თბილისის რიგით მეთექვსმეტე საერთაშორისო კინოფესტივალი მთავარი პრიზის, “პრომეთეს” გარეშე დასრულდა. წელს კინოფესტივალი ათი წლის გახდა. საიუბილეო თარიღის მიუხედავად ღონისძიება წინა წლებთან შედარებით კიდევ უფრო უბრალო და (ორგანიზატორები თუ არ მიწყენენ) უღიმღამო იყო. საფესტივალო და საზეიმო განწყობას არც გახსნის და არც დახურვის ცერემოლიანი ქმნიდა. ბოლოსდაბოლოს წლის დასასრულია, ახალი წელი ახლოვდება, ღონისძიების პროდიუსერებს, ალბათ შეეძლოთ მეტად გარჯილიყვნენ და მაყურებლისთვის სულ ცოტა საზეიმო განწყობა შეექმნათ.

კინოთეატრ “ამირანის” სცენის მარცხენა კუთხეში ადგილზე მიყინულივით ორი წამყვანი, პრესრელიზებში ათასჯერ გადაღეჭილი ტექსტები, ფართო ეკრანზე ჯიუტადც არ იცვლებოდა ფესტივალის ლოგოს ფოტოსურათი. სპონსორების ჩამოთვლას ლამის ცალკე ბლოკი დაეთმო, მაგრამ მათი სიმრავლე ღონისძიებას არაფერში ეტყობოდა. ერთი სიტყვით ფესტივალის გახსნაზე და დახურვაზე სანახაობრივი არაფერი იყო. არც აპარატურა იყო 21-ე საუკუნესთან ცოტა ახლოს ჩავლილი, რადგან გამომსვლელების ხმა ხშირად იკარგებოდა. მიკროფონები ხელიდან ხელში გადადიოდა. (ყველაფერმა გასული საუკუნის 90-იანი წლები გამახსენა). უცხოელი სტუმრები ძალიან გამხიარულდნენ, როდესაც ეკრანზე გაყინული თეთრი ფონი მოულოდნელად გაცოცხლდა, აწრიპინდა და დარბაზს ელემენტის დაცლამდე დარჩენილი დრო აუწყა. კურიოზების გვირგვინი იყო ის, რომ ფესტივალის დახურვამ მთავარი პრიზის – ოქროსა და ვერცლის პრომეთეს ქანდაკებების გარეშე ჩაიარა.

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ათი წლისთავზე “პრომეთემ” სახე იცვალა – გია ჯაფარიძის ქანდაკება თამარ კვესიტაძის მიერ დამზადებულმა პრიზმა შეცვალა. მაგრამ სცენაზე პრომეთესთვის განკუთვნილი მაგიდა დაჯილდოების დღეს ცარიელი იყო. ფესტივალის გენერალურმა დირექტორმა გაგა ჩხეიძემ დარბაზში შეკრებილ საზოგადოებას ურჩია საკუთარი წარმოსახვა აემუშავებინათ და ვირტუალურად წარმოედგინათ, ის, რაც სცენაზე არსად სჩანდა, ანუ პრომეთე. მისმა სიტყვებმა უცხოელი სტუმრები კიდევ უფრო გაამხიარულა და რამდენიმე წუთის განმავლობაში დარბაზში სიცილი არ წყდებოდა. რაც სხვებს სიცილად არ ჰყოფნიდათ, მე სირცხვილად მივიჩნიე და ძალზედ დავღონდი. როგორც მოგვიანებით გავარკვიე, დაკვეთა დროულად არ შესრულდა და ფიგურების ჩამოსხმა ვერ მოესწრო.

მართალია, ფესტივალის ორგანიზატორებმა საერთაშორისო და ეროვნული კონკურსების გამარჯვებულებს სპეციალური ჯილდო ვერ გადასცეს, მაგრამ როგორც გაგა ჩხეიძემ განაცხადა, ყველა ჯილდოზე მნიშვნელოვანი მაყურებლის აღიარებააო და ნომინაციებში გამარჯვებულები გამოაცხადეს. საერთაშორისო კინოფესტივალის დახურვის ცერემონიალზე რომ ჩამოესწრო “ოქროს პრომეთეს”, მას საუკეთესო ფილმისთვის აუცილებლად წაიღებდა თურქში რეჟისორი სენემ თიუზენი, რადგან ეს ჯილდო მისმა ფილმმა “სამშობლომ” მოიპოვა. “ვერცხლის პრომეთეს” კი იტალიაში ელიან. საუკეთესო რეჟისორის კატეგორიაში იონას კაპრინიანო დააჯილდოვეს, მაგრამ თავად დაჯილდოების ცერემონიალს არ დასწრებია და სერტიფიკატი საქართველოში იტალიის საელჩოს წარმომადგენელს გადასცეს.

უცხოელი კინოკრიტიკოსებისა და რეჟისორებისგან შემდგარი ჟიურის გადაწყვეტილებით ეროვნულ კონკურსში “პრომეთე” საუკეთესო მოკლემეტრჟიანი ფილმისთვის – თორნიკე ბზიავას “მექელეხეს” ხვდა წილად. თორნიკემ ოვაციებით ჩაირბინა მაყურებელთა რიგები და სცენაზე ასულმა განაცხადა, რომ ბედნიერია არა მხოლოდ წაკუთარი წარმატებით, არამედ იმითაც, რომ ქართული ფილმი ვითარდება და დღეს, ფილმები იქმნება ისეთ თემებზე, რომლებზეც წლების წინათ ფილმის გადაღება არავის მოაფიქრდებოდა.

ფესტივალის საერთაშორისო კონკურსთან ერთად უკვე სამი წელია იმართება ეროვნული კონკურსიც, რომელიც ქართული პანორამის ფარგლებში ტარდება. ეროვნული კონკურსის ჟიურის წევრები წელს იყვნენ: კინომცოდნე და კრიტიკოსი ულრიხ გრეგორი, კინომცოდნე ერიკა გრეგორი და კინოკრიტიკოსი ხოსეინ ეიდიზადე. გამარჯვებულები სამ ნომინაციაში გამოვლინდნენ: “პრომეთე” საუკეთესო მხატვრული ფილმისთვის გადაეცა რეჟისორ ზაზა ხალვაშს ფილმისათვის “სოლომონი”. როგორც თავად რეჟისორმა განაცხადა, უკანასკნელი 10 წელია მას ფილმი აღარ გადაუღია და ამ პრიზით კინოხელოვნებაში დაბრუნება მისთვის საუკეთესო გზა იქნება. მისივე თქმით, თავად მთავარი როლის შემსრულებელი, რომლის სახელიც ჰქვია ფილმს, პრემიერას ვერ მოესწრო.

“პრომეთე” საუკეთესო დოკუმენტური ფილმისთვის მიიღო ფილმმა “როცა დედამიწა მსუბუქია”. ფილმზე სალომე მაჩაიძე, თამუნა ქარუმიძე და დავით მესხი მუშაობდნენ. ფილმი უკვე გახდა ამსტერდამის კინოფესტივალის რჩეული და, როგორც მისი შემქმნელები ამბობენ, “როცა დედამიწა მსუბუქია” კვლავ განაგრძობს ფესტივალებზე მოგზაურობას.

აზერბაიჯანის წამყვანი კორპორაციული და საინვესტიციო ბანკი “პაშა ბანკი” კინოფესტივალის ქართული პანორამის ტრადიციული სპონსორია და შარშანდელის მსგავსად ფესტივალის წლევანდელი გამარჯვებულებისთვისაც სპეციალური პრიზები დააწესა: ქართული პანორამის სამივე გამარჯვებული ფილმი “პაშა ბანკის” დაფინანსებით ბერლინის საერთაშორისოო კინოფესტივალზე გაემგზავრება. ეროვნულ კონკურსში გამარჯვება ქართველ ხელოვანებს ბანკის გენერალურმა დირექტორმა შაჰინ მამადოვმა პირდად მიულოცა და ახალი კარიერული სიმაღლეების დაპყრობაში წარმატებები უსურვა.

პაშა ბანკი ბაქოში სათაო ოფისის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც კორპორატიულ და საინვესტიციო საბანკო მომსახურებას სთავაზობს მსხვილ და საშუალო ზომის საწარმოებს. უკვე მეორე წელია თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ქართული პანორამის სპონსორები ვართ. ჩვენ ვხედავთ ქართული კინემატოგრაფიის პოტენციალს და ამ სფეროს წარმომადგენელი ქართველი ხელოვანების მხარდაჭერით გვსურს ხელი შევუწყოთ ქვეყანაში კინო ინდუსტრიის განვითარებას”, – განაცხადა შაჰინ მამადოვმა.

გამარჯვებული გამოვლინდა ასევე, ე.წ. “ფიჩინგ ფორუმის” მონაწილე პროექტებს შორის. ეს არის ფილმების საწყისი პროექტები, რომლებიც ჟიურის აზრით წახალისებასა და დახმარებას საჭიროებს. ამ კატეგორიაში გაიმარჯვა გიორგი ბასილაშვილის პროექტმა “გაუმარჯოს”, რომელიც გაემგზავრება გერმანიაში “ბერნინალეს”” კინოფესტივალზე. პრიზის სახით 5 000 ლარი გადაეცა ასევე რეჟისორ ლევან კოღუაშვილს ახალი პროექტისთვის “მამა”.

ყოველ წელს თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალს კინოს სამყაროს არაერთი ცნობილი წარმომადგენელი სტუმრობს – რეჟისორები, ოპერატორები, მსახიობები და პროდიუსერები. სექცია “სპეციალური ჩვენება” წარადგენს მათი შემოქმედებიდან შერჩეულ ერთ ან რამდენიმე ფილმს, რასაც მოყვება შეხვედრა აუდიტორიასთან. კინოფესტივალი შეძლებისდაგვარად ცდილობს, პატივი მიაგოს დამსახურებული კინომოღვაწეების შემოქმედებას. კინოს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.

პრომეთე მსოფლიო კინოს განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის - ჰარუთიუნ ხაჩატრიანი და ლანა ღოღობერიძე
პრომეთე მსოფლიო კინოს განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის – ჰარუთიუნ ხაჩატრიანი და ლანა ღოღობერიძე

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ჯილდო “საპატიო პრომეთე” წელს ქართველ და სომეხ რეჟისორებს ლანა ღოღობერიძესა და არუთინ ხაჩატრიანს ერგოთ. მათი ფილმები, “რამდენიმე ინტერვიუ პირად საკთხებზე” და “დაუსრულებელი გაქცევა, მარადიული დაბრუნება” ფესტივალის “ქალთახედვის” ფარგლებში იყო წარმოდგენილი. საკუთარი ფილმი მაყურებელს ხაჩატრიანმა, კინოთეატრ “რუსთაველში” თავად წარუდგინა.

წლევანდელი კინოფესტივალიც სწორედ ქალთა უფლებებისა და გენდერული დემოკრატიის განვითარებას მიეძღვნა. გაიმართა პანელ დისკუსია თემაზე “გენდერული ძალადობა”, სადაც აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და საქართველოდან მოწვეულმა სტუმრებმა ისაუბრეს რეგიონში მიმდინარე პროცესებზე, თუ როგორ უწესებს საზოგადოება ქალებს წესებს. ისაუბრეს იმ კანონებზე, რომლებიც ქვეყნებმა გენდერული თანასწორობის მიზნით მიიღეს. განიხილეს აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს მიდგომები ამ პრობლემისადმი.

ლანა ღოღობერიძის მიერ, 37 წლის წინათ გადაღებული ფილმის “რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე” ჩვენება კი 3 დეკემბერს, “ამირანში” შედგა. ფილმი მოგვითხრობს ჟურნალისტზე, რომელსაც ძალიან უყვარს ოჯახი, მაგრამ არანაკლებ უყვარს საკუთარი პროფესია, ზრუნავს უცხო ადამიანებზე, ებრძვის უსამართლობას, ამასობაში კი პირადი ცხოვრება ენგრევა. მთავარ როლს ცნობილი მსახიობი სოფიკო ჭიაურელი ასრულებს. ლანა ღოღობერიძის ფსიქოლოგიური ჟანრის ფილმები ევროპაში მოწონებით ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში სარგებლობდნენ. ეს ფილმი კი ბერლინის კინოფესტივალზე პირველად 1988 წელს აჩვენეს.

“ვამბობდი, ვინ მოვა ამ ცივ ამინდში 37 წლის წინანდელი ფილმის სანახავად მეთქი, მაგრამ შევცდი. თუ შეიძლება შენი ფილმი წლების შემდეგ კიდევ ნახოს ადამიანმა, ესეიგი დიდი საქმე გაგიკეთებია. ბოლო ხანებში მქონდა ბედნიერება, ხან ვაშინგტონში, ხან ნიუ-იორკში აჩევენებენ ჩემს ფილმებს”, – განუცხადა Dalma News-ს რეჟისორმა და დასძინა, რომ მისთვის ეს დღე ძალიან ამაღელვებელი, მიღებული ჯილდო კი მნიშვნელოვანია.

თბილისის მე-16 საერთაშორისი კიფესტივალი გერმანიაში მოღვაწე ქართველი რეჟისორის დიტო ცინცაძის ფილმით “ბედნიერების ღმერთი” დაიხურა. ფესტივალი ქართველ მაყურებელს მომავალ წლამდე დაემშვიდობა. იმედი გვაქვს, რომ “პრომეთე” იმ დროისათვის ვირტუალური აღარ იქნება

შორენა ქარჩავა