სომხურ-აზერბაიჯანული ურთიერთობების მოგვარების პროცესის ფონზე, სულ უფრო ხშირად დგება საკითხი არა მხოლოდ პოლიტიკური და დიპლომატიური ურთიერთობების ნორმალიზების (დროთა განმავლობაში), არამედ მეომარ საზოგადოებებს შორის ნდობის ატმოსფეროს ჩამოყალიბების შესახებ. მაგრამ არის თუ არა საზოგადოებები მზად ამისთვის? ხომ არ ჩქარობენ პოლიტიკოსები ხმამაღალი განცხადებების გაკეთებას ამ ძალიან დელიკატურ თემაზე?

ესა და სხვა საკითხები Dalma News-ის კორესპოდენტმა პოლიტიკურ ანალიტიკოსთან, არამ საფარიანთან ერთად განიხილა.

რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების ბოლო შეხვედრაზე მიიღეს გადაწყვეტილება სომხეთისა და აზერბაიჯანის სამოქალაქო საზოგადოებებს შორის დიალოგის დაწყებასა და ორი ქვეყნის რელიგიურ ლიდერებს შორის დიალოგის გაგრძელებაზე. ასევე იმედი გამოთქვეს, რომ ორივე სახელმწიფოს პარლამენტები მშვიდობიან დიალოგს შეუერთდებიან. ამ სფეროში თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, საინტერესოა, მიიჩნევთ თუ არა ასეთ დიალოგს შესაძლებლად და პროდუქტიულად? რაზე უნდა ისაუბრონ  სომხურმა და აზერბაიჯანულმა მხარეებმა?

– სომხურ, აზერბაიჯანულ და თურქულ სამოქალაქო საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენის საქმეს 30 წელზე მეტი შევალიე. იყო წარმატებებიც და  იყო იმედგაცრუებაც. მართლაც, რაზე შეიძლება ისაუბრონ სომხეთისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლებმა ამ ტრაგიკულ ვითარებაში და, კერძოდ, აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ კულტივირებული ტოტალური სომხური სიძულვილის ატმოსფეროში. შეუძლია თუ არა სომეხ სახალხო დიპლომატს და სამოქალაქო მომლაპარაკებელს როგორმე გავლენა მოახდინოს სამშვიდობო პროცესზე? შეგვიძლია ჩვენი გულწრფელი და ღია პოზიციით აზერბაიჯანულ და თურქულ საზოგადოებებში “არმენოფობიის” ატმოსფეროს შეცვლა? მარტივად რომ ვთქვათ, შეგვიძლია თუ არა საუკუნოვანი მტრობის, ურთიერთსიძულვილის და უკიდურესი უნდობლობის მაღლა დადგომა და  მშვიდობიანი მომავლის მშენებლობაში გარკვეული წვლილი შეტანა?  ეს  ის კითხვებია, რომლებიც დღეს ჩვენი საზოგადოების საუკეთესო ნაწილს აწუხებთ.

მინდა ვთქვა, რომ ბოლო ათწლეულების განმავლობაში სომხეთის სახალხო დიპლომატიამ მეზობლებთან ურთიერთობისას საკმაოდ ღირებული გამოცდილება დააგროვა. ზოგჯერ ღირსეულ შედეგებსაც კი მივაღწიეთ.  ასევე მინდა გავიხსენო ერევნის პრესკლუბის პრეზიდენტის ბორის ნავასარდიანის,წმინდა ეჩმიაძინის საეკლესიო მრგვალი მაგიდის წინამძღვრის, პროფესორ კარენ ნაზარიანის, ცნობილი საზოგადო მოღვაწის ლაურა ბაგდასარიანის და რამდენიმე სხვა კოლეგის როლი, რომლებიც აზერბაიჯანელ და თურქ პარტნიორებთან ურთიერთგაგების მისაღწევად რთულ ვითარებაში  მუშაობდნენ და კვლავაც  მუშაობენ. მართალი გითხრათ, ვიცნობ საკმაოდ ჭკვიან, განათლებულ, ღირსეულ ადამიანებს აზერბაიჯანში და მათზე არანაკლებ ადამიანებს თურქეთში, რომლებიც ამ წლების განმავლობაში დაინტერესებულნი იყვნენ ურთიერთგაგების მიღწევით და, შესაძლოა, სომხური საზოგადოების წარმომადგენლებთან თანამშრომლობით. ვიმედოვნებ, ეს ადამიანები, რომლებსაც ვიცნობდი, თუნდაც უკიდურესად არახელსაყრელ პირობებში, სომხების მიმართ სიძულვილისა და მტრობის დონემდე არ დაეცნენ.

სომხეთის, აზერბაიჯანის და, შესაძლოა, თურქეთის წარმომადგენლებს შორის სამოქალაქო დიალოგი მართლაც მხოლოდ შუამავლების მეშვეობითაა შესაძლებელი. ამერიკელი და ევროპელი დონორები მრავალი წელია მხარს უჭერენ სომხურ-აზერბაიჯანულ და სომხურ-თურქულ დიალოგს მათი გლობალური პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე და სურთ, ამ პროცესებში სერიოზული ჩარევის გარეშე ურთიერთობების დარეგულირებაში შეიტანონ წვლილი. ვფიქრობ, წინა წლების გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანია და ამიტომ მოვუწოდებ სომხეთის ხელისუფლებას, სერიოზულად განიხილონ ზემოთ აღნიშნულ და სხვა გამოცდილ საზოგადო მოღვაწეებთან ერთად სამოქალაქო დიალოგის დღის წესრიგი და პერსპექტივები.  მეორეს მხრივ, უნდა გვესმოდეს, რომ ძლიერი საერთაშორისო ცენტრების შუამავლობის გარეშე ეს დიალოგი ორმხრივ ბრალდებებში ჩაიძირება და წარუმატებელი იქნება, რაც  მხოლოდ მწარე კვალს დატოვებს. აქედან გამომდინარე, ძალზე მნიშვნელოვანია, რომ რუსეთის ფედერაციამ, როგორც ძლიერმა და ავტორიტეტულმა შუამავალმა რეგიონულ საკითხებში, მეცნიერული მიდგომის საფუძველზე და სერიოზული პოლიტიკოსების, მეცნიერებისა და კულტურის მოღვაწეების, პოლიტოლოგებისა და ჟურნალისტების ჩართულობით, კომფორტული ატმოსფერო შექმნას.

გჯერათ, რომ დასავლელ დონორებს ან რუსეთს არსებული უნდობლობისა და სიძულვილის კლიმატის შეცვლა შეუძლიათ? ვინ უხელმძღვანელებს ამ დიალოგს? რა უფლებამოსილებები მიენიჭებათ საზოგადოების წარმომადგენლებს აზერბაიჯანულ, ან თურქულ მხარესთან რაიმე მოლაპარაკების წარმართვისთვის?

– სომეხი სამოქალაქო მომლაპარაკებლები და დეპუტატები, სომხური სამოციქულო ეკლესიის რელიგიური ლიდერებიც კი ოფიციალური ხელისუფლების მაგივრად მშვიდობის დღის წესრიგს ვერ წამოწევენ წინ.  ამას კონფლიქტოლოგიის თეორიაც ადასტურებს. ურთიერთობების მოგვარების პროცესში სამოქალაქო საზოგადოებები მას შემდეგ ჩაერთვებიან, რაც ოფიციალური ხელისუფლების წარმომადგენლები ერთგვარ მნიშვნელს მიაღწევენ. სახალხო დიპლომატია ოფიციალური საგარეო პოლიტიკის გაგრძელებაა და ეს ჩვენს თანამედროვე საზოგადოებას უნდა ავუხსნათ. ჩვენს სახალხო  დიალოგს შეიძლება დაეხმაროს ხელისუფლების მხრიდან დელეგირება, მაგალითად თხოვნა,  აზერბაიჯანის საზოგადო მოღვაწეებთან ისეთი მწვავე საკითხების განხილვის თაობაზრ, როგორიცაა ლაჩინის დერეფნის გახსნა და შეუფერხებელი ფუნქციონირება, ომის ტყვეებთან ჰუმანიტარული საკითხების მოგვარება და 44-დღიანი ომის დროს დაკარგული პირების შესახებ ინფორმაციის მიღება. ეს ის საკითხებია, რომლებიც დღეს ნამდვილად აინტერესებს სომხურ საზოგადოებას.

ჩვენი საზოგადოება ამ მიმართულებით ხელისუფლებისგან ქმედით ნაბიჯებს ელის და საჯარო დიპლომატებს შეუძლიათ ამ საკითხების გადასაწყვეტად  სამუშაოების ნაწილის დელეგირება. ამიტომ მიმაჩნია, რომ, მაგალითად, რუსი, სომეხი და აზერბაიჯანელი სახალხო დიპლომატების შეხვედრა „ჰეფი ენდით“ დასრულებული ერთი ღონისძიება ვერ იქნება. ეს უნდა იყოს სერიოზული კოორდინირებული სამმხრივი პროექტი, სადაც სომეხი და აზერბაიჯანელი მონაწილეები რუსი შუამავლის სისტემურ მხარდაჭერას იგრძნობენ და ერთად იმუშავებენ დიდი ხნის განმავლობაში (თვეები ან თუნდაც წლები). გამოცდილებამ აჩვენა, რომ ბრწყინვალე ბანკეტებიან ერთჯერად შეხვედრებს  იმედგაცრუების გარდა არაფერი მოყოლია.

და მაინც, არიან ისეთი საზოგადო მოღვაწეები და სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც ჩვენი საზოგადოების ნდობას დაიმსახურებენ და ეფექტურად და პროფესიონალურად შეუწყობენ ხელს სომხურაზერბაიჯანულ დიალოგს?

– მესმის თქვენი კითხვის სკეპტიციზმი. ყოფილი და დღევანდელი პოლიტიკური, სოციალური, კულტურული და ინტელექტუალური ელიტის მიმართ მთელი საზოგადოების დღევანდელი დამოკიდებულების მიუხედავად, საიდანღაც მაინც უნდა დავიწყოთ. მოგვწონს თუ არა, ამ სამეზობლოში ცხოვრება მაინც მოგვიწევს და უნდა ვიფიქროთ მშვიდობაზე, რომელიც განვითარებისა და ძალების აღდგენის შესაძლებლობას მოგვცემს. შარშან, მოსკოვში, რუსი პოლიტოლოგების მონაწილეობით სომეხი და აზერბაიჯანელი სამოქალაქო აქტივისტებისა და პოლიტოლოგების შეკრების მცდელობა იყო. როგორც ცნობილია, შედეგი არც ამან გამოიღო. ეს ყველაფერი არის გაკვეთილი, საიდანაც საჭიროა ჭკვიანური დასკვნების გამოტანა. თუ ჩვენ სომხეთში, ხელისუფლებასა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის დიალოგის ატმოსფეროში, განვავითარებთ მიდგომებს და პოზიციებს, რამაც დროთა განმავლობაში შეიძლება გამოიწვიოს რაიმე წარმატებული შედეგი სომხურ-აზერბაიჯანულ დიალოგში, შემდეგ სომხურ-თურქულ დიალოგში და ამავდროულად დადებითად იმოქმედებს ჩვენს საზოგადოებრივ აზრზე, მაშინ ეს იქნება ძალიან სერიოზული წვლილი მშვიდობის მშენებლობაში, რასაც ჩვენგან შეერთებული შტატები, ევროკავშირი და რუსეთი მოელიან. რუსულ მედიაციაზე საუბარი უფრო ადვილია, რადგან ამ დღის წესრიგს პროფესიონალურად უფრო კარგად ვიცნობ. და მეჩვენება, რომ სომხური მხარის დელეგაციაში რუსეთის, ევროკავშირისა და აშშ-ს ცალ-ცალკე ინიცირებულ სხვადასხვა პროექტებსა და ღონისძიებებში უნდა შედიოდნენ როგორც პროდასავლური, ისე პრორუსული საზოგადო მოღვაწეები და ექსპერტები, რომლებმაც საბოლოოდ სომხეთის რეალურ გაძლიერებაზე უნდა იმუშაონ. ეს გასაგები უნდა იყოს სომხური საზოგადოებისთვის. სწორედ ამაზე ვფიქრობდი, როცა მოსკოვში რამდენიმე დღის წინ წავიკითხე რუსეთის ფედერაციის, აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების გადაწყვეტილება.

ლინა მაკარიანი