საქართველო-რუსეთს შორის პირდაპირი ავიარეისების აღდგენის გამო, შესაძლოა საქართველო ამერიკული სანქციების ქვეშ აღმოჩნდეს. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა ოფიციალურ თბილისს მოუწოდა, არ გაზარდოს ურთიერთობები რუსეთთან მაშინ, როდესაც მისგან მთელი დასავლური სამყარო დისტანცირებულია.
“ჩვენ შეშფოთებულები ვართ საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენების აღდგენით და შესაძლოა საქართველოს აეროპორტებში კომპანიები სანქციების რისკის წინაშე აღმოჩნდნენ”, – განაცხადა მეთიუ მილერმა.
საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიარეისები 2019 წელს, ე.წ. გავრილოვის ღამის შედეგად, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებით შეწყდა. 4 წლის თავზე კი, რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვები მოუხსნა და 2019 წლის განკარგულება ძალადაკარგულად გამოცხადდა. 2023 წლის 15 მაისიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის გაუქმდა სავიზო რეჟიმიც.
19 მაისს პირველი პირდაპირი ფრენა მოსკოვიდან ქართული ოპოზიციის პროტესტის ფონზე შესრულდა. “დროას” ლიდერმა ელენე ხოშტარიამ, რამდენიმე სამოქალაქო აქტივისტთან ერთად თბილისის აეროპორტში პირველი რეისის მგზავრებს უჩვეულო დახვედრა მოუწყო. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციაც, რომლებმაც ხოშტარიას მგზავრების მიმართ დესტრუქციის საშუალება არ მისცეს.
პოლიტიკოსი, რომლის ოჯახის რუსული დაფინანსების შესახებ სკანდალი ჯერ კიდევ აქტუალურია, აცხადებს, რომ რუსეთთან პირდაპირი რეისების აღდგენა საქართველოს სუვერენიტეტის შეურაცხყოფაა და, რომ ამ რეისებით არა ქართველები, არამედ მოღალატეები ჩამოდიან. ხოშტარიამ საპროტესტო აქციებიც დააანონსა.
რუსული ავიაკომპანია Azimuth-ის შემდეგ, თბილისიდან მოსკოვში რეისი 20 მაისს, ქართულმა ავიაკომპანია Georgian Airways-მა ოთხწლიანი შესვენების შემდეგ, პირველად შეასრულა და 85 მგზავრი ჰყავდა. კომპანიის ინფორმაციით, ფრენები კვირაში 7 სიხშირით შესრულდება.
ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში ფრენის ლიცენზია ასევე, მიიღო კომპანია Red Wings-მა, რომელიც, მრავალჯერად ჩარტერულ ფრენებს სოჭი – თბილისი – სოჭის მიმართულებით მიმდინარე წლის 2 ივნისიდან, კვირაში 3 სიხშირით, ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს შეასრულებს. ავიაკომპანია იმავე დღეებში იფრენს მოსკოვი – ქუთაისი – მოსკოვის საჰაერო ხაზზე. ავიაკომპანიას აუცილებელი ნებართვა მიმდინარე წლის 18 მაისს მიანიჭეს.
რუსული ავიაკომპანია Азимут-ი, რომელიც საქართველოში იფრენს, უკრაინის მიერაა სანქცირებული, – ამის შესახებ ინფორმაცია სანქცირებული კომპანიებისთვის შექმნილ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. ამის პარალელურად, “აზიმუტს” ცვლილებები შეაქვს საკუთარ საიტზე. “ექო კავკასიის” ინფორმაციით, კომპანია საგონებელშია ჩავარდნილი, როგორ მოიქცეს საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებთან – აფხაზეთსა და “სამხრეთ ოსეთთან” დაკავშირებით ისე, რომ არავინ დარჩეს ნაწყენი. ბილეთის შესაძენად რეგისტრაციისთვის ქვეყნის მითითება საჭირო აღარ არის.
რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით შესრულებულ პირდაპირ ავიარეისს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში რამდენიმე სიტყვით გამოეხმაურა. მისი აზრით, ეს გადაწყვეტილება ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ არის მიღებული.
“მიუხედავად ქართველი ხალხის წინააღმდეგობისა, თბილისში რუსეთიდან რეისი შესრულდა, რომელსაც არ მივესალმებით. არა ფრენებს რუსეთში”, – წერს ზურაბიშვილი.
საქართველოს ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ რუსეთთან პირდაპირი ფრენები, არც ერთ საერთაშორისო სანქციას არ არღვევს და საერთაშორისო სანქციების მიმართ საქართველო არის აბსოლუტურად კეთილსინდისიერი.
“უკვე წელზე მეტია განვაცხადეთ, რა არის ჩვენი პოლიტიკა, რუსეთთან მიმართებით. პოლიტიკა არის შემდეგი, რომ ჩვენ, ერთი მხრივ, არ ვუშვებთ საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლას საქართველოს გამოყენებით და ამაში საქართველო არის აბსოლუტურად კეთილსინდისიერი და არც ერთი ფაქტი, ჭორი, ეჭვი არ არსებობს და მეორე – ჩვენ არ ვაწესებთ ორმხრივ სანქციებს, ამაზე არა თუ ვსაუბრობთ, ეს არის ჩვენი გაცხადებული პოლიტიკა”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების კომენტირებისას.
საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი, უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე ერთ-ერთია იმ მგზავრებს შორის, რომლებიც 19 მაისს რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში პირველი რეისით ჩამოვიდნენ. მგზავრებს შორის იყვნენ რიგითი მოქალაქეები, ბიზნესმენები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები. თბილისის აეროპორტში ძებნილი კეზერაშვილის (სააკაშვილის მთავრობის თავდაცვის მინისტრი) მიერ, დაფინანსებული ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების არაკეთილგანწყობილი დახვედრა ზოგისთვის მოულოდნელი იყო, ზოგისთვის კი, მოსალოდნელი პროვოკაცია.
“პირველი რეისის მგზავრები ძალიან გაოცდნენ ქართველი ჟურნალისტების დახვედრით, რომლებმაც ყოველგვარ ჟურნალისტურ ეთიკას გადაუხვიეს და აფთრებივით იქცეოდნენ. კეზერაშვილის მიერ დაფინანსებული ჟურნალისტების ერთადერთი მიზანია, გამოგიყვანონ წყობილებიდან და მერე ეს შავი პიარისთვის გამოიყენონ”, – განუცხადა Dalma News-ს დიმიტრი ლორთქიფანიძემ.
მისივე შეფასებით, რადიკალური ოპოზიცია აბსოლუტურ ისტერიკაშია, რადგან არ ელოდნენ, რომ სახალხო დიპლომატია და ხელისუფლების კონსტრუქციული პოლიტიკის შედეგი საბოლოოდ გამოვლინდებოდა ქართულ-რუსული ურთიერთობების დათბობაში. ეს კი, მათთვის ნიშნავს დასავლური გრანტებისა და დაფინანსების დაკარგვას.
ლორთქიფანიძის თქმით, ლიბერალური გამოცემების მიერ ჩატარებული კვლევებიდანაც ჩანს, რომ ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილი, დაახლოებით 80%, მხარს უჭერს ქართულ-რუსული ურთიერთობების გადატვირთვას და ამ გზაზე პირველ ნაბიჯს ძალიან პოზიტიურად აფასებს. ეს პირველი ნაბიჯი არის სუფთა ფურცელი ქართულ-რუსულ ურთიერთობაში და ახალი შესაძლებლობების ფანჯრის გაჩენა. ჰუმანიტარული, პოლიტიკური და ეკონომიკური შედეგების გარდა, არსებობს გეოპოლიტიკური მოცემულობაც.
“ქართულ-რუსული ურთიერთობების შემდგომი განვითარება გვესახება ბლოკირებული დერეფნების განბლოკვით და ახალი ეკონომიკური სტიმულაციის მიღწევით. ეს ჩვენი ეკონომიკისთვის დამატებითი ჟანგბადის მიწოდება იქნება. თუ ეკონომიკურად ძლიერი არ ხარ, ტერიტორიებს, რომლებსაც ჯერჯერობით ვერ აკონტროლებ და ასეთია ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 1/5, შენს მოქალაქეებს ვერ შეუქმნი იმედიან განწყობას”, – აცხადებს დიმიტრი ლორთქიფანიძე.
რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების გადატვირთვის შესაძლებლობებზე საუბრისას პოლიტიკოსი აქცენტს აკეთებს ერთობლივი კონტრტერორისტული ბაზებისა და შავი ზღვისპირეთში თავისუფალი სავაჭრო ზონების შექმნაზე.
მისივე თქმით, ერგნეთის ბაზარს ქართულ-ოსური ურთიერთობების სერიოზული დათბობა მოჰყვა და იმ დონეზე წავიდა საქმე, რომ ერთი ნაბიჯიღა რჩებოდა ურთიერთობების აღდგენამდე. მაგრამ მაშინ დასავლეთიდან კატეგორიული მოთხოვნის საფუძველზე, საქართველოს ხელისუფლება იძულებული გახდა ჯერ დაეშალა ეს თავისუფალი სავაჭრო ზონა, შემდეგ კი, უარი ეთქვა მის განახლებაზე. „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი მთავარი დაპირება სწორედ ერგნეთის ბაზრობის აღდგენა იყო, რაც ვერ შეასრულა.
დიმიტრი ლორთქიფანიძის თქმით, რუსეთისთვის დღეს განსხვავებული რეალობაა. ის მონდომებულია საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენით შექმნას რეგიონული თანამშრომლობის ფორმატი, უსაფრთხოების ახალი კონსტრუქცია, რაც მისივე აზრით, თავის თავში უნდა მოიაზრებდეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას.
Dalma News-ის კითხვაზე, რა იქნება ის პოლიტიკური ფასი, რისი გადახდაც მოუწევს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის, დიმიტრი ლორთქიფანიძის მოსაზრებით, საქართველოს მოუწევს რეგიონული თანამშრომლობის ფორმატის ფარგლებში, რუსეთთან დიალოგის დაწყება. ამისთვის კი, ჟენევის ფორმატი სრულიად უმოქმედოა. საჭიროა რუსეთთან პირდაპირი დიალოგი.
“პოლიტიკური სპეკულაციებისთვის ახლა ადგილი არ არის, საჭიროა მშვიდი მსჯელობა. გავიხსენოთ რა ხდებოდა 2005 წელს, როდესაც პრეზიდენტი იყო სააკაშვილი, სალომე ზურაბიშვილი კი საგარეო საქმეთა მინისტრი. მაშინ რუსეთმა შესთავაზა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის 1997 წლის პრიმაკოვის გეგმის სისრულეში მოყვანა, რომელიც 2001 წელს რუშაილოსა და კახა თარგამაძის ერთობლივი ძალისხმევით კიდევ უფრო დაიხვეწა, ხოლო 2004 წელს, როდესაც რუსებმა სერგეი შამბა თბილისში ჩამოიყვანეს სააკაშვილთან შესახვედრად, განიხილეს საბოლოო მოდელი”, – აცხადებს ლორთქიფანიძე.
მისივე ინფორმაციით, მაშინ სააკაშვილის ხელისუფლების მიმართ კრემლის პირობა იყო უსაფრთხოება და ეკონომიკური ინტერესი, რასაც სააკაშვილი დაეთანხმა. საზოგადოებას კარგად ახსოვს მისი რევერანსები პუტინის მიმართ. მაგრამ შეთანხმება ვერ მივიდა ბოლომდე.
“იმიტომ, რომ ამერიკული ინტერესები გაცილებით უფრო დიდი და ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე უბრალოდ ქართული რეალური პოლიტიკა. დღეს რეალობა შეიცვალა”, – აცხადებს დიმიტრი ლორთქიფანიძე.
მისივე აზრით, შემდგომი ნაბიჯი უნდა იყოს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა.
გიორგი ქართველი