ზუსტად ორი წლის წინათ, 13 ივნისის ღამეს, თბილისს ძლიერი განსაცდელი დაატყდა თავს. ერთი შეხედვით უწყინარი მდინარე ვერე, გამძვინვარებულ მტაცებლად იქცა, რომელმაც გზად არაფერი დაინდო. დაანგრია, რისი დანგრევაც შეძლო და თან, უამრავი სიცოცხლეც გაიყოლა. მთლიანად გაანადგურა თბილისის ზოოლოგიური პარკის ქვემო ნაწილი. ვოლიერებიდან გაიქცნენ ცხოველები, ნაწილი დაიღუპა.

თბილისის ზოოლოგიური პარკი, გმირთა მოედნის მიმდებარედ, მდინარე ვერეს ხეობაში, 1927 წელს, საბჭოთა ეპოქაში გაშენდა. ამისთვის 120 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთი გამოიყო. ქართველ მეცნიერებთან ერთად, ზოოპარკის გენერალური გეგმის შედგენაზე მოსკოვისა და ლენინგრადის ზოოპარკების მეცნიერები და არქიტექტორებიც მუშაობდნენ. ზოოპარკის ბინადრებისთვის ხელოვნურად იქმნებოდა ბუნებრივთან მაქსიმალურად მიახლოებული პირობები, კლდეები, ჩანჩქერები, აუზები. მეცნიერ-მუშაკები მუდმივად აწარმოებდნენ დაკვირვებას ფრინველებსა და ცხოველებზე, აქვეყნებდნენ სამეცნიერო ნაშრომებს. დროთა განმავლობაში ზოოპარკს ტერიტორია შეუმცირდა. 2009 წელს კი, თბილისის მთავრობამ გმირთა მოედანზე ესტაკადის მშენებლობა დაიწყო, რამაც ზოოლოგიური პარკის სხვაგან გადატანის აუცილებლობა წარმოშვა.

13 ივნისის ღამემდე…

თბილისის ზოოპარკს სტიქიამდე 9 ჰექტარი მიწის ნაკვეთი ეკავა და ეგზოტარიუმის ბინადრების ჩათვლით, 1000-ზე მეტი სხვადასხვა სახეობის ბინადარი ჰყავდა. სტიქიას 300-მდე ბინადარი ემსხვერპლა, მათ შორის: დათვები, ლომები, ვეფხვები, იაგუარები, აფთრები, ჯიხვები, პინგვინები, სხვადასხვა სახეობის მაიმუნები, ფრინველები და სხვა. უდიდესი ტრაგედიისა და ადამიანური მსხვერპლის შემდეგ, დანარჩენ ქალაქთან ერთად ძალების მოკრებას ზოოპარკიც შეუდგა. დარჩენილ 5 ჰექტარ ტერიტორია გაიწმინდა დატბორილი ვოლიერებისგან, სრულად მოწესრიგდა განადგურებული ინფრასტრუქტურა, გამწვანდა ტერიტორია, აშენდა ახალი ვოლიერები, მოეწყო საბავშვო-გასართობი მინიპარკი. მნიშვნელოვნად განახლდა თბილისის ზოოპარკის კოლექცია, შეემატა ევროპის ზოოპარკებისგან საჩუქრად გამოგზავნილი 100-ზე მეტი ახალი ცხოველი: უსურიის ვეფხვი, აფრიკული პინგვინი, კენგურუ, ჰამადრილი, ბერბერული მაკაკა, მაჩვზღარბა, არა არარაუნა, ორკუზიანი აქლემი, ალპაკა, დეგუ, გნუ, ფაფრიანი ცხვარი, სამხრეთ ამერიკული კოატი, ემუ.

როგორც ზოოპარკის თანამშრომლების აცხადებენ, ყველაფერი, რაც აღდგენას ექვემდებარებოდა, აღდგენილი და განახლებულია. ხელუხლებელი დარჩა, მხოლოდ ქვედა ტერიტორიაზე განთავსებული ვოლიერების შენობა, რომლის რეაბილიტაციაც შეუძლებელია. ზოოპარკის ქვედა, დატბორილი ზონა გასუფთავდა და გამწვანდა. ცხოველები ამჟამად განთავსებულნი არიან ტერიტორიის ზედა, შედარებით უსაფრთხო ნაწილში, რომელიც წყალდიდობის შედეგად არ დაზარალებულა, ან ნაკლებად დაზარალდა.

სტიქიის შემდეგ ზოოპარკმა, არანაკლებ მძიმე პერიოდი განვლო. კატასტროფულად შემცირდა დამთვალიერებლების რაოდენობა. ბევრისთვის ის, ტრაგედიის ადგილია, ზოგი კი, მისვლით ერთგვარ მხარდაჭერას გამოხატავს იმ ადამიანებისა და ცხოველების მიმართ, რომლებიც ყველაფრის მიუხედავად მომავლისკენ სვლას განაგრძობენ.

მეგობარი ქალაქებიდან ახალი ცხოველების ჩამოყვანამ ერთგვარი სტიმული შეჰმატა არა მხოლოდ თავად ზოოპარკის თანამშრომლებს, არამედ მოსახლეობასაც. უკვე აშკარად თვალშისაცემია ვიზიტორთა ზრდის ტენდენცია. როგორც ზოოპარკის თანამშრომლები ამბობენ, სტუმრების რაოდენობა თითქმის გაუტოლდა წყალდიდობამდელ მაჩვენებელს.

თბილისს ახალი ზოოპარკი ექნება…

Уборка территории зоопарка

დედაქალაქის ერთ-ერთი ცენტრალური ნაწილიდან ზოოპარკის გადატანის გეგმა წყალდიდობამდეც არსებობდა, მაგრამ გაურკვეველ მიზეზთა გამო შეჩერდა. წყალდიდობის შემდგომ კი, საკითხმა მეტი აქტუალობა შეიძინა. ახალი ზოოპარკისთვის 48 ჰექტარი თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოინახა. მშენებლობაც დაიწყეს, მაგრამ მისი დასრულება ფინანსებს უკავშირდება, საერთო თანხის ჯერ მხოლოდ 5 %-ია ნაშოვნი.

როგორც თბილისის მერი დავით ნარმანია აცხადებს, ახალი ზოოპარკის მშენებლობა მთლიანად დედაქალაქის ბიუჯეტიდან დაფინანსდება, თუმცა ეს ეტაპობრივად განხორციელდება, რადგან ერთბაშად 40 მლნ ლარის მოძიება გაგვიჭირდებაო, – ამბობს მერი. ძველი ზოოპარკის ადგილას კი ცენტრალური პარკი გაშენდება.

მისივე ინფორმაციით, თბილისის ზღვაზე გაშენებული ახალი ზოოპარკი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი იქნება. ცხოველების ბუნებრივ საცხოვრებელ გარემოსთან მიმსგავსებული ვოლიერების დიდი ნაწილი თხრილებით, არხებითა და მსუბუქი კონსტრუქციებით შემოისაზღვრება. ახალი ზოოპარკისთვის ვოლიერები, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) დაფინანსებით შენდება.

TbilisiZoo
Проект нового зоопарка на окраине Тбилиси

თბილისის ზოოპარკის დირექტორ ზურაბ გურიელიძის ინფორმაციით, ახალი ზოოპარკის კონცეფცია ძველისგან სრულიად განსხვავებულია. ტერიტორია დაყოფილია ბიოგეოგრაფიული ზონების მიხედვით – აზიის ტროპიკები, აფრიკის სავანა, სამხრეთ ამერიკის ჯუნგლები და სხვა. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია კავკასიური ფაუნის ექსპოზიცია.

მისივე თქმით, მსოფლიოს არც ერთ ზოოპარკში არაა სრულყოფილად წარმოდგენილი კავკასიის რეგიონის კოლექცია. ამიტომ, სურთ ეს დანაკლისი შეავსონ და დამთვალიერებლის ყურადღება კავკასიის ფაუნის უნიკალურ წარმომადგენლებს მიაპყრონ, რომელთაგან ბევრი გადაშენების პირასაა.

ახალ ტერიტორიაზე განაგრძობენ ინტენსიურ მუშაობას საქართველოს წითელ ნუსხაში შეყვანილი ადგილობრივი სახეობების – კეთილშობილი ირმისა და ნიამორის კონსერვაციის მიმართულებითაც. ზოოპარკის ერთ-ერთი ძირითადი დანიშნულება ბუნების შევსებაა. ამიტომ შეიმუშავეს ირმის კონსერვაციის გეგმა და შეარჩიეს ადგილი, თუ სად უნდა აღდგეს ირემი.

“სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით საქართველოში ირემი გადაშენების პირას მყოფი სახეობაა. ის არის ქვესახეობა, რომელიც კავკასიის გარდა, სხვაგან არსად არ არის გავრცელებული. სწორედ ამ მიმართულებით ბაქოს ზოოპარკთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს, რომლებსაც ჰყავთ ამ სახეობის ირმები. იგივე ვითარებაა ნიამორებთან დაკავშირებით. მათი საკმაოდ დიდი პოპულაცია არის სომხეთში. ერევნის ზოოპარკიდან ჩამოვიყვანეთ და გამრავლება მიმდინარეობს. შემდეგ დაიწყება მეორე ეტაპი, მათი ბუნებაში დაბრუნება, რაც გაცილებით რთულია, ვიდრე მათი ტყვეობაში გამრავლება”, – გვითხრა ზოოპარკის დირექტორმა.

პირველი ბინადრები…

თბილისის ზღვაზე მშენებარე ახალ ზოოპარკში პირველი ბინადრები, დათვები და მგლები უკვე გადაიყვანეს. მანამდე იქ კავკასიური ნაგაზები დააბინავეს. ძაღლსაშენი, წელიწადნახევრის წინ დაარსდა, ერთ მიზანს ემსახურება – ჯიში არ უნდა გადაშენდეს! ამის საფრთხე კი დროთა განმავლობაში შეიქმნა…

ახალი ზოოპარკის აშენებას საშუალოდ 3-4- წელი დასჭირდება. ბუნებრივია საჭიროა ძველი ზოოპარკის განახლება, რომ ევროპის ქვეყნებისგან ნაჩუქარი ცხოველები სათანადოდ დააბინაონ.

“მსოფლიოს ზოოპარკების ასოციაციის წესების თანახმად, ზოოპარკებს შორის ცხოველებით ვაჭრობა არ შეიძლება. მიიჩნევა, რომ ზოოპარკებში არსებული კოლექცია – ერთი კოლექციაა მთელს მსოფლიოში და შესაბამისად, როდესაც გარკვეულ კონსერვაციულ საქმიანობას აწარმოებ, უნდა მიმართო ევროპის ზოოპარკების ასოციაციას, რომლის წევრობის კანდიდატებიც ვართ. მაგალითად ლეოპარდები მივიღეთ საფრანგეთის ერთ-ერთი ზოოპარკიდან, რადგანაც ლეოპარდი ჩვენი ერთ-ერთი ძირითადი სამიზნე სახეობაა, რომელიც საქართველოში გავრცელებული იყო სულ ცოტა ხნის წინ, შესაძლოა, ახლაც არის ერთეულები შემორჩენილი”, – აცხადებს ზურაბ გურიელიძე.

ზოოპარკი ერთგვარი თავშესაფარი…

ბოლო ხანებში თბილისის ზოოლოგიური პარკი, ადამიანების მიერ დაჭრილი გარეული ცხოველებისა და მტაცებელი ფრინველების თავშესაფრად იქცა. ხშირია შემთხვევები, როდესაც მონადირეებს ტყიდან დათვი სახლში მიჰყავთ. სანამ ბელი პატარაა, ისინი საშიშროებას ვერ გრძნობენ, შემდგომ კი, მასთან გამკლავება უჭირთ და ან კლავენ, ან უკეთეს შემთხვევაში ზოოპარკს აბარებენ. ძალიან ხშირად მიჰყავთ დაზიანებული ცხოველებიც. მათ რომ უმკურნალონ, აუცილებლად უნდა იყოს მიჩვეული ადამიანს. ყოველი პრეპარატის მიცემა, გარკვეულ სტრესთან არის დაკავშირებული, ამიტომ ჯერ მიმდინარეობს ადამიანთან მიჩვევა, შემდგომ კი გადაჩვევა, რაც ცხოველისთვის საკმაოდ რთული პროცესია.

რაც უფრო ინტელექტუალურად მაღალ განვითარებულია ცხოველი, ძირითადად ძუძუმწოვრები, მით უფრო რთულად მიდის ადამიანებთან გადაჩვევის პროცესი. სახლის პირობებში გაზრდილი მტაცებლის ბუნებაში გაშვება შეუძლებელია, რადგან ის ადამიანისგან ზრუნვას არის მიჩვეული, არ შეუძლია საკვების დამოუკიდებლად მოპოვება და ისევ დასახლებულ პუნქტებში ბრუნდება, ან რომელიმე სოფელში გამოჩნდება და იქ კლავენ. ამიტომ ადამიანი არ უნდა ჩაერიოს ბუნების კანონზომიერებაში, როდესაც საამისო კომპეტენცია და გამოცდილება არ აქვთ.

თბილისის ზოოპარკს წინ ბევრი საინტერესო აქვს და კიდევ უფრო მეტი მის დამთვალიერებლებს.

შ. ქარჩავა