საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ტერიტორიული კონფლიქტებისგან წელში გაწყვეტილი სამხრეთ კავკასიის რეგიონის ქვეყნები, კვლავაც ცდილობენ საერთო მონახონ და მომავალმა თაობამ იმ წერტილიდან გააგრძელოს ურთიერთობები, სადაც მათი მამების თაობა შეჩერდა. კავკასიური ჯაზის ფესტივალის შექმნაც ერთგვარად ამ იდეას ემსახურება, რომელიც პირველად 2010 წელს განხორციელდა და ქართველ, აზერბაიჯანელ და სომეხ ახალგაზრდებს, პოლიტიკისაგან თავისუფალ გარემოში ურთიერთობის საშუალება მიეცათ. ფესტივალის იდეა მევიოლინე ელენე მეჩითოვას ეკუთვნის. რატომ გააკეთა კლასიკოსმა მუსიკოსმა არჩევანი ჯაზზე და როგორ შეძლო ამ რთული მისიისთვის გაერთმია თავი, ამის შესახებ მეჩითოვა Dalma News-ს ესაუბრა.

– როგორ გაჩნდა კავკასიური ჯაზის ფესტივალის იდეა?

– ფესტივალის იდეა ჯერ კიდევ ჩემი სტუდენტობისას გაჩნდა. კონსერვატორიაში ვიოლინოს სპეციალობით ვსწავლობდი. კონკურსებში მონაწილეობის მისაღებად, მეზობელი ქვეყნებიდან ჩამოდიოდნენ ახალგაზრდა მუსიკოსები, თუმცა ჩვენს შორის კომუნიკაცია არც ისე ხშირად მყარდებოდა. ძალიან მინდოდა უკეთესად გაგვეცნო ჩვენი თანატოლები თუ კოლეგები მეზობელი ქვეყნებიდან, სულ ვფიქრობდი, რა გზით შეიძლებოდა ამის გაკეთება. თავიდანვე ვიცოდი, რომ ეს ფესტივალი უნდა ყოფილიყო. იმ ხანებში უკვე, არტ-როკ ჯგუფ “სინათლის წელიწადში” ვუკრავდი და საორგანიზაციო საქმიანობის გარკვეული გამოცდილებაც მქონდა. ფესტივალის მუსიკალურ მიმართულებად ავირჩიე ჯაზი, რადგან ეს არის თავისუფლების, მშვიდობის, ტოლერანტობის და მეგობრობის სიმბოლოც. ჯაზი ასევე გვაძლევს ჯემ სეიშენების საშუალებას, სადაც მუსიკა ხდება მუსიკოსებს შორის კომუნიკაციის ინსტრუმენტი. წარმოიდგინეთ, შეგიძლიათ გამოხვიდეთ ერთ სცენაზე თქვენთვის უცნობ მუსიკოსთან ერთად და იმპროვიზაციული შესრულების საშუალებით ააწყოთ მთელი წარმოდგენა.

– რა პრობლემებთან უწევს ფესტივალს გამკლავება?

– თავდაპირველად ეს იყო კომუნიკაციის პრობლემა. მას შემდეგ, რაც დაიშალა საბჭოთა კავშირი და რეგიონში ტერიტორიული კონფლიქტები გაჩაღდა, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის კულტურული ურთიერთობების დამყარებისთვის აღარავის ეცალა. დრო, სულ უფრო გვაშორებდა ერთმანეთს. პირველი ფესტივალისთვის მეზობელ ქვეყნებთან კომუნიკაცია აშშ-ს საელჩოების დახმარებით დავამყარეთ. ფესტივალიც მათი ფინანსური მხარდაჭერით ჩავატარეთ. ჩამოვიყვანეთ მანჰეტენის მუსიკალური სკოლის პროფესორი, რომელიც ამეცადინებდა ქართველ, სომეხ და აზერბაიჯანელ მუსიკოსებს გალა კონცერტისთვის. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც 20 წლიანი პაუზის შემდეგ ერთ სცენაზე სამი ერის წარმომადგენელი უკრავდა. დღესდღეობით კომუნიკაციის პრობლემა არ გვაქვს, თუმცა, არსებობს საკმაოდ დიდი ფინანსური პრობლემები. ფესტივალს არ აქვს კომერციული დაინტერესება, კონცერტებზე დასწრება ძირითადად თავისუფალია. ფინანსურ მხარდაჭერას კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და თბილისი მერიისგან ვღებულობთ. გვყავს ასევე პარტნიორი კომპანიები, რომლებიც გვამარაგებენ წყლით და ქართული ღვინით. ყველაზე სასიამოვნო მომენტია, კონცერტის შემდეგ ღვინის ჭიქით ხელში საინტერესო ისტორიების მოყოლა, რაც ძალიან უყვართ ჩვენს მუსიკოსებს.

– რის მიხედვით არჩევთ ჯგუფებს?

– უნდა იყოს საინტერესო პროგრამა, საავტორო მუსიკა და იყენებდნენ ტრადიციული ფოლკლორული ინსტრუმენტებს, ან ჰანგებს. ვცდილობთ წავახალისოთ ეთნოჯაზის მიმართულება. ამიტომ ჩამოგვყავს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები, რათა მათი მუსიკით გავიცნოთ მათი ქვეყნის კულტურა.

– როგორია მუსიკოსებს შორის დამოკიდებულება ფესტივალს მიღმა? 

– ძალიან კარგი. მეტსაც გეტყვით, მთელი წლის განმავლობაში ელოდებიან ახალ ფესტივალს, რომ ისევ მოხვდნენ თბილისში და ნახონ მეგობრები. იყო შემთხვევები, როდესაც ერთობლივად გამართეს კონცერტები, ჩაწერეს ალბომები სხვა ფესტივალში მონაწილეობისთვის. ეს იმას ნიშნავს, რომ ფესტივალს აქვს კარგი შედეგი.

– თბილისის გაზრდა თუ აპირებთ კონცერტები რეგიონის სხვა ქალაქებშიც გამართოთ?

– რასაკვირველია ამაზეც ვფიქრობთ, მაგრამ ინფრასტრუქტურულად ცოტა რთულია, თუმცა შესაძლებელი. გვქონდა შემოთავაზება ფესტივალი ჩაგვეტარებინა სომხეთსა და აზერბაიჯანში, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ შესაძლოა მუსიკოსებს პრობლემები შეექმნათ, მაინც ნეიტრალურ ადგილს ვირჩევთ, რომელიც ყველასთვის მისაღებია. შარშან თბილისს გავცდით და დასკვნითი კონცერტი ახალციხის რაბათის ციხეში ჩავატარეთ. ამისთვის კი მეტი ფინანსური რესურსია საჭირო, რაც სამწუხაროდ, ამ ეტაპზე არ გაგვაჩნია. თუმცა, ვმუშაობთ იმაზე, რომ გარკვეული შემადგენლობები ევროპულ და ამერიკულ ფესტივალებზე გავიყვანოთ. ჯეიმი ებერსოლდის სკოლის მოწვევით წელს, ორი ქართველი მუსიკოსი იყო წასული ლუისვილის ჯაზ ფესტივალზე. მანამდე კი ამ სკოლის პროფესორები მოვიწვიეთ საგანმანათლებლო პროგრამის ჩასატარებლად.

– ფესტივალის საზღვრების გაფართოებას თუ გეგმავთ?

– საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი არიან ტრადიციული მონაწილეები, რომლების გარეშეც ეს ფესტივალი ვერ წარმომიდგენია. მესამე წელია თურქეთიც მონაწილეობს და Kavkaz Jazz ფესტივალის ოჯახის წევრი გახდა. ასევე, მონაწილეობა მიიღეს მუსიკოსებმა და ჯგუფებმა აშშ -დან, გერმანიიდან, ლიტვადან, ირანიდან, პოლონეთიდან, ავსტრიიდან და სხვა. ჩვენ არ ვქმნით საზღვრებს, პირიქით, “საზღვრებს ვაჯაზებთ”.

– კავკასიის ქვეყნებს შორის პოლიტიკური დაძაბულობის მიუხედავად, თქვენის აზრით, არსებობს მეგობრული ურთიერთობების დამყარების რესურსი?

– ეს რომ ასე არ ყოფილიყო, ფესტივალიც არ იარსებებდა. ყოველ წელს იზრდება ჩვენი კავკასიური წრე. კულტურის სფეროში მოღვაწე ადამიანები მეტ პასუხისმგებლობას გრძნობენ და ერთმანეთისადმი, როგორ პიროვნულ, ისე შემოქმედებით პატივისცემა იჩენენ. ამიტომ მნიშვნელოვანია სახალხო და კულტურული დიპლომატია, რათა ურთიერთობები სრულიად არ გაწყდეს. ყველას გვაქვს იმედი, რომ პოლიტიკური პრობლემები ოდესმე მოგვარდება და ჩვენ მომავალში ერთმანეთისთვის უცხო ადამიანები არ ვიქნებით.

– რით არის უნიკალური კავკასიური ჯაზი?

– თავისუფლად შემიძლია გითხრათ, რომ ჯაზის ყველაზე საინტერესო წარმომადგენლები არიან კავკასიის ქვეყნებიდან. პირველი ჯაზ ფესტივალი თბილისში ჩატარდა. 1938 წლიდან სომხეთში უკვე საესტრადო ორკესტრიც არსებობდა. ვაგიფ მუსტაფა ზადემ აზერბაიჯანში შექმნა მუღამ ჯაზი. პატარა რეგიონისთვის და საბჭოთა კავშირის პერიოდში, არც თუ პატარა მიღწევები გვაქვს.

– როგორ ახერხებთ ასეთი ნაზი არსება ამხელა საქმეს შეეჭიდოთ?

– ბავშვობიდან ძალიან აქტიური ბავშვი ვიყავი. ბევრ რამეს ვკიდებდი ხელს და სწრაფად მბეზრდებოდა. ზოგადი განათლებისთვის კი კარგი იყო. თუ მაქვს ენერგია – ესე იგი დასახარჯია და ჯობია სასარგებლოდ დაიხარჯოს. ზოგჯერ მაქვს პესიმისტური პერიოდები, მაგრამ სწრაფად ვერევი და მეორე დღეს ახალი გამოწვევებისთვის ვარ მზად. შესაძლოა სუსტი და ნაზი ვჩანვარ, მაგრამ მებრძოლი ხასიათი მაქვს. მიყვარს გამოწვევების გადალახვა.

– როგორ გაიარეთ გზა კლასიკური მუსიკიდან ჯაზისკენ?

– 18 წელი ვუკრავდი ვიოლინოზე, კონსერვატორიაც დავამთავრე. სწავლისას ხშირად შევდიოდი საესტრადო განყოფილებაში, რომ მომესმინა, როგორ უკრავდნენ ჯაზს. მეც მინდოდა, მაგრამ მგონია, რომ იმპროვიზაციას ცხოვრებაში ვერ შევძლებ. არც მიცდია. საკმაოდ შორს ვიყავი ჯაზისგან, უფრო კლასიკას და როკს ვუსმენდი. ვიოლინო დღემდე არის ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე წელია აღარ ვუკრავ. არ მხიბლავდა ორკესტრში დაკვრის პერსპექტივა, არც სოლო კარიერისთვის დღე და ღამ მეცადინეობა მინდოდა. ვერ ვიყავი ისეთი თავდადებული, როგორიც საჭიროა. სიმართლე გითხრათ, ახლა მინდა ისევ დავიწყო მეცადინეობა. სიამოვნებით მივიღებდი მონაწილეობას Кavkaz jazz ფესტივალში. ალბათ, ღირს ვცადო.

ესაუბრა შორენა პაპაშვილი