საპენსიო ფონდისა და ავტომობილებზე ქონების გადასახადის შემდეგ, საქართველოს მოსახლეობა ნელ-ნელა უახლოვდება ევროპული ცხოვრების წესებს. წესი წესად, მაგრამ აკმაყოფილებს თუ არა ცხოვრების აქაური დონე, იქაურ სტანდარტებს, ამ თემაზე საუბარი დიდი ხანია მოდური აღარ არის. საქართველოს მოსახლეობას მორიგ სიახლეს უმზადებენ – ავტომობილების დაზღვევა 2019 წლის პირველი ივლისიდან, ყველასთვის სავალდებულო გახდება.

საუბარია მესამე პირის დაზღვევაზე. მას შემდეგ, რაც სავალდებულო დაზღვევა უცხოური ნომრის ავტომობილებისთვის ამოქმედდა და ყველაზე იაფიანი ტარიფი, 15 დღეზე 30 ლარით განისაზღვრა, ჯერი ადგილობრივ მოსახლეობაზეც მიდგა. სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის გარეშე გადაადგილებისთვის მძღოლი 100 -დან 200 ლარამდე თანხით დაჯარიმდება და სავალდებულო დაზღვევის შესაძენად 72-საათიანი ვადა მიეცემა. ამ ვადის არგამოყენების შემთხვევაში კი მეორედ დაჯარიმდება. სავალდებულო დაზღვევის შეძენა შესაძლებელია მზღვეველთან, დაზღვევის აგენტის ან სადაზღვევო ბროკერის მეშვეობით, ელექტრონულ-ტექნიკური გადახდის საშუალებით.

მზღვეველი ვალდებულებას იღებს, მატერიალური ზიანი აანაზღაუროს, რომლის გადახდა ეკისრება მფლობელს ან მძღოლს, ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობისას და მისი მონაწილეობით დაზარალებულის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან ქონებისთვის მიყენებულ ზიანზე.

როგორც კანონპროექტის მხარდამჭერები ამბობენ, ეს რეგულაცია ევროპაში 50 წლის წინ შემოიღეს და პოსტსაბჭოთა სივრცის ყველა ქვეყანაში მოქმედებს. მსგავსი კანონი საქართველოშიც არსებობდა, მაგრამ 2003 წელს, იმის გამო, რომ სტანდარტებს არ აკმაყოფილებდა და რეალობასაც ვერ პასუხობდა, გააუქმესო. საინტერესოა ამჯერად რა სტანდარტებსა და რეალობაზეა გათვლილი კანონპროექტი, რომელსაც საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე მწვანე შუქი, გადაფურცვლის გარეშე აუნთეს.

“მძღოლის დაუდევრობის, უყურადღებობის, არასაკმარისი ცოდნის, სატრანსპორტო საშუალების არასათანადო მოვლა-პატრონობისა და სხვადასხვა მიზეზების გამო, იზრდება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებისა და გაუთვალისწინებელი შედეგების დადგომის ალბათობა. სავალდებულო დაზღვევა კი მატერიალურ გარანტიას ერთი მხრივ მძღოლისთვის ქმნის, ხოლო მეორე მხრივ, დაზარალებულისთვის”, – ვკითხულობთ განმარტებით ბარათში.

სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შეძენის აუცილებლობა არ გავრცელდება სამხედრო დანიშნულების ტრანსპორტზე.

წლიური დაზღვევის მინიმალურ და მაქსიმალურ ფასები შემდეგია: მოტოციკლისთვის, – 75 – 110 ლარი; მსუბუქი ავტომობილისთვის (ნებადართული მაქსიმალური მასა 3 500 კგ) სადაც დასასხდომი ადგილების რაოდენობა 8-ს არ აღემატება – 100-დან 150 ლარამდე; ავტობუსისთვის –160 – 240 ლარი; სატვირთო ავტომობილისთვის – 210 – 310 ლარი, ხოლო მისაბმელისთვის – 50 -75 ლარი; სასოფლო-სამეურნეო მანქანისთვის, სპეციალიზებული თვითმავალი მანქანისთვის – 60 -90 ლარი.

აღსანიშნავია, რომ ავტომფლობელებს, რომლებიც კერძო სადაზღვევო პაკეტით უკვე სარგებლობენ, მესამე პირის სავალდებულო დაზღვევის ამოქმედების შემდეგ, სადაზღვევო პაკეტის ცვლილება მოუწევთ.

სიახლეს მოსახლეობის მხრიდან არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. Dalma News-ი რამდენიმე მათგანს გაესაუბრა.

გიორგიმ (38 წლის) რამდენიმე თვის წინ ჯიპის მარკის ავტომობილი გაყიდა და შედარებით ეკონომიურ ავტომობილზე გადაჯდა. სადაზღვევო პაკეტში, 2 წლის განმავლობაში 27 აშშ დოლარს იხდიდა. რამდენიმე თვეა პაკეტი გააუქმა. ის მისთვის ხელმისაწვდომი აღარ არის. ამბობს, რომ სავალდებულო დაზღვევის შემოღება მასში ნდობას არ იწვევს, რადგან არაფერია ნათქვამი დაუდგენელ ვითარებასა და ბუნებრივი სტიქით მიყენებულ ზარალზე.

“ძვირადღირებული ავტომობილი მყავდა და ხშირად მხვდებოდა დაკაწრული. რამდენიმე სადაზღვევო კომპანიაში მითხრეს, – ისეთ ადგილას დააპარკინგე, სადაც სათვალთვალო კამერებია, ან ავტომობილში ჩაამონტაჟე კამერებიო. კამერები თუ ჩავაყენე, დაზღვევა რაღაში მჭირდება – მეთქი? არის კერძო კომპანიები, რომლებიც აზღვევენ დაუდგენელ ვითარებას და მართლა კარგი პაკეტი აქვთ. ვინც 2019 – წლის ავტომობილს იყიდის, მას დაზღვევის საშუალებაც ექნება. როცა მოძველებული ავტომობილი გყავს, პატარა ნაკაწრის გამო აღარ ურეკავ სადაზღვევოს. თან უნდა ელოდო, ექსპერტიზა როდის ჩატარდება, კომპანიები ერთმანეთში როდის მორიგდებიან. მირჩევნია პიროვნულად მოვაგვარო პრობლემა”, – აცხადებს გიორგი.

მისივე თქმით, დაზღვევა პრობლემებს არ გიგვარებს მაშინ, ავტოსაგზაო შემთხვევა შენი მიზეზით თუ მოხდება. სადაზღვევო მხოლოდ დაზარალებულს უკეთებენ ავტომობილს.

შორენა (42 წლის) ამბობს, რომ კანონმორჩილი მძღოლია, აგრესიულ მძღოლებს ყოველთვის ერიდება და გზას უთმობს. ავტომობილი დაზღვეული არ ჰყავს აქვს და არც მომავალში გეგმავს. დაზღვევის საკუთარი სისტემა აქვს მოფიქრებული, ბანკში ანგარიში აქვს გახსნილი და თავისი ავტომანქანისთვის ფულს ყოველთვიურად რიცხავს.

“ბაზარზე უამრავი პროდუქტია, მაგრამ ადამიანმა ის უნდა შეიძინოს, რაც მას სურს. რატომ მავალდებულებს სახელმწიფო რამის შეძენას, არ მესმის! ასეთი ძალდატანების წინააღმდეგი ვარ. ნამდვილად არ მაქვს იმხელა შემოსავალი, რომ სავალდებულო დაზღვევაში ვიხადო ფული. ოჯახში ერთი ავტომობილი გვყავს, ფუფუნებისთვის კი არა, საჭიროებისთვის. მქონდა შემთხვევა, როცა დაზღვეული სატვირთო დამეჯახა. მოვიდნენ კომპანიიდან და ადგილზე შემიფასეს ზარალი. ფული შემომთავაზეს, რადგან ავტომობილის შეკეთებას არც კი აპირებდნენ. თანახმა თუ არ ვიქნებოდი, ექსპერტიზა უნდა მომეთხოვა და ხარჯიც გამეღო. ეს ჩემთვის დროის თვალსაზრისით იმდენად მიუღებელი წინადადება იყო, თან ამას გაუთვალისწინებელი ხარჯიც ერთვოდა, რომ იძულებული გავხდი ლიმიტირებული თანხა მიმეღო და თავად მეზრუნა ავტომობილის შეკეთებაზე. მაშინ გადაწყვიტე, რომ არასდროს დავაზღვევდი ავტომობილს”, – განუცხადა Dalma News-ს მოქალაქემ.

ირაკლი (43 წლის) მიიჩნევს, რომ სავალდებულო დაზღვევის შემოღება დიდი კომპანიების მიერ მონოპოლიის მოპოვების მორიგი მცდელობაა. ტენდერი როცა გამოცხადდება, თუ სად შეაკეთებენ დაზიანებულ ავტომობილს, პატარ-პატარა კომპანიებს იქ არავინ მიუშვებს. ფაქტობრივად ისინი ვერ იმუშავებენ.

“სახელმწიფო მაძლევს კანონპროექტს, რომელსაც არ ვიცნობ და უკვე ფაქტის წინაშე მაყენებს, მიწესებს შეზღუდვებს. იქნევს მუშტს და მერე იძლევა განმარტებას. უკვე დაჯარიმდებიო, მეუბნებიან. ძალიან ბევრი ნიუანსია, რომელიც მძღოლმა არ იცის. ასე ხელაღებით კანონის მიღება არ შეიძლება, საჭიროა მოსახლეობის ჩართულობა”, – აცხადებს ირაკლი.

სავალდებულო დაზღვევის იდეას დადებითად აფასებენ არასამთავრობო სექტორში და იმედოვნებენ, რომ კანონპროექტის განხილვისა და ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა ექნებათ. მათი აზრით, კანონი მორგებული უნდა იყოს ავტომობილის მფლობელის ინტერესებზე.

ირაკლი იზორია

როგორც Dalma News-ს ორგანიზაცია “პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის” დირექტორმა ირაკლი იზორიამ განუცხადა, მესამე პირის სავალდებულო დაზღვევის მიზანია ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაზარალებული პირის მკურნალობის უფლება იყოს დაცული. აქამდე ეს ხარჯი არ ნაზღაურდებოდა.

“დაახლოებით 4 წლის წინ ამ თემაზე სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებთან გვქონდა საუბარი და გვითხრეს, რომ ჯერ ბაზარი არ იყო ამისთვის მოწესრიგებული. როგორც ჩანს იდეა კვლავ აქტუალური გახდა. ფასი ფიქსირებული არ უნდა იყოს, რომ მოქალაქეებს ლავირების საშუალება ჰქონდეთ. იდეას იმიტომ ვუჭერთ მხარს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მოქალაქე ვერ უზრუნველყოფდა მესამე მხარისთვის ზარალის ანაზღაურებას. ის ყოველთვის დაზარალებულად რჩებოდა და წლობით იწელებოდა საქმე. სადაზღვევო იქნება ის მესამე მხარე, რომელიც აანაზღაურებს დაზიანებულ ქონებას, გაიღებს ჯანმრთელობის ხარჯებს და მოქალაქე თავიდან აირიდებს მთელი რიგ სასამართლო პროცესებს. ხშირად, ისე ძვირად ფასდება ხოლმე ავტომობილის დაზიანება, რომ შესაძლოა მძღოლმა ვერც გადაიხადოს ეს თანხა”, – მიაჩნია ირაკლი იზორიას.

ნიკა ჩიტაძე

ექსპერტ ნიკა ჩიტაძის აზრით, საქართველოში, სადაც საშუალო ხელფასი ათას ლარზე ნაკლებია და ქვეყნის მოსახლეობის 60 % თავს დაუსაქმებლად აცხადებს, როცა საპენსიო რეფორმის ამოქმედების შედეგად დამატებით 2% ექვითებათ ხელფასიდან, ჩნდება კითხვა, შეუძლიათ მათ ამ თანხის გადახდა? ავტომობილისა და ჯანმრთელობის დაზღვევა ევროპის ბევრ ქვეყანაშია სავალდებულო, თუმცა, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ იმ ქვეყნების ეკონომიკური მდგომარეობა მკვეთრად განსხვავდება საქართველოში არსებულისგან.

“ევროკავშირის ერთ-ერთ ყველაზე ჩამორჩენილ ქვეყანა რუმინეთში, ერთ სულ მოსახლეზე მშპ 10 000 აშშ დოლარს აჭარბებს და იქ სავალდებულოა ჯანმრთელობისა და ავტომობილის დაზღვევა. მოსახლეობას აქვს საამისო შემოსავალი. მეორე მხრივ შეიძლება ვისაუბროთ დაზღვევის დადებით მხარეზე. ძალიან ბევრი ქართველი მძღოლი არ იცავს საგზაო მოძრაობის წესებს და საქართველოში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევების რიცხვი ევროკავშირის ქვეყნებთან შედარებით 7-8 -ჯერ მაღალია”, – აცხადებს ნიკა ჩიტაძე.

მისივე თქმით, დღეს კერძო კომპანიები აზღვევენ ავტომობილებს, მაგრამ თუ მძღოლის ბრალეულობაა, კომპანია ზარალს არ ანაზღაურებს. დაზღვევას სუსტი მხარეც აქვს და ძლიერიც, მთავარი პრობლემა კი უპასუხისმგებლო მძღოლია.

როგორც Dalma News-მა გაარკვია, მესამე პირის დაზღვევა რამდენიმე კომპანიაში უკვე არსებობს და მისი შეძენაც ნებაყოფლობითია. მინიმალური პაკეტი 5 და 10 ლარიანია. ასევე არის 25 აშშ დოლარიანი პაკეტი, რომელიც ავტომობილის ორივე მხარისთვის შეკეთებას გულისხმობს. ამ შემთხვევაში მნიშვნელობა აქვს ავტომობილის ასაკს, მდგომარეობას და ა.შ. 5-ლარიანი პაკეტი – 5 000 ლარის, ხოლო 10-ლარიანი პაკეტი – 10 000 ლარის ზარალს ანაზღაურებს.

გიორგი ქართველი