უჩვეულოდ ცხელი ზაფხული საქართველოში წელს სპორტული ღონისძიებებით დატვირთული გამოდგა, თუმცა, არც ეკონომიკური მდგომარეობის მხრივ ყოფილა სასიამოვნო სიგრილე. ლარის კურსის ყოველდღიური ვარდნისა და ფასების სწრაფი მატების გამო, ქვეყნის მოსახლეობაში ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილება დღითი დღე მატულობს. მმართველი კოალიციის პოლიტიკური ოპონენტები ქუჩის აქციების დაწყების მოლოდინში არიან, რადგან მიაჩნიათ, რომ “მთავრობა ვერც რუსულ პროვოკაციას უმკლავდება და ვერც ქვეყანაში არსებულ სოციალურ პრობლემებს”… თუმცა, მაინც პოზიტივით დავიწყოთ….
აგვსტოს თბილისური სპორტული ციებ-ცხელებანი…
ივლისის ბოლოს თბილისს 50 ქვეყნის 3 800-მდე სპორტსმენტი ეწვია. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ევროპის XIII ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი საზეიმოდ გაიხსნა. ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად, მისი სომეხი კოლეგა ჰოვიკ აბრაჰამიანი, აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარე ოქტაი ასადოვი და სხვა მაღალი რანგის სტუმრები დაესწრნენ. მაგრამ ფესტივალის არც გასხნას და არც დახურვას არ დასწრებია საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი. მიზეზად პროტოკოლის დარღვევა დასახელდა.
სპორტის 9 სახეობაში გამართული ექვსდღიანი დაძაბული შეჯიბრებები პირველ აგვისტოს საზეიმოდ დაიხურა. ყველაზე მეტი 16 ოქროს, 9 ვერცხლისა და 11 ბრინჯაოს მედალი რუსეთის დელეგაციამ მოიპოვა. მას 24 მედლით იტალია მიჰყვა. ოლიმპიური თამაშების მთავარი აღმოჩენა უნგრელი მოცურავეები იყვნენ, ამ ქვეყანამ თბილისიდან 23 მედალი წაიღო. 50 ქვეყანას შორის მედლების ჩამონათვლაში საქართველო ათი მედლით მეათე ადგილზე გავიდა.
პირველ აგვისტოს ოლიმპიურ სოფელში გამართულ საზეიმო ცერემონიალზე “თბილისი 2015”-ი დახურულად გამოაცხადა ევროპის ოლიმპიური კომიტეტების ვიცე-პრეზიდენტმა იანეზ კოსიანჩიჩმა და ახალგაზრდებს, 2017 წელს ევროპის მე–14 ახალგაზრდა ოლიმპიურ ფესტივალზე უნგრეთის ქალაქ გიორში შეკრება უსურვა.
არანაკლებ მნიშვნელოვანი და ხმაურიანი გამოდგა “ბარსელონა” – “სევილიას” თამაშის წინასამზადისი, რომლებიც ერთმანეთს თბილისის ბორის პაიჭაძის სახელობის სტრადიონზე, 11 აგვისტოს შეერკინენ. სტადიონის მოსამზადებელი სამუშაოებისთვის დედაქალაქის მერიამ 14 მილიონი ლარი გამოყო, კიდევ 6 მილიონი ლარი ცენტრალური ბიუჯეტიდან დაემატა. უსაფრთხოების დაცვა კი თავის თავზე შსს-მ აიღო, ქართულ პოლიციასთან ერთად სტადიონსა და მის მიდამოებში 400 სტიუარდი განლაგდა.
აგვსტოს ცხელი ამინდების შესაფერისი გამოდგა ფეხბურთის მოყვარულთა ვნებათაღელვა. ქართველი გულშემატკივრებისთვის UEFA-მ 31 000 ბილეთი გამოყო. ერთ ადამიანს მხოლოდ 4 ბილეთის შეძენის უფლება ჰქონდა. ბილეთების ფასი 7, 14 და 30 ევროს ფარგლებში განისაზღვრა. ევროპის სუპერთასის მოლოდინში ქართველმა გულშემატკივრებმა 2-3 დღით ადრე დაიჭირეს თადარიგი და ვაკის პარკში სალაროების გახსნამდე ათენ-აღამებდნენ.
ფაქტის პოლიტიკურ ნაწილს რაც შეეხება, “ბარსელონა” – “სევილიას” თამაშისთვის არჩევანის საქართველოზე გაკეთებისთვის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა UEFA-ს პრეზიდენტ მიშელ პლატინის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ პლატინიმ, როგორც ყველა დროის ერთ-ერთმა უდიდესმა ფეხბურთელმა, ძალიან კარგად იცის, როდის გააკეთოს სწორი ჩაწოდება. ღარიბაშვილის შეფასებით, UEFA-ს სუპერთასის მატჩის მაპინძლობა თბილისში, შესანიშნავი შესაძლებლობაა საქართველოსა და ევროპისთვის და გზავნის ერთობის ძლიერ მესიჯს მთელს კონტინენტზე.
ნატო-საქართველოს ერთობლივი საწვრთნელი ცენტრი გაიხსნა
სანამ ლარის კურსი საქართველოს მთავრობის თავზე დამოკლეს მახვილივით ჰკიდია, ქვეყანა მნიშვნელოვან პოლიტიკურ ვიზიტებს მასპინძლობს. აგვისტოს ბოლოს თბილისს ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ეწვია. მომავალი წლის ვარშავის სამიტის წინ სტოლტენბერგის საქართველოში სტუმრობა პოზიტიურ სიგნალად შეფასდა. ამას დაერთო კრწანისის სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის გახსნა.
“საქართველო ნატო-სთან უფრო მეტად თავსებადი გახდება, ნატო უფრო ფართოდ იქნება წარმოდგენილი საქართველოში და ჩვენი ხილვადობა უფრო ამაღლდება ქვეყანაში. საქართველოს წვლილი საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების სფეროში კიდევ უფრო გაიზრდება,”- განაცხადა სტოლტენბეგრმა ცენტრის გახსნის ოფიციალურ ცერემონიალზე.
კვლავ ლარის შესახებ
საქართველოს ეროვნული ვალუტის კურსის დასტაბილურებას მთავრობა, ზაფხულში ტურისტების ხარჯზე იმედოვნებდა. ეროვნული ბანკი და მისი პრეზიდენტი უმოქმედობაში რამდენჯერმე დაადანაშაულეს და ხან პარლამენტში, ხანაც მთავრობაშიც დაიბარეს, მაგრამ ლარის კურსს მაინც არაფერი ეშველა. დღის წესრიგში დადგა ელექტროენერგიაზე ტარიფის მომატების გადაყვეტილების მიღებაც. მთავრობა სოციალურად დაუცველ მოსახლეობას მომატებული ტარიფის სუბსიდირებას დაჰპირდა. თუმცა, ექსპერტები ნეგატიურ პროგნოზებს აკეთებენ და ამბობენ, რომ სუბსიდირება ხანგრძლივად ვერ გაგრძელდება.
ექსპერტების ნაწილისთვის სავალუტო შემოდინებების გაუმჯობესების ფონზე, ლარის კურსის ვარდნა გაუგებარია და ისინიც თითს ეროვნული ბანკისკენ იშვერენ. საზოგადოება “2030”-ის წევრი მიხეილ დუნდუა მიიჩნევს, რომ დოლართან მიმართებაში ეროვნული ვალუტის სტაბილიზაციის მიდამო 2.10 – 2.15-ის ფარგლებში უნდა იყოს და არა იმ ნიშნულზე, რომელიც დღეს არის.
პრემიერ-მინისტრი კი ბიზნესმენებს მოუწოდებს, შენახული დოლარები ბაზარზე გამოიტანონ და ეკონომიკის გადარჩენაზე მთავრობასთან ერთად იზრუნონ. მთავრობა გამოსავალს ინვესტიციების მოზიდვაში ხედავს, აღიარებენ, რომ გასაყიდი თითქმის აღარაფერი დარჩა.
და ბოლოს…
აგვისტოს ცხელი დღეების კულმინაციად შეიძლება ჩაითვალოს ტელეკომპანია “იმედის” გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი, სადაც საზოგადოებრივ-პოლიტიკური სეგმენტი შეაჩერეს და დახურეს რეიტინგული თოქშოუები “რეაქცია” და “იმედის კვირა”. ზოგი ამას ხელისუფლების პოლიტიკურ გადაწყვეტილებად აფასებს, ზოგისთვის კი ყველაფერი მარტივად გასაგებია – არხი ფორმატს ცვლის. ამ სფეროში უფრო კარგად ჩახედულთათვის გადაცემები “ფურთხებაზე, გინებასა და გუშინწინდელ დღეზე იყო აწყობილი,ხოლო მისი წამყვანი, ჟურნალისტი ინგა გრიგოლია პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანია,” – ამგვარად გამოეხმაურა მომხდარს რეჟისორი გოგა ხაინდრავა.
საპარლამენტო უმრავლესობაში კი მედიის შევიწროვებაში ხელისუფლების დადანაშაულებას არასწორად მიიჩნევენ და იმასაც აღიარებენ, რომ “იმედის” თოქშოუს დახურვით ბურთი და მოედანი” რუსთავი 2″-ს დარჩება, რომელიც ყოფილი სახელისუფლებო პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პროპაგანდისტულ ველად მიიჩნევა.
მიმოხილვის ბოლოს ენგურჰესის თაღოვან კაშხალს შევეხები, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ენგურჰესის ცის თაღის ფორმის კაშხალი, მსოფლიოში თაღოვან კაშხლებს შორის სიმაღლით (271.5 მეტრი) მეორე ადგილზეა. ის ქვეყნის პირველი ინდუსტრიული ძეგლი იქნება, სადაც სამუზეუმო-საინფორმაციო სივრცე და ვიზიტორთათვის ენგურზე გადასახედი პლატფორმები მოეწყობა.
შორენა პაპაშვილი