ევროპარლამენტის 9 ივნისის რეზოლუციით საქართველოს შესახებ, ოფიციალური თბილისი უკმაყოფილოა. მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ რეზოლუცია უამრავ დაუსაბუთებელ ჩანაწერს და ფაქტობრივ უზუსტობას შეიცავს და მზადყოფნას გამოთქვამენ ევროპელ პარტნიორებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდონ. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს ღია წერილი მისწერა, სადაც ძირითადი ყურადღება პარტია “ქართული ოცნების” დამფუძნებელსა და ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების მიუღებლობაზეა გამახვილებული.

ევროპარლამენტის 9 ივნისის რეზოლუცია ევროპულ საბჭოსა და დემოკრატიულ პარტნიორებს მოუწოდებს, ბიძინა ივანიშვილისთვის პერსონალური სანქციების დაწესება განიხილონ. რეზოლუცია სარეკომენდაციო ხასიათისაა და  აღმასრულებელი სტრუქტურების მიერ ივანიშვილის მიმართ სანქცირების ავტომატურად განხილვას არ გულისხმობს. რეზოლუციაში გამოთქმული შეშფოთება, რომ  ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს პოლიტიკასა და ეკონომიკაში დესტრუქციულ როლს ასრულებს და ქვეყნის ჩრდილოვან მმართველად მოიხსენიება, საქართველოს მთავრობის ლიდერმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პირად შეურაცხყოფად მიიღო.

“საუბარი იმაზე, რომ მთავრობა რეალურად არა პრემიერ-მინისტრის, არამედ პოლიტიკიდან წელიწადნახევრის წინ საკუთარი ნებით გასული ადამიანის მიერ იმართება, შეურაცხმყოფელია პირადად ჩემთვის და ჩემი ქვეყნისთვის”, – წერს ღარიბაშვილი ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის გაგზავნილ წერილში.

ღარიბაშვილისთვის მიუღებელია ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქად მოხსენიება და იმის დაჟინება, რომ ივანიშვილს ქართულ მედიასა და პოლიტიკაზე გავლენა აქვს.

ირაკლი ღარიბაშვილი

“ბიძინა ივანიშვილი ქართულ პოლიტიკასა და მედიაზე არავითარ ფორმალურ თუ არაფორმალურ გავლენას არ ფლობს და ოლიგარქად ვერავითარი სამართლებრივი თუ პოლიტიკური კრიტერიუმით ვერ შეფასდება. აღნიშნულის საპირისპიროდ, საქართველოში არის კრიმინალური წარსულის მქონე რამდენიმე ფინანსურად შეძლებული პირი, რომელიც პოლიტიკასა და მედიაზე აქტიური გავლენით სარგებლობს და ამ გავლენას ოპოზიციის რადიკალური ფრთის სასარგებლოდ იყენებს”, – წერს ღარიბაშვილი.

იმისათვის, რომ ევროპული კომისიის შეფასების დოკუმენტი არ იქნეს გამოყენებული მანიპულაციისა და საქართველოს მმართველობის სისტემის დისკრედიტაციისთვის, საქართველოს მთავრობის მეთაური ევროკომისიას მოუწოდებს მკაფიოდ გაემიჯნოს დეოლიგარქიზაციის შესახებ ჩანაწერის პერსონიფიკაციას, რათა “არ დარჩეს სივრცე სპეკულაციებისთვის, ქართულ საზოგადოებაში შევინარჩუნოთ მაღალი ნდობა ევროპული სტრუქტურების მიმართ და ხელი შეეწყოს პოლარიზაციის ხარისხის შემცირებას საქართველოში”, – აღნიშნულია ღარიბაშვილის წერილში.

მთავარი სათქმელი კი მაინც ის არის, რომ 9 ივნისის რეზოლუციის ჩანაწერები გამოიყენება ქართული ოპოზიციის რადიკალური ნაწილის მიერ საქართველოში პოლარიზაციის კიდევ უფრო გასაღრმავებლად, ასევე, რეზოლუციას იყენებს შვეიცარიული ბანკი ბიძინა ივანიშვილის ფინანსური გადარიცხვების შესაჩერებლად.

შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-სა და ივანიშვილს შორის რამდენიმე სასამართლო დავა მიმდინარეობს ბერმუდის კუნძულებზე, სინგაპურსა და შვეიცარიაში. ბიძინა ივანიშვილს მინდობილი აქვს მნიშვნელოვანი აქტივები Credit Suisse-ის სატრასტო კომპანიებისთვის, რომელმაც მას გადარიცხვები შეუჩერა. საქართველოს ექსპრემიერის ინტერესების დამცველ იურიდიული ფირმა “ემ ქეი დიში” აცხადებენ, რომ ბანკი ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი თანხის გადარიცხვაზე უარს ამბობს ევროპარლამენტის რეზოლუციაზე დაყრდნობით, სადაც ივანიშვილის სანქცირების რეკომენდაციაა გაცემული.

ბიძინა ივანიშვილი

ექსპერტთა ნაწილს მიაჩნია, რომ ღარიბაშვილის მიერ ევროკომისიის პრეზიდენტისთვის გაგზავნილი წერილის ერთადერთი მიზანი ბიძინა ივანიშვილის დაცვა და საპასუხოდ წერილობითი პასუხის მიღებაა, რაც ბიძინა ივანიშვილს სასამართლოში შვეიცარიული ბანკის არგუმენტის გასაბათილებლად გამოადგება.

“ფიქრობენ, რომ ევროკომისიის ნებისმიერ პასუხს გამოიყენებენ შვეიცარიულ ბანკთან დავაში.  ურსულა ფონ დერ ლაიენი, რა თქმა უნდა, არ გამოხატავს დამოკიდებულებას რეზოლუციისადმი, შეიძლება, არც უარყოფა იყოს და არც დასტური, მაგრამ საკმარისი იქნება სასამართლოსთვის, რომ ეჭვქვეშ დააყენოს გადარიცხვების შეჩერების შესახებ ბანკის არგუმენტაცია“, – აცხადებს  ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი.

ვახტანგ მაისაია

განსხვავებული პოზიცია აქვს ექსპერტ ვახტანგ მაისაიას. მისი შეფასებით, ასეთი წერილების მიწერა ბუნებრივია და ამაში უჩვეულო არაფერია, ის შეესაბამება მთავრობის საქმიანობას. მეორე საკითხია წერილის შინაარსი, რომელიც ძირითადად კონკრეტული პიროვნების ინტერესების დაცვას გულისხმობს, თუმცა, გარკვეული თვალსაზრისით არც ეს წარმოადგენს პრობლემას.  ბიძინა ივანიშვილი მსხვილი ინვესტორია, ის იყო ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, არის მმართველი პოლიტიკური პარტიის დამფუძნებელი.

“ასეთი მხარდამჭერი წერილის გაგზავნაში ვერაფერ უცნაურს ვერ ვხედავ. შვეიცარული ბანკი ცდილობს გამოიყენოს შესაძლო სანქციები იმისთვის, რომ ივანიშვილს ფული არ დაუბრუნოს, იმიტომ, რომ ივანიშვილის გვარი იყო დაფიქსირებული ევროპარლამენტი რეზოლუციაში, ეს არის საკმაოდ სერიოზული გეოპოლიტიკური ფაქტორი. როცა რეზოლუციის ტექსტში პიროვნების გვარს და სახელს აფიქსირებენ, ბუნებრივია მოწინააღმდეგე მხარე ამას საკუთარი ბიზნესინეტერესებისთვის გამოიყენებდა”, – განუცხადა Dalma News-ს ექსპერტმა ვახტანგ მაისაიამ.

მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრმა საკუთარი ქვეყნის მოქალაქის, მსხვილი ინვესტორისა და ბიზნესმენის ინტერესების დაცვა საკუთარ თავზე აიღო.

Dalma News-ის კითხვაზე, ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას შეუძლია თუ არა ნეგატიური გავლენა იქონიოს ქართული საზოგადოების ევროპული სტრუქტურებისადმი ნდობაზე, მაისაიამ განაცხადა, რომ ქართული საზოგადოება სერიოზული პოლიტიკური დილემის წინაშეა. ერთი მხრივ იზრდება უკმაყოფილება “ქართული ოცნების” მმართველობის მიმართ, მეორე მხრივ კი, საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს არ სურს ხელისუფლებაში სააკაშვილის პოლიტიკური ძალის დაბრუნება, თუნდაც ევროპულ მომავალს ჰპირდებოდნენ.

“ქართველ ხალხს არ სურს იმ პოლიტიკური ძალის არჩევა, რომელმაც შექმნა ავტორიტარული რეჟიმი და საკონცენტრაციო ბანაკები, ეს ქართველი ხალხისთვის აბსოლუტურად მიუღებელია. ეს დილემაა. საკმარისია გამოჩნდეს სხვა, რომელიმე ძლიერი პოლიტიკური ოპოზიციური ძალა, რომელიც ნაცმოძრაობას ჩაანაცვლებს და “ქართული ოცნების” ბედი გადაწყვეტილი იქნება”, – აცხადებს ვახტანგ მაისაია.

პეტრე მამრაძე

ევროკომისიის პრეზიდენტისთვის ღარიბაშვილის წერილს დადებითად აფასებს მეცნიერი პეტრე მამრაძე, თუმცა არც იმას გამორიცხავს, რომ ღარიბაშვილს ივანიშვილის მიმართ მადლიერება ამოძრავებდეს. მამრაძის შეფასებით, ივანიშვილი საქართველოს ისტორიაში უდიდესი ქველმოქმედია.

“ბიძინა ივანიშვილის მოქმედებას ვაკვირდები, ლამის მეოთხედი საუკუნეა. მახსოვს, როგორ ჩამოდიოდა საქართველოში ყოველგვარი პიარისა და ხმაურის გარეშე. მაშინ დაიწყო ბევრი დიდი პროექტი, რაც გამოიხატება საქართველოში ინვესტიციების განხორციელებაში. ეს იყო ქვეყნის გარეთ ნაშოვნი ფული. ყველაზე დიდი ქველმოქმედება იყო, როცა საკუთარ თავს სძლია და პოლიტიკაში შემოვიდა. მაშინ, როცა სახელმწიფოს ძალიან უჭირდა. გვახსოვს, როგორ ებრძოდნენ, „ქართუ ბანკს“ როგორ აკოტრებდნენ”, – ამბობს პეტრე მამრაძე.

მისივე თქმით, 2011 წელს, როდესაც ივანიშვილმა პოლიტიკური საქმიანობა დაიწყო და მის წინააღმდეგ სააკაშვილის ხელისუფლების მანქანა ამუშავდა, ივანიშვილთან აშშ-ს მაშინდელი ელჩი საქართველოში, ჯონ ბასი 18 დიპლომატთან ერთად მივიდა, ესენი იყვნენ ევროგაერთიანებისა და ნატოს წევრი ქვეყნების ელჩები. ამგვარად მაშინ ელჩებმა ივანიშვილის მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს.

“დიდი უსამართლობაა ბრალდება, რომ ივანიშვილი ოლიგარქი ყოფილა, (ოლიგარქი სულაც არ არის საჭირო მდიდარი ადამიანი იყოს). რომ არა ივანიშვილი, ესენი შეჭამდნენ სასამართლოს, იმიტომ, რომ ხაზარაძისა და მისნაირი მულტი მილიონერებისთვის წამოუდგენელია, რომ 3000 ლარიანი ხელფასის მქონდე მოსამართლემ მათ წინააღმდეგობა გაუბედოს”, – განაცხადა Dalma News-სთან საუბრისას პეტრე მამრაძემ.

მისივე თქმით, ივანიშვილს დღეს ის ადამიანები ებრძვიან, რომლებიც ქართველი ხალხის ძარცვით გამდიდრდნენ, ევროპარლამენტი და ევროკავშირის ზოგიერთი სტრუქტურა კი, ამ ბინძური ცილისწამების ინსტრუმენტი აღმოჩნდა, რაც ძალიან დასანანია. საამისო მიზეზების მოძიებას კი მამრაძე მმართველ გუნდს საკუთარ რიგებში ურჩევს.

“აქამდე როგორ მიიყვანეს საქმე, რომ ნაციონალების ცილისწამებამ, უკვე ევროკომისიის რეზოლუციის სახე მიიღო. ცოტა ხნის წინ, ევროპელი ელჩები აკრიტიკებდნენ დესტრუქციულ ოპოზიციას და მოუწოდებდნენ შესულიყვნენ პარლამენტში. ამის შემდეგ, რა უნდა მომხდარიყო ისეთი, რომ ვითარება ასე შეცვლილიყო? რაღაც გაშვებულია ხელიდან. დროულად იყო საჭირო როგორც კულუარული მუშაობა, ისე პოლიტიკური განცხადებების გაკეთება. არანაკლები უსამართლობა წამოვიდა ბრიუსელიდან”, – აცხადებს პეტრე მამრაძე.

თუმცა, მას თქმით, ღარიბაშვილის წერილს აკლდა დიპლომატიური ენა და მის ადგილას მამრაძეს “გაცილებით მწვავე ტონი მექნებოდა”.

 შ. ქარჩავა