აზერბაიჯანში, 9 თებერვალს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. დეპუტატების 125 სავარძლისთვის 5573 საარჩევნო ოლქზე კანდიდატების უპრეცედენტო რაოდენობა – 1314 ადამიანი იყრიდა კენჭს.

არჩევნებში აზერბაიჯანის მოსახლეობის 47,81%-მა, ანუ 5 329 461 ამომრჩევლიდან 2 547 982-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

წინასწარი მონაცემებით, მმართველმა პარტია “ენი აზერბაიჯანმა” გაიმარჯვა და პარლამენტში 74 ადგილი მოიპოვა.

თურქეთის და რუსეთის პრეზიდენტებმა, რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა და ვლადიმერ პუტინმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს არჩევნების ჩატარება მიულოცეს და ახალ პარლამენტს  წარმატებები უსურვეს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აზერბაიჯანს მიულოცა “წარმატებული არჩევნები, რომელიც მოსახლეობის მხრიდან აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ გატარებული რეფორმების მხარდაჭერას ადასტურებს, რაც ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების დემოკრატიზაციისა და მოდერნიზაციისკენ არის მიმართული”.

პარლამენტში სამი ადგილი მოიპოვა პარტია სამოქალაქო სოლიდარობამ, ხოლო თითო ადგილი პარტიებმა: “ერთიანი სახალხო ფრონტი”, “აზერბაიჯანის დემოკრატიული რეფორმები”, “ანა ვეტენი”, “დიდებული წარმოქმნა”, “ვეხდეტი”, “სამოქალაქო ერთობა” და “აზერბაიჯანის დემოკრატიული განათლება”. მათ გარდა მანდატებისთვის 41 დამოუკიდებელი კანდიდატი იბრძოდა.

125 ლიდერ კანდიდატს შორის 21 ქალი და 104 მამაკაცია. ყველაზე ახალგაზრდა დეპუტატი, საბინა ჰასაევა 26 წლისაა, ხოლო ყველაზე ხანდაზმული, ფატახ ჰეიდაროვი – 82 წლის. თუკი წინასწარ სიებს გადავხედავთ, მეექვსე მოწვევის პარლამენტში 44 ახალ სახეს ვიხილავთ.

უპრეცედენტო იყო ადგილობრივი დამკვირვებლების რაოდენობაც. ხმის მიცემის პროცესს 77 790 ადგილობრივი და 883 საერთაშორისო დამკვირვებელი აკვირდებოდა.

დსთ-ს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ვიქტორ გუმინსკიმ  შედეგების შეჯამებისას განაცხადა, რომ  არჩევნები ეროვნული კანონმდებლობის, ასევე  დემოკრატიის, კონკურენციის და თავისუფლების პრინციპების შესაბამისად ჩატარდა. ცესკო არჩევნებისთვის თანმიმდევრულად მოემზადა, ამომრჩევლების და კომისიისთვის ყველანაირი პირობა იყო შექმნილი.

თუმცა, ამ დღეებში ნეგატივიც საკმარისად იყო. გარდა იმისა, რომ თითოეული წარუმატებელი დეპუტატი მიზეზით, თუ უმიზეზოდ სოცქსელში ფოტო და ვიდეო მასალას ავრცელებდა სავარაუდო დარღვევების ფაქტებზე, ეუთოს სადამკვირვებლო მისია, განსაკუთრებით, დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებების ოფისი, მისთვის ჩვეული მანერით, რაც უკვე აზერბაიჯანთან, ასევე რუსეთთან და დსთ-ს რიგ ქვეყნებთან მიმართებაში ტრადიციად იქცა, არჩევნების შედეგები ეჭვქვეშ დააყენა და განაცხადა, რომ თითქოსდა დამკვირვებლებზე ზემოქმედებას და ხმების დათვლისას დარღვევებს ჰქონდა ადგილი.

ამის საპასუხოდ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სსს-მ დამკვირვებლები დაარწმუნა, რომ ეუთოს სადამკვირვებლო მისიის, ასევე დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებების ოფისის მიერ წარმოდგენილი ანგარიში დეტალურად განიხილება.

თავის მხრივ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ცესკოში განაცხადეს, რომ მთელი სერიოზულობით შეისწავლიან ყველა ინფორმაციას და გამოიძიებენ დარღვევების შესახებ მიწოდებულ თითოეულ განცხადებას. კომისიის თავმჯდომარე მაზახირ პანახოვმა პირადად მიმართა თანამოქალაქეებს და მოუწოდა, რომ ყველა ფაქტი ცესკოს მიაწოდონ.

“თუ ვინმეს რაიმე ფაქტი აქვს, დაუყოვნებლივ უნდა წარადგინოთ ცესკოში. გპირდებით, რომ ძალიან სერიოზულ ნაბიჯებს გადავდგამთ. არავის აქვს უფლება აზერბაიჯანის პარლამენტის არჩევნებს ჩრდილი მიაყენოს”, – განაცხადა მან.

სანამ აზერბაიჯანული საზოგადოება არჩევნების ოფიციალურ შედეგებს ელის, Dalma News-ის კორესპონდენტი გაესაუბრა ადამიანებს, რომლებიც არჩევნების პროცესში უშუალოდ მონაწილეობდნენ. ესენია: ბაქოს პოლიტოლოგთა კლუბის ხელმძღვანელი, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი ზაურ მამედოვი და პოლიტოლოგი სახილ ისკანდეროვი.

პოლიტოლოგ ზაურ მამედოვს ეჭვი არ ეპარება, რომ აზერბაიჯანში არჩევნების ძალიან მაღალ დონეზე ჩატარდა. მისი თქმით,  ამ პროცესისადმი ინტერესი დიდი იყო როგორც მოსახლეობის, ისე დამკვირვებლების მხრიდან.

ზაურ მამედოვი

“მარტო საერთაშორისო დამკვირვებელი დაახლოებით 1000 ადამიანი იყო და თითოეულმა მათგანმა არჩევნები დადებითად შეაფასა და მაღალი შეფასებაც მისცა”, – განაცხადა პოლიტოლოგმა.

“არჩევნების კრიტიკა მხოლოდ ეუთოს სადამკვირვებლო მისიის მხრიდან გვესმოდა. ჩვენთვის ცნობილია, რომ ზოგიერთი დასავლური სტრუქტურა ძალზედ მიკერძოებულია და არაობიექტურად აფასებს აზერბაიჯანში მიმდინარე პროცესებს”, – დასძინა მან.

“საინტერესოა, რომ ამ „კანონის დამცველებს“ არც კი აღელვებთ ის ფაქტი, რომ აშშ-ში ამერიკელები თავიანთ არჩევნებში არ უშვებენ, ხოლო საფრანგეთში ისინი თვალს ხუჭავენ კანდიდატების წინასაარჩევნო კამპანიის ძალიან მოკლე პერიოდზე. საერთოდაც, მთელს ევროპაში მსგავსი მაგალითი საკმაოდ ბევრი არსებობს”, – განაცხადა მამედოვმა.

ეუთოს წარმომადგენლები ევროპის ქვეყნებს და შეერთებულ შტატებს საშუალებას აძლევენ გარკვეული სახის დარღვევები დაუშვან, ხოლო პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებს ბევრად უფრო მცირე დარღვევებისთვის მკაცრად აკრიტიკებენ, – დასძინა მამედოვმა.

“ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებების ოფისის, ასევე ზოგიერთი საერთაშორისო ინსტიტუტის მხრიდან მიკერძოებული დამოკიდებულება უკვე ტრადიციად იქცა და ეს მხოლოდ პოლიტიკურ ასპექტს უკავშირდება. ამგვარად, ისინი აზერბაიჯანულ ხელისუფლებაზე გარკვეულად ზემოქმედებას ცდილობენ”, – დარწმუნებულია პოლიტოლოგი.

მისი აზრით, ამ საკითხში აზერბაიჯანისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია დსთ-ს ქვეყნების, კერძოდ რუსეთის წარმომადგენლების მხრიდან მხარდაჭერა.

“რუსეთი დსთ-ს სივრცეში აქტიურ პოლიტიკას აწარმოებს, რაც ხელს უწყობს იმას, რომ თანამეგობრობის ქვეყნები ერთმანეთს კიდევ უფრო მეტად დაუახლოვდნენ. ვითარდება რუსულ-აზერბაიჯანული ურთიერთობები, რომელიც ასეთი თბილი არასდროს ყოფილა”, – დასძინა მან.

“ამას დიდწილად ხელს უწყობს სახელმწიფოს მეთაურების ურთიერთობა, ასევე ის, რომ აზერბაიჯანი მოსკოვის ინტერესებს ყოველთვის ითვალისწინებდა და ითვალისწინებს, ასევე ყოველთვის უწყობდა ხელს რეგიონში რუსული იმიჯის განმტკიცებას. დღეს აზერბაიჯანის იმიჯიც უმჯობესდება. აზერბაიჯანში აქტიურად ხორციელდება წარმატებული რეფორმები, რომლის ნაწილიც რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებია. ამიერიდან ახლადარჩეული დეპუტატების წინაშე ახალი მიზნები და ამოცანები დგას, მათ შორის ქვეყნის იმიჯის განმტკიცების საკითხი”, – დასძინა მამედოვმა.

თავის მხრივ, პოლიტოლოგი სახილ ისკანდეროვი დარწმუნებულია, რომ აზერბაიჯანში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად და ტექნოლოგიური მიღწევების, რომელსაც მთელს მსოფლიოში იყენებენ, გათვალისწინებით ჩატარდა.

სახილ ისკანდეროვი

“დილის 8 საათიდან საღამოს 7 საათამდე თითოეულ მოქალაქეს შეუზღუდავი შესაძლებლობა ჰქონდა ხმა სასურველი კანდიდატისთვის მიეცა. ხალხი საარჩევნო უბნებზე მივიდა და თავისი ნება დააფიქსირა, მიუხედავად იმისა, რომ უქმე დღე და არც თუ სახარბიელო ამინდი იყო. (სწორედ ამ დღეს, ბაქოში გამოცხადებული იყო ქარიშხალი, ხოლო ტემპერატურა მინუს ერთ გრადუსამდე დაეცა – ავტ.). ბევრმა შესაძლოა 48%-იანი აქტივობა უმნიშვნელოდ ჩათვალოს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბოლო დროს ბევრ დასავლურ ქვეყანაში, რომლებიც საარჩევნო პროცესების მაგალითს იძლევიან, ამომრჩევლების აქტივობა 30%-ია”, – განაცხადა პოლიტოლოგმა.

“ამ ფაქტორისა და ცუდი ამინდის პირობების გათვალისწინებით, სავსებით სამართლიანად შეგვიძლია ვთქვათ, რომ 47,81%-იანი აქტივობა – ძალიან კარგი მაჩვენებელია”, –  დასძინა მან.

“ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლების ანგარიშების თანახმად, თითოეულ საარჩევნო უბანზე ყველა საჭირო პირობა იყო შექმნილი. განსაკუთრებულად იზრუნეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე. გარდა ამისა, ცესკომ მათთვის, ვისაც სახლიდან გასვლა არ შეეძლო, სპეციალური გადასატანი ყუთები მოამზადა. გარდა ამისა, უბნებზე დამონტაჟებული იყო ვებკამერები, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იყო ყველაზე რთულად მისაღწევ რეგიონებში არსებულ საარჩევნო უბნებზე დაკვირვება. დამკვირვებლებმა ასევე აღნიშნეს, რომ რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით არსებული ზეწოლის მიუხედავად ცესკომ არჩევნების ორგანიზებისთვის სერიოზული სამუშაო გასწია. ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ არჩევნები ეროვნული კანონმდებლობის და თანამედროვე საარჩევნო ტრადიციების შესაბამისად ჩატარებულიყო”, – განაცხადა პოლიტოლოგმა.

რაჰიმ ზაკიროღლუს ფოტო

“ეს არჩევნები აზერბაიჯანისთვის კანდიდატების რეკორდული რაოდენობის თვალსაზრისით მართლაც გამორჩეული იყო.  ეს ადასტურებს იმას, რომ აზერბაიჯანის ხელმძღვანელობა დაინტერესებულია ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განვითარებით და საერთაშორისო-სამართლებრივი ნორმების შესაბამისი არჩევნების ჩატარებით“, – მიაჩნია ისკანდეროვს.

ექსპერტის აზრით, აზერბაიჯანის საარჩევნო სისტემამ დაადასტურა, რომ იგი შედგა. ასევე, ამომრჩეველთა მაღალმა აქტივობამ და იმან, რომ არჩევნებში მტკიცე გამარჯვება მმართველმა პარტიამ მოიპოვა, აჩვენა აზერბაიჯანის ლიდერის მიერ გატარებული რეფორმების მხარდაჭერა.

”დემოკრატიული და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარების თვალსაზრისით, აზერბაიჯანმა წინ კიდევ ერთი და ძალზედ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა”, – მიაჩნია პოლიტოლოგს.

რაც შეეხება ეუთოს სადამკვირვებლო მისიას, ისკანდეროვის აზრით, მათი არაკორექტული და მიკერძოებული შეფასებები მოსალოდნელი იყო. მისივე თქმით, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებების ოფისი ორმაგ სტანდარტებს აზერბაიჯანის გარდა პოსტსაბჭოთა სივრცის სხვა ქვეყნებთან მიმართაც იყენებს და ეს უკვე დიდი ხანია აღარავის უკვირს.

“ძალზედ სასიხარულოა, რომ აზერბაიჯანის ცესკომ თითქმის მაშინვე გამოაქვეყნა მკაცრი განცხადება, კომისიაში მიღებული თითოეული საჩივრის განხილვის თაობაზე. რომელიმე ფაქტი თუ დადასტურდება – დამნაშავეები დაისჯებიან”, – დასძინა ისკანდეროვმა.

“აზერბაიჯანი თავის თანმიმდევრულ პოლიტიკას განაგრძობს. ჩვენ არასდროს ვამბობდით, რომ ჩვენთან ყველაფერი იდეალურადაა. მაგრამ, თუკი ამ პატარა ქვეყანაში სულ მცირე დეტალის მიმართაც ძალზედ სკურპულოზურები ხართ, მაშინ სხვა ქვეყნებში, იგივე აშშ-ში განსხვავებული პოზიცია რატომ გაქვთ?!”, – დაასკვნა პოლიტოლოგმა.

ალექსანდრა ზუევა