30 აპრილის მასშტაბური აქცია – “საქართველო უპირველეს ყოვლისა”, შთამბეჭდავი აღმოჩნდა ქართული პოლიტიკური სპექტრისთვის. “წითელი ხაზები”, რომლებიც თბილისის მცხოვრებლებთან ერთად ამ აქციაზე დედაქალაქში ჩამოსულმა მოსახლეობამ გაავლო, ხმამაღალი გზავნილი იყო, როგორც შიდა, ასევე, საგარეო პრიორიტეტების თვალსაზრისით. აქციის ორგანიზატორების მიერ მომზადებული მიმართვის ტექსტის იმ ნაწილს, სადაც საუბარია ლგბტ პროპაგანდის კანონით აკრძალვასა და სასწავლო დაწესებულებებში ახალგაზრდების იდეოლოგიური დამუშავების შეწყვეტაზე, მრავალათასიანი აქციის მონაწილეების მხრიდან მხარდაჭერა მოჰყვა.

30 აპრილის აქციის შემდეგ, ცალკეული პოლიტიკოსები მოქმედებაზე გადავიდნენ და “ხალხის დაკვეთის” შესრულებას შეუდგნენ. ასე მაგალითად, “ევროპელი სოციალისტების” დეპუტატმა პარლამენტში ფრიდონ ინჯიამ ახალი კანონპროექტის მომზადება დააანონსა, რომელიც შეზღუდავს ლგბტ პროპაგანდას. ხოლო ის, თუ კონკრეტულად რას აკრძალავს კანონი, ინჯიამ ჟურნალისტებთან ასე განმარტა, – “პროპაგანდაა, რომ გამოდიხარ დროშებით და დარბიხარ. ამას უყურებენ ბავშვები, მოზარდები, მოსახლეობა. ეს არის მიუღებელი ქართველი ხალხისთვის”.

კითხვაზე, ექნება თუ არა სახელმწიფოს ლგბტ თემის მიერ ორგანიზებული აქციის დაშლის უფლება, ინჯიამ განაცხადა, რომ ამასაც კანონი დაარეგულირებს. მისივე თქმით, კანონპროექტს არ სჭირდება ბევრი მუშაობა, იგი თითქმის მზად არის და საკანონმდებლო ორგანოში 10 დღის ვადაში შეიტანს.

როგორც ინჯიას ნათქვამიდან შეგვიძლია დავასკვნათ, საუბარია 8 კანონპროექტზე იმ 8 მოთხოვნის შესაბამისად, რომლებიც 30 აპრილის აქციაზე გამოცხადდა. მათ შორის არის, მძიმე დემოგრაფიული მდგომარეობა, დაბალი ხელფასები, ლგბტ პროპაგანდის შეზღუდვა, რომელიც მისივე თქმით, ანგრევს საქართველოს, ქართულ ოჯახს, სახელმწიფოს, მოქმედებს დემოგრაფიულ მდგომარეობაზე.

“ადამიანის საქმეა, რა ორიენტაციის იქნება, მაგრამ ამის პროპაგანდა მიუღებელია ქართული სახელმწიფოსთვის. აქციაზე თავად ვიყავი, სადაც გულანთებული ხალხი იყო მოსული, ვისაც საქართველო უყვარს და ქვეყნის გადარჩენა უნდა, ჩამოვწერე ის მოთხოვნები და მიმართულებები, რაც იქ დააყენეს, ხელისუფლების მიმართ ასეთი, დაახლოებით, რვა მოთხოვნა იყო, ამ მოთხოვნებიდან გამომდინარე, კანონპროექტებს მოვამზადებ”, – განაცხადა ინჯიამ.

როგორც გაირკვა და ეს თავად ინჯიამაც აღნიშნა, ამ საკითხებზე მმართველ უმრავლესობასთან არავითარი კომუნიკაცია არ ჰქონია. შესაბამისად, მისთვის უცნობი იყო, ის, თუ რას ფიქრობდნენ ამ საკითხზე “ოცნების” ლიდერები.

როგორც ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე განმარტავს, მმართველ პარტიაში არ განიხილება მსგავსი კანონპროექტის მიღება 3 არგუმენტის გამო:  პირველი და უმთავრესი სამართლებრივი მოსაზრების გამო; მეორე პრაგმატული არგუმენტით, რომ შესაძლოა ეს გამოიყენონ ლგბტ-პროპაგანდისტებმა და რადიკალურმა ძალებმა, რომლებიც შემდეგ, ამ თემაზე მთელ თავიანთ ნარატივს ააგებენ; მესამე – “ოცნებაში” უმრავლესობას მიაჩნია, რომ არაჯანსაღ პროპაგანდას ჯანსაღი პროპაგანდა უნდა დაუპირისპირონ, რათა მსგავსი კანონპროექტის მიღებამ, უნებურად „რადიკალების წისქვილზე არ დაასხას წყალი“.

3 მაისს, მამუკა მდინარაძის მიერ გაკეთებულ განმარტებას, 4 მაისს ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდან “ჯანსაღი პროპაგანდა” მოჰყვა. ღარიბაშვილი სიტყვით გამოვიდა უნგრეთში გამართული კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციის (CPAC) გახსნით სესიაზე, სადაც განაცხადა, რომ ქართული საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა ტრადიციულ, კონსერვატიულ ღირებულებებს იზიარებს, რომ ქართველი მშობლების უმრავლესობასთან ერთად, მასაც სურს, მისი შვილები ქრისტიანულ ღირებულებებზე აღიზარდონ, რომ საქართველოში არ დაუშვებს, არც უმცირესობაზე ძალადობას, არც უმცირესობის ძალადობას უმრავლესობაზე და რომ “აგრესიული პროპაგანდით შეიცვალოს ის ფასეულობები, რასაც საქართველოს მთელი ისტორია ეფუძნება”.

ირაკლი ღარიბაშვილი

მისივე თქმით, ეს ფასეულობებია – ღმერთი, სამშობლო, ადამიანი, რაც ერთ წიგნში – “სახარებაშია” (“ახალი აღთქმა”) თავმოყრილი.

“2000 წელია საქართველოს ისტორიას და კულტურას ეს ფასეულობები განსაზღვრავს, ეს ფასეულობები ედო საფუძვლად ქართულ იდენტობას, აერთიანებდა ჩვენს ხალხს. ამის დამსახურებაა, რომ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებებში, იმპერიებისა და ცივილიზაციების შეჯახების ეპიცენტრში საქართველო, როგორც პატარა ქვეყანა გადაურჩა ისტორიის იმ ქარტეხილებს, რამაც ბევრი ძლევამოსილი იმპერია გაანადგურა”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა უნგრეთში ვიზიტისას.

მისივე თქმით, ტრადიციების ერთგულება არ ნიშნავს, განახლებაზე უარის თქმას, თუმცა “ყველა სიახლე არ არის სიკეთის მომტანი”. აქ მან საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სიტყვები დაიმოწმა და აღნიშნა, რომ “თავისუფლებას ზოგჯერ, ცრუ თავისუფლების სახელით ებრძვიან”. კერძოდ, გარკვეული ძალები ცდილობენ, საკუთარი მიზნების მიღწევას სწორედ ტრადიციული, ოჯახური ფასეულობების ნგრევითა და ყალბი თავისუფლების თავს მოხვევით – ლგბტ პროპაგანდით, არასრულწლოვანი ბავშვებისთვის სქესის შეცვლის დაკანონების მცდელობით.

“ასეთი ე.წ. სიახლეებით, ადამიანს საკუთარ ფესვებს, ოჯახს, ისტორიას მოწყვეტენ, ასეთი ადამიანის მართვა ადვილია, ამიტომ, ასეთ რთულ დროში, ჩვენი იარაღი დღესაც, არის ტრადიციული, ქრისტიანული, კონსერვატიული ფასეულობები. ბოროტება ხშირად, სწორედ განახლების სახელით მოდის. ასე იყო ფაშიზმის შემთხვევაშიც და არაერთხელ მთელს ისტორიაში”, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, გლობალიზაციის ეპოქაში უფრო მეტად არის საჭირო მორალური ორიენტირები. არავის ინტერესები არ უნდა შეიზღუდოს სხვათა ინტერესების გამო.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილი განმარტავს, 2014 წელს, საქართველომ სწორედ ამ მიზნითა და ევროკავშირის ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მოთხოვნის შესაბამისად მიიღო “ანტიდისკრიმინაციული კანონი”, რომლითაც, მისივე თქმით, საქართველოს თითოეული მოქალაქის უფლებები იქნებოდა დაცული. თუმცა, იმავე 2014 წელს, საქართველოს კონსტიტუციაში შევიდა ქორწინების, როგორც ქალისა და მამაკაცის ერთობის დეფინიცია.

9 წლის წინანდელ მოვლენებს თუ გავიხსენებთ, ძნელი მისახვედრი არ იქნება, რატომ გახდა “ქართული ოცნება” იძულებული ორმაგი თამაში წამოიწყო, არც მწვადი დაეწვა და არც შამფური. ეს პარტია დღემდე ამ პოლიტიკას განაგრძობს – შინ და გარეთ, განსხვავებული პრიორიტეტებით მოქმედებს.

2014 წელს “ანტიდისკრიმინაციული კანონის” მიღებას საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობის პროტესტი მოჰყვა. საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებას ღიად დაუპირისპირდა ეკლესია. აღნიშნული კანონის მოწინააღმდეგეთა შეფასებით, ამ კანონით სხვადასხვა ტრადიციულ უმცირესობებს (რელიგიურს, ეთნიკურს და ა.შ.) გაუთანაბრეს სექსუალური უმცირესობები.

“გარყვნილება გაუთანაბრეს რწმენას და ეროვნებას. ანტიდისკრიმინაციული კანონის საფუძველზე სოდომისტებს უფლება აქვთ აღმზრდელებად და პედაგოგებად მოევლინონ ჩვენს ბავშვებს ბაგა-ბაღებსა თუ სკოლებში. ამ კანონმა გზა გაუხსნა სკოლებში მამათმავლური თემატიკის დაუბრკოლებლად შეტანას (გენდერის თეორია, ახალი საგნის „მე და საზოგადოება“ თუ განახლებული „ჩემი საქართველო“ და სხვა)”, – აცხადებენ ამ კანონის მოწინააღმდეგენი.

ამ ფონზე, “ოცნება” იძულებული გახდა ქართულ საზოგადოებაში არსებული ვნებათაღელვა ჩაეცხრო და 2014 წელს, ქვეყნის კონსტიტუციაში შეიტანეს დეფინიცია, რომ ქორწინება არის ქალისა და მამაკაცის ერთობა. ამით დასავლეთს მიანიშნეს, რომ ერთნაირ სქესიანთა ქორწინების დაკანონების საშუალებას საქართველოს მოსახლეობის ანგარიშგასაწევი უმრავლესობა ეწინააღმდეგება.

ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე Dalma News-თან საუბრისას განმარტავს, რომ “ანტიდისკრიმინაციული კანონი” ყველას თავისებურად ესმის, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ კანონში მკაფიოდ არ არის განსაზღვრული, რომ საქართველოში უნდა დაკანონდეს ერთნაირ სქესიანთა ქორწინება, ის კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მაინც მოდის.

“კონსტიტუციაში გაწერილია, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის კავშირი. ჩნდება გარკვეული სამართლებრივი კოლიზიები. ვიღაცამ შეიძლება წაიკითხოს, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონი იცავს სექსუალური უმცირესობების უფლებებს, ამ დროს ეს კანონი იცავს ყველა უმცირესობის უფლებებს, მათ შორის, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების უფლებებს და ყველანაირ დისკრიმინაციას კრძალავს. მეორე მხრივ ჩვენი საზოგადოება არის მართლმადიდებლური საზოგადოება. მართლმადიდებლობა კი, იმას, რაც “ანტიდისკრიმინაციულ კანონში” არის გაწერილი ცოდვად მიიჩნევს“, – აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე.

მისივე თქმით, ეს არის ერთ-ერთი შემაფერხებელი ფაქტორი საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების, რადგან იქ, ამ საკითხს სხვაგვარად უდგებიან.

“თუმცა, დასავლეთშიც არიან კონსერვატიული წრეები, საკმაოდ ანგარიშ გასაწევი რაოდენობით, ისინიც იზიარებენ ტრადიციონალისტურ მიდგომებს, თუ რომელიმე ევროპელმა, ლიბერალური მიმართულების პოლიტიკოსმა, რაღაც განცხადება გააკეთა ჩვენს პრემიერზე, ეს მათი ღირებულებებიდან გამომდინარე, ჩვეულებრივი ამბავია. ეს ღირებულებათა ჯახი არა მხოლოდ საქართველოში, დღეს მთელს მსოფლიოშია”, – აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე.

„ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკა უხერხულ წინააღმდეგობაში მოდის მათსავე საშინაო პოლიტიკასთან, როდესაც ცდილობენ ანგარიში გაუწიონ საკუთარ ამომრჩეველს. მათი სტაბილური ამომრჩეველი კი, ქვეყნის მოსახლეობის ტრადიციონალისტურად და კონსერვატორულად განწყობილი ნაწილია.

არჩილ სიხარულიძე

როგორც პოლიტოლოგი არჩილ სიხარულიძე აცხადებს, ქართული პოლიტიკური ისტებლიშმენტი ცხოვრობს ერთი წესით, მაქსიმალურად დააკმაყოფილონ დასავლეთის მოთხოვნები, რათა დასავლური სამყაროს ნაწილი გახდნენ. მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, მხოლოდ ეს საკმარისი არ არის, საქართველოში არსებობს ისეთი მოვლენა, როგორიც არის ამომრჩეველი, რომლის გემოვნება და ინტერესები ხშირად თანხვედრაში არ მოდის ბრიუსელთან და აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანის გემოვნებასთან.

სიხარულიძის აზრით, „ქართულმა ოცნებამ” გაიაზრა, რომ საქართველოში რამე რომ მოხდეს, პასუხისმგებლები თვითონ იქნებიან და არა კელი დეგნანი, ან დასავლელი პოლიტიკოსები. ერთი მხრივ დასავლეთს ეუბნებიან, რომ მათი ღირებულებების ერთგულნი არიან, მეორე მხრივ კი იციან, რომ მათი ამომრჩეველი და საზოგადოების უდიდესი ნაწილი კონსერვატორულ-ლიბერალურია.

საინტერესოა, რომელი მხარე ტყუვდება ამ ორმაგი თამაშით?

არჩილ სიხარულიძის აზრით, „ოცნების“ ორმაგი თამაშით, არც დასავლეთი ტყუვდება და არც ქართველი ხალხი. დასავლეთში ესმით, რომ საქართველოში არის მოსახლეობა, რომელიც “ცალ ფეხზე” არ დადგება და ბრმად არ მისდევენ იმას, რასაც დასავლეთიდან ეტყვიან.

“პრობლემა იმაშია, რომ არ უნდა გადავვარდეთ რადიკალიზმში. ყველაფერი ცხოვრებაში არის პროპაგანდა, უნდა გავიგოთ კარგად რა არის ლგბტ პროპაგანდა და სად არის “წითელი ხაზები” ამ პროპაგანდაში? არ უნდა გადავვარდეთ რელიგიურ ფანატიზმში. უნდა ვიყოთ ფრთხილად“, – განუცხადა Dalma News-ს არჩილ სიხარულიძემ.

შორენა პაპაშვილი