ შემთხვევაში რთული იქნება”, – წერს აშოტ არამიანი თავის სტატიაში.

ანუ, დეფლაციის შემთხვევაში პოტენციური ინვესტიციები მცირდება და ეს ბიზნესმენებს და ინვესტორებს საკუთარი პროექტების შეჩერებისკენ უბიძგებს. ამ თვალსაზრისით ქვეყანაში გამოქვეყნებული ბოლო სტატისტიკური მონაცემები არც თუ სახარბიელოა.

Инфляция - карикатура
Инфляция – карикатура

2017 წლის პირველ კვარტალში სომხეთში საკვები პროდუქტების, ალკოჰოლური სასმელების და თამბაქოს ნაწარმის ჩათვლით, ფასი 2,8%-ით გაიზარდა,- განაცხადა ერთი კვირის წინ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ხელმძღვანელის მრჩეველმა გურგენ მარტიროსიანმა. მისივე თქმით, იმავდროულად 3,5%-ით გაიაფდა საყოფაცხოვრებო მოხმარების პროდუქტები, ხოლო 2,5%-ით – მომსახურეობა. გარდა ამისა, სამომხმარებლო ფასები სომხეთში 2017 წლის იანვარ-მარტში, 2016 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 0,3%-ით შემცირდა.

“2017 წლის მარტში, 2016 წლის მარტთან შედარებით, სამომხმარებლო ფასები 0,1%-ით შემცირდა. იმავდროულად, საკვები პროდუქტები 3,3%-ით გაძვირდა, ხოლო საყოფაცხოვრებო მოხმარების პროდუქტებზე ფასები და სამომხმარებლო ტარიფები 3,5% და 2,6%-ით შემცირდა”, – განაცხადა მარტიროსიანმა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2016 წელი სომხეთმა 1,4%-იანი დეფლაციით დაასრულა, რაც ნამდვილად არ არის სასურველი.

სომხეთის ფინანსთა მინისტრი, არამიანი ოპტიმისტურად არის განწყობილი. “ეკონომიკური აქტიურობის მაჩვენებელი დღეისათვის 6,2%-ს შეადგენს. ისევე როგორც შარშან, შესაძლებელია ცვლილებები ქვემოთ. თუმცა, დარწმუნებული ვარ, წლიურ განაკვეთში სომხეთში 3,2%-ზე მეტი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდება”, – განაცხადა მინისტრმა.

დრო ყველაფერს აჩვენებს. მანამდე კი ვეცდებით გულთან ახლოს არ მივიტანოთ ის, რომ ყოველდღიურად რაღაც ძვირდება. ადამიანი ფსიქოლოგიურად ყურადღებას უპირველესად უარყოფითზე ამახვილებს. ხოლო რაც შეეხება ტანსაცმლის, ან ფეხსაცმლის გაიაფებას, ხშირად ამაზე არავინ საუბრობს. როგორც ჩანს, ასე არც ისე დალხენილმა ცხოვრებამ იცის.

მოამზადა რუბენ გიულმისარიანმა