თითქმის ორ თვეზე მეტი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი აამოქმედა. ქვეყნის მმართველმა პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ”, ეს დღე, რომელმაც საქართველოს მოსახლეობას “სამოთხის კარი” გაუხსნა, საკუთარ გამარჯვებად და დღესასწაულად გამოაცხადა. ამ ყველაფრის მისაღწევად ქვეყნის ხელმძღვანელობამ ყველაფერი გააკეთა.
პროდასავლური ელიტისთვის (საქართველოში კი სხვა პრაქტიკულად არ არსებობს) ეს ყველაფერი მართლაც მიღწევადი იყო. პირველ რიგში, ეს უფროსი ძმებისადმი მაქსიმალური ლოიალობის კიდევ ერთი მტკიცებულებაა, მეორე მხრივ, გამარჯვებული თვალებით შეხედავენ ამომრჩეველს, რომელთა გულისთვისაც ხელისუფლება “მუხლჩაუხრელად შრომობდა”.
ამის მიუხედავად, არც ისე მრავალრიცხოვანი, საღად მოაზროვნე სკეპტიკოსები ცდილობდნენ საზოგადოების დარწმუნებას იმაში, რომ მის უმრავლესობას სავიზო რეჟიმის გაუქმება განსაკუთრებულ სარგებელს არ მოუტანდა. საქმე იმაშია, რომ ქართული საზოგადოება, უკვე დიდი ხანია მინიმუმ ორ ჯგუფად გაიყო, რომელთა მიზნები და ამოცანები რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან. მმართველი ელიტა, რომელსაც უმაღლესი მცირედი ფენა წარმოადგენს, გამარჯვებისგან ეიფორიაში უნდა ჩავარდნილიყო. საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის კი უვიზო რეჟიმს პოლიტიკურზე მეტად ეკონომიკური მნიშვნელობა აქვს.
საიდუმლო არ არის, რომ საქართველოს მოსახლეობის კეთილი ნახევარი საზღვარგარეთაა, სადაც მძიმე და დაბალ ანაზღაურებად სამუშაოს ასრულებს. საიდუმლო არც ის არის, რომ ყველა ეკონომიკური წარმატების შესახებ მთავრობის მიერ გაკეთებული სასიხარულო განცხადებების მიუხედავად, ქართველი “გოსტარბაიტერების” მძიმე შრომის წყალობით უმკლავდება ბევრი ოჯახი სიღარიბეს. ახლა კი, თავისუფლად შეიძლება იმის თქმა, რომ ეს ადამიანები უვიზო რეჟიმიდან სარგებელს ვერ მიიღებენ. ევროკავშირმა ამაზე წინაწარ იზრუნა და მთელი რიგი რკინის კანონები დააწესა.
პირველ რიგში, საქართველოს მოქალაქეების საზღვარგარეთ მოგზაურობა 180 დღიან მონაკვეთში 90 დღით განისაზღვრება. გარდა ამისა, მათ ეკრძალებათ იქ მუშაობა. ამ წესების დარღვევის შემთხვევაში სასჯელი განისაზღვრება 3 000 ევროთი, დაუყოვნებლივი დეპორტაციით და ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობის 5 წლით აკრძალვით. 3 ათასი ევრო ევროპაში საკმაოდ სერიოზული თანხაა, საქართველოს რიგითი მოქალაქისთვის – მთელი ქონება. რაც შეეხება ევროკავშირის ტერიტორიაზე მოგზაურობის წინაპირობას, საქართველოს მოქალაქეს უნდა ჰქონდეს სასტუმროში წინასწარ დაჯავშნული ნომერი, ან საცხოვრებელი ადგილის დამოწმებული მისამართი, ასევე, საბანკო ანგარიშზე 50 ევრო ევროკავშირში გასატარებელ თითოეულ დღეზე. ყველა ეს პირობა მხოლოდ ღიმილს იწვევს. საქართველოს მოქალაქე, რომელსაც დღეში 50 ევრო აქვს, სამშობლოდან არ წავა, რადგანაც აქ, ევროპასთან შედარებით ბევრად იაფია ცხოვრება და თანაც, მშობლიურ მიწაზე ბევრად უფრო მშვიდად გრძნობს თავს.
თითქმის უკანასკნელი 30 წელია, ადამიანები საკუთარ სიამაყეს და ღირსებას ივიწყებენ და დამამცირებელ სამუშაოს თანხმდებიან, რათა ოჯახები როგორმე გამოკვებონ. რაც შეეხებათ ბრიუსელის მაღალჩინოსნებს, როგორც ჩანს, ისინი ფიქრობდნენ, რომ საქართველოს მოსახლეობა დაავადებული იყო ტურისტული ვოიაჟებით და ოცნებობდა ევროპის ქალაქებში მოგზაურობაზე, იქაურ მუზეუმებში, თეატრებში, ფეშენებელურ კურორტებსა და რესტორნებში ბევრი ფულის დახარჯვაზე. სავსებით შესაძლებელია, რომ ქართული ელიტაც ამგვარად ფიქრობდა. ბოლოს და ბოლოს, როგორც მარია-ანტუანეტა ამბობდა: ვისაც პური არ აქვს, შეუძლია ნამცხვარი ჭამოს.
საქართველოს მოქალაქისთვის ევროპა პირველ რიგში, საკუთარი თავის და ოჯახის გადარჩენის საშუალებაა, ევროპელები კი კანონმორჩილები არიან და საკუთარ სიტყვას არ გადადიან. ამგვარად, საქართველოს შსს-ს მონაცემებით, 28 მარტიდან 28 მაისის ჩათვლით ევროპიდან 192 ადამიანის დეპორტაცია განხორციელდა. მათგან 73 ადამიანი გერმანიიდან, 16 – ესპანეთიდან, 12 – საფრანგეთიდან, თერთმეტ – თერთმეტი -ბელგიიდან და საბერძნეთიდან, ათ-ათი – შვედეთიდან და შვეიცარიიდან, ცხრა-ცხრა – პოლონეთიდან და იტალიიდან, ექვს-ექვსი – ავსტრიიდან და ლიტვიდან, ხუთ-ხუთი – დანიიდან და პორტუგალიიდან, 4 – ნიდერლანდებიდან, 3 – ნორვეგიიდან, თითო-თითო – დიდი ბრიტანეთიდან და ფინეთიდან.
ამ საცოდავ ადამიანებს მართლაც უნდა ვუთანაგრძნოთ, რადგანაც დაკარგეს მგზავრობისთვის გაღებული თანხები, უნდა გადაიხადონ ჯარიმა, რომლისთვისაც ბევრს ვალის აღება, ან საცხოვრებლის გაყუდვა მოუწევს. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ზემოთ მოყვანილი მონაცემები ოფიციალური სტატისტიკაა, რაც იმას ნიშნავს, რომ სინამდვილეში ბევრად უფრო მეტი ადამიანის დეპორტაცია მოხდა.
საქართველოდან დაწყებულ მიგრაციაზე საუბრისას, კიდევ ერთი გარემოებაც უნდა აღინიშნოს. პატიოსან მშრომელ ადამიანებთან ერთად საზღვარგარეთ კრიმინალებიც გაიქცნენ. საქართველოს ხელისუფლება სამართლიანად უნდა ამაყობდეს იმით, რომ ქვეყანაში კრიმინოგენური ვითარება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, ხოლო დამნაშავეების რაოდენობამ იკლო. მით უფრო, რომ მათთან ბრძოლა სხვადასხვა მეთოდებით შეიძლება. გარდა ამისა, საქართველოს მოსახლეობის ტოტალური გაღარიბების ფონზე, ქართველი კრიმინალები თავად გაიქცნენ ევროკავშირის მდიდარ ქვეყნებში. თუმცა დეპორტირებულთა შორის კრიმინალები ძალიან ცოტანი არიან. ისინი კომფორტულ ევროპულ ციხეებში ჯდომას ამჯობინებენ.
ევროკავშირს არც აშშ ჩამოუვარდება. საქართველოს გენერალურმა კონსულმა ნიუ-იორკში დიანა ჟღენტმა, ცოტა ხნის წინათ გაავრცელა ინფორმაცია კრიმინალური დაჯგუფების დაკავების შესახებ. მათ შორის 15-მდე ქართველია, რომლებსაც ბრალი შემდეგ დანაშაულებში ედებათ: რეკეტი, თაღლითობა, ძარცვა და ნარკოტიკებით ვაჭრობა. დაკავებულებს შორის მოკრივე ავთანდილ ხურციძეც აღმოჩნდა, რომელსაც ნიუ-იორკში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ვილი ჯო სონდერსის წინააღმდეგ უნდა ეასპარეზა. სასაცილოა, მაგრამ ამ ადამიანების საქმეები განიხილება, როგორც “რუსული მაფიის” წევრების.
თუ დასავლეთი ვინმესთვის სამოთხის მაგვარი პირობების შექმნას ცდილობს, ამას პირველ რიგში, მხოლოდ საკუთარი თავისთვის აკეთებს. დასავლეთელი პოლიტიკოსები კიდევ ერთი პოსტსაბჭოთა ქვეყნის – უკრაინისთვის მინიჭებული უვიზო რეჟიმის გაუქმებაზე ფიქრობენ. უკრაინის მეზობელ პოლონეთში ადგილობრივი მოქალაქეების მხრიდან უკრაინელებზე განხორციელებული თავდასხმები გახშირდა. როგორც ჩანს, დასავლეთმა უკრაინასა და საქართველოში თავის ძირითად მიზანს მიაღწია. აბა, სხვა რით უნდა აიხსნას საქართველოსთვის გამოყოფილი ფინანსური დახმარების მნიშვნელოვანი შემცირება. არაპროგნოზირებადი ტრამპი ამ მიმართულებით თავის დაპირებებს სრულად ასრულებს და არც ისაა საეჭვო, რომ ეს პროცესი კვლავაც გაგრძელდება.
დღესასწაულის გახსნის ცერემონიალი დასასრულს უახლოვდება, წინ კი მწარე და მძიმე ნაბახუსევია.
პუბლიცისტი გია მეტრეველი, სპეციალურად Dalma News-სთვის