ევროპის ქვეყნების მოსახლეობას, სახელმწიფო მიგრაციული პოლიტიკის გამკაცრების მოთხოვნაში საქართველოც შეუერთდა. 14 ივლისს, თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ ნაწილში, მეფე დავით IV აღმაშენებლის სახელობის გამზირზე “ქართველთა მარში” მოეწყო. აქციის მონაწილეებს ტერიტორია საათზე მეტი ხნის განმავლობაში ეკავათ, რის შემდეგაც აქცია მშვიდობიანი მსვლელობით დაასრულეს.

მარშის გამართვა დიდი ხნით ადრე დაანონსდა. ექსცესების შიშით, უცხოელებმა თავიანთი სავაჭრო ობიექტები ერთი დღით დაკეტეს. მარშმა მშვიდობიანად ჩაიარა, როგორც საქართველოს მოქალაქეებს სჩვევიათ, არც ერთი მაღაზიის ვიტრინა და სხვისი კერძო საკუთრება არ დაზიანებულა. აქციის ბოლოს კი, მარშის ლიდერებმა მხარდამჭერებს ხელისუფლების მიმართ პეტიცია გააცნეს, სადაც აპროტესტებენ უცხოელების მიერ ქართული ძეგლების შეურაცხყოფას და არასრულწლოვნებზე ძალადობას, უცხო ერების მოქალაქეების მასობრივ დაფუძნებას საქართველოს ქალაქებსა და სოფლებში, რამაც, მათი აზრით, შესაძლოა მალე შეცვალოს დემოგრაფიული სურათი და საქართველოს მოსახლეობა უმცირესობაში აღმოჩნდეს.

19894007_10213188282959126_385156018_o-1024x768

ამის მიზეზი კი, მათი აზრით, საქართველოს კანონმდებლობაში არსებული ხარვეზებია. ამიტომ, ხელისუფლებისგან მოითხოვენ, მაქსიმალურად გამკაცრდეს უცხოელი მოქალაქის მიერ საქართველოში ბინადრობის მიღების წესი, ხოლო საქართველოს მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო აქტების შემუშავების პროცესში საზოგადოების წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებული ჯგუფი ჩაერთოს. ასევე, მოითხოვენ შსს-მ გაამკაცროს არალეგალების კონტროლი, პერიოდულად შემოწმდეს დაწესებულებები, სადაც კრიმინალური საქმიანობის ეჭვი არსებობს.

“ქართველთა მარშის” ლიდერები პრაქტიკული ნაბიჯების გადასადგმელად ხელისუფლებას ერთი თვის ვადას აძლევენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მარშის უფრო რადიკალური ზომებით განმეორებით იმუქრებიან. ხელისუფლებისგან ასევე მოითხოვენ, დაუყოვნებლივ დაიწყოს პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სატელიტების და უცხო ქვეყნიდან დაფინანსებული ანტიეროვნული მიმართულებების ორგანიზების მუშაობა.

Марш «Против русского фашизма»
“რუსული ფაშიზმისა და ქართული ქსენოფობიის წინააღმდეგ” მარში

პეტიციის გამოქვეყნებიდან ზუსტად 9 დღის თავზე, “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილმა ლიდერებმა, “რუსული ფაშიზმისა და ქართული ქსენოფობიის წინააღმდეგ” კონტრაქცია გამართეს. 23 ივლისს, აქცია-მსვლელობა “ქართველთა მარშის” ლიდერებმაც დაგეგმეს. შეკრების ადგილად, კვლავ აღმაშენებლის გამზირი შეირჩა.

დაპირისპირებული მხარეების საპროტესტო აქციების ერთდროულად, ერთ სივრცეში გამართვის შესაძლებლობამ, საზოგადოებაში მძიმე შედეგების შიში გაამძაფრა. საქართველოს საპატრიარქომ მხარეებს დაგეგმილი აქციების ჩაშლისკენ მოუწოდა. პოლიტიკური გაერთიანება “ევროპული საქართველოს” ლიდერებისგან განსხვავებით, პატრიარქის მოწოდებას “ქართველთა მარშის” ორგანიზატორები გამოეხმაურნენ და მხარდამჭერებს მარშის გადადების შესახებ აცნობეს. ამის მიუხედავად, საპროტესტოდ განწყობილი მოსახლეობის ნაწილი, მაინც შეიკრიბა აღმაშენებლის გამზირზე.

როგორც “ქართველთა მარშის” ერთ-ერთმა ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ განაცხადა, პატრიარქის მოწოდების შემდეგ, მხარდამჭერებს აქციის ჩაშლის შესახებ აცნობეს, მაგრამ გამზირზე მაინც შეიკრიბნენ უგულავასა და ბოკერიაზე განაწყენებული მოქალაქეები და ამიტომ, მიზანშეწონილად მიიჩნია, ისიც აქციაზე მათ გვერდით ყოფილიყო.

305925კონტრაქციების ერთმანეთისგან გამიჯვნის მიზნით, პოლიციის კორდონი აღიმართა. “ქართველთა მარშის” მხარდამჭერებს გამზირზე გადასვლის უფლებას არ აძლევდნენ. ამის მიუხედავად, ორივე მხრიდან გაისმა ურთიერთსალანძღავი სიტყვები და დაპირისპირებულმა მხარეებმა ერთმანეთს სხვადასხვა საგნები დაუშინეს. შედეგად ერთი მოქალაქე დაშავდა, “ევროპული საქართველოს” ლიდერებმა აქცია შემდგარად შეაფასეს და კმაყოფილებმა მომავალი გამარჯვება დააანონსეს.

არალეგალი მიგრანტების წინააღმდეგ საემიგრაციო კანონის უკიდურესად გამკაცრებას პერიოდულად ითხოვენ ევროპელი მოქალაქეები. მსგავსი აქციები აქტიურად იმართება ლონდონსა და ბერლინში, ხოლო თბილისის აქცია “რუსულ სცენარად” შეფასდა.

ექსპერტეის მოსაზრებები და შეხედულებები

xatuna lagazidzeროგორც Dalma News-თან საუბრისას ექსპერტმა ხათუნა ლაგაზიძემ განაცხადა, ევროპაში ულტრანაციონალისტური განწყობის ზრდა, სირიის ომის შემდეგ გაზრდილმა მიგრაციის უკონტროლო ტალღამ განაპირობა. ბევრმა ქვეყანამ, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმა, უარი თქვეს ევროკავშირის საერთო მიგრაციულ პოლიტიკაში ჩართვაზე. მართალია, საქართველოში სირიის ომის შედეგად შემოსული მიგრაციული ნაკადები არ არის, მაგრამ განწყობების საფუძველი იგივეა -დემოგრაფიულ, რელიგიურ და ეთნიკურ ნიადაგზე დაპირისპირებების რისკი. აქედან გამომდინარე, ექსპერტისთვის სრულებით გასაგებია ის შიში, რომელიც აქციაზე გასულ მოქალაქეებს ამოძრავებს.

“გამომდინარე იქიდან, რომ ვართ პატარა ერი, მოსახლეობის მესამედი გასულია ქვეყნიდან და კატასტროფულად დაბალია ერის გამრავლების მაჩვენებელი, სრულიად გასაგებია, რომ ამ ერის წარმომადგენლებს ეშინოდეთ უკონტროლო მიგრაციული ტალღის, რომელმაც ძალიან მალე შესაძლოა საქართველოში შეცვალოს დემოგრაფიული სურათი”, – აცხადებს ექსპერტი.

მისივე აზრით, საჭიროა ხელისუფლებამ უფრო თვალსაჩინო გახადოს მიგრაციული პოლიტიკა, მაგრამ მეორეს მხრივ ამან, საქართველოში ინვესტიციების განხორციელებას არ უნდა შეუშალოს ხელი, რადგან ქვეყანას რეალურად აქვს შანსი გახდეს აღმოსავლეთის შვეიცარია.

“საქართველო აღმოსავლეთისთვის არის ევროპის ყველაზე ახლო წერტილი. რაც უფრო დიდი ინვესტიცია შემოვა დიდი ქვეყნიდან, ეს ფული თავად დაიცავს თავს. ჩინეთი და ირანი ათეულობით მილიარდს თუ ჩადებს საქართველოში ინვესტიციაში, ამ ქვეყნების ინტერესებში შევა ამ ფულის უსაფრთხოება. გარდა ამისა, ჩინეთი და ირანი რუსეთის ახლო პარტნიორები არიან და მათი განაწყენება რუსეთისთვის გაცილებით რთულია, ვიდრე აშშ-ის”, – აცხადებს ხათუნა ლაგაზიძე.

მისივე თქმით, ადამიანებს, რომლებიც შეწუხებულნი არიან რელიგიური ექსტრემიზმის ზრდით და მიგრაციული პროცესებით, შიშის საფუძველი გააჩნიათ, რადგან არაერთი შემთხვევა ყოფილა, როდესაც უცხოელის მიერ ჩადენილი დანაშაული დაუსჯელი დარჩა. ამიტომ, უცხო ქვეყნის მოქალაქე იმავე სიმკაცრით უნდა ისჯებოდეს, როგორც საქართველოს მოქალაქე იმავე სასჯელისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში მოსახლეობაში უნდობლობა გამძაფრდება.

“იყო შემთხვევა, როდესაც ნასვამ მდგომარეობაში საჭესთან მჯდომმა ბულგარელმა დიპლომატმა დედა-შვილი გაიტანა და ორივე დაიღუპა. მეორე დღეს ეს დიპლომატი ჩასვეს თვითმფრინავში და ნულოვანი სასჯელით გაუშვეს. ესეც გამაღიზიანებელი ფაქტორია საზოგადოებისთვის, მაგრამ დაუშვებელია ცალკეული დანაშაულებები უცხოელების მიერ ჩადენილი დროშად აფრიალდეს”, – აცხადებს ხათუნა ლაგაზიძე.

234061256საქართველო ემიგრაციას ისტორიულად შეჩვეულია, მაგრამ უკანონო ემიგრაცია, რომ მისთვის მეტ-ნაკლებად უცხო მოვლენაა, ამ მოსაზრებას ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძეც იზიარებს. სამაგიეროდ ეს არ არის უცხო მოვლენა დასავლეთისთვის. მიიჩნევა, რომ ევროპული დემოკრატიის ერთ-ერთი რთული საკითხი ემიგრაციის თემაა. დემოკრატია კი გულისხმობს იმას, რომ ადამიანს მიეცეს იქ ცხოვრების საშუალება, სადაც მას სურს. რამაზ საყვარელიძისთვის მიუღებელია “ქართველთა მარშის” ფაშიზმად მონათვლა.

“ეს უბრალოდ კონსერვატიზმია, რომ მინდა ჩემი ქვეყნის საზღვრები დავიცვა. საპროტესტო აქციისთვის ფაშიზმის დარქმევა პოლიტიკური ელფერის მიცემას ისახავს მიზნად. ამ განწყობით აირჩიეს ამერიკელებმა პრეზიდენტად ტრამპი, რომელიც კრიტიკულია მიგრაციის პოლიტიკის მიმართ”, – მიაჩნია რამაზ საყვარელიძეს.

მისი შეფასებით, შთამბეჭდავი მასშტაბი ჰქონდა 14 ივლისის აქციას, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობაში ამ ღირებულებებისადმი მგრძნობიარე დამოკიდებულება არსებობს და ნაკლებად მნიშვნელოვანია ვინ იქნება აქციის ორგანიზატორი.

“1659 წლის კახეთის აჯანყება, ბახტრიონის ციხით დაიწყო, რომელიც ირანელებს ჰქონდათ დაპყრობილი. ქართველთა პროტესტი დაიწყო იმით, რომ ირანელებმა მღვდელი გააუპატიურეს. შედეგად კი ისინი ქვეყნიდან გარეკეს. რით დაიწყება მოვლენა არ აქვს მნიშვნელობა, თუ მუხტი დაგროვილია. ამ შემთხვევაში პროტესტის ადრესატი ხელისუფლებაა და არა ინდოელი, ირანელი, თუ თურქი ეროვნების მოქალაქეები”, – მიაჩნია ექსპერტს.

“ქართველთა მარშის” ლიდერთა ინფორმაციით, უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში, 76 ათას ადამიანს მიენიჭა საქართველოში ბინადრობის უფლება. ამათგან, 32 ათასი უცხოელი შემოვიდა საქართველოს მოქალაქეობაში საგამონაკლისო წესით. მოქალაქეობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად კი ასეთი პრივილეგიით ის პირები უნდა სარგებლობდნენ, ვისაც განსაკუთრებული დამსახურება აქვს საქართველოს წინაშე.

P.S. აღმაშენებლის გამზირზე მოსახლეობის მარშის შემდეგ, მთავრობის ადმინიტრაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოში უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის, ანუ უკან დაბრუნების მიზნით, ქვეყნის მთავრობა რამდენიმე ქვეყანასთან ნოტების გაცვლის გზით მოლაპარაკებებს გამართავს. კერძოდ, საუბარია ერაყის, ლიბანის, ავღანეთის, კამერუნის, კოტ-დივუარის, კონგოს, გამბიის, ტუნისის, სომალის და განის მთავრობებთან მოლაპარაკებებზე.

ავტორი: გიორგი ქართველი