იმ დღისით ძალიან კარგი, გაზაფხულივით ამინდი იყო. გარშემო თბილი მზე ანათებდა. სამების საკათედრო ტაძრისკენ მიმავალ გზაზე მივსეირნობდი, როგორც ფილმ “მონანიებაშია”: “რა საჭიროა გზა, რომელიც ტაძართან არ მიგვიყვანს”. სამების ტაძრის გავლით სომეხი მწერლების და კულტურის სფეროს მოღვაწეთა პანთეონი – ხოჯავანკია. ტაძრის ეზოში ვჩერდები და პანორამით ვტკბები. შეუძლებელია, აქ არ შეჩერდე და არ აღფრთოვანდე. გზას განვაგრძობ და პანთეონს ვუახლოვდები. პანთეონი ცარიელია, შიგნით არავინ არის. შორიახლოს მოხუცებული ზის, როგორც მოგვიანებით შევიტყე, ადგილობრივია. აქ ყოველ დღე მოდის. ზის მარტო, სახეს მზეს უშვერს და ფიქრობს…

ფოტოს გადაღებას აპირებთ? – მეკითხება. – იმუშავეთ, იმუშავეთ მე წავალ, – მითხრა.  ხელში ჯოხი აიღო და გასასვლელისკენ წავიდა.

მისტიკური დამთხვევა

პანთეონს არც ისე დიდი ადგილი უკავია. მის ცენტრში მემორიალური ობელისკი, ხოლო მის გარშემო მემორიალური ქვებია. ისინი მოკრძალებული და თითქმის მარტოსულებია. იქვე არის კედელი, რომელზეც გარდაცვლილთა გვარებია ამოტვიფრული. პანთეონის შესასვლელში საინფორმაციო დაფაა, რომელზეც იქ დაკრძალული ყველა გამოჩენილი ხელოვანის და საზოგადო მოღვაწის გვარი წერია. ერთ-ერთ კედელთან ქალაქის სხვადასხვა ადგილიდან მოტანილი საფლავის ქვებია. მათ შორის, ყველაზე დიდი სამების ტაძრის ტერიტორიაზეა ნაპოვნი. თუმცა რა გასაკვირია, იმ ადგილას, სადაც ძველად, სომხური სასაფლაო იყო, ახლა სამების ტაძარი დგას.

როგორც ლევონ ჩიდილიანმა, რომელიც წლების განმავლობაში საქართველოში სომხური წარმოშობის მოსახლეობას იკვლევდა, განაცხადა, ამ ქვებს განსაკუთრებული ისტორია აქვთ.

საკათედრო ტაძრის უკან დიდი აუზია. იქ თავდაპირველად სემინარიის აშენება სურდათ. როდესაც საძირკვლისთვის მიწას იღებდნენ, ადამიანის ძვლები და სამი საფლავის ქვა აღმოუჩენიათ,  მაგრამ მათი ხოჯავანგის პანთეონში გადასასვენებლად სახსრები ვერ მოიძებნა და იმ ადგილას, რაღაც სხვა გაკეთდა. სუფთა მისტიკა,- როგორც ლევონი ამბობს.

– თბილისში ერთი საინტერესო ადამიანი, ხაჩატურ გევორქიანი ცხოვრობდა. იგი ძველი თბილისის მაკეტებს ქმნიდა. ამ მოვლენებამდე ერთი წლით ადრე, ეს ადამიანი დავკრძალეთ. მისმა დამ 100 დოლარი მოგვცა და მეგობრებს, ხაჩატურის საფლავზე მისი გარდაცვალების ერთი წლის თავის აღნიშვნა გვთხოვა. ჩვენ ეს 100 დოლარი ქვების ტრანსპორტირებაში დავხარჯეთ.

აღნიშნულ ტერიტორიაზე ხოჯავანგის სახელობის სომხური სასაფლაოს ისტორია მე-17 საუკუნეში იწყება. იმ დროს, ერთი დიდებული აშხარბეკ ბებუტოვი ცხოვრობდა. მეფე როსტომ XVII ძალიან აფასებდა თავის ხაზინადარს და მისადმი მადლიერების ნიშნად საგვარეულო სასაფლაოს გაფართოების და იქ ეკლესიის აშენების უფლება მიუცია. მეფემ თავის ერთგულ ხაზინადარს ხოჯა უწოდა, რაც დიდს ნიშნავს. საგვარეულო სასაფლაოს ტერიტორიაზე ტაძარი სურბასტვაცაცინი აშენდა, რომელსაც მოგვიანებით ხოჯავანგად მოიხსენიებდნენ, რაც ნიშნავს ხოჯას მიერ აშენებულ სამკვიდროს. წლების განმავლობაში სასაფლაო გაფართოვდა და ტფილისში ყველაზე დიდ სომხურ სასაფლაოდ იქცა. ამჟამად მისი ტერიტორია სამების საკათედრო ტაძარს და მის ეზოს უკავია. სხვათა შორის, ხოჯავანგის ძველი სასაფლაოს გალავნის ფრაგმენტები დღესაც შემორჩენილია.

განადგურების ისტორია

ხოჯავანგის ნგრევა 1934 წელს, თბილისის საქალაქო კომიტეტის პირველი მდივნის, ლავრენტი ბერიას ბრძანებით დაიწყო. ქალაქის გენგეგმის თანახმად, ამ ადგილზე დიდი პარკი უნდა გაშენებულიყო. ამიტომ ტერიტორიის საფლავებისგან გაწმენდა დაიწყეს. სასაფლაოს ნგრევა 1938 წელსაც გაგრძელდა. ტერიტორია ინტენსიურად იწმინდებოდა. ლანდშაფტს ბულდოზერით ათანაბრებდნენ. ხოჯავანგის ეკლესია ააფეთქეს, სამრეკლო და საგვარეულო აკლდამები გაანადგურეს. საფლავის ქვებს მეორად მოსაპირკეთებელ მასალად იყენებდნენ. იმ დროისთვის მთლიანად ქალაქი იზრდებოდა, ფართოვდებოდა და ვითარდებოდა, რასაც სამშენებლო მასალაც სჭირდებოდა. ხოჯავანგის პანთეონიდან აღებული ქვები ღობის, შენობების და ბორდიურების მოსაპირკეთებლად გამოიყენეს.

“ხოჯავანგის სასაფლაო – ქართულ მიწაზე სომხების ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა”,- ამბობს ლევონ ჩიდილიანი.

თუ გავითვალისწინებთ თბილისში სომხური სასაფლაოს მაშინდელ მასშტაბს, აშკარაა ეთნიკური უმცირესობის სიმრავლეც და გავლენაც. სასაფლაოს განადგურება კი, ისტორიიდან ფურცლების ამოგლეჯას ჰგავს. ისტორიული მეხსიერება დამადასტურებელი წყაროს გარეშე – სუსტი არგუმენტია.

როგორც ლევონი ყვება, მაშინდელი სასაფლაოს ქვები ყველაზე მოულოდნელ ადგილებში აღმოუჩენია. მაგალითად, საფლავის ქვების დიდი ნაწილი გამოიყენეს მოაჯირებში ორთაჭალის ჰესიდან ცირკამდე მონაკვეთზე. ერთ-ერთი ხმაურიანი აღმოჩენა იყო „დედა ენის“ პარკში, სადაც ხოჯავანგის სასაფლაოდან წაღებული ქვები კიბის მოაჯირად იყო გამოყენებული. ასევე – ბარათაშვილის აღმართსა და რიყეზე ე.წ. ტრუბების მშენებლობისას. ამ ქვებს, ლევონი სადაც მიაგნებდა, მაშინვე ხოჯავანგის პანთეონში გადაჰქონდა. მის ფოტო-მასალში, ასევე, სასაფლაოს იმ ქვების ფოტოებია, რომლებიც 98-ე საშუალო სკოლის მშენებლობოსას გამოიყენეს.

– ჩვენ ხომ მარქსიზმისა და ლენინიზმის ინსტიტუტში არსებულ პიონერულ ორგანიზაციაში გვიღებდნენ. დღეს ამ შენობაში სასტუმრო “ბილტიმორია“, რუსთაველის გამზირზე ხოჯავანგის ქვებზე ფიცს ვდებდით, რომ კარგი მოქალაქეები და პიონერები ვიქნებოდით. სასტუმროს მშენებლობის დროს, სომხური წარწერები აღმოაჩინეს, რომლებიც ინსტიტუტის მშენებლობისას გამოიყენეს. საფლავის ქვები, ასევე, გამოყენებულია მაჩაბლის ქუჩაზე ლავრენტი ბერიას საცხოვრებელი სახლის საპირფარეშო განყოფილებაში.

აღდგენის ისტორია

სასაფლაო ინტენსიურად ნადგურდებოდა 1938 წლამდე. ზოგიერთ შემთხვევაში ძალზედ მნიშვნელოვანი საფლავები გაასწორეს მიწასთან. პეტრე-პავლეს სასაფლაოზე მხოლოდ რამდენიმე ნეშტის გადასვენება მოხერხდა. თვითმხილველები ამბობდნენ, რომ ამ რაიონში ვანდალური მოქმედებების დროს გარდაცვლილთა ძვლების და თავის ქალების გორა დადგა. ლევონს თავის ფოტომასალაში უცნობი ფოტოგრაფის მიერ გადაღებული უნიკალური ფოტოები აქვს, რომელშიც ასახულია საფლავების მიწასთან გასწორების პროცესი. როგორც ჩანს, მაშინ ობიექტი სათანადოდ არ იყო დაცული, რადგან ნებისმიერს შეეძლო შესვლა და ფოტოების გადაღება. საბოლოოდ, აღნიშნულ ტერიტორიაზე ხალხთა მეგობრობის პარკი აშენდა. ლევონი ყვება, რომ აღდგომის დღესასწაულზე ხალხი ძველი საფლავების ადგილზე მიდიოდა და სანთლებს ანთებდა.

მაშინ ძალიან ცუდი დრო იყო, იმ პერიოდს სისხლიან ტერორად მოიხსენიებდნენ. თუმცა მაშინაც იყვნენ სისტემის წინააღმდეგ მებრძოლი, გაბედული ადამიანები, რომლებიც თვითგადარჩენის ინსტიქტით იბრძოდნენ. ასეთები იყვნენ მაგალითად, იმ დროისთვის ცნობილი მხატვარი გოგი შარბაბჩიანი და არქიტექტორი რუბენ აგაბაბი. მათი ღვაწლი რომ არა, ის მცირედიც დაიკარგებოდა, რაც დღეს პანთეონშია შემონახული. შარბაბჩიანმა რამდენიმე საფლავის გადასარჩენად, მაშინდელ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები დაიწყო. შედეგად, განადგურებას 30 საფლავი გადაურჩა. პანთეონის ყველაზე ძველ საფლავად ითვლება სომეხი მწერლის, რაფის საფლავი. მის საფლავზე ძეგლი გარდაცვალებიდან 10 წლის შემდეგ, 1898 წელს დადგეს. სომეხი მწერლის საფლავზე ობელისკი სომეხი მხატვრის გევორქ ბაშინჯაგიანის ესკიზის მიხედვით შეიქმნა. ბაშინჯაგიანი საიათ-ნოვას საფლავის ქვის ავტორია. ორივე შემთხვევაში ძეგლები საზოგადოებაში მოგროვილი ფულით შეიქმნა, ამ საქმეში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა გაზეთმა “მშაკ”. სხვათა შორის, პუბლიცისტის და გაზეთ “მშაკის” რედაქტორის გრიგორ არცრუნის საფლავის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ისიც სხვებთან ერთად განადგურდა.

2002 წელს, პანთეონის რეკონსტრუქცია დაიწყო და მას სახელმწიფო მემორიალური სასაფლაოს სტატუსი მიენიჭა. პანთეონს განახლება სჭირდებოდა. თუმცა ეს პროცესი მხოლოდ მაშინ დაიწყო, რაც ბოროტმოქმედებმა მწერალ რაფის მემორიალის ბრინჯაოს ლირა დაამტვრიეს. გადაწყდა შეკეთება. პანთეონი გაფართოვდა, შეიცვალა ღობე, დაირგო ხეები და ბუჩქები. სასაფლაოზე ზრუნვისთვის ერთი სამუშაო ადგილი გამოიყო. თუმცა, ნებისმიერი, ვინც სომეხი მწერლების და მხატვრების პანთეონს ესტუმრება, იტყვის, რომ ის საძმო სასაფლაოს უფრო ჰგავს, ვიდრე პანთეონს, ან ქალაქის ღირსშესანიშნაობას, როგორიცაა მაგალითად, საქართველოს მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონი. სარეკონსტრუქციო სამუშაოების დასაწყისში პანთეონში სამლოცველოს აგებაც იგეგმებოდა. სამლოცველო სავარაუდოდ, მემორიალური კედლის უკან უნდა აეშენებინათ. კედელი არის, მაგრამ სამლოცველო – არა. გეგმა ქაღალდზე დარჩა. საბოლოო, დამტკიცებულ ვერსიაში იგი უკვე აღარ არსებობდა.

ამბობდნენ, რომ წმინდა სამების ტაძრის უშუალო სიახლოვეს სამლოცველოს აგების წინააღმდეგი ქართული ეკლესია იყო. საქართველოში სხვადასხვა რელიგიური კონფესიები ერთმანეთის გვერდიგვერდ უძველესი დროიდან არსებობდა. ამ მიწის განსაკუთრებულობა განსხვავებული აღმსარებლობის წარმომადგენლებისადმი ტოლერანტული დამოკიდებულება იყო. ამის ნათელი მაგალითია კოტე აფხაზის ქუჩა, (ძველი ლესელიძე), სადაც ერთ გოჯა მიწაზე ქართული, სომხური და ებრაული ეკლესიები,  ოდნავ მოშორებით კი მეჩეთი მდებარეობს. მართალია, ისინი ძალიან დიდი ხნის წინ არის აგებული… მაგრამ, რა შეიცვალა მას შემდეგ?

ეკატერინე მიქარიძე

თარგმანი: ხათუნა პაპაშვილი