გაყინული და მოუგვარებელი კონფლიქტები კავკასიის რეგიონისთვის ერთ-ერთი მტკივნეული და აქტუალური პრობლემაა. ეს რეგიონი არაერთი ეთნიკური კონფლიქტის ისტორიას ინახავს, თუმცა იმავდროულად, მეგობრობისა და თანაცხოვრების უნიკალურ მაგალითებსაც იძლევა. მეზობელი ერებისთვის მიწას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, შესაძლოა ამის მიზეზი გეოგრაფიულ და ეკონომიკურ ფაქტორებში უნდა ვეძებოთ, მაგრამ თუ პრობლემაში გარეშე ძალების ინტერესიც იკვეთება, ის უფრო მწვავდება და ერთ დროს მეგობრული ერები შესაძლოა მოსისხლე მტრებადაც იქცნენ. მთლიანად კავკასიის უნიკალურობა, მის მრავალეროვნულობასა და მრავალ სარწმუნოებრიობაშია. ისტორიული ქარტეხილების, მრავალი იმპერიების დაშლისა, თუ პოლიტიკური გადანაწილებების მიუხედავად, კავკასია ინარჩუნებდა თავის იდენტობას და გაჭირვების ჟამს, მეზობელი ერები, ერთმანეთის მხარდამხარ დგომით ახერხებდნენ სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებას.

მთლიანი ყარაბაღის პრობლემა, სამხრეთ კავკასიაში არსებული ერთ-ერთი გაყინული კონფლიქტია, რომელიც თავისუფლად ამოსუნთქვის საშუალებას, არც სომხეთის მოსახლეობას აძლევს და არც აზერბაიჯანისას, თუმცა ექსპერტები იმასაც ამბობენ, რომ ამ კონფლიქტიდან სარგებელს ორივე ქვეყნის ხელისუფლებები ნახულობენ, რომლებიც მტრის ხატის შექმნით ხელისუფლების შენარჩუნება სურთ. ამ მოსაზრებას იზიარებს ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე, რომელიც ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების განახლებამდე მოსკოვში, ქართველი და რუსი ექსპერტების შეხვედრაზე იმყოფებოდა. მამუკა არეშიძე იმ ექსპერტების ჯგუფს განეკუთვნება, რომლებიც ყარაბაღის კონფლიქტის განახლებაში, რუსეთის კვლას ყველაზე ნაკლებად ხედავენ, თუმცა არც იმას გამორიცხავს, რომ კონფლიქტის განახლებაში გარეშე ძალები ურევია, ამ კონტექსტში კი იგი თურქეთის ფაქტორს უფრო ხედავს, ვიდრე რუსეთისას. მისი აზრით, გარკვეულ ძალებს სურთ კრემლს ჭკუა ასწავლონ.

mamukaareshidz“მოსკოვისთვის მოულოდნელიც კი იყო ეს დემარში. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ყარბაღის კონფლიქტის განახლების ინიციატორი სხვა ქვეყანა იყო, უფრო თურქეთი, ვიდრე რუსეთი. მოსკოვი ყველანაირად ცდილობდა ეს კონფლიქტი, როგორმე მოეგვარებინა. მისი მიზანია, საერთაშორისო დიპლომატიურ სივრცეში დააფიქსიროს შუამავლის პოზიცია და ამისთვის ყველაფერს აკეთებს. ჩემთვის ცოტა მოულოდნელიც კი იყო, როდესაც მოსკოვში მიესალმნენ საქართველოს გადაწყვეტილებას, რომელმაც ყარაბაღის კონფლიქტის მონაწილე მხარეებს მოლაპარაკების სივრცედ, საქართველოს ტერიტორია შესთავაზა”, – აცხადებს მამუკა არეშიძე.

ქართველი ექსპერტი არც იმას გამორიცხავს, რომ მთიან ყარაბაღში სამხედრო დაპირისპირების განახლება აზერბაიჯანში შექმნილმა შიდა პოლიტიკურმა ვითარებამ განაპირობა. მისი აზრით, ოფიციალური ბაქოსთვის მთავარი ყარაბაღის დაბრუნება კი არა, არამედ იმ ტერიტორიების დაკავება იყო, რომლებიც ყარაბაღის გარეთ მდებარეობს და მერე მსოფლიო საზოგადოება ფაქტის წინაშე დაეყენებინათ, რაც დიდ ნაწილში შეასრულეს კიდეც.

მთიანი ყარაბაღის პრობლემის ფესვები საბჭოთა კავშირში უნდა ვეძებოთ. მოსკოვმა ეს ტერიტორია აზერბაიჯანის საბჭოთა რესპუბლიკას, მოსახლეობის ნების საწინააღმდეგოდ გადასცა, ხოლო გასული საუკუნის 80-იან წლებში, საბჭოთა კანონების ფარგლებში სურდათ, ერთი საბჭოთა რესპუბლიკის ხელიდან, ის მეორე საბჭოთა რესპუბლიკის ხელში გადასულიყო. პრობლემამ განახლებული სიმძლავრით საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ იფეთქა, როდესაც სამხრეთ კავკასიაში სახელმწიფოების საზღვრების ოფიციალური ფორმირება დაიწყო. შეიარაღებულ დაპირისპირებებს 4 წლის განმავლობაში 30000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა და ათასობით მათგანმა საცხოვრებელი დაკარგა. ღია დაპირისპირების პერიოდში აზერბაიჯანიც და სომხეთიც რთულ ეკონომიკურ ვითარებაში აღმოჩნდნენ. კონფლიქტი 1994 წელს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ხელმოწერით შეჩერდა, სამშვიდობო პროცესი მას შემდეგ განახლდა, რაც ეუთოს მინსკის ჯგუფში შეიქმნა  აშშ-ს, რუსეთისა და საფრანგეთის წარმომადგენელთა ფორმატი.

22 წლის შემდეგაც, გაყინული კონფლიქტი კვლავ ინარჩუნებს დუღილის ტემპერატურას და ვერ ხერხდება მისი მოგვარების ალტერნატიული გზების მოძიება. მიუხედავად იმისა, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი რეგიონული მასშტაბისაა, მისი მოგვარებით საერთაშორისო ორგანიზაციებიც არიან დაინტერესებულნი. ქართველი ექსპერტები არც იმას გამორიცხავენ, რომ მხარეებს შორის ვითარების გამწვავება საქართველოზეც აისახოს და ქვეყნის უსაფრთხოებას ზიანი მიადგეს. მით უფრო, რომ საქართველოს საერთო საზღვრები აქვს სომხეთთანაც და აზერბაიჯანთანაც. აპრილის დღეებში, რეგიონში დაძაბულობის ფონზე, ოფიციალურმა თბილისმა ორივე მხარესთან მეგობრული ურთიერთობა ღირსეულად შეინარჩუნა და პროვოკაციებზე არ წამოეგო.

“სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის გამწვავება შესაძლოა პირდაპირ აისახოს საქართველოს უსაფრთხოებაზე. ჩვენს ტერიტორიაზე ორივე ქვეყნიდან საკმაოდ ბევრი ეთნიკური შემადგენლობა გვყავს და საქართველოს გეოსტრატეგიული მდებარეობის გათვალისწინებით, შესაძლებელია საფრთხე რეალურად გაჩნდეს. კონფლიქტის გამწვავების შემთხვევაში საქართველოც აღმოჩნდება ამ კონფლიქტში ჩართული და ამაზე ბევრი სამხედრო ექსპერტი მიუთითებს”, – მიაჩნია სამხედრო ექსპერტს ვახტანგ მაისაიას.

მისი აზრით, მსგავს ვითარებაში საქართველოს მთავრობას მედიატორის როლი აკისრია, ორივე მხარესთან უნდა აწარმოოს დიპლომატიური პროცესები და იკისროს შუამავლის როლი. ამ თვალსაზრისით საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს, იმიტომ, რომ საქართველოს ორივე სახელმწიფოსთან აქვს კეთილმეზობლური ურთიერთობები და ჩვენს ინტერესებშიც შედის ამ კონფლიქტის მოგვარება. თუმცა ექსპერტებს არ აქვთ იმის ილუზია, რომ მთლიანი ყარაბაღის კონფლიქტი, ერთ მშვენიერ დღეს დასრულდება და სომეხი და აზერბაიჯანელი ხალხი მშვიდობიან თანაცხოვრებას შეძლებენ.

როგორც Dalma News-ს, ეთნიკურად აზერბაიჯანელმა, სამოქალაქო ნაციონალიზმის მკვლევარმა ქამრან მამედოვმა განუცხადა, სომხეთშიც და აზერბაიჯანშიც არიან ახალგაზრდები, რომლებმაც განათლება ევროპაში მიიღეს და ცხოვრებას სხვა თვალით უყურებენ. მათ მიაჩნიათ, რომ ყარაბაღის კონფლიქტი მშვიდობიანი გზით უნდა მოგვარდეს, მაგრამ ასეთი ახალგაზრდების რაოდენობა, სამწუხაროდ მცირეა.

«როგორც ვიცი, კონფლიქტის მონაწილე ორივე მხარე, სომხეთისა და აზერბაიჯანის ხელისუფლებებიც, ახალგაზრდების გარემოცვაში აქტიურად ქმნიან მტრის ხატს. კონფლიქტის დარეგულირების პროცესში პირველი არხი არის სახელმწიფოებს შორის დიპლომატიური ურთიერთობა, შეხვედრები სტუდენტებს შორის, სხვადასხვა ჰუმანიტარული პროექტები. საქართველოს აქვს იმის პოტენციალი, რომ ამ საკითხში სწორედ მან შეასრულოს მედიატორის როლი», – მიაჩნია ქამრან მამედოვს.

მისი აზრით, აპრილის დღეებში, როდესაც მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები განახლდა, ოფიციალური თბილისი თავშეკავებულ და პასიურ პოზიციაზე დადგა. თუმცა, ექსპერტისთვის ეს გასაგებიც არის, რადგან საქართველოს სომხეთთან და აზერბაიჯანთანაც მეგობრული და პარტიორული ურთიერთობები აქვს და არც ერთი მხარის განაწყენება არ სურდა.

2 აპრილს წამოწყებული საბრძოლო მოქმედებები იმას მოწმობს, რომ ყარაბაღის კონფლიქტის საბოლოო მოგვარება პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან ამ კონტფლიქტის არსებობა ძალიან ბევრ დიდ პოლიტიკურ მოთამაშეს აწყობს. მაგრამ პოლიტიკურ თამაშებს, როგორც ყოველთვის მშვიდობიანი მოსახლეობა ეწირება. ყარაბაღის პრობლემის საბოლოოდ მოგვარების მოლოდინი არც ექსპერტებს აქვთ და ამბობენ, რომ პერიოდულად იქ საბრძოლო მოქმედებების განახლებას უნდა ველოდოთ.

ეთნიკურად სომეხი, მშვიდობის ფონდის დამფუძნებელი გიორგი ტუმასიანი მიიჩნევს, რომ ყარაბაღში სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებების განახლების შემთხვევაში, არსებობს დიდი საფრთხე, რომ ეს კონფლიქტი გასცდება რეგიონს და მასში სხვა “აქტიორებიც” ჩაერთვებიან, რაც უდიდესი გამოწვევაა კავკასიაში მშვიდობის შენარჩუნებისთვის. მსგავს რთულ ვითარებებში, არც საქართველოს მედიატორობა ხიბლავს.

«ოფიციალური თბილისის მხრიდან, ნებისმიერი სახის მედიაცია უზარმაზარ პოლიტიკურ რესურსს საჭიროებს და შეიცავს სერიოზულ რისკებს, ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისთვის, მათ შორის იმის გამო, რომ ჩვენი ქვეყანა, ყველა მეზობელთან კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ ისწრაფვის. საქართველოს მედიატორად ჩართვა შესაძლოა ზიანის მომტანი იყოს, ერთის მხრივ ჟენევის მოლაპარაკებებისთვის, მეორეს მხრივ კი მეზობლებთან დალაგებული ურთიერთობებისთვის. ვფიქრობ, ეუთოს მინსკის ჯგუფს ალტერნატივა არ აქვს», – აცხადებს გიორგი ტუმასიანი.

მისი თქმით, მისასალმებელია ის ფაქტი, რომ 5 აპრილის 12:00 საათიდან, ყარაბაღში ცეცხლი შეწყდა და იმედოვნებს, რომ ეუთოს მინსკის ჯგუფი უზრუნველყოფს 1994 წელს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებას. გიორგი ტუმასიანი მიიჩნევს, რომ:

მნიშვნელოვანია მინსკის ჯგუფის თანათავჯდომარეების საქმიანობის აქტივიზაცია შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად. იმავდროულად, აუცილებელია მაქსიმალური თავშეკავება საქართველოს მოქალაქეების მხრიდან, ჩვენს ქვეყანაში ამ თემასთან დაკავშირებული ნებისმიერი დაპირიპირებისა, თუ პროვოკაციის თავიდან ასაცილებლად.

ეთნიკური სომხები და აზერბაიჯანელები საქართველოში მშვიდობიანად თანაცხოვრობენ და საზოგადოებრივ საწყისებზე თანამშრომლობენ კიდეც. შესაძლებელია ეს გამოცდილება ამ ორ ქვეყანას შორის ვითარების მოგვარებისთვის საჩვენებელ მაგალითად გამოდგეს. როგორც წესი ადამიანები ერთმანეთთან საერთო ენას ნახულობენ, მაგრამ უფრო დიდი მოთამაშეების ხელში, ყველაზე გაყინული კონფლიქტიც კი დუღილის ტემპერატურას ინარჩუნებს და ამ დროს ყველაზე ძნელია იმის პროგნოზირება, როდის იფეთქებს იგი ახალი ძალით. ვის სჭირდება ყარაბაღში ომი? იმედია ეს კითხვა წლებთან ერთად დაკარგავს აქტუალობას და საერთაშორისო ორგანიზაციების ძალისხმევითა, თუ დაპირისპირებულ მხარეებს შორის კომპრომისებით, მთიანი ყარაბაღიც დაიბრუნებს მშვიდობას.

გიორგი ქართველი Dalma News-სვთის