დაახლოებით 25 წელია, რაც სომხეთის დედაქალაქის ყოველი ახალი ადმინისტრაცია საზოგადოებრივი ტრანსპორტის სფეროში ფართომასშტაბიანი რეფორმების გატარებით იმუქრება, თუმცა ჯერჯერობით, კარგი არაფერი მომხდარა. ამჟამინდელმა მუნიციპალიტეტმა თითქოს ამ მიმართულებით მუშაობა დაიწყო, გაჩნდა ახალი ავტობუსები, რომლებიც ჩაანაცვლებენ მოუხერხებელ და ხშირად სახიფათო მიკროავტობუსებს, ე. წ.  გაზელებს. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ძველი პრობლემები დარჩა და ახალიც დაემატა.

ასე რომ, ათობით წლის მანძილზე მომუშავე მიკროავტობუსები, რომლებშიც მგზსვრები ჭადრაკის ცხენის პოზაში იყვნენ, სწრაფად ჩაბარდა წარსულს. ისინი ჩაანაცვლეს ჩვეულებრივმა ავტობუსებმა, რომლებშიც გრილა (თუ კონდიციონერი ჩართულია და მძღოლს ცხელი და ცივი ჰაერის მიწოდების ღილაკები არ ერევა), მგზავრი თავისუფლად დგას და ფიზიკურად ნაკლებად იტანჯება. მაგრამ ეს, ალბათ, აღნიშნული რეფორმის ერთადერთი უპირატესობაა.

მართალი გითხრათ, როცა მერია ავტობუსის გამოცვლის საკითხის 1 სექტემბრამდე მოაგვარებას დაგვპირდა, არ დავიჯერე, რადგან არც კი მახსოვს, დამოუკიდებელი სომხეთის უახლეს ისტორიაში ერევნის რომელმა მერმა შეასრულა დაპირება.  მაგრამ ამ შემთხვევაში, თუ ვიმსჯელებთ იმაზე, თუ რა გაკეთდა და რამდენ ხანში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მერიამ დაპირება შეასრულა.

თუმცა, შესრულებულად შეიძლება დაპირების მხოლოდ მცირედი ნაწილი ჩაითვალოს. პრობლემა კვლავაც უამრავია: ძველი და მოუხერხებელი მიკროავტობუსები ყველგან არ შეცვლილა; ტრანსპორტი დაგვიანებით დადის და იმედი არ გაქვს, რომ სამსახურში, ან სასწავლებელში არ დააგვიანებ.

ახალ, ტევად და გრილ ავტობუსებს 40 წუთი უნდა ელოდო. რა თქმა უნდა, ასეთი საშინელი ინტერვალი გულისხმობს იმას, რომ მოსული სატრანსპორტო საშუალება ხალხით იქნება სავსე და თუ გაგიმართლათ და შეხვედით, სანამ დანიშნულების ადგილამდე მიხვალთ, კიდევ ერთხელ დაფიქრდებით, რა გირჩევნიათ – ჭადრაკის ცხენის პოზაში მგზავრობა, თუ თუნუქის ქილაში ხამსასავით ჩაპრესვა.

ავტობუსის მძღოლები, რასაკვირველია, ცდილობენ რაც შეიძლება მეტი მგზავრი აიყვანონ (რა თქმა უნდა, ქველმოქმედების კი არა, პირადი სარგებლის გამო: მგზავრობის საფასურს პირდაპირ მათთან იხდიან), მაგრამ ხანდახან ეს ფიზიკურად შეუძლებელია და ზოგიერთი იძულებულია შემდეგ ავტობუსს კიდევ 30-40 წუთი ელოდოს, რომელიც ასევე მგზავრებით სავსე მოვა. შედეგად, ეს ავტობუსები ორჯერ უფრო მეტად იტვირთებიან, ვიდრე ეს მათი საექსპლუატაციო პირობებით არჯს გათვლილი. ალბათ, ექსპერტობა არაა საჭირო მიხვდე, რომ ასეთ პირობებში ავტობუსი დიდხანს ვერ გაძლებს.

მაგალითად, ერევნის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული რაიონის – სამხრეთ-დასავლეთ მასივის მაცხოვრებლები შიშით ელიან, მიკროავტობუს # 70-ის, რომელიც მისაბაძი პუნქტუალურობით მუშაობს, ახალი ავტობუსით ჩანაცვლებას, რადგან ამ ავტობუსების მუშაობის განრიგით კმაყოფილი არავინაა.

სამართლიანობისთვის, უნდა ითქვას, რომ ახალ მარშრუტებს შორის არის ისეთებიც, რომლებიც მოკლე ინტერვალებით მუშაობენ, თუმცა ასეთი ძალიან ცოტაა და ეს პრობლემას ვერ წყვეტს. ისეთი შემთხვევებიც არის, როცა ავტობუსი ერთი საათით აგვიანებს და მოულოდნელად ორი ერთად მოდის.  შემდეგ მძღოლები ერთმანეთში იწყებენ გარკვევას, ვინ სად „შეანელა“, ვინ სად ჩამორჩა განრიგს და ასე გრძელდება რამოდენიმე წუთი. ცხადია, ამ ორის შემდეგ მესამე ავტობუსი უკვე საათნახევარში შეიძლება მოვიდეს…

კიდევ ერთი უბედურება: ღამის ბოლო რეისის დროს ვერასოდეს გამოიცნობთ. 22:00 საათის შემდეგ ერევანში საზოგადოებრივი ტრანსპორტი თითქმის აღარ ფუნქციონირებს. რა თქმა უნდა, არის მიკროავტობუსები, რომლებიც შუაღამემდე მუშაობენ, მაგრამ ძალიან ცოტა და ძირითადად ისეთები, რომლებიც ათწლეულებია ფუნქციონირებენ და ვშიშობთ, დედაქალაქის მერიის რეფორმაციული ხელი მათაც შეეხებათ.

ზოგადად, როგორც ჩანს, ერევანში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამარტივების პროცესი ტაქსის მძღოლების შემოსავლების გასაზრდელად მიმდინარეობს. წინა წელთან შედარებით, მათი შემოსავალი უკვე 2-2,5-ჯერ გაიზარდა.  ადამიანი სიცხეში, ან სიცივეში ავტობუსის გაჩერებაზე, დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში დგანან, ან ვისაც საზ. ტრანსპორტი 22:30 საათზე სჭირდება, მათ რა უნდა მოიმოქმედონ? მართალია, ტაქსის შეუბრალებელ მძღოლებს უნდა ჩაუვარდნენ ხელში, მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ, დედაქალაქის მეტრო ქალაქის გარეუბნებამდე არ მიდის და თან სოფლის კლუბის განრიგით, 23:00 საათამდე მუშაობს.

ვიმედოვნებ, მერია საზოგადოებრივი ტრანსპორტის განრიგის და მისი მუშაობის საათების გამარტივებას შეძლებს. თუმცა ამას არ დაგვპირებიან და შესაძლოა თქვან, რომ პირობა შეასრულეს: ჩვენ ახალი ავტობუსები შემოგიყვანეთ და ის, თუ როგორ დადიან სულ სხვა საკითხია. გვიანობამდე ნუ გაჩერდებით სტუმრად და კაფეში, ან რესტორანში. პირიქით, ზაფხულის სიცხეში, საღამოობით სახლთან ახლოს ისეირნეთ და პრობლემაც აღარ იქნება. გვიანობამდე თუ მუშაობ, ეს შენი საზრუნავია, ასე მუშაობას არავინ გაიძულებს.

კიდევ ერთი უბედურება, ზემოხსენებულ პრობლემებთან შედარებით, პატარაა, თუმცა მაინც საყურადღებო: ავტობუსებზე მარშრუტის ბადე, რომელიც მარშრუტის მიმართულებას, გაჩერებებს და დასასრულს მიუთითებს, სომხურ და ინგლისურ ენებზეა.  თუ ქალაქს კარგად იცნობ, სომხურენოვანი მინიშნებებით არ დაიკარგები, ხოლო ინგლისურენოვანი აღნიშვნები უბრალოდ კატასტროფაა. ვისთვის წერია საერთოდ, გაუგებარია.

მაგალითად, იგივე სამხრეთ-დასავლეთის მასივის სომხური აბრევიატურა მშობლიურ ენაზე მოსაუბრესთვის გასაგებია, მაგრამ ინგლისურენოვანისთვის – SWD (სამხრეთ-დასავლეთის უბანი), უსარგებლო ინფორმაციაა, რადგან საიდან უნდა მიხვდეს, რას ნიშნავს ეს სამი ასო.

ეს კიდევ არაუშავს, უფრო უარესიც არსებობს. ერთ-ერთ მარშრუტზე, აბრევიატურასთან დაკავშირებით გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად, გადაწყვიტეს, შეძლებისდაგვარად, სრული სახელი დაეწერათ, რაც გაცილებით უარესი აღმოჩნდა: სამხრეთ-დასავლეთის მასივი ინგლისურად გადაიქცა რაღაც უპრეცედენტო – ჰარაფის დასავლეთ კვარტლად (სომხურად ჰარაფი არის “სამხრეთი”).

ასე რომ, ბატონებო, თუ ტურისტების მოზიდვაში რეკორდების მოხსნას აპირებთ და თუ უზარმაზარ მერიაში არავინაა ისეთი, ვინც ინგლისური “ჩემი-შენის” დონეზე ცოტა მეტი არ იცის, იქნებ მოიძიოთ ადამიანები, ვინც ინგლისური იციან. დამერწმუნეთ, 20-30 მოკლე დასახელებას ძალიან მოკრძალებულ ფასად გადაგითარგმნით. თუმცა არიან ისეთებიც, მშობლიურ მუნიციპალიტეტს უანგაროდ რომ დაეხმარებიან.

… ასევე გვპირდებიან (ას მეთხუთმეტეჯერ) მეტროსადგურს აჯაფნიაკის რაიონში, დავითაშენამდე. მათი თქმით, არის პროექტი, არის ორგანიზაციები, რომლებიც მზად არიან სამუშაოს დასაწყებად, დაფინანსებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს ევრაზიის განვითარების ბანკთან და “ევგბ”-ის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დენის ილიინმა განაცხადა, რომ ბანკი დაინტერესებულია ერევნის მეტროს და მისი მთლიანი ინფრასტრუქტურის ძირითადი რემონტით. იქნებ, ეს კონცეფცია ახალ სადგურსაც მოიცავს? ესაძლოა.

მაპატიეთ, მაგრამ არ მჯერა. არა, ბატონი ილინის კი არა, დედაქალაქის მერიის არ მჯერა. ფაქტია, რომ ახალი სადგურის შესახებ საუბარი მერის არჩევნების დროს აქტიურდება, ყოველ ჯერზე ისმის დაპირებები, მაგრამ როგორც კი ავირჩევთ ახალ მერს – ეს საკითხიც მიჩუმათდება.  ახალი არჩევნებიც ახლოა…სექტემბერში…

რუბენ გიულმისარიანი