საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ, ჯერ კიდევ სექტემბერში დაანონსებულ წინააღმდეგობის მოძრაობის იდეას, ხორცშესხმული სახით 2020 წლის მარტში ვიხილავთ. ყოველ შემთხვევაში ასეთია სააკაშვილის დაპირება. ორგანიზაცია ბინას თბილისში, სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში დაიდებს. ეს, ქართულ მართლმსაჯულებას გაქცეული ექსპრეზიდენტის პირადი შტაბი იქნება, სადაც, ახალგაზრდა აქტივისტებს მოუყრის თავს.

“დადგა დრო, როცა ჩვენი სახლები, ქუჩები, ბიბლიოთეკები უნდა გადაიქცეს საქართველოს გადარჩენის შტაბად, რათა დავეხმარო “ნაცმოძრაობას”, ახალგაზრდულ ჯგუფებს. წელს წყდება საქართველოს ბედი, გადარჩება თუ არა ჩვენი ერი, როგორც დამოუკიდებელი ერთობა”, – აცხადებს სააკაშვილი და შემდეგი ეპითეტებით მოიხსენიებს მმართველი პარტიის ლიდერებს – “დამაქცევარი ივანიშვილი, ბოროტი წულუკიანი, ბოლომდე გატიალებული, მექრთამე კალაძე, ანაბრების ქურდი ჩხარტიშვილი, ბრიყვი თალაკვაძე. ჯოჯოების ეს ბანდა გვისამარებს დამოუკიდებლობას, მომავალს და პერსპექტივებს”.

სააკაშვილის წინააღმდეგობის შტაბის კარი პირველ მარტს გაიხსნება და საქართველოში ხელისუფლების შეცვლის მიზნით ითანამშრომლებს როგორც “ნაციონალურ მოძრაობასთან”, ასევე ყველა ოპოზიციურ ძალასთან. მაგრამ საკითხავია, თავად ოპოზიციურ ლიდერებს თუ სურთ სააკაშვილთან ერთ ნავში ჩასხდნენ?

“ივანიშვილს აქვს გეგმა, არჩევნების მოპარვა, გაყალბება. ჩვენი გეგმა არის ხელისუფლებისგან ივანიშვილის ჩამოცილება. ჩამოვიყვანთ ძალიან ბევრ უცხოელ კონსულტანტს, მათ შორის ამერიკელს, ევროპელს, უკრაინელს, რომლებიც გვასწავლიან თანამედროვე ტექნოლოგიებს ფეისბუქზე ბრძოლის, თანამედროვე ტექნოლოგიებს არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ ბრძოლის, უნდა დავნერგოთ სახეების ამოცნობის ტექნოლოგია საარჩევნო უბნებთან, გავიზიარებთ მშვიდობიანი პროტესტის ფორმას, გაყალბებული არჩევნების წინააღმდეგ. ჩემთვის ყოველი დილა დაიწყება ამ ბიბლიოთეკაში შეკრებილ ხალხთან შეხვედრით. ჩვენ უნდა შევქმნათ ბევრი ჰორიზონტალური სტრუქტურა. ყველას ვერ დაიჭერენ”, – ასეთია ექსპრეზიდენტის საბრძოლო სულისკვეთება.

პარალელურად, ცვლილებებია პარტია “ნაციონალური მოძრაობის” შიგნით. პარტიის რიგები, რამდენიმე წევრმა (თაქთაქიშვილმა, ბიბილაშვილმა, კალანდაძემ, გერსამიამ) დატოვა. მმართველ პარტიაში ამ პროცესის გაგრძელებას ვარაუდობენ.

მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის შეფასებით, “ენმ” იდეურმა ნაცებმა დატოვეს, რადგან სირცხვილად მიაჩნიათ ამ პარტიაში ყოფნა. მისივე თქმით, კრიზისია ნაციონალების რიგებში და კიდევ უფრო ღრმა კრიზისი უდგას მათ ლიდერს, სააკაშვილს.

“ახლა, ან 2024 წლამდე “ენმ” აუცილებლად დაიშლება. სხვანაირად არც შეიძლება. ჯანსაღ პარტიებს ოპონირების საშუალება უნდა ჰქონდეთ. ქვეყნისთვის საუკეთესო მოცემულობაა „ნაციონალური მოძრაობის“ მსგავსი სასირცხვილო და მარგინალური ძალა არ არსებობდეს. არამედ, იყოს რეალური ძალა, რომელიც ხელისუფლებას საგნობრივ და ჯანსაღ ოპონირებას გაუწევს”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

სააკაშვილის პათოსს, ნაციონალების ყოფილი თანაგუნდელების რიგებიდან კრიტიკა შეაშველეს.

“ხალხი ციხეში გვილპებოდა და ეს სასტუმრო „ფერმონტში“ წამოგორებული იმ სკამზე ჭიდაობდა, რომელიც არ გააჩნდა. იაფფასიანი მატყუარაა ეგ კაცი და მხოლოდ პირადი ადარდებს – სხვა არაფერი. ამიტომაა ამ მდგომარეობაში”, – ამ სიტყვებით გამოეხმაურა სააკაშვილის წინააღმდეგობის მოძრაობის იდეას ნაციონალების ხელისუფლების მთავარ იდეოლოგად აღიარებული გიგა ბოკერიას მეუღლე, თამარ ჩერგოლეიშვილი.

ნინო ბურჯანაძე

სააკაშვილის პირად შტაბთან თანამშრომლობის სურვილი არ აქვს პარტია “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერ ნინო ბურჯანაძეს და ამ შტაბის პერსპექტივების პროგნოზირებაც უჭირს.

“არანაირი სურვილი არ მაქვს, სააკაშვილის პირად შტაბთან ვითანამშრომლო. ჩვენ, ოპოზიციური პარტიები ვთანამშრომლობთ იმ ფორმატში, რომელიც აბსოლუტურად სწორად მიგვაჩნია”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

სააკაშვილი დიდი ხანია საინტერესო აღარ არის მისივე თანაგუნდელებისთვისაც. ყველა მათგანი ცდილობს ნაციონალების ხელისუფლების დანაშაული სააკაშვილს აჰკიდონ, სააკაშვილი კი პირიქით, განტევების ვაცს ეძებს, იმისთვის, რომ, როგორც პოლიტიკურმა ფიგურამ თავი გადაირჩინოს. მისი მმართველობის დროს თუ რამე გაკეთებულა მისი დამსახურებაა, ხოლო თუ რამე გაფუჭდა – სხვების. სააკაშვილმა არ დაიზარა და ხელი პატიმრობაში მყოფი შს მინისტრ ვანო მერაბიშვილისკენ გაიშვირა, – რომ არა ვანო მერაბიშვილის შეცდომები და გადაცდომები, ივანიშვილს ქვეყნის ხელში ჩაგდება გაუძნელდებოდაო. საინტერესოა ვინ აღმოჩნდება სააკაშვილისგან მხილებულთა სკამზე შემდეგი?

ზურაბ ჯაფარიძე

“სააკაშვილს სჩვევია, რომ მის გარშემო ყველამ რაღაცა შეცდომა დაუშვა სადღაც, გარდა საკუთარი თავისა”, – აცხადებს პოლიტიკური მოძრაობა “გირჩის” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, – “სისტემაში სერიოზული პრობლემები რომ იყო, ეს დაინახა უკვე ყველამ, გარდა მიშას ფანატი, ჯიუტი მორწმუნეებისა, რომელთაც მისი სჯერათ. მათ გარდა ყველამ გაიაზრა, რომ მაშინ იყო სისტემაში სერიოზული პრობლემები, რომელიც ივანიშვილმა გადაიბარა. ეს სისტემა არის დღესაც დასაშლელი”.

ვახტანგ მაისაია

ექსპერტ ვახტანგ მაისაიას შეფასებით, სააკაშვილის მიერ წინააღმდეგობრივი შტაბის შექმნა პირდაპირ მიანიშნებს იმაზე, რომ ის კონფრონტაციას ირჩევს. მან არაერთხელ მოუწოდა “ენმ”-ს სახელმწიფო გადატრიალებისკენ, ამბოხისკენ, ფაქტობრივად სამოქალაქო ომი უნდა გაჩაღებულიყო ივანიშვილის წინააღმდეგ, მაგრამ სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან წინააღმდეგობას წააწყდნენ.

სააკაშვილი ჯერ კიდევ “ვარდების რევოლუციის” სურნელით ცხოვრობს და ვერ ეგუება იმას, რომ მისი ხელისუფლების დანაშაულებრივი ქმედებების ვერა და ვერ გამოდგა “ქართული ოცნების” შეცდომების საპირწონედ, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის მოსახლეობას კვლავ მძიმე ტვირთად აწევს სოციალური პრობლემები და სიღარიბე.

როგორც Dalma News-სთან საუბრისას ვახტანგ მაისაიამ განაცხადა, სააკაშვილის ბოლოდროინდელი განცხადებებიდან აშკარად ჩანს, რომ ის თავის თანაგუნდელებსაც აღარ ენდობა და უახლოეს მომავალში ვიხილავთ “ნაციონალური მოძრაობის” რღვევას. პროცესი დაწყებულია. ექსპერტი არ გამორიცხავს, რომ “ენმ”-დან წასულებს დეპუტატი სალომე სამადაშვილიც შეუერთდეს, რომელიც პარტია “ევროპულ საქართველოში” უფრო მეტ დროს ატარებს, “ვიდრე ნაციონალურ მოძრაობაში”. ამდენად, არც ისაა გამორიცხული, რომ სააკაშვილმა პარლამენტშიც დაკარგოს ფრაქცია.

“​​ვაშინგტონმა სააკაშვილი პოლიტიკური გუნდი მთლიანად ჩამოწერა. აშშ-ში სააკაშვილის ვოიაჟები შეწყდა, ევროპის “სახალხო პარტიაშიც” მის მიმართ საკმაოდ სკეპტიკური დამოკიდებულება აქვთ მას შემდეგ, რაც “ალფა ჯგუფის” მსხვილ აქციონერ მიხეილ ფრიდმანთან მისი კავშირი გამჟღავნდა. მიკვირს ჩვენი პროკურატურის, რატომ იჩენენ ასეთი ლოიალობა სახელმწიფო დამნაშავეების მიმართ. მის მიმართ სახელმწიფო გადატრიალების განაჩენის გამოტანა სავსებით სამართლიანი იქნებოდა. სააკაშვილის მიერ წინააღმდეგობის შტაბის შექმნა მოასწავებს იმას, რომ საქართველოსთვის განმეორდეს 1991 წლის სცენარი, შექმნას ალტერნატიული სტრუქტურები”, – აცხადებს ვახტანგ მაისაია.

პაატა ზაქარეიშვილი

სააკაშვილი საკუთარ პარტიას გაემიჯნა, ის დარჩა ქართული და უკრაინული პოლიტიკის მიღმა. პოლიტოლოგ პაატა ზაქარეიშვილის შეფასებით, სააკაშვილმა თვითჩარეცხვა მოახერხა.

ზაქარეიშვილის მოსაზრებით, რაც უფრო მალე გამოვა “ენმ” სააკაშვილის გავლენიდან, მით უფრო სიცოცხლისუნარიანი იქნება ეს პოლიტიკური ძალა და უფრო შეინარჩუნებს თავს ქართულ პოლიტიკურ ლანდშაფტში. სააკაშვილზე ჩამოკიდება უფსკრულში გადაჩეხას ნიშნავს. სააკაშვილი ამას გრძნობს და ამიტომ ქმნის ახალ საფუძველს ახალი პარტიისთვის და “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს ეძახის, – ვინც ჩემთან ხართ, მოდითო.

სააკაშვილის განცხადებებით თუ ვიმსჯელებთ, მას ახალგაზრდებისა და ემიგრანტების მხარდაჭერის იმედი აქვს. ის ხშირად ყვება, როგორი დამოუკიდებლები არიან თანამედროვე ახალგაზრდები, როგორ სტუმრობენ მის “მოკრძალებულ ბინაში”, როგორ ამზადებენ დამოუკიდებლად სადილს, აწყობენ მაგიდას და ალაგებენ ჭურჭელს.

“ახალგაზრდებს, თუ გააბრიყვებს ძალიან დამწყდება გული, იმიტომ, რომ ახალგაზრდები სჭირდება ქართულ პოლიტიკას. მეცოდებიან ის ახალგაზრდები, ვინც შეიძლება სააკაშვილის სამზარეულოში აღმოჩნდეს, იმიტომ, რომ ისინი პარტიაში კი არა, რელიგიურ სექტაში მიდიან. დროზე უნდა ვუთხრათ ამ ახალგაზრდებს, თუ რა დარჩა სააკაშვილის გვარის გარშემო. საქართველოში სულ სხვა გამოწვევები და პრობლემებია, ეს კაცი უკვე არაადეკვატურია და რეალობას ვერ აღიქვამს, ვერც საქართველოში და ვერც უკრაინაში”, – აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი.

მისივე შეფასებით, სააკაშვილმა მოახერხა “ნაციონალური მოძრაობის” გაღატაკება, ხოლო ეს პარტია საქართველოში თუ ისევ პოპულარულია, ეს “ქართული ოცნების” დამსახურებაა. “ოცნებამ” “ენმ” სპატინგ-პარტნიორად დაიყენა. შუა გაკრიფეს, ვინც ცურვა იცოდა, მეორე მხარეს გაცურეს და ნაციონალების მხარეს აღმოჩნდნენ.

“ხელისუფლებას ეგონა, რომ “ენმ” მუდმივ ოპოზიციაში ეყოლებოდა, ფეხზე დაისვა, ის კი თავზე წამოაჯდა. “ნაციონალური მოძრაობის” აღზევების მიზეზები უნდა ვეძებოთ “ქართულ ოცნებაში”, – მიაჩნია პაატა ზაქარეიშვილს.

მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ის ივანიშვილს ფულით ვერ მოუგებს, ამიტომ უკვე მერამდენედ აცხადებს, რომ ქართველი ემიგრანტების ფინანსური მხარდაჭერის იმედი აქვს. პაატა ზაქარეიშვილისთვის აზრით, მიუღებელია ქართველ ემიგრანტებს აჰკიდონ ის ტვირთი, რასაც გაერთიანებული ოპოზიციის დაფინანსება ჰქვია.

“ქართველი ემიგრანტები ისტორიულად ყოველთვის ღარიბები იყვნენ, თუ ვინმე მდიდარი გვყავს ჩვენ, ყველა რუსული ფულითაა გამდიდრებული – პატარკაციშვილი, ბენდუქიძე, ივანიშვილი. ისინი ამ ფულს ხარჯავდნენ საქართველოში, ამას ვერ დავუკარგავთ. ხოლო დასავლეთში წარმატებული ქართველი ბიზნესმენები თუ არიან, მათ საშუალოზე ცოტა მაღალი შემოსავალი შეიძლება ჰქონდეთ. ამიტომ, მათი იმედი არ უნდა ჰქონდეს სააკაშვილს”, – აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი.

მისივე თქმით, თავის დროზე როცა ივანიშვილი მოვიდა ხელისუფლებაში, მან ფული დახარჯა “ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ არსებული განწყობის დასახმარებლად, ზურგის ქარი შეუქმნა მოსახლეობას, რომლისთვისაც ისედაც მიუღებელი იყო “ნაციონალური მოძრაობა”. ახლა, ივანიშვილს მოუწევს ფულის დახარჯვა ქარის საწინააღმდეგოდ, თავის დასაცავად, რადგან დღეს ქარი მის წინააღმდეგ უბერავს. ივანიშვილის ფული აღარ არის შეზავებული ხალხის პროტესტთან.

შორენა პაპაშვილი