ერევანში, 22 აპრილს, საინიციატივო ჯგუფმა “ჩვენ ჩვენი ქვეყნის პატრონები ვართ” მიტინგი გამართა, რომლის დევიზი იყო “ჩვენი სამხედროების გვერდით ვართ”. თავისუფლების მოედანზე შეკრებილი დემონსტრანტები სომხეთის პრეზიდენტის რეზიდენციისკენ წასვლას და სახელმწიფოს მეთაურისთვის თავიანთი მოთხოვნების გადაცემას გეგმავდნენ. მაგრამ, პოლიციამ მსვლელობა ძალის გამოყენებით დაშალა და ბაღრამიანის გამზირი გადაკეტა.
აქციის დასაწყისში საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა აიკ პატიანმა, მოედანზე შეკრებილებს სომხეთის პრეზიდენტის სერჟ სარგსიანისთვის, ადგილობრივ მედიაში გავრცელებული 5 პუნქტიანი გზავნილი გააცნო.
მომიტინგეები მოითხოვდნენ მთავრობა არ დათანხმებულიყო ყარაბაღში სამშვიდობო ძალების განლაგებას. მოთხოვნებს შორის ასევე მითითებულია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუყოვნებლივ გამოიყოს თანხა დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებისათვის, მინიმუმ 30 000 აშშ.დოლარი, ხოლო დაჭრილებისთვის – 5000 აშშ.დოლარი. აქციის წევრები ასევე ზოგიერთი სახელმწიფო პირის, კერძოდ საგარეო საქმეთა მინისტრის ედვარდ ნალბანდიანისა და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელის იური ხაჩატუროვის გადადგომას მოითხოვდნენ. მიმართვას თან ახლდა ორმოცდაათ კაციანი სია, სადაც აქციის ორგანიზატორებმა შეიყვანეს იმ ოლიგარქების გვარები, რომლებმაც ქვეყანა გაძარცვეს და მოითხოვენ, მათ სახელმწიფოს ბიუჯეტში, განსაკუთრებულ ანგარიშზე, მინიმუმ 5 მილიონი აშშ.დოლარი გადარიცხონ, რომელზეც საზოგადოებრივი კონტროლი დაწესდება. თანხის მინიმუმ ნახევარი თავდაცვის ფონდის განვითარებას უნდა მოხმარდეს. ფონდი, უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით, თავდაცვითი სისტემას დააფინანსებს.
აიკ პატიანის შემდეგ მომიტინგეებს სიტყვით ქალაქ ერევნის პოლიციის მოადგილე ვალერი ოსიპიანმა მიმართა. მან მიტინგი უკანონოდ გამოაცხადა და ამ მიზეზით პრეზიდენტის რეზიდენციისაკენ მსვლელობა აკრძალა.
ექვსრიგად მოწყობილმა პოლიციელებმა, თავისუფლების მოედანზე შეკრებილ მომიტინგეებს ალყა შემოარტყეს და გადაადგილების საშუალება არ მისცეს. აქციის წევრებმა პროტესტის ნიშნად ხმაური ატეხეს. ვალერი ოსიპიანმა მათ შესთავაზა ჯგუფის შექმნა, რომელიც პრეზიდენტის რეზიდენციასთან პოლიციელების თანხლებით მივიდოდა. აქციის მონაწილეები ამ შეთავაზებას არ დასთანხმდნენ.
ოსიპიანის თქმით, პოლიციას ჰქონდა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მიტინგის მონაწილეებს შორის პროვოკატორები იყვნენ, რომლებიც უკანონოდ აპირებდნენ მოქმედებას. ამის გამო აქციის მონაწილეებს მოედნიდან გადაადგილების უფლება არ მისცეს.
როგორც თავისუფლების მოედანზე, ისე ბაღრამიანის გამზირის დასაწყისში, მომიტინგეებსა და ჟურნალისტებს სამართალდამცველები დახვდნენ. წინააღმდეგობის მიუხედავად, მარშალ ბაღრამიანის გამზირზე აქციის ზოგიერთმა მონაწილემ მაინც შეძლო პოლიციელების კორდონის გარღვევა, თუმცა მათ წინ სპეციალური დანიშნულების, წითელბერეტიანების ქვედანაყოფის თანამშრომლები დახვდნენ.
საინიციატივო ჯგუფის წევრებმა კვლავ ოსიპიანს მიმართეს და სცადეს დაერწმუნებინათ, რომ აქცია მშვიდობიანი იყო. “ჩვენ მთავრობის დამხობა არ გვსურს, პირიქით, გვსურს ჩვენი ქვეყნის ხელმძღვანელობას ვაჩვენოთ, რომ მზად ვართ ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ერთობლივი მუშაობისათვის”, – განაცხადეს აქციის ორგანიზატორებმა. პოლიცია მაინც შეუვალი იყო. ვალერი ოსიპიანმა მომიტინგეებს 5 წუთი მისცა იმისთვის, რომ საკუთარი ნებით წასულიყვნენ სახლებში. შემდეგ პოლიციამ ისინი ძალის გამოყენებით დაშალა.
სომხეთის პოლიციის პრესსამსახურის ინფორმაციით, აქციის დროს 42 ადამიანი დააკავეს. ასევე გარკვეული დროის განმავლობაში მოედნიდან ახალი ამბების საიტის 1in.am-ის ოპერატორი გაქრა. შემთხვევის ადგილზე საიტის რედაქტორი არმან ბაბაჯანიანი მივიდა და იქ მყოფ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პოლიციამ უკანონოდ დააკავა მისი თანამშრომელი, ოპერატორს ვიდეოკამერა გაუტეხა და ჟურნალისტს ტელეფონი წაართვა, რომლითაც Facebook-ზე პირდაპირი ტრანსლაციას ახორციელებდნენ.
სომხეთის პოლიციის პრესმდივანმა აშოტ აგარონიანმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ ოპერატორები არავის დაუკავებია, ისინი უბრალოდ “უსაფრთხო” ადგილზე გადაიყვანეს. აგარონიანმა ჟურნალისტებს სთხოვა, თუ ვინმეს ჰქონდა მათი კოლეგების დაკავების ამსახველი ვიდეოჩანაწერი, პოლიციისთვის გადაეცა, რადგან ამის საფუძველზე მომხდარიყო შესაბამის რეაგირება.
საღამოხანს პოლიციის მცირედმა ჯგუფმა მშვიდობიანი მანიფესტანტებისა და ჟურნალისტების დარბევა დაიწყო.
მოამზადა არმინე აგარონიანმა
Lina levine-ის ფოტოები