იაპონელებმა მას “მაგარი გული”, ანუ ტოჩინოშინი შეარქვეს (Tochinoshin Tsuyoshi, 栃ノ心 剛). ქართველი სუმოისტის წარმატება, 2018 წლის 27 იანვარს, იაპონიასთან ერთად საქართველომაც იზეიმა. ჰაცუ ბაშოში 15-დან 14 წარმატებული ბრძოლის შემდეგ ტოჩინოშინიმ, თავის კარიერაში პირველად აღმართა “იმპერატორის თასი”. თასი არა მხოლოდ დიდი, საკმაოდ მძიმეც აღმოჩნდა. მასზე, ყველა იმ სუმოისტის სახელია ამოტვიფრული, ვინც ჩემპიონი გამხდარა. ქართველი სუმოისტის, ლევან გორგაძეს დებიუტი 2006 წლის მარტში შედგა, 2008 წლის მაისში კი, მაკუუჩი ლიგის (უმაღლესი დივიზიონი) წამყვან პოზიციებს მიაღწია, მაგრამ მუხლის ტრავმის გამო ხანგრძლივი პაუზის აღება მოუხდა. სუმოს 2014 წელს დაუბრუნდა და ასპარეზობა მაკუშიტა (მესამე დივიზიონიდან) დაიწყო. Dalma News-ი ლევან გორგაძეს ესაუბრა.

​- გვიამბეთ თქვენს შესახებ, სად დაიბადეთ და როდის წახვედით უცხოეთში?

– მოგესალმებით. დავიბადე 1987 წლის 13 ოქტომბერს. გავიზარდე მცხეთის რაიონ სოფელ ძეგვში, ზაზა გორგაძისა და ნუნუკა მარკარაშვილის ოჯახში. 7 წლის ვიყავი სპორტზე რომ შევედი. ვვარჯიშობდი ძიუდო სამბოში და ქართულ ჭიდაობაში. ძიუდოში ვარ ბავშვთა ოლიმპიური ვერცხლის პრიზიორი. ჭიდაობა სამბოში ვარ ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონი და რამდენიმე საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული. ასევე, ვარ საქართველოს ჩემპიონი ძიუდო სამბოსა და ქართულ ჭიდაობაში. მსოფლიოს სამგზის პრიზიორი სუმოში.

​იაპონიაში 2005 წლის ზაფხულში ჩამოვედი და რამდენიმე თვეში პროფესიონალურ სუმოში დავიწყე ჭიდაობა.

– როგორია მიგრანტის ცხოვრება და გაგიჭირდათ თუ არა თავის დამკვიდრება უცხო გარემოში?

– რა თქმა უნდა ძალიან გამიჭირდა. ჩემთვის ძნელი იყო განსხვავებული ტრადიციების მქონე, უცხო ქვეყანაში ცხოვრების დაწყება. ყველაფერი უცხო იყო ჩემთვის. სუმო იაპონიაში მხოლოდ სპორტის სახეობა არა არის, ის არის ძველი, იაპონური ტრადიციების ნაკრები. მაგრამ უკვე იმდენი წელია აქ ვცხოვრობ და ისე მივეჩვიე აქაურობას, აღარ ვგრძნობ თავს ემიგრანტად!

– რით მოგხიბლათ იაპონიამ?

– იაპონელები ზედმიწევნით წესრიგის მოყვარული ხალხია. ძალიან მშვიდი ერია. ქვეყანა – ძალიან მოწესრიგებული.

– როდის დაინტერესდით სპორტის ამ სახეობით და რატომ?

– იაპონიაშია პირველად 2004 წელს, სუმოში მსოფლიო ჩემპიონატზე ჩამოვედი. 2005 წლს კიდე ვიჭიდავე მსოფლიო ჩემპიონატი. მაშინ, როდესაც იაპონიაში ჩამოვედი, საქართველოში ცხოვრება ჭირდა; სპორტსმენებს არ გვქონდა დაფინანსება. მძიმე დრო იყო. ყველა ცდილობდა საზღვარგარეთ წასვლას და კარიერის აწყობას. მეც მაგიტომ გადავწყვიტე საქართველოდან წასვლა და ისევე, როგორც სხვა ძალიან ბევრმა ქართველმა სპორტსმენმა.

– რა არის სუმოში მთავარი სირთულე?

– სუმოში მთავარი სირთულე, ალბათ, ვარჯიშია. 06:00 საათიდან 11:00 საათამდე, თუმცა კიდევ სხვა ძალიან ბევრი სირთულე გვაქვს. სუმო, როგორც ოფიციალური სპორტი XVII საუკუნის შემდეგ არსებობს. მისი წესები საუკუნეების განმავლობაში, კულტურული ნორმებისა და რიტუალების მიხედვით ყალიბდებოდა.

– წონის მოსამატებლად განსაკუთრებული კვებაა საჭირო, თუ უბრალოდ მადიანად ვახშმობთ?

– სუმოისტები დღეში ორჯერ ვიკვებებით. განსაკუთრებულს არაფერს ვჭამთ, უბრალოდ იმდენ ენერგიას ვხარჯავთ, დამშეულები რომ შევესევით და შევჭამთ ცოტას, ალბათ, წონაში ეგ გვამატებინებს.

– რამდენად განსაზღვრავს წონა სიძლიერეს?

– ზოგს ჰგონია, წონას რომ მოიმატებს და გასუქდება, გაძლიერდება და მეტი ძალა ექნება, მაგრამ ასე არაა. როცა კარგად ვარჯიშობ და კარგი კვებით წონას იმატებ, აქ უკვე კუნთები იზრდება და არა მარტო ქონები. ასე რომ კარგად ვარჯიში, კვება და ენერგიით ივსება ორგანიზმი.

– ამბობენ იაპონური რთული ენააო, გაგიჭირდათ მისი სწავლა?

– თავიდან რა თქმა უნდა გამიჭირდა. აქ რომ ჩამოვედი ერთი სიტყვაც არ ვიცოდი, მაგრამ ადვილად ავითვისე. როგორც ჩვენში ამბობენ, – გაქცეულს მოვაბრუნებო, მასეთ დონეზე დაახლოებით ერთ წელიწადში ვიცოდი იაპონური.

– ტოჩინოშინი რატომ დაირქვით?

– ეს სახელი კლუბის პრეზიდენტმა დამარქვა და “მაგარ გულს” ნიშნავს.

– ერთი პერიოდი ტრავმის გამო ხანგრძლივი პაუზა გქონდათ. როგორ მიიღეთ ტრავმა, გვიამბეთ იმ პერიოდის შესახებ?

– 2013 წლის ნაგოია ბაშოზე შეჯიბრის დროს გამიტყდა მარჯვენა მუხლის ჯვარედინი მყესები, რის გამოც დაახლოებით ერთი წლის გამოტოვება დამჭირდა დოჰიზე დასაბრუნებლად, მაგრამ ღმერთის წყალობით ჩემი ძალებით მოვახერხე და დავუბრუნდი აქტიურ სპორტს.

– როგორია იაპონელების ცხოვრების რიტმი?

– როგორც საათი, ოღონდ კარგად რომ მუშაობს და ჩამორჩენა, ან გაჩერება რომ არ სჩვევია. ასეთია იაპონელების ყოველდღიურობა.

– იაპონური სამზარეულო თუ გიყვართ და რომელ კერძებს გამოყოფდით?

– ძალიან საინტერესო და გემრიელი სამზარეულო აქვთ. ხორცი და ასევე ზღვის პროდუქტები! ისეთი საჭმელები არ აქვთ, რომელიმე რომ არ მიყვარდეს და ვერ ვჭამდე.

– თქვენ თვითონ თუ გიყვართ კერძების მომზადება, ხართ გურმანი?

– ოოო, აი ეგ კარგი კითხვაა. ძალიან მიყვარს კერძების მომზადება და რა თქმა უნდა ჭამაც.

– ქართული კერძებით თუ უმასპინძლდებით იაპონელებს?

– კი, სახლში ხშირად ვამზადებ ქართულ კერძებს და ყველას, ვინც გასინჯა, ძალიან მოეწონათ.

– სპორტსმენისთვის მოგებასთან ერთად, წაგებაც ბუნებრივია, თუ წაგიგიათ ისე, რომ გეთქვათ, – სუმო ჩემი საქმე არ არისო?

– წაგების სიმწარე თუ არ გამოგიცდია, ვერც მოგების სიხარულს იგრძნობ. ხშირად წამიგია და წაგების მერე უფრო მიჩნდება მოგების სურვილი.

– თუ გიფიქრიათ იმაზე, საქართველოში რომ დარჩენილიყავით, იქნებოდით თუ არა წარმატებული?

– სპორტი ყოველთვის მაინტერესებდა. მიყვარდა ვარჯიში და ალბათ, სადაც არ უნდა ვყოფილიყავი წარმატებული კარიერა მექნებოდა.

– ყველაზე მეტად რა გენატრებათ?

– საქართველო მენატრება და ყველაფერი მენატრება ჩვენებური. მიუხედავად იმისა, რომ აქაურობას ძალიან შევეჩვიე, სამშობლოსკენ მიწევს გული. ალბათ, ეს მონატრება მაძლევს ძალასაც. თუნდაც იმით, რომ ქვეყანა, რომელიც მენატრება, ჩემი ერი, ჩემი საქართველო მამხნევებს და მგულშემატკივრობს. მადლობას ვუხდი ამისთვის თითოეულ ქართველს და რა თქმა უნდა მენატრება ჩემი შვილი, რომელიც ჯერ არ მინახავს.

– რა სამომავლო გეგმები გაქვთ?

– სამომავლო გეგმებს, რაც შეეხება, ყველაფერს გავაკეთებ რომ ოზეკი გავხდე და კიდევ ერთხელ წარმოვაჩინო ჩემი საქართველო და გავახარო გულშემატკივარი.

P.S. უმაღლესი დივიზიონის ტურნირში ტოჩინოშინი მესამე მაეგაშირას სტატუსით მონაწილეობდა. სუმოს სამყაროში წოდებები ასეა გადანაწილებული: 1 – იოკოძუნა, 2 – ოძეკი, 3 – სეკივაკე, 4 – კომუსუბი და მაეგაშირები.

ესაუბრა შორენა პაპაშვილი