“თურქეთი ის ქვეყანაა, რომელმაც პირველმა გამოუწოდა დახმარების ხელი საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ და ყველაფერი გააკეთა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის. 2004 წელს, როდესაც აჭარაში პრობლემები შეიქმნა, თურქეთმა ყველაფერი გააკეთა, რომ აჭარის მოსახლეობა სისხლისღვრასა და სამოქალაქო დაპირისპირებას არიდებოდა”, – ეს სიტყვები საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ეკუთვნის, რომელიც 2008 წლის მაისში, თურქეთთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის დოკუმენტის მომზადებასთან დაკავშირებით წარმოთქვა.

დოკუმენტის მიზანი საქართველოში თურქული ინვესტიციების მაქსიმალური შემოდინებაა – სამშენებლო ინდუსტრიაში, გადამამუშავებელ მრეწველობაში, წარმოების განვითარებაში. დღეს, აჭარაში, თურქეთის ეკონომიკურ ოკუპაციაზე საუბრობენ, რომ მალე მოსახლეობას, ქართულად საუბარსაც აუკრძალავენ. აჭარლებს აქვთგანცდა, რომ ისინი საქართველოში კი არა, თურქეთში ცხოვრობენ.

როგორ ვითარდება საქართველო-თურქეთის ურთიერთობები დღეს და რამდენად ძლიერად არის საქართველო თურქეთზე ეკონომიკურად დამოკიდებული, ამის შესახებ Dalma News-ს ქართველ პოლიტიკოსი ჰამლეტ ჭიპაშვილი ესაუბრა.

ჰამლეტ ჭიპაშვილი

ისწლების განმავლობაში, ცენტრალურ ხელისუფლებაში აჭარის წარმომადგენელი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილ ლიდერ ასლან აბაშიძესთან დაახლოებული პირი და პარტია “აღორძინების” დეპუტატი იყო პარლამენტში. “ვარდების რევოლუციამდე” პარლამენტში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა ეკავა.

– რამდენად ძლიერია დღეს, აჭარაში თურქეთის ფაქტორი?

– როცა აჭარის მეთაური ასლან აბაშიძე იყო, მაშინ, ერთადერთი თურქი, რომელმაც იქ ინვესტიცია განახორციელა, ცნობილი ბიზნესმენი შენერ არდა იყო. მან ბათუმში საბორნე გადასასვლელი ააშენა, რაც იმ პერიოდისთვის ძალიან დიდი მოვლენა იყო და დღესაც, ერთ-ერთ უნიკალურ მშენებლობად ითვლება. იმჟამად აჭარაში არ იყო თურქული ბიზნესის მოზღვავება. როგორც კი, ასლანი აჭარიდან გააძევეს და მთელი ძალაუფლება პარტია “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” აიღო ხელში, ეს რეგიონი თურქულ სამყაროდ გადაიქცა. თქვენთვის კარგად არის ცნობილი, რომ სააკაშვილმა თურქებს დაურიგა ქართული პასპორტები, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მისი საპრეზიდენტო ვადა იწურებოდა, ათასობით პასპორტი გასცა თურქებზე, ვითომ ქართველებზე.

– რას გულისხმობთ, იმ ადამიანებს ხომ ქართული ფესვები აქვთ?

– ხალხი, რომლებიც სარფის იქით, თურქეთის ტერიტორიაზე ცხოვრობს, ზოგი არის ქართული წარმოშობის, მაგრამ ქართული სულისკვეთება მათში სუსტია, როგორც რელიგიის, ისე შემეცნებითი და სულიერი თვალსაზრისით, ისინი არიან იმ ქვეყნის გულწრფელი მოქალაქეები, სადაც ისინი ცხოვრობენ.

– თქვენი აზრით, ისინი საქართველოს გულშემატკივრები არ არიან?

– მათი მამა-პაპა, მათი მთელი თაობები თურქეთში დაიბადნენ, მიუხედავად იმისა, რომ ეს ტერიტორია 3 საუკუნის განმავლობაში იყო თურქეთის მიერ წაგლეჯილი და მერე რუსეთის წყალობით დაგვიბრუნდა, მაინც თურქეთის გამგებლობაში დარჩა. ადამიანებს, რომლებიც სარფის მეორე მხარეს ცხოვრობენ, აბსოლუტური თბილისი და მშობლიური დამოკიდებულება თურქეთის მიმართ. მაგრამ ბიზნეს და სხვა ინტერესებიდან გამომდინარე, ბევრმა მათგანმა, სააკაშვილის წყალობით, ქართული პასპორტი მიიღო. საქართველოს მოქალაქეობა მიიღეს, არა ქართული წარმოშობის ადამიანებმა, არამედ თურქებმაც. ასე ერთი ხელის მოსმით აჭარის გათურქება სახელმწიფოებრივი მიდგომა არ არის.

– ორმაგი მოქალაქეობის წინააღმდეგი ხართ?

– უბრალოდ მე ვამბობ, თურქებისთვის ასე ხელგაშლილად საქართველოს მოქალაქეობის პასპორტების მიცემა იყო ძალიან დიდი შეცდომა. ამის შედეგი იყო ის, რომ თურქებს გაეხსნათ დიდი არეალი აჭარაში. მთელი მშენებლობა, რაც მიმდინარეობს აჭარაში, არის თურქული კომპანიების ხელში, ბიზნესი არის თურქების ხელში, მაღაზიები, საწარმოები, რომლებიც გახსნეს აჭარის ტერიტორიაზე, განსაკუთრებით ბათუმში, არის თურქული, მუშახელიც თურქულია. საზღვრის იქით მცხოვრები თურქები გადმოდიან აჭარაში, მუშაობენ და საღამოს სახლში ბრუნდებიან. ამ საწარმოებში აჭარის მცხოვრები თითო-ოროლა თუ არის დასაქმებული, ისინიც 10-ჯერ ნაკლებ ხელფასს იღებენ, ვიდრე თურქი.

აეროპორტი, რომელიც თურქებმა ააშენეს, არის საზღვართან ახლოს. ჩამოსული თვითმფრინავი, სადაც მგზავრების უმეტესობა არიან თურქები, ჯდება ბათუმის აეროპორტში, თვითმფრინავთან მიდის ავტობუსი, მასში გადასხდებიან თურქები ყოველგვარი საბაჟო პროცედურების გავლის გარეშე, გადაკვეთენ საზღვარს და შემდეგ უკვე თურქეთის ტერიტორიაზე გაივლიან შემოწმებას. ანალოგიური რამ ხდება, როდესაც ტრაპიზონის რეგიონის თურქი მოსახლეობა აპირებს გაფრენას სხვაგან. ავტობუსით ჩამოდიან აჭარაში, ჩასხდებიან თვითმფრინავში და გაფრინდებიან. ასეთ კომიკურ ვითარებას ვერ ერთ ქვეყანაში ვერ ნახავთ. ეს ნიშნავს იმას, რომ აჭარის ტერიტორია “თურქულ ვილაიეთად” გადაიქცა.

– თურქულ კომპანიებს უღირთ ამხელა ხარჯის გაღება და მუშახელის თურქეთიდან შემოყვანა?

– ეს არის თურქი მუშახელი, რომელიც სამსახურს ჩრდილოეთ თურქეთში ვერ შოულობს. ეს ტრაპიზონის ფაქტობრივად, ის მხარეა, რომელიც ჩვენ გვესაზღვრება და რომელიც, სანამ საზღვარი გაიხსნებოდა ერთ-ერთი ჩამორჩენილი რეგიონი იყო. საზღვრის გახსნის შემდეგ, ჩვენი და რუსეთის ხარჯით, დაიწყო იმ რეგიონმა აღმა სვლა. მას შემდეგ, რაც დაიშალა საბჭოთა კავშირი, ის ტერიტორია გამოცოცხლდა და მეტ-ნაკლებად დაეწია დანარჩენ თურქეთს ეკონომიკური, სოციალური და ა. შ თვალსაზრისით. ამ ზონაში მცხოვრებ თურქს გაცილებით იაფი უჯდება ბათუმში ჩამოსვლა და აქედან გაფრენა ვიდრე, ჩავიდეს ტრაპიზონში, იქიდან ჩავიდეს ან ანკარაში, ან სტამბულში და იქიდან გაფრინდეს თურქეთის სხვა რეგიონში. ეს გრძელი გზაა, ამიტომ ის ამჯობინებს მოკლე გზას, ბათუმიდან გაფრენას.

გარდა ამისა, ის თურქები, რომლებიც ამ ზონაში ცხოვრობენ, დასაქმებულები არიან საწარმოში, რომელიც ყურის ძირშია. თურქეთისთვის ეს საზღვარი არ არსებობს, ეს მათთვის ერთი ქუჩიდან მეორეზე გადასვლის მსგავსია. ბათუმელებს აქვთ შეგრძნება, რომ ისინი თურქეთში არიან. თურქების მაღაზიებში ქართულად ვერ დაილაპარაკებთ, იმიტომ, რომ მეპატრონე ან მომსახურე პერსონალი პირდაპირ ითხოვს თურქულის ცოდნას, – ჩვენ ქართული არ გვესმისო. გაჩნდა უამრავი კაფე და თურქული რესტორანი. არაფერს ვამბობ დიდ სასტუმროებზე. თურქული ოკუპაციის პროცესი კატასტროფულად აქტიურდება. იხსნება პატარ-პატარა მეჩეთები აჭარის მთიან და არამთიან რეგიონებში, ახალგაზრდები მიჰყავთ სტამბოლისა და სხვა ქალაქების თურქულ სასწავლებლებში, სადაც სუნიზმისა და ისლამის შესახებ ინფორმაციას იღებენ.

– საქართველოში თურქული უნივერსიტეტების წინააღმდეგი ხართ?

– ეს პროცესი აქტიურად მიმდინარეობდა ექსპრეზიდენტ სააკაშვილის დროს. მისი დედა თურქოლოგია. სააკაშვილს არაერთხელ უთქვამს, რომ თურქები ჩვენი ძმები და მეზობლები იყვნენ საუკუნეების განმავლობაში და არავითარ მტრობას ადგილი არ ჰქონია ისე, როგორც ეს ჩვენს ისტორიაში წერიაო. წარმოიდგინეთ, პრეზიდენტის დედას კავშირები აქვს თურქეთში, არის რამდენიმე თურქული უნივერსიტეტის ზოგან რექტორი, ზოგან პრორექტორი, აქედან გამომდინარე ცხადია, სისხლითა და ხორცით ეთაყვანება ამ ქვეყნის კულტურას და ამას თავს ახვევს მოსახლეობას. როცა სააკაშვილმა განაცხადა, რომ თურმე თურქები ყოფილან ჩვენი მეგობრები და არა მტრები, როცა ბერძენიშვილებმა გაიმეორეს, რომ ყველა დამპყრობელთან შედარებით ყველაზე რბილი და სათუთი ყოფილან თურქები, რასთან გვაქვს საქმე.

– თურქეთთან პარტნიორული ურთიერთობების განვითარებას საფუძველი, ჯერ კიდევ შევარდნაძის პრეზიდენტობისას ჩაეყარა. მაშინ ამას ფასდაუდებელ მეგობრობად განვიხილავდით. იქიდან მოდიოდა ფინანსური დახმარებები. დღეს რატომ უწოდებთ მათ ოკუპანტს?

– შევარდნაძის დროს, თურქეთი იყო მეგობარი სახელმწიფო. შევარდნაძე იყო პიროვნება, რომელიც არა ერთ პოლიტიკურ თამაშს თამაშობდა, ის აქეთაც იყო და იქითაც. პროამერიკულიც იყო, პრორუსულიც, პროთურქულიც და ა.შ. საბოლოოდ ისე დაიბნა აქეთ-იქით ტრიალში, რომ ბოლოს, თავიც დაკარგა და სავარძელიც. რაც შევარდნაძემ გააკეთა ეს დასაფიქრებელია. მაშინ პარლამენტის აპარატის უფროსი ვიყავი (1992 – 1995 წლები). პირველი, რაც შევარდნაძემ საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ გააკეთა, იყო ის, რომ თურქეთს თანხმობა მისცა მეგობრობისა და თანამშრომლობის ჩარჩო-ხელშეკრულების დადებაზე. ტექსტი ფაქტობრივად მთლიანად თურქული მხარის მიერ მომზადდა, სადაც პრეამბულაში ჩაიწერა, რომ მხარეები ყველა იმ ხელშეკრულებას აღიარებენ, რომელიც თურქეთსა და საქართველოს შორის ისტორიულად, დღემდე დადებულა. იგულისხმება ყარსის ხელშეკრულებაც და ბევრი სხვა. საქართველო ვერ დააყენებს პრეტენზიას იმ ქართულ მიწებზე, რომელიც თურქეთშია დარჩენილი. ჩვენ ვამბობთ, რომ ოშკი და სხვა ისტორიულად ქართული სალოცავები დღეს არის თურქეთის ტერიტორიაზე, მაგრამ იქ ქართველი მეცნიერების ჩასვლაც კი, თურქული მხარის გაღიზიანებას იწვევს. იმის თქმაზე, რომ ეს ჩვენი მიწაა, საერთოდ ირევიან თურქები.

– როგორ შეაფასებთ ქართულ-თურქულ ურთიერთობებს?

– ამას არ ჰქვია ქართულ-თურქული ურთიერთობები, ეს მხოლოდ თურქული ურთიერთობაა საქართველოსთან მიმართებით, რომელსაც თავს უქნევს საქართველოს ხელისუფლება ყველაფერში. საქართველოს არ ჰყოლია ისეთი ხელისუფლება, რომელსაც მოჯამაგირის როლი არ შეესრულებინა თურქეთის, აზერბაიჯანის, აშშ-ს წინაშე. ჩვენი მე არ გაგვაჩნია. დღევანდელი ხელისუფლება საყვედურის სიტყვასაც ვერ დაძრავს თურქეთის მიმართ. თურქეთის ხელისუფლებაში მიაჩნიათ, რომ საქართველო არის მათი მეგობარი და გავლენის სფერო. თურქეთის სს ექსმინისტრ დავითოღლუს მიერ გამოცემულ წიგნებში, თურქეთის გავლენის სფეროდ მთელი საქართველოა განხილული. ცხადია თურქი ამას დღეს არ ახორციელებს იარაღით, ტყვიით, ღია აგრესიით, მაგრამ ის ოკუპაციას რბილი პოლიტიკით ეწევა. ფეთჰულა გიულენი თავის ნაშრომში წერს, – უნდა განვავითაროთ დიდი თურქეთის დაბრუნების იდეა ლოცვით და პატარა ნოხითო.

– რამდენად ძლიერია რელიგიური ფაქტორი აჭარაში?

– ამ ერთი ციდა ტერიტორიაზე, აჭარაში, რომლის მოსახლეობა 300 ათას არ აჭარბებს, მეზობელი ქვეყნის საკმაოდ სერიოზული რელიგიური ფაქტორი მუშაობს. გავლენა დიდია ამ თვალსაზრისით, როცა მოსახლეობის გარკვეული ნაწილი მუსულმანია, ეს სხვანაირად მოაქცევს ამ ხალხს. საბჭოთა კავშირს 70 წელი დასჭირდა იმისთვის, რომ გამუსულმანებული აჭარლები ქრისტიანები გამხდარიყვნენ და ცივილიზებული საერო კულტურა შეეტანა ამ ხალხში.

– დღეს, როცა ქვეყანაში აქტიურია რუსოფობიური და ანტირუსული განწყობები, არ იკვეთება ანტითურქული განწყობა. რატომ?

გავრილოვის ამბებთან დაკავშირებით, რუსი ჟურნალისტები ჩავიდნენ აჭარაში, ესაუბრნენ ადგილობრივ მოსახლეობას. აჭარლები ამბობენ, – გავთურქდითო. არის თუ არა ოკუპაცია ის, რასაც თურქები აკეთებენ აჭარაში. პოლიტიკურ პარტიებს ეშინიათ თურქეთთან დაკავშირებით ხმის ამოღების, რომ თურქეთმა არ გაწყვიტოს ეკონომიკური კავშირები, რომელიც არსებობს თურქეთსა და საქართველოს შორის მხოლოდ, იმის გამო, რომ თურქეთი არის ნატოს წევრი.

– ალბათ, ნატო-ა ერთ-ერთი მყარი ფაქტორი თურქეთთან ურთიერთობაში, თორემ რუსეთთან პოლიტიკურმა გართულებებმა არაერთხელ მოგვაყენა ეკონომიკური ზიანი?

– თურქეთს ეკონომიკური თვალსაზრისით ძალიან სერიოზული ბერკეტები აქვს, არა მარტო აჭარაში, არამედ მთელს საქართველოში. ყველაფერი არის თურქული – დაწყებული სამედიცინო აპარატურით. უმარავი სამედიცინო დაწესებულება თურქული კაპიტალით არის გახსნილი. აღარაფერს ვამბობ იმ მდარე ხარისხის თურქულ პროდუქციაზე, რომელიც უხვად შემოდის საქართველოში.

– თურქებს ასევე უხვად მიაქვთ საქართველოდან სოფლის მეურნეობის პროდუქტები…

– იმიტომ, რომ მათ იციან, ქართული პროდუქცია ეკოლოგიურად გაცილებით სუფთაა. ყიდულობენ თაფლს, კარტოფილს, რომელსაც სამწუხაროდ ძალიან მცირე რაოდენობას ვაწარმოებთ. თურქეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს აქვს ერთიანი სამხედრო-პოლიტიკურ – ეკონომიკური კავშირი და ხშირად იმართება სამმხრივი კონფერენციები.

თურქეთისა და აზერბაიჯანის გავლენა საქართველოს ყველა სფეროზე ძალიან დიდია. ამას იმასაც თუ დავუმატებთ, რომ რუსეთი ფაქტობრივად მოვიძულეთ, გავაგდეთ საქართველოდან და არავითარი კავშირი მას საქართველოსთან არ აქვს, ადვილი წარმოსადგენია ის გავლენა, რომელიც ცალმხრივად ვითარდება. მეორე მხრივ, თურქეთსა და აშშ-ს შორის ძალიან დაძაბულია ვითარება. რუსეთსა და თურქეთს შორის კი, საკმაოდ კარგი ურთიერთობაა. აშშ-ს არ მოსწონს თურქეთის მიერ, რუსეთისგან საზენიტო რაკეტების შეძენა. გაწვრთნილი ჯარის თვალსაზრისით, თურქეთი ნატო-ში, აშშ-ს შემდეგ მეორე ქვეყანა. ამავე დროს, ვაშინგტონსა და ანკარას შორის დაძაბულობა ისეთია, რომ მტერს. საქართველოს კარგი ურთიერთობა აქვს აშშ-სთან და უკვე აღარ ვიცით თურქეთთან როგორ მოვიქცეთ, ვის ვცეთ პატივი. ამერიკა უკვე გაიძულებს თურქთან, ირანთან, აზერბაიჯანთან სხვა ურთიერთობები გქონდეს, ამის შესახებ ჩვენს პრესაში არ იწერება, მაგრამ წაიკითხეთ აზერბაიჯანული პრესა, იქ ამ ყველაფერზე არის საუბარი. აშშ-ს გვაიძულებს რუსეთთან ცუდი ურთიერთობის ქონას. ჩვენ ხომ ყველას მონები ვართ და ახლა დავიბენით, ვინ არის პირველი ბატონი, თურქეთი, ამერიკა, ევროპა თუ სხვა ვინმე? მართალია, დღეს, საქართველოში, ამერიკული სამხედრო ბაზა არ არის, მაგრამ ხვალ იქნება და ნუ გაგიკვირდებათ, რომ ეს ბაზა ანაკლიაში აშენდეს.

– პრეზიდენტმა თქვა, რომ არანაირი ამერიკული ბაზა არ იქნება საქართველოში?

– ზურაბიშვილი რა პრეზიდენტია, მას პოლიტიკურ ფიგურად არ აღიქვამენ. მას დაბნეული კატა შეარქვეს, რომელიც აქეთ-იქით დაეხეტება.

– პრეზიდენტი, ახალი კონსტიტუციით, ისედაც აღარ არის პოლიტიკური ფიგურა…

– მაგაშია საქმე, ეს არის ადამიანი, რომელიც მხოლოდ სისულელეებს ლაპარაკობს. მის ნათქვამს არავინ ყურს არ უგდებ. მისი ნათქვამი, რომ საქართველოში ამერიკული ბაზა არ იქნება, არაფერს ნიშნავს, მას არავინ ჩაახედებს საქმეში. თვითონ ამერიკელი, რომ დასჭირდეს, საქართველოს ხელისუფლებაში არავის ჰკითხავს, ისე გახსნის აქ ბაზას.

– გამოსავალს რაში ხედავთ?

– ვერაფერში. 30 წლის განმავლობაში, ჩვენი ყველა ხელისუფლება – შევარდნაძის, სააკაშვილის, ივანიშვილის – ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკას ქმნიდა. ამ 30 წლის განმავლობაში ხალხი უსაშინლეს სოციალურ მდგომარეობაში ჩააყენეს. ეკონომიკა დაცემული, მიწასთან გასწორებულია. არავითარი ეკონომიკა საქართველოს არ გააჩნია, არის უმუშევრობა, ხალხი გარბის უცხოეთში, იგივე თურქეთში. გურულები თურქეთში კრეფენ ჩაის, მაშინ, როდესაც ქართული ჩაი განთქმული იყო. ამას ჩვენს კატასტროფულ დემოგრაფიულ მდგომარეობას თუ დავუმატებთ, 11 წლის შემდეგ, საქართველოში ქართველი გაცილებით ცოტა იქნება, ვიდრე სხვა ერის წარმომადგენელი. ეს არის გაეროს მონაცემები და არა ჩემი. ქვეყანა არ დარჩა, სადაც ქართველი არ არის ემიგრაციაში წასული. ჩვენი მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, ჩვენმა ხელისუფლებამ ერთხელ მაინც იფიქროს ხალხზე.

ესაუბრა შორენა პაპაშვილი