ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენზე, ყარსის პროვინციის ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა, – იტყობინება “რია ნოვოსტი” სააგენტო Anadolu-ზე დაყრდნობით.

როგორც Trend-ი არკვევს, აფეთქების დროს მილსადენში თითქმის არ იყო ბუნებრივი აირი, რადგან მილსადენისთვის გაზის მიწოდება 2 აგვისტოდან შეწყდა აზერბაიჯანის “შაჰ-დენიზის” საბადოზე მიმდინარე ტექნიკური სამუშაოების გამო, რომელიც თურქეთს სწორედ ამ მილსადენით აწვდის გაზს.

გაზსადენი ბაქო-თბილისი-ერზერუმი, რომელიც ასევე ცნობილია სამხრეთ კავკასიის მილსადენის სახელით, “შახ-დენიზის” საბადოდან აზერბაიჯანული გაზის ექპორტირებას ახორციელებს. მილსადენი სათავეს ბაქოს ახლოს იღებს, გადის საქართველოს ტერიტორიაზე და მთავრდება თურქეთის ერზერუმში, სადაც მდებარეობს გაზის გამანაწილებელი ცენტრი.

სააგენტო АПА-ს ინფორმაციით, ბაქო-თბილისი-ერზერუმის მაგისტრალურ გაზსადენზე მომხადრ აფეთქებას, რომელიც თურქეთის პროვინცია ყარსის მონაკვეთზე 4 აგვისტოს დილით მოხდა, აზერბაიჯანი არ დაუზარალებია. ამის შესახებ იტყობინება SOCAR-ის პრესსამსახურის ხელმძღვანელი ნიზამედინ გულიევი.

“აღნიშნული მონაკვეთის დაცვას უზრუნველყოფს თურქული მხარე, კომპანია Botaş-ი. ჩვენ მათთან კავშირი გვაქვს. საბედნიეროდ, აფეთქებამდე 8-9 საათით ადრე, აღნიშნულ მონაკვეთზე ბუნებრივი აირის მიწოდება, გეგმიური სამუშაოების გამო შეწყვეტილი იყო. ამიტომ, ბაქო-თბილისი-ერზერუმის მონაკვეთზე მომხდარი აფეთქების გამო აზერბაიჯანი არ დაზარალებულა. აფეთქების მიზეზები დგინდება. დამატებითი ინფორმაცია გამოქვეყნდება,” – გულიევის ციტირებას ახდენს სააგენტო АПА.

აფეთქების მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. არ გამოირიცხება ტერაქტის ვერსია. პროვინცია ყარსის გუბერნატორი გიუნაი ოზდემირი აცხადებს, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება, რეგიონისთვის საწვავის მიწოდება შეწყვეტილია. დგინდება აფეთქების მიზეზები, რომელიც ტყის მიდამოებში მოხდა.

ხანძრის ტყეში გავრცელების თავიდან აცილება მოხერხდა. თვითმხილველთა თქმით, აფეთქების ხმა 20 კილომეტრის მანძილზე გაისმა.