რუსეთ-უკრაინის კონფლიკტი მსოფლიო ყურადღების ცენტრშია. უამრავი მსხვერპლის, დევნილების დიდი ტალღისა და მასშტაბური ნგრევის მიუხედავად, ომს დასასრული არ უჩანს. უფრო მეტიც, დღეს უკვე ღიად საუბრობენ იმაზე, რომ შეიარაღებული დაპირისპირება წლობით გაგრძელდება. რუსულ მხარეს მიერ კონტროლირებად რეგიონებში პრესტურის ფარგლებში ორგანიზაცია “ევრაზიის ინსტიტუტის” დამფუძნებელი გულბაათ რცხილაძე იმყოფებოდა. მიღებულ შთაბეჭდილებასა და ნაომარი ქალაქების მცხოვრებლების განწყობაზე იგი Dalma News-ს ესაუბრა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებული პრესტურის ფარგლებში, რომელშიც 40-ზე მეტი სხვადასხვა ქვეყნის ჟურნალისტი მონაწილეობდა, იმყოფებოდით უკრაინაში. რა ვითარება დაგხვდათ იქ? 

– სხვადასხვა ქვეყნის ჟურნალისტები იყვნენ, მათ შორის, საუდის არაბეთიდან, თურქეთიდან, ასევე, დასავლური გამოცემებიდან, როგორიც არის “ფრანც პრესი”, “ასოშეიტედ პრესი”, “ფიგარო” და სხვა. ჰოლანდიიდან იყო ჟურნალისტი, ასევე ბალტიისპირეთიდან. უსაფრთხოების თვალსაზრისით, ვერ გავრისკე და ოპერატორი არ წავიყვანე. მოვიარეთ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქები. ფრონტის ხაზთან ახლოს ქალაქი ლისიჩანსკი (ლუგანსკის ოლქის ჩრდილო-დასავლეთი) და სევეროდონეცკი (ლუგანსკის ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი), საკუთრივ ქალაქი ლუგანსკი, მარიუპოლი და ბოლოს ვიყავით ყირიმში, ტავრიის ქერსონესის მხარეში.

მიღებული იყო განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომები. თან გვახლდა სამხედრო პირების შეიარაღებული დაცვა. დაგვყვებოდა თვითმავალი ნაღმტყორცნი, რომელზედაც რადარი იყო დამაგრებული, რადგან დრონების გამოჩენის შემთხვევაში ჩამოეგდოთ. დონეცკში 2 ღამე გავატარეთ.

სადაც ჩვენ ვიყავით, ყველაზე ახლოს გადის ფრონტის ხაზი, ისმოდა არტილერიის გუგუნი. ყველა ინსტრუქცია გვქონდა მიღებული, როგორ უნდა მოვქცეულიყავით ჩვენს სიახლოვეს ჭურვი თუ ჩამოვარდებოდა, ძილის დროს, როგორ უნდა ყოფილიყო ორგანიზებული ჩვენი ოთახი და სხვა დეტალური ინფორმაცია. ძალიან ფრთხილობდა მომწვევი მხარე, რომ ვინმეს რამე არ დაშავებოდა.

ჩვენი ფუნქცია არ იყო ცეცხლის ხაზზე ოპერატიული ვითარების გარკვევა, ჩვენი ჩასვლის მიზანი იყო ვითარების გაცნობა, თუ რა ხდება ზურგში, როგორ მიდის მოსავლის აღება.

გულბაათ რცხილაძე

ორგანიზატორების მითითებით ხვდებოდით ადგილობრივებს, თუ თქვენი შეხედულებისამებრ შეგეძლოთ რესპონდენტების შერჩევა?

– მოსახლეობასთან გასაუბრება სადაც შევძელით, ეს იყო სამი ქალაქი. პირველს აღვნიშნავ ლისიჩანკს, ყველაზე ახლოს იყოს ფრონტის ხაზთან და ყველაზე უფრო დაზარალებული ერთ-ერთი ქალაქია. იქ გვქონდა საშუალება გამვლელებთან გასაუბრების, დავესწარით ჰუმანიტარული ტვირთის განაწილების პროცესს. დონეცკში მოსახლეობა აბსოლუტურად ანტიუკრაინულად არის განწყობილი. ამ ხალხს 8 წლის განმავლობაში უბედურების მეტი არაფერი უნახავს კიევის მთავრობებისგან. გავესაუბრეთ ადამიანებს, რომლებიც რუსული პასპორტების რიგში იდგნენ.

უსაფრთხოებიდან გამომდინარე თავისუფლად გადაადგილება შეზღუდული გქონდა. ტერიტორიები დანაღმულია და აფეთქების მაღალი შანსია. ამიტომ, ჯერ გამნაღმველი მიდიოდა წინ და შემდგომ ჩვენ მივყვებოდით.

რა იყო ჟურნალისტების ჩაყვანის მიზანი რუსული მხარისთვის?

– მიზანი იყო ის, რომ გვენახა, რომ ხორბლის დეფიციტს არ ქმნის რუსული მხარე, რამდენიმე ფერმა ვნახეთ, როგორ იღებენ მოსავალს და აბინავებდნენ. ბიზნესმენები ისევე განაგრძობენ მუშაობას, როგორც უკრაინის სუვერენიტეტის პირობებში; რომ კვების პროდუქტებზე ხელოვნური კრიზისი არ იქმნება. მეორე – გვაჩვენეს, რომ უკვე ხორციელდება გარკვეული სამშენებლო პროექტები. ქალაქ მარიუპოლში, სადაც დიდი დაზიანებები მიიღო შენობებმა, ხალხი ქუჩაში ჩვეულებრივ დადის, არის ვაჭრობა, მაგრამ მაღაზიები და კვების ობიექტები არ მუშაობს. ბევრი კერძო სახლი გადარჩა. არის უბნები, სადაც ომის კვალი არ იგრძნობა, მაგრამ ისეთი მასივები, სადაც კორპუსები იდგა, დაზიანებულია. თავდაცვის სამინისტროს დაკვეთით მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები საცხოვრებელი ფართების შესაქმნელად. ასევე 2 ჰოსპიტალი შენდება ქალაქ ლუგანსკში.

საინტერესო იყო მელიტოპოლში ევგენი ბალიცკისთან (ზაპოროჟიეს სამხედრო ხელმძღვანელი.რედ) შეხვედრა. მისი ინფორმაციით, შემოდგომით ჩატარდება რეფერენდუმი კითხვაზე: “გინდათ თუ არა რუსეთთან შეერთება?” ასევე, გვანახეს რუსი სამხედროების ნადავლი დასავლური საბრძოლო იარაღები, ჯავშანმანქანები, ჰაუბიცები და ტანკები.

სხვათა შორის ჩრდილოეთ დონეცკში ვნახეთ თურქი პროპაგანდისტის ფეთჰულჰ გიულენის 2 წიგნი თურქულ ენაზე, რაც იმას მიანიშნებს, რომ უკრაინის მხარეს თურქულენოვანი მებრძოლები იბრძოდნენ, რომლებსაც ეს წიგნები დარჩათ.

გულბაათ რცხილაძე

როგორია მოსახლეობის განწყობა, ომის როგორი დასასრული წარმოუდგენიათ?

– მოსახლეობის განწყობა სხვადასხვა ტერიტორიაზე სხვადასხვაა. ზერელე შთაბეჭდილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხალხის უმეტესობა ამბობს, რომ უკრაინულ არმიასთან ნაკლები პრეტენზია აქვთ, მაგრამ შევიწროვებულნი იყვნენ ნაციონალისტური ბატალიონების მიერ, რომლებიც იდეოლოგიურად იყვნენ დაგეშილები და რუსულენოვან მოსახლეობას არ მიიჩნევდნენ ადამიანებად. უფრო ფრთხილია მოსახლეობა სამხრეთ მხარეს. იქ ჯერ კიდევ მოქმედებენ უკრაინული დივერსიული ჯგუფები. ევგენი ბალიცკი დარწმუნებულია, რომ რეფერენდუმზე მოსახლეობის უმრავლესობა რუსეთთან შეერთებას მისცემს ხმას, ყოველგვარი გაყალბების გარეშე.

რეფერენდუმის ბედს განსაზღვრავს თუ არა ომის ფაქტორი?

– უკრაინულმა მხარემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აპირებენ ქალაქ ხერსონზე იერიშს. ხერსონაში არ ვყოფილვართ. ავტობუსით დავდიოდით. გზები ძალიან ცუდ მდგომარეობაშია არა ომის გამო. კიევს უყურადღებოდ ჰქონდა მიგდებული ეს რეგიონები. სულ ცოტა 2 საათს ვუნდებოდით ქალაქიდან ქალაქში გადასვლას, იმიტომ, რომ ბევრი ხიდი ჩანგრეულია, როცა უკრაინელები უკან უხევენ, ხიდებს აფეთქებენ, ამიტომ გვიწევდა შემოვლითი გზის გავლა.

ომს ყოველთვის ახლავს ადამიანური ტრაგედიები, მსგავსი ისტორიები ხომ არ მოგისმენიათ?

– სევეროდონეცკში შეგვახვედრეს ასეთ ადამიანებს. გავესაუბრეთ ქალბატონს, რომელმაც თვალი დაკარგა დაბომბვების დროს. იყვნენ ახალგაზრდებიც, რომლებიც იმ კორპუსებში ცხოვრობდნენ, რომლებიც იბომბებოდა. ყველა ლანძღავს ნაციონალური ბატალიონებს, მათ იდეოლოგიას. რუსულ ენაზე ლაპარაკი გვეშინოდაო, – ამბობენ. წლების განმავლობაში ამ რეგიონში ტრაგედიები ხდებოდა. არსებობს ადამიანების წამების კადრები, რომლებიც გადაღებულია ომის დაწყებამდე დიდი ხნით ადრე. ამაზე თვალს ხუჭავდა უკრაინის ხელისუფლება.

თუმცა, ვნახეთ ბუჩას ტრაგედია. თქვენ სკეპტიკურად ხართ განწყობილი იმ კადრების მიმართ, რაც უკრაინის მხარემ გავრცელა, რატომ?

– ამ ფაქტებს კომპლექსური გამოძიება დასჭირდება, ამისთვის საჭიროა მხარეების თანხმობა, როგორც იყო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როცა წამყვანი სახელმწიფოები, დიდი ბრიტანეთი და აშშ ერთსულოვანი იყვნენ იმაში, რომ გამოეძიებინათ დანაშაულები და ამას ხელს არ უშლიდნენ. ამიტომ შედგა ნიურნბერგი​ს ტრიბუნალი. დღეს სამწუხაროდ სხვა ვითარება გვაქვს, დიდი სახელმწიფოები ამ შემთხვევაში არიან საპირისპირო მხარეს. ამიტომ გამოძიების იმედი არ მაქვს.

ბუჩას ამბავი, რატომ მიმაჩნია არარეალურად? ძალიან ბევრი შეუსაბამობის გამო, თუნდაც ქუჩის ორივე მხარეს დაწყობილი გვამები. ასეთი დამთხვევა არ ხდება, რომ ქუჩის პირზე ყოფილიყო ყველა დახოცილი. გაეპარათ კადრები, როდესაც ერთი “გვამი” სიგარეტს ეწევა. გარდა ამისა, ბუჩას ტრაგედიაზე უკრაინული მხარე 2 დღის შემდეგ ალაპარაკდა… ყველამ თვითონ გააკეთოს შეფასება.

ქართული მედიის როლი რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში როგორია?

– ეს არ არის მედია, ეს არის ინფორმაციის ბლოკირება, ანტიმედია, ვულგარული, უზრდელი მასმედია, დეზინფორმაციის სამსახურები, რომელთა მიზანია, ხალხმა მიიღოს დამახინჯებული ფაქტები, არასწორი ინტერპრეტაციით, რომ ხელი არ შეუწყონ ხალხის დამოუკიდებელ აზროვნებას, დამოუკიდებელ შეფასებებს. ხალხი, რაღაც დოზით მაინც ენდობა მასმედიას. ზოგს, მაგალითად, არ სცალია რომ გადაამოწმოს ინფორმაცია და ალტერნატიული ინფორმაცია ეძებოს. ამაზეა გათვლა, თორემ, ვინც პოლიტოლოგი ან სამხედრო ექსპერტია, ისინი ალტერნატიულ ინფორმაციას მოიძიებენ.

– რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მალე შეიცვლება მსოფლიო წესრიგი და სულ სხვა განლაგებას მივიღებთ…

– ეს უკვე მოხდა ფაქტობრივად, მსოფლიო წესრიგი წავიდა ქაოსისკენ, ეს უსასრულოდ ვერ გაგრძელდება და რაღაც შედეგამდე მივალთ. ვეჭვობ, დასავლეთი გაამძაფრებს ვითარებას და რუსეთს აიძულებს უფრო ძლიერი სამხედრო საშუალებები გამოიყენოს, შესაბამისად გახანგრძლივდეს ომის პერიოდი. თუ არ მოვა დროზე გონზე ჯანსაღი ძალები, რომლებიც დარჩა დასავლეთში და არ აიღებენ ინიციატივას ხელში, ძალიან ცუდად წავა საქმე. ჯანსაღმა ძალებმა ახლა უნდა აიძულონ უკრაინის ხელისუფლება, დაიწყონ მოლაპარაკებები. უნდა მიაღწიონ ცეცხლის შეწყვეტას. უკრაინა იმ საზღვრებით, რომლებიც ომამდე იყო, ვეღარ იქნება. მართლაც მუდმივი ომის წყარო რომ არ იყოს, ამაზე უნდა იყოს მოლაპარაკება.

დასავლეთიდან მიღებული სამხედრო დახმარება არ ჰყოფნის უკრაინას რუსეთის წინსვლის შესაჩერებლად?

– ეს არის ის მაქსიმუმი რისი გაკეთებაც უკრაინულ არმიას შეუძლია. სამხედრო თვალსაზრისით რომ შევაფასოთ უკრაინული ჯარები სწორად იქცევიან, უკრაინის გენერალურ შტაბს არანაირი შეცდომა არ დაუშვია, გარდა აზოვისა და მარიუპოლის მიმართულებით გარკვეული მომენტებისა. რუსეთსაც უკეთესი საბრძოლო იარაღი აქვს და უკრაინის ჯარები შესაძლებლობის ზღვარზეა. რუსეთი კი ზოგავს თავის სამხედროებს და ისე აღარ იქცევა, როგორც ომის დაწყებისას, როცა უკრაინელებს მისცეს საშუალება რუსული არმიისთვის დიდი ზარალი მიეყენებინათ. ძალიან ბევრი უკრაინელი იღუპება ისეთი, რომლებსაც არ აქვთ სამხედრო გამოცდილება, ამაზე რამდნიმე დღის წინ “ასოშეიტედ პრესი” წერდა. დასავლური შეიარაღებაც კი არ იძლევა მეტის საშუალებას.

ესაუბრა გიორგი ქართველი