თბილისში გამართულ საბრძოლო ხელოვნებების ფესტივალზე, მსოფლიოს საბრძოლო ხელოვნებების 11 სახეობას შორის “შავფაროსნებმა“ პირველი ადგილი აიღეს. ფესტივალი 20 დეკემბერს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და ფონდ “ქართუს” მხარდაჭერით ჩატარდა და პირველად იყო წარმოდგენილი ერთად ქართული და აღმოსავლური საბრძოლო ხელოვნებები. აიკიდოს, უშუს, ტაეკვანდოს, სუმოს, შოტოკანისა და კარატეს ილეთების გვერდით ქართველმა მაყურებელმა ქართული საბრძოლო ხელონების ნიმუშებიც იხილა, რომელიც ფედერაციების “შავფაროსნებისა“ და “ხრიდოლის” სპორტცმენებმა წარმოადგინეს.

საქართველო დიდი ისტორიისა და კულტურის ქვეყანაა, მაგრამ როგორც ყველა პატარა სახელმწიფოს, მასაც მერავალი ბრძოლა გამოუვლია. მთისა, თუ ბარის მოსახლეობას თანაბრად უწევთად მტრის მოულოდნელი თავდასხმებისგან თავის დაცვა, ამდენად თოხისა და ბარის ხმარებასთან ერთად ქართველი ვაჟები მცირე ასაკიდან ეუფლებოდნენ ხმილსა და ფარის მოქნევის ტექნიკას. ბევრი საბრძოლო ილეთი ქართულ ცეკვებშიც შემორჩა.

აი რას წერდა ფრანგი ისტორიკოსი ჯაკ დე ვიტრე (1180-1244 წ.წ.): “აღმოსავლეთში არის კიდევ ერთი ქრისტიანი ხალხი, ეს ერი არის მეტად მებრძოლი ომში, მამაცი, მძლავრი აღნაგობის და ძლევამოსილი. ამ ერის მეომრები შიშის ზარს სცემენ სარკინოზებს; თავისი თავდასხმებით ხშირად დიდ ზიანს აყენებენ სპარსელებს, მიდიელებს და ასურელებს. სწორედ მათ მოსაზღვრე მხარეებში სახლობს თავად ეს ერი. ამ ხალხს ქართველებს უწოდებენ. ისინი განსაკუთრებული მოწიწებით ეპყრობიან და ეთაყვანებიან წმინდა გიორგის, თავიანთ მფარველად და მედროშედ მიაჩნიათ ის ურწმუნოთა წინააღმდეგ ბრძოლაში”.

მსოფლიოშია ცნობილი ჩინელების, იაპონელების, რომაელებისა თუ ირლანდიელების საბძოლო ხელოვნება. გასული საუკუნის 90-იან წლებში საქართველოშიც გაჩნდა კითხვა: იყო კი ჩვენში საერთოდ საბრძოლო ხელოვნება? ენთუზიაზისტებმა ცალ-ცალკე დაიწყეს მასალების მოძიება საქართველოს კუთხეებში. ისინი იარაღის ჭედვის უბადლო ოსტატმა კახა ზარნაძემ გააერთიანა, რომელმაც დააფუძნა კავშირი “ქართული საბრძოლო ხელოვნება” და დაიწყეს კვლევა. ენთუზიაზისტები დადიოდნენ ექსპედიციებში, ძირითადად მთაში, სადაც ყველაზე მეტად იყო შემორჩენილი ტრადიციები, თუმცა იგივე ცხენოსნობის კულტურა სამეგრელოში მოიძიეს. ყველაფერი პირადი მოტივაციით გაკეთდა.

2011 წლის ოქტომბერში ჩამოყალიბდა ქართული საბრძოლო ხელოვნების ფედერაცია “შავფაროსნები”. მათი მიზანია ქართული საბრძოლო ტრადიციებისა და მეთოდების აღდგენა–პოპულარიზაცია და ამ მეთოდებზე ახალგაზრდა თაობის აღზრდა. Dalma News-ი ფედერაციის პრეზიდენტს ირაკლი ქოქოსაძეს ესაუბრა.

– გამოდის, რომ “შავფაროსნები” ისტორიულად არსებობდნენ და ახალი არაფერი გამოგიგონიათ?

– კავშირი ქართული საბრძოლო ხელოვნება 2000 წელს ჩამოყალიბდა. 2011 წელს კი კავშირის ფარგლებში ფედერაცია “შავფაროსნები” შევქმენით. კონკრეტული სახელი დავირქვით, რომ სხვა ორგაზიაციაში არ არეოდა ვინმეს. მათ შორის ქართულ საბრძოლო ხელოვნების სხვა სახეობა ხრიდოლში. რატომ “შავფაროსნები“? შავფაროსნები იყვნენ ადამიანთა ჯგუფი, რომელიც საქართველოს ისტორიის განმავლობაში ყოველ ეტაპზე არსებობდა. მათ შავად ჰქონდათ შეღებილი ფარები, შავი სამოსი ეცვათ და როცა მტერი შემოგვესეოდა, თავს ესხმოდნენ და პარტიზანულ ბრძოლებს აწარმოებდნენ. შეიძლება ითქვას, ქართველი ნინძების ჯგუფი იყვნენ.

– საქართველოს რომელი კუთხის წარმომადგენლები იყვნენ “შავფაროსნები“, ალბათ, უფრო მთიანი რეგიონების?

– კი, მთის ხალხი იყო ძირითადად. სპარსულ წყაროებში არის შემორჩენილი ინფორმაცია შავფაროსნების შესახებ. ასე თუ ისე სახელმა გაამართლა, იმიტომ რომ სახელი შავფაროსანი, საინტერესოდ ჟღერდა და დღემდე ასე თუ ისე გაგვიცნეს და პოპულარული გახდა ახალგაზრდებში.

– საინტერესო ის არის, რომ საბრძოლო ხელოვნება ეროვნული იდენტობის გამომსახველია. ალბათ, სამოსიც ამ თვალსაზრისით გაქვთ შერჩეული?

– გვაქვს ხევსურული ფორმები, მაგრამ დღემდე მიდის ძიება. გვინდა შევცვალოთ და ცოტა უფრო გვიანდელი პერიოდის ჩაცმულობა მოვიძიოთ. ჩვენ რაც გვაქვს ეს არის 17-18 საუკუნეების პერიოდის. აბჯარი, რომელსაც ჩვენი წინაპრები იყენებდნენ და რომელიც მუზეუმშია დაცული, ძალიან მძიე და ძვირადღირებულია.

ჩვენ კი ჯერჯერობით ფინანსები არ გვაქვს რომ აბჯრით გამოვიდეთ შეჯიბრებებზე. ამჟამად ჯაჭვის პერანგებზე ვმუშაობთ, გვინდა ყოველივე აღკაზმულობას კომპლექსური სახე მივცეთ. ჯაჭვის პერანგები ახლაც გვაცვია ხოლმე.

– სამოსი, ალბათ, ისეთი უნდა იყოს, რომ სპორტსმენმა ილეთების შესრულებისას დიკომფორტი არ იგრძნოს?

– გააჩნია ზუსტად რას ვაკეთებთ, საბრძოლო წარმოდგენას ვმართავთ, თუ ცივი იარაღით ვიბრძვით. აბჯარი ძალიან მძიმეა, დაახლოებით 20 კგ-ს იწონის და სპორტცმენს ხელს შეუშლის საბრძოლო წარმოდგენისას. სხვადასხვა ქვეყანაში არსებობს თამაშები, სადაც არის აუცილებელი აბჯრის გამოყენება. მაგალითად შარშან ვიყავით ნორვეგიაში და მებრძოლებს ეცვათ რკინის სამოსი. შეჯიბრი ქულებით ფასდება, სად მოარტყამ ხმალს იმის მიხედვით. აბჯრის გარეშე რომ გახვიდე, დაზიანდები. შეიძლება ხმალი მთელი ძალით მოგხვდეს და ხევრუსული ფორმა ნამდვილად ვერ დაგიცავს, ვერც ჯაჭვის პერანგი. ამისთვის უკვე არსებობს აბჯარი.

– ალბათ აბჯარის რომ ატაროს მებრძოლმა, ფიზიკულარდ კარგ ფორმაში უნდა იყოს. მოქნილობის გარდა, ფიზიკური ძალაც საჭიროა. რით არის თქვენი ილეთები გამორჩეული, ზოგი მათგანი ცეკვაშიც არის გამოყენებული?

– ქართულ ცეკვაში საბრძოლო ილეთები მრავლად არის გამოყენებული. დროთა განმავლობაში დაიკარგა მათი საბრძოლო დანიშნულება და დარჩა ილეთად. ცეკვების ფარიკაობისა და ხანჯლურის ილეთები, რა თქმა უნდა საბრძოლო ხელოვნებიდან არის აღებული. მაგრამ წლების განმავლობაში სახე იცვალა და ცეკვას მოერგო.

– რა ასაკიდან იწყებენ ბავშვები თქვენთან საბრძოლო ხელოვნებაში მომზადებას?

– გვყავს 5-6 წლის ბავშვებიც. ყველაზე ასაკოვანი წევრი კი 70 წლისაა, ახლაც ვარჯიშობს. ნებისმიერ ეტაპზე შეუძლია ადამიანს დაიწყოს ვარჯიში. საქართველოს მასშტაბით დაახლოებით 700 წევრი გვყავს, ძალიან კარგი კლუბი გვაქვს ქუთაისში, ყაზბეგში, ბათუმში, გორში და საგარეჯოში. ნელ-ნელა ვიზრდებით.

– გოგონები თუ გყავთ?

– საბრძოლო ხელოვნების ფესტივალზე მთავარი ფურორი სწორედ ჩვენმა გოგონებმა მოახდინეს. აღმოსავლური ორთაბრძოლის ფედერაციებსაც ჰყავდათ გოგონები, მაგრამ ჩვენი გოგონები განსაკუთარებით ეფექტურები და ლამაზები არიან.

რომის ფესტივალზეც ყველაზე დიდი ოვაციით შეხვდნენ ჩვენი გოგონების გამოსვლას. ანი ცინცაძე იყო პირველი გოგო, რომელიც დაინტერესდა და თავის მეუღლე ნიკოლოზ მომავლიშვილთან ერთად დაიწყო ფარიკაობა. ახლა უკვე 15-20 გოგონა გვყავს.

– რა განსაკუთარებული ილეთები აქვთ “შავფაროსნებს”?

– პირველ ეტაპზე სპორტცმენი ფიზიკურად უნდა მოემზადოს, რათა მივიდნენ იმ კონდიციამდე, რომ შეძლონ იარაღის გამოყენება. ხმალი ძალიან მძიმე და სახმარად რთულია, თუ ფიზიკურად არ ხარ კარგ მზადყოფნაში, შეისაძლოა სხეულის დაზიანებები მიიღო.

გვაქვს ორი მიმართულება: ხელჩართული ორთაბრძოლა და იარაღის გამოყენება. ხევსურებისგან ვისწავლეთ ფარიკაობა. სვანეთში ვნახეთ უხუცესი ადამიანი, რომლემაც ხანჯლის გამოყენებისა და ხმარების წესი გვასწვალა. განსაკუთარებულობას რაც შეეხება. ყველა საბრძოლო ხელოვნება რაღაც დოზით ჰგავს ერთმანეთს. ხევსურულ ფარიკაობას მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნია. ერთადერთი ინდოეთში არის მსგავსი პატარა ზომის ფარები, მაგრამ გამოყენების წესი განსხვავებული აქვთ. ვიმედოვნებთ, რომ მივაღწევთ და გარკვეული პერიოდის შემდეგ კულტურული მემკვიდრეობის სტატუსს მივანიჭებთ ბრძოლის ამ სახეობას, ისევე, როგორც ქართულ ჭიდაობას მიენიჭა.

– სანახაობრივად გამორჩეული ილეთები თუ გაქვთ, მაგალითად ხტომაში დარტყმა, ტრიალი?

– ნებისმიერ კარგად მომზადებულ ადამიანს შეუძლია გააკეთოს ხტომა, მაგრამ ჩემის აზრით, ყველაზე რთული და საინტერესოა იარაღის გამოყენება. იარაღის გამოყენების ტექნიკას კარგად ფლობენ ჩვენი სპორტცმენები. ყველა საბრძოლო ხელოვნებაში არესებობს საერთო დეტალები. იგივე ტრიალში ფეხით დარტყმა.

იმ ილეთებს, რასაც ჩვენ ვაკეთებს მეტად იცნობენ რომში, ვიდრე თბილისში. 2014 წელს რომის ფესტივალზე საუკეთესო ჯგუფად დაგვასახელეს. საქართველოში ისტორიულად არსებობდნენ საბრძოლო ოჯახები, თემები, რომლებიც განსაკუთარებულ და უშვიათეს საბრძოლო წესებს იყენებდნენ და თაობებს ზრდიდნენ. იყვნენ განძის მცველები. ჩვენ ასევე აღვადგინეთ ქალაქური კრივი, რომელიც თბილისის წარსულში ძალიან საინტერესო შეჯიბრი იყო.

– როგორც ვიცი, თავად შეჯიბრებებში მონაწილეობას არ ღებულობთ. როგორ გახდით ფედერაციის პრეზიდენტი?

– 2008 წელს იპოდრომზე აღმოვაჩნე ეს ბიჭები შემთხვევით და დამაინტერესა. იმ ხანებში დაახლოებით 130 კგ ვიყავი. ნელ-ნელა დავიწყე ვარჯიში. რამდენიმე ღინისძიების ორგანიზება მომიხდა და 2011 წელს გავხდი ხელმძღვანელი. თავად ნაკლებად ვღებულობ მონაწილეობას ტურნირებში, წარსულში, სპორტის სხვა სახეობებში მიღებული ტრამვების გამო.

– მნიშნელოვან ეროვნულ საქმეს აკეთებთ. მთავრობის მხრიდან თუ გაქვთ მხარდაჭერა ეროვნული სახეობის პოპულარიზაციაში?

– ძალიან რთულ საკითხამდე მივედით. ზოგჯერ პროტესტის გრძნობა მიჩნდება, რომ ქვეყანაში, სადაც იაპონური ბრძოლის სახეობებში არსებობს 20 სხვადასხვა ჯგუფი და აქვთ რაღაც ტიპის დაფინანსებები, არსებობს ქართული სახეობა, რომელსაც არ აქვს არანაირი დაფინანსება. ერთადერთი შარშან მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურმა დაგვიფინანსა დარბაზი, მადლობელი ვარ ამის გამო, მაგრამ გავიდა ერთი წელი და ჯერჯერობით არ ვიცით, ისევ იპოდრომზე მოგვიწევს ვარჯიში, თუ არა. ძალიან ძვირია დარბაზის დაქირავება, ისევ სპორტის სამინისტროს იმედი გვაქვს. თორემ უკვე ძალიან რთულია, ენთუზიაზმით საქმის კეთება. ამ ადამიანებს ოჯახები ჰყავთ.

მედიის ყურადღება 2012 წელს რომის ფესტივალზე მივიპყარით. მერე ხელისუფლებაც დაინტერესდა. ეს არის ფესტივალი, რომელსაც 2014 წელს 750 ათასი ადამიანი დაესწრო. 2 000 მარტო მონაწილე ჰყავს. იქ მსოფლიოს ყველა ის ჯგუფი ჩამოდის, რომელსაც აქვს პრეტენზია, რომ საბრძოლო ხელოვნებაში რამეს აკეთებს, მაგრამ ეს უნდა იყოს ისტორიული სახეობა. ირლანდიაშიც ვიყავით, ძალიან მოეწონათ ჩვენი გამოსვლები, თავად მებრძოლი ერია, ცოტა შევაშინეთ კიდეც.

– რით შეაშინეთ?

– ჩვენი ორთაბრძოლები ძალიან რეალისტურია, ოდნავი აცდენა და შეიძლება ადამიანი სერიოზულად დაზიანდეს. მილიმეტრებში სიზუსტით გათვლილი მოძრაობები გვაქვს. აუცილებელია საკმაოდ ბევრი ვარჯიში. გარდა ამისა, ორთაბრძოლისას მეწყვილეები იმდენად ვენდობით ერთმანეთს, რომ გვჯერა, თუ მოქნეულ ხმალს ვერ ავირიდებთ, მეწყვილე იარაღს სახესთან გაგვიჩერებს და დაგვანახებს. ამით ვსაზღვრავთ გამარჯვებულსა და დამარცხებულს. ანუ ერთმანეთს ვანდობთ საკუთარ ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს. ასე რომ, მაყურებლებსაც შეუძლიათ თავისუფლად გვენდონ, რადგან არაფერი დაუშავდებათ, მსგავსი შემთხვევა არასდროს გვქონია, რომ ვინმეს რამე დაზიანებოდეს.

P.S. არსებობს ქართული საბრძოლო ხელოვნების დიდი არქივი და “შავფაროსნებს” სურთ ყველა მათგანს ერთ წიგნში მოუყარონ თავი. საბრძოლო იარაღსაც მოძიებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით თვითონ ჰქმნიან. ხმალი, ხანჯალი და შუბი მსოფლიოში გავრცელებული სახეობებია. სახასიათო იარაღებიდან ქართველებს გვაქვს კოლხური ხელცული, რომლის ანალოგი სხვაგან არ მოიპოვება. ეს არის ბრინჯაოსგან ჩამოსხმული პატარა ზომის იარაღი, შედარებით მსუბუქია და მაღალი სისწრაფით შეიძლება მისი ხმარება. წნავენ საბრძოლო მათრახს ისევე, როგორც შოთა რუსთაველის პოემა “ვეფხისტყაოსანშია“ (12-ე საუკუნის ქართველი მწერალი. რედ) მოხსენიებული და 12 მხარის სიგრძისაა. მშვილდი, ასევე, ორპირა ნაჯახი, რომელიც ვიკინგებს ჰქონდათ. ამ ნივთს საქართველოშიც მიაკვლიეს. ეს იარაღი ეროვნულ მუზეუმშიც ინახება. ორპირა ნაჯახს სულხან-საბა “სიტყვის კონაში“ მოიხსენიებს და ტაბარს უწოდებს, რაც მხედრის იარაღია. გურზი ჯაჭვზე ჩამოკიდებული მძიმე ბირთვია ეკლებით ან ეკლების გარეშე, რაც ჯავშნის დასამსხვრევად გამოიყენება.

“შავფაროსნები” ცდილობენ საქართველოს ყველა კუთხეში მონახონ თანამოაზრეები. რაც მეტი ვიქნებით, მით გაადვილდება წინსვლაო,- ამბობენ. სპორტული ღონისძიებების გარდა საქველმოქმედო საქმიანობასაც ეწევიან. მათი დოქტრინაა: სიბრძნე, სიმართლე, ძალა.

შორენა პაპაშვილი