საქართველოს ვიცე-პრემიერის, პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” გენერალურმა მდივნის კახა კალაძის განცხადებით, ამ ეტაპზე არ არსებობს მმართველი კოალიცია “ქართული ოცნების” დაშლის საფრთხე, თუმცა, გარკვეულ ცვლილებებს არ გამორიცხავს.
“არჩევნებამდე ძალიან დიდი დროა და პარტიასთან დაკავშირებით თუ რა ცვლილებები იქნება, ეს, რა თქმა უნდა, პოლიტსაბჭოზე განიხილება, შესაბამისად ღია იქნება ყველაფერი საზოგადოებისთვის. ზოგადად, შეიძლება ერთ დროს, კოალიცია დაიშალოს, ეს დემოკრატიული მომენტია და ამაში საგანგაშო არაფერია, თუმცა ამ ეტაპზე ჩვენ ერთი გუნდი ვართ, ერთ საქმეს ვაკეთებთ და ვფიქრობთ, ეს ასე გაგრძელდება,” – განუცხადა კალაძემ ჟურნალისტებს.
მისივე თქმით, კოალიციიდან რესპუბლიკელების შესაძლო გასვლაზე დეზინფორმაცია მიზანმიმართულადაა გავრცელებული და “რესპუბლიკელები” მათი გუნდის წევრების არიან.
“წინ ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები გვაქვს საგარეჯოსა და მარტვილში, დარწმუნებული ვარ, ჩვენი კანდიდატები ღირსეულად გავლენ და წარმატებას მიაღწევენ”, – განაცხადა კალაძემ.
“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” გენერალური მდივანი კახა კალაძე, აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე და პარტიის სხვა ხელმძღვანელი პირები, დღეს რუსთავში, პარტიის ქვემო ქართლის საოლქო ორგანიზაციების აქტივს შეხვდნენ. შეხვედრა პარტიულ აქტივთან და ადგილობრივი ორგანიზაციების წევრებთან, მედიისთვის დახურული იყო.