ტრანსკასპიის საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის ფარგლებში, ჩინეთიდან ბაქოს საერთაშორისო საზღვაო პორტში პირველი საკონტეინერო მატარებელის შემოსვლასთან დაკავშირებულ ღონისძიებას აზერბაიჯანის ხელისუფლების პირველ პირებთან ერთად “საქართველოს რკინიგზის” გენერალური დირექტორიც დაესწრო.
ჩინეთიდან პირველი სარკინიგზო ტვირთის ტრანსპორტირება უფრო ადრე, 2015 წლის დასაწყისში, საქართველოს მიმართულებით განხორციელდა.

სამატარებლო გადაზიდვა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში 29 იანვარს დაიტვირთა და საქართველოში 6 თებერვალს დაიცალა.

პროექტი საქართველოს, ყაზახეთისა და აზერბაიჯანის რკინიგზებთან მჭიდრო თანამშრომლობით და ჩინეთის პროვინცია სინძანის ხელშეწყობით განხორციელდა.

ფაქტი ისტორიულია და აქამდე არსებული საზღვაო კავშირის დამატებით ალტერნატივას წარმოადგენს. მისი მეშვეობით ტვირთი უმოკლეს დროში შეუფერხებლად იმოძრავებს ჩინეთიდან საქართველოს შავი ზღვის პორტების მიმართულებით და უზრუნველყოფს ასევე ტვირთების შემდგომ ტრანსპორტირებას როგორც ევროპის, ისე ხმელთაშუა და შავი ზღვის აუზის ქვეყნების მიმართულებით, – აღნიშნავენ საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტში.