მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მქონე სომხეთი, ისტორიული ფილმების გადასაღებად მზა სცენარების ერთგვარი საწყობია. ფილმისთვის შესანიშნავი სიუჟეტია ურარტუს უძველესი სახელმწიფოს ისტორია, ტიგრან დიდის და მეფე აშოტ ერკატის (რკინის) მმართველობა, მათ მიერ სომხეთიდან არაბების განდევნა. ეს და სხვა გმირები ელოდებიან დროს, როდესაც მათი პერსონაჟები ცისფერ ეკრანზე გაცოცხლდებიან. სინამდვილეში ჩვენ ძალიან ცოტა ეკრანიზაცია გვაქვს, რომელიც ჩვენი ქვეყნის მდიდარ ისტორიას უკვდავყოფს და მომავალ თაობას გადასცემს.
2019 წელს ამ თვალსაზრისით, ისტორიის მოყვარულებს საჩუქარი ელით: 17 ივლისს, ბეირუთში, სამი ისტორიული პრომო ფილმ “კილიკია:ლომების ქვეყნის” დახურული ჩვენება შედგა. ავტორები აცხადებენ, რომ მალე ფილმის პრემიერა ერევანშიც გაიმართება. უფრო მეტიც, მათივე თქმით, ეს კინოსამყაროს ერთ-ერთ მთავარი მოვლენა იქნება.
აღნიშნული სამი პრომო ფილმი, რომლებიც შემქმნელებმა მხატვრულად გააფორმეს, მაყურებელს უძლიერესი კილიკიის სამეფოს დინასტიის მმართველობის 300-წლიან ისტორიაზე მოუთხრობს. ეს არის 1080-1375 წლებში, კილიკიაში, სომხური ფეოდალური სათავადოს, შემდგომში სამეფოს არსებობის პერიოდი. ეს დროის სწორედ ის მონაკვეთია, როდესაც ვენეციელმა გეოგრაფმა, მარინო სანუტომ, რომელმაც კილიკიაში იმოგზაურა, სომხური სახელმწიფო შემდეგი სიტყვებით აღწერა:
“სომხეთის სამეფო ოთხი მტაცებლის კბილებშია. ერთი მხრიდან – ეს არის ლომი – თათრები (მონღოლები), რომელსაც სომხეთის მეფე მძიმე ხარკს უხდის; მეორე მხრიდან – ლეოპარდი – სულთანი (ეგვიპტე), რომელიც ყოველდღიურად აკოტრებს ქვეყანას; მესამე – მგელი – თურქები (ყარამანიდები), რომლებიც მის ხელისუფლებას უთხრის ძირს; მეოთხე – გველი – მეკობრეები, რომლებიც სომხეთის გლეხების ძვლებს ღრღნიან”.
ერთი სიტყვით, ჩვენ გველოდება სამეფო შეთქმულებები, ღალატი, ბრძოლები და რაღა თქმა უნდა, სიყვარული.
აღნიშნული ინიციატივის მიზანი არის მომავალი თაობისთვის ისტორიული ცოდნის შენახვა, რათა მათ იცოდნენ, რომ უძლიერესი და ამაყი სახელმწიფოს შვილები არიან. იდეის ფრთები შეასხეს სიმფონიური ორკესტრის და გუნდ “გოარის” (KOHAR) დამაარსებელმა, ხაჩატურიანების ოჯახმა და ლიბანელმა მეცენატმა, არუტ ხაჩატურიანმა, რომელმაც ბეირუთში გამართულ პრემიერაზე განაცხადა, რომ ფილმში მოთხრობილი ისტორია აუცილებლად ჰპოვებს გამოხმაურებას ლიბანელ და მთელს მსოფლიოში მცხოვრებ სომხებს შორის, რადგანაც მათი უმრავლესობის წინაპრები კილიკიიდან იყვნენ.
“კილიკიის დროშებს, რომლებსაც მაყურებელი “გოარის” კონცერტებზე შლიდა, ახლა ეკრანის მეორე მხარეს, ისტორიული პერსონაჟები გაშლიან”,- განაცხადა მან.
პრომო ფილმების გადაღებები სომხურმა კომპანია „დონიმო პროდაქშენმა“ აწარმოა, რომელიც აანონსებს, რომ პროექტი დატვირთულია ისტორიული ჟანრის სიახლეებით და თავისი ხასიათით ერთ-ერთი პირველია სომხურ ბაზარზე. რეჟისორ აშოტ არაქელიანის თქმით, წარმოების პროცესი დროში და გეგმის მოცულობით შეესაბამებოდა პერიოდს, რომელიც საჭიროა სრულმეტრაჟიანი ფილმის შესაქმნელად.
“ჩვენი მიზანი იყო მაღალი ხარისხის კინოფილმის შექმნა, რომელიც ისტორიული კინოს მსოფლიო ინდუსტრიაში თავის სიტყვას იტყვის და ამით, სომხეთს წარადგენს, როგორც ამ სფეროში სერიოზული პოტენციალის მქონე ქვეყანას. გადაღებები სომხეთში მიმდინარეობდა: ბრძოლების მასშტაბური სცენებით დაწყებული და საზღვაო ბრძოლებით დამთავრებული. ეს უკანასკნელი სცენები გემ „კილიკიაზე“ გადავიღეთ. მაყურებელს ძალზედ დატვირთული და მდიდარი ვიზუალური გადაწყვეტები, ასევე კომპიუტერული გრაფიკის სურათი ელოდება”,- განაცხადა არაქელიანმა.
ფილმის გადაღებების დროს, გადამღები გუნდი მჭიდროდ თანამშრომლობდა ისტორიკოსთან, იყენებდა დაარქივებულ ისტორიულ მასალას და უზარმაზარი სამუშაო გასწია კოსტიუმების და რეკვიზიტების შესაქმნელად, არც შთამბეჭდავი მუსიკა დავიწყნია. ეს ყველაფერი მაყურებელს ფილმში ასახულ ეპოქაში გადაიყვანს და მის გონებას სწორი მიმართულებით წარმართავს.
პირველ ფილმში ავტორები სომხური სათავადოს ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, კილიკიის მიწაზე ფორმირების პერიოდზე გვიყვებიან. ეს ის პერიოდია, როდესაც სომეხმა ერმა სახელმწიფოებრიობა დაკარგა. ფილმი მოგვითხრობს კილიკიის ისტორიას მისი დაარსებიდან, რუბენიდების დინასტიის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მეფის – ლევონ მეორის მმართველობამდე.
მეორე პრომო ფილმში, ავტორები მეცამეტე საუკუნის მოვლენებს აცოცხლებენ. აცოცხლებენ ლევონ პირველის ქალიშვილის იზაბელას (ზაბელ), მისი არასრულწლოვნობის პერიოდში მმართველი კონსტანტინე პაილის და იზაბელას მეუღლის, კილიკიის ხეტუმიდების დინასტიის ფუძემდებელი მეფის ხეტუმას პიროვნებებს. ასევე, ვეცნობით იმ დროინდელ წეს-ჩვეულებებსა და ინტრიგებს. რაც შეეხება მესამე ისტორიას, რომელიც 1219-1375 წლებს მოიცავს, ლევონ მესამის და ბოლო მეფის ლევონ მეოთხე ლუზინიანის მმართველობის პერიოდებზე მოგვითხრობს. პრომო ფილმი სწორედ მათი დაკრძალვის ეპიზოდით მთავრდება.
ფილმების ნახვას სომეხი მაყურებელი შემოდგომაზე შეძლებს. გარდა ამისა, შემოქმედებით ჯგუფი პრომო ფილმების ჩვენებას კინოს საერთაშორისო ბაზარზეც გეგმავს.
ლინა მაკარიანი
თარგმანი: ხათუნა პაპაშვილი