ბავშვობაში ბევრს დაგვიხატავს ცარცით ასფალტზე, ან მეზობლის კედელი “გაგვიფორმებია” ჩვენსას რომ მოვრჩენილივართ და ამის გამო საყვედურიც მიგვიღია უფროსებისგან. თბილისელი ბავშვებისთვის ხშირად ეწყობოდა ბავშვთა ქალაქ “მზიურში” საბავშვო ღონისძიებები, სადაც ფერად-ფერად ცარცებს გვირიგებდნენ და ასფალტის ნახატებით გაფორმებას გვანდობდნენ.

ქუჩის მხატვრობა მსოფლიოში გავრცელებული ხელოვნებაა. ზოგჯერ ეს არის პროტესტის გამოხატვის ფორმა, ზოგჯერ კი პირიქით, სიმშვიდის და მრავალფეროვნების შემომტანი. უზარმაზარი ნახატები, გრაფიკულად გამოსახული წარწერები და ქუჩის გალერეა მზად არის. ნებსით თუ უნებლიეთ ამ გალერეის სტუმარი ხდები.

თბილისში სთრით-არტი მეტად მოდური და მოთხოვნადი გახდა. ხშირად იმართება აქციები და ფესტივალები, თბილისის ძველი შენობების, ქუჩების თუ მიწისქვეშა გადასასვლელების მოსახატად. თბილისში, ნინოშვილის ქუჩაზე მდებარე ძველი ტექსტილის ქარხნის შენობაში განთავსებული მულტიფუნქციური სივრცე “ფაბრიკა”, უკვე მესამე წელია, “ურბან არტ ფესტივალის” ორგანიზატორია. ფესტივალში ყოველწლიურად 40-მდე ხელოვანი მონაწილეობს, როგორც ადგილობრივი, ისე მოწვეული არტისტები.

“ფაბრიკის” კედლებზე განთავსებულ ძველ ნამუშევრებზე ახალი სიუჟეტები იხატება. თბილისის მცხოვრებლებმა უკვე მოასწრეს ბევრი მათგანის შეყვარება და ფესტივალის ორგანიზატორებს სთხოვენ, მათი საყვარელი ნამუშევრის გადახატვა არ დაუშვან. ხელოვანებს თავიანთი სახლების კედლებს დასახატად ქუჩის მცხოვრებლებიც სიამოვნებით უთმობენ.

“სახლის პატრონის ნება-სურვილის გარეშე, ფესტივალის მონაწილეები ვანდალურად არ დახატავენ მათ კედლებზე. ადგილობრივი მცხოვრებლები პოზიტიურად არიან განწყობილნი ხელოვნების ამ მიმართულების მიმართ და გამოთქვამენ სურვილს, რომ მათი სახლის გარე ფასადი მხატვრებმა საკუთარი შემოქმედებისთვის გამოიყენონ. გარდა ამისა, “ფაბრიკას” ბევრი ტურისტი სტუმრობს, რომლებიც მოხატული კედლების ფონზე უამრავ სამახსოვრო ფოტოს იღებენ”, – გვითხრა “ფაბრიკას” მარკეტინგის მენეჯერმა მარიკა კვირველიძემ.

“ურბან არტ ფესტივალი” წელს 6 – 7 ოქტომბერს გაიმართა. ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთო თბილისის მერია. ნინოშვილის ქუჩაზე, ორი დღის განმავლობაში, მობილიზებული იყო ამწეები, რათა მხატვრებს “სიმააღლეების დაპყრობაში” დახმარებოდნენ. იტალიური საღებავები ფესტივალის მონაწილეებს უფასოდ დაურიგდათ. თბილისის ფესტივალის ხშირი სტუმარია იტალიელი მხატვარი მილო. მის მიერ შესრულებული გრაფიტი “ფაბრიკის” ერთ-ერთ კედელზე არის განთავსებული. მაგრამ, რაც არ უნდა ლამაზი იყოს ნახატი, ის დროებითია და ეს კარგად აქვთ გააზრებული ფესტივალის მონაწილეებს, ამის მიუხედავად, ისინი ყოველწიურად ახალი თემატიკით მოდიან უზარმაზარი შენობის კედლების მოსახატად.

გრაფიტი საქართველოში გასული საუკუნის 90-იანი წლების ბოლოს შემოვიდა. დროსთან ერთად ხელოვნების ეს სფერო ვითარდება სხვადასხვა ფაქტორის მიხედვით, იქნება ეს სამუშაო მასალა თუ სოციალური გარემო. ამასობაში ქუჩის მხატვრები ცნობილები ხდებიან, მათ ინდივიდუალური სტილი აქვთ.

აზერბაიჯანელი ემილ მეჯნუნოვი პროფესიონალი მხატვარია. არის გრაფიტის მიმდევარი. ის ბაქოში ცხოვრობს და ბევრს მოგზაურობს. თბილისის ხშირი სტუმარია. “არტ ფესტივალში” უკვე მეორედ მონაწილეობს. წინა წელს “ფაბრიკის” კედელზე აზერბაიჯანელი მამაკაცის პორტრეტი დატოვა. წელსაც იგივე თემით ჩამოვიდა. ნინოშვილის ქუჩაზე მისი 4 ნამუშევარია უკვე განთავსებული. როგორც თავად გვითხრა, მისი ნამუშევრები ასევე არის იტალიაში, შვეიცარიაში, გერმანიაში, საფრანგეთში.

“გამომდინარე იქიდან, რომ ფესტივალს განსაკუთრებული თემატიკა არ აქვს და სრული თავისუფლებაა, ჩვენ ვხატავთ იმას, რაც ჩვენთვის საინტერესოა. ვხატავ იმას, რაც იმ მომენტში მინდა რომ დავხატო, ცალკეულ პერსონაჟეს, ასოებს და ა.შ. ბაქოში “სტრიტ არტი” ასე არ არის განვითარებული, როგორც საქართველოში, შესაბამისად იქ გრაფიტის ძალიან ცოტა მიმდევარი გვყავს. იყო პერიოდი, როცა უამრავი მხატვარი გვყავდა, დღეს კი თითებზე ჩამოსათვლელები არიან. ჩვენი მხატვრები უპირატესობას ანიჭებენ კლასიკურ მიმართულებებს – აქვარელს, პასტელს, ფანქარს, ზეთის საღებავებს”, – გვითხრა ემილმა.

ემილი მხატვრობამ 6-ე კლასიდან გაიტაცა. როცა გრაფიტი აღმოაჩინა, ეს მისთვის იყო ფანჯარა სულ სხვა სამყაროში. ორ საათში შეუძლია გიგანტური ზომების ნახატი შექმნას, თუმცა პატარა ზომის ტილოებზეც ხატავს. ეს მისი შემოსავლის წყაროა.

როგორც მან Dalma News-თან საუბარში განაცხადა, ძალიან მომწონს ფესტივალის ატმოსფერო და მომავალშიც აპირებს თბილისში ჩამოსვლას. მოსწონს მკვეთრი და აკურატული ნამუშევრები. ამბობს, რომ დროსთან ერთად გრაფიტი შეიცვალა. დღეს ამ სფეროში მთელი ინდუსტრიაა – არსებობენ კომპანიები, რომლებიც ბრენდულ საღებავებს ქმნიან, მხატვრებს კი თვითგამოხატვის მეტი შესაძლებლობა ეძლევათ.

“ბაქოში გრაფიტი 2000-იანი წლების დასაწყისში გაჩნდა და მალევე გაქრა. ახლა ისევ დაიწყო გამოჩენა. თბილისის ფესტივალს, კავკასიის რეგიონის თვალსაზრისით თუ შევაფასებ – ძალიან მაგარია, თუმცა ევროპაში უფრო ფართომასშტაბიანი ფესტივალები იმართება. გრაფიტი ტურიზმის თვალსაზრისით ძალიან მომგებიანია. იზიდავს ძალიან ბევრ ადამიანს. გარდა იმისა, რომ მათ მოსწონთ ასეთ კედლებთან ფოტოების გადაღება, მათ ჩამოჰყავთ თავიანთი მხატვრები ასეთ ფესტივალებზე. ქუჩის მხატვრობა ყველა ქალაქში უნდა არსებობდეს”, – გვითხრა ემილ მეჯნუნოვმა.

Dalma News-ი “ურბან არტ ფესტივალის” ყველაზე პატარა მონაწილეს, გვანცა გჯუშიას გაესაუბრა. ის 18 წლის არის და უკვე შეძლო საკუთარი სათქმელი წინა ფესტივალის ფარგლებში გამოეხატა. ხატვა ბავშვობის ასაკიდან დაიწყო, 15 წლიდან კი გრაფიტით არის გატაცებული. იტაცებს დიდ კედლებზე ხატვა და მიაჩნია, რომ წინა წლებთან შედარებით, ხელოვნების ეს სფერო საქართველოში დღეს ბევრად პოპულარულია.

“გალერეებში განთავსებული ნახატები საზოგადოების მცირე ნაწილისთვის არის, ქუჩაში კი ნებისმიერ გამვლელს უწევს ამ “გალერეაში” გავლა. თუ რამე გაქვს სათქმელი, ამისთვის ქუჩა შესანიშნავია ადგილია, გარდა ამისა, ამ ყველაფერს აქვს ესთეტიური სახე. რაც უფრო დიდია ნახატი, მით მეტად ხარ ჩართული ამ პროცესში და შენ კი არ ხარ ავტორი, არამედ კედელი გიყენებს ინსტრუმენტად”, – ამბობს გვანცა.

18 წლის ხელოვანმა უკვე მოასწრო საზოგადოების ყურადღების მიპყრობა თავისი ერთ-ერთი გრაფიტით. რუსთაველის გამზირზე, “ქართლის დედის” თანამედროვე ვერსია დახატა და ხმლის ნაცვლად ხელში “სპრეი ფეინთი” დააჭერინა. ამას მოჰყვა დისკუსია, ასაკოვანმა ადამიანებმა გააკრიტიკეს ნახატი. თუმცა თავად ავტორს აგრესია ფიქრად არ ჰქონია. სამომავლოდ გეგმავს სოციალურ-პოლიტიკურ თემებსაც შეეხოს. გვანცა ერთი წლით აშშ-ში იყო სასწავლებლად. ამბობს, რომ “სთრით არტი” იქ, ბევრად განვითარებულია, მაგრამ მიაჩნია, რომ საქართველოში მხატვრებს ამ მხრივ უფრო კარგი პლატფორმა აქვთ.

“აშშ-ში ძალიან დიდი ჯარიმებია ქუჩის მოხატვაზე, ხელს არ უწყობენ გრაფიტის განვითარებას და ვანდალიზმადაც კი მიიჩნევა. საქართველოში კი, ხალხს მოსწონს და ბევრიც იჩენს ინიციატივას რომ კერძო საკუთრებებიც დაიხატოს”, – ამბობს გვანცა.

წელს “ფაბრიკას” კედელს მის მიერ დახატული “გრაფერი გოგონა” დაამშვენებს. მისი აზრით, გრაფიტი ძირითადად ბიჭებს აქვთ “მისაკუთრებული” და სურს გარკვეულწილად ფემინისტური მოტივები ჩართოს.

“მე რომ ვიყო ახლა 8 წლის და მენახა გრაფიტის მიმდევარი გოგო, აუცილებლად მივბაძავდი მას. მინდა, რომ სხვა ბავშვებმა უფრო ადრეულ ასაკში აღმოაჩინონ საკუთარ თავში ეს ნიჭი”, – ამბობს გვანცა ჯგუშია.

სიტყვა “გრაფიტი” პირდაპირი მნიშვნელობთ “ფხაჭვნას” ნიშნავს. დღეს ის ფართო ტერმინია და მოიცავს ყველაფერს, ფხაჭვნიდან რთულ ორნამენტულ კედლის მხატვრობამდე. მას იყენებენ როგორც ჰიპ-ჰოპ საზოგადოებაში სახელის დასამკვიდრებლად, ასევე სოციალური თუ პოლიტიკური მესიჯების გადმოსაცემად. ზოგან იგი ხელოვნების ფორმაა, რომელიც გალერეებში გამოფენასაც კი იმსახურებს. გრატიფის არტისტები საკუთარ თავს “რაიტერებს” უწოდებენ. გრაფიტი სათავეს იღებს XX საუკუნის 60-იანი წლებიდან. 1970-1980 წლების ნიუ-იორკის მეტროს ვაგონები მოძრავი მუზეუმ მუზეუმადაც კი იქცა, რადგან გრაფიტის არტისტები ღამით, ჩუმად იპარებოდნენ მეტროს სადგურში და ხატავდნენ: სამ განზომიებიან ასოებს, ბუშტებს, ბზარებს, სხვადასხვა საგნებს, პერსონაჟებს.

“ურბან არტ ფესტივალი” კედლების მოხატვის გარდა წელს, სხვა აქტივობებსაც მოიცავდა, – ფაბრიკის ეზოში გაიმართა ბ-ბოი ბეთლი, სკეჩ ბეთლი, ფაბრიკის საკონფერენციო დარბაზი კი დაეთმო ამერიკელი და გერმანელი ფოტოგრაფების, მარტა კუპერისა და ნიკა კრამერის საჯარო ლექციებს. ეს უს ადამიანები არიან რომლებმაც გრაფიტი მსოფლიოს გააცნეს. მართა კუპერის ობიექტივი წლების განმავლობაში ასახავდა გრაფიტის ხელოვნებას და მას დღემდე გრაფიტის ფოტოგრაფად მოიხსენიებენ. მისი მოღვაწეობა ნიუ-იორკში დაემთხვა იმ პერიოდს, როდესაც ქალაქის ქუჩები ნელ-ნელა ახალი სახის ხელოვნებით – გრაფიტით იმოსებოდა.

შორენა პაპაშვილი