საქართველოს დედაქალაქის, 38 წლის წინათ დაარსებული დღესასწაული “თბილისობა” წლეულს, 7-8 ოქტომბერს აღინიშნა. ტრადიციის დარღვევისა და თარიღის თვის ბოლოდან თვის დასაწყისში გადატანის მიზეზი, მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებია, რომელიც 21 ოქტომბრისთვის იყო ჩანიშნული. პოლიტიკა, ზოგადად ბევრ რამეს ცვლის, მათ შორის დამკვიდრებულ ტრადიციებსაც. სწორედ პოლიტიკური მოსაზრებების გამო გაუქმდა “თბილისობა” გასული საუკუნის 90-იან წლებში, როგორც საბჭოთა საქართველოს “მონაპოვარი”, მაგრამ 1995 წლიდან კვლავ განახლდა და დღემდე აღინიშნება.

შემოდგომის მეორე თვის, ოქტომბრის ბოლო შაბათ-კვირას, ორი დღის განმავლობაში ქვეყნის დედაქალაქის ისტორიულ ნაწილში ეწყობა ფესტივალი, რომელიც მოიცავს სხვადასხვა კულტურულ, თუ სპორტულ ღონისძიებებს. იმართება ქართული და ეთნიკური უმცირესობების ხალხური შემოქმედების კონცერტები, გამოფენა-გაყიდვები, სასოფლო-სამეურნეო ბაზრობები. სხვადასხვა სფეროში მოღვაწე გამოჩენილ ადამიანებს ენიჭებათ თბილისის საპატიო მოქალაქის და თბილისზე მზრუნველის წოდება.

ბოლო წლებში კი ამ დღესასწაულს კონკურსი “თბილისი” შეემატა, რომელიც მიზნად ისახავს ხელოვნების სფეროში მოღვაწე ადამიანების პოპულარიზაციასა და წახალისებას. მაგრამ, კულტურული ნაწილის გარდა “თბილისობა” არის ტრადიციული ქართული სამზარეულოსა და სოფლის ნობათის დღესასწაული.

ისევე, როგორც სახელმწიფოს მიერ შექმნილ ყველა სხვა ღონისძიებას, “თბილისობასაც” მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ეკონომიკური საფუძველი აქვს. ტრადიცია, თავისთავად ლამაზი და მიმზიდველია და რაც მთავარია იზიდავს ტურისტებს. ამ დღეს თბილისის ქუჩებში გაშლილ სუფრებზე უამრავი ტურისტის ნახვა შეგიძლიათ, რომლებიც სიამოვნებით უსხედან ქართულ სუფრას და ცხელი მწვადის, თუ ხინკლის მოლოდინში თავს წნილის ასორტით იქცევენ და ჰაერში უხვად შერეული მწვადის ოხშივარზე მომდგარ ნერწყვს ყლაპავენ.

დღესასწაულის მანკიერი მხარე…

“თბილისობის” ძირითადი ლოკაციებია რიყე, ლეღვთახევი, რეაბილიტირებული აღმაშენებლის გამზირი და ბარათაშვილის ხიდის მიმდებარე ტერიტორია, სადაც ძირითადად დღესასწაულის გემრიელი ნაწილის მოყვარულები იკრიბებიან. ალბათ, ვერც კი წარმოიდგენთ, რომ წინა ღამით, ამ ტერიტორიების დასაკავებლად ნამდვილი ბრძოლა იმართება. ძლიერები სუსტებს მალევე ატოვებინებენ გამგეობისგან სიმბოლურად მიცემულ ადგილებს, სასწრაფო წესით დგამენ მაცივრებსა და კარვებს და გაწაფული ორგანიზებულობით იწყებენ დილის სამზადისს. ხოლო ისეთები, რომლებსაც მეამიტად სჯერათ თანაბარუფლებიანობის და “თბილისობისთვის” სამზადისისთვის ბანკიდან სესხსაც კი იღებენ, მხოლოდ იმის გამო კარგავენ ადგილებს, რომ კუნთმაგარი დამცველების დაქირავება არ გაახსენდათ.

Dalma News-ი ერთ-ერთ ასეთ ინციდენტს შეესწრო. “თბილისობის” წინა დღეს, 6 ოქტომბერს, ჩუღურეთის რაიონში შეკრებილმა ადამიანებმა სია შეადგინეს და დედაქალაქის მერიის მიერ გამოყოფილ ტერიტორიაზე, ამავე რაიონის გამგეობის წარმომადგენლების მიერ მოზომილ ფართებზე განთავსდნენ. რამდენიმე საათში კი გაწევ-გამოწევა დაიწყო.

“ხალხისაგან შემდგარ სიაში 32-ე ვიყავი. გამგეობის წარმომადგენლები დაეთანხმნენ ამ სიას, ჩემი ადგილი მოვნიშნე. დაახლოებით ღამის 3 საათზე მოვიდნენ კუნთმაგარი ბიჭები, რაიონებიდან ჩამოსულ ხალხს მანქანები გააყვანინეს, ორგანიზებულად შემოიყვანეს თავიანთი მანქანები და დაიკავეს ადგილები. ძალადობასაც კი არ ერიდებოდნენ”, – აცხადებს ერთ-ერთი დაზარალებული თემურ პაპაშვილი.

როგორც მან გვიამბო, “თბილისობაში” მონაწილეობა წელს პირველად გადაწყვიტა. სოფლიდან სამწვადე ხორცი, ღვინო და სხვა ნობათი ჩამოიტანა. გარკვეული ხარჯის დასაფარად ბანკიდან სესხი აიღო, რითაც მაყალი და ჭურჭელი შეიძინა, იქირავა მაგიდები, მაგრამ ზარალის მეტი ვერაფერი ნახა. ასაკოვან ადამიანს დამცველი არსაიდან გამოუჩნდა. დახმარებისთვის პოლიციას მიმართა, მაგრამ მათ კონფლიქტში ჩარევა არ ისურვეს. ჩუღურეთის რაიონის გამგეობის წარმომადგნელებსაც სთხოვა ვითარების გარკვევა, მათგან კი პასუხად მიიღო, – ჩვენ ადგილი გამოგიყავით, მისი დაცვა კი თქვენი საქმეაო.

“ეს არ არის “თბილისობა” და სოფლიდან ჩამოსული ხალხის დღესასწაული. ეს არის დედაქალაქის მერიისა და რესტორნებისთვის დამატებითი შემოსავალი. “თბილისობა” მაშინ იქნებოდა, გამოყოფილ ტერიტორიაზე ხალხი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, რომ განლაგდება და არა მერიისა და გამგეობების განკარგულებით. დახმარებისთვის პოლიციას მივმართე, მაგრამ ორი ნაბიჯიც არ გადმოდგეს, რომ ჩემთვის მოზომილი 6 მეტრი ტერიტორიის სამართლიანად დაკავებაში დამხმარებოდნენ. ჩემს ზარალს როგორმე მოვუვლი, მაგრამ ის ზარალი მადარდებს, რაც საზოგადოებაში ხდება. მე მგლური წესებით ვერ ვიმოქმედე, რადგან მეგონა, რომ სახელმწიფო მიცავდა”, – ამბობს თემურ პაპაშვილი.

რითაც შეგვეძლო ვანუგეშეთ იმედგაცრუებული მოქალაქე. საინტერესოა რა კრიტერიუმებით ნაწილდება “თბილისობისთვის” სავაჭრო ადგილები და ვინ სარგებლობს უპირატესობით – სოფლიდან ჩამოსული გლეხი, რომელიც შესაძლოა მთელი წლის განმავლობაში ემზადება ამ დღისთვის, რომ ოჯახში ორი კაპიკი შეიტანოს და საკუთარი ნაშრომით იხეიროს, თუ ადგილობრივი რესტორნები, რომლებსაც კლიენტურა არც ისე აკლიათ და მათ შენობებთან მუდმივად უხვად დგანან ძვირადღირებული ავტომობილები?

დღესასწაულის ოფიციალური ნაწილი…

სიმართლე გითხრათ, ამ სამწუხარო ინციდენტმა სრულებით გამიქრო “თბილისობაზე”, როგორც ლამაზ ტრადიციაზე საუბრის სურვილი, მაგრამ დღესასწაულის სანახაობრივ ნაწილს მაინც დავესწარი.

რიყის პარკსა და ევროპის მოედანზე, თბილისთან დაძმობილებული და პარტნიორი ქალაქების პავილიონები დამხვდა, რიყის პარკის ამფითეატრში კი საბავშვო გასართობი ღონისძიებები – ხატვა, ძერწვა, სახეზე მოხატვა, კარაოკე და სპორტული აქტივობები გაიმართა. ტურისტებს ქართული ჭიდაობისთვის თვალის დევნებაც შეეძლოთ. მოეწყო “შავფაროსნების” შოუ. რიყის პარკში მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ღვინის ფესტივალი. წარმოდგენილი იყო 20-მდე სახეობის ქართული ღვინო, დამთვალიერებლებს კი, მათი დეგუსტაცია და შეძენა შეეძლო.

22308822_1890761127607145_3815240830455439664_n“თბილისობის” რამდენიმე ღონისძიებას ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილიც დაესწრო. მან თანამოქალაქეებს დღესასწაული მიულოცა და განაცხადა, რომ თბილისს უამრავი საგანძური აქვს, რომელსაც მიხედვა სჭირდება.

“თბილისს აქვს უამრავი საგანძური, რომელიც მიხედვის შემთხვევაში იქნება ძალიან ლამაზი. სოლოლაკი იქნება, თუ თბილისის სხვა უბნები, სადაც თითოეული შენობა თბილისის საგანძურია, ჩვენ ამას აუცილებლად მივხედავთ”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა რეაბილიტირებულ აღმაშენებლის გამზირზე ქართული მარკების გამოფენაზე მისვლისას.

თბილისის ძველი ფოსტის შენობის წინ 4 საფოსტო ყუთის ექსპოზიცია დამონტაჟდა, რომლებიც ღია ბარათებისა და წერილების მიმოქცევის იმიტაციას ქმნიდნენ. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო 1918 წლიდან დღემდე დაბეჭდილი 30 ქართული მარკა.

“თბილისობა – 2017”, დავით ნარმანიასთვის დედაქალაქის მერის რანგში ბოლოა. ეს დეტალი არც მას გამორჩენია და ერთგვარად გამოსამშვიდობებელი სიტყვა წარმოთქვა. როგორც ნარმანიამ განაცხადა, მერის თანამდებობაზე მან არასრული 4 წელი გაატარა და ამ ხნის განმავლობაში თბილისის განვითარებისთვის მაქსიმუმის გაკეთებას ეცადა.

“თანამდებობები წარმავალია. მარადიულია მხოლოდ ადამიანური ურთიერთობები და ის, რასაც ჩვენს შემდეგ ვტოვებთ. მიუხედავად იმისა, რომ თბილისში არ დავბადებულვარ, მე თავს ამ ქალაქის ნაწილად მივიჩნევ”, – განაცხადა დავით ნარმანიამ და საზეიმო მიღებაზე მიწვეულ სტუმრებს საკუთარი ინიციატივით გამოცემული წიგნი წარუდგინა, რომელიც 273 საპატიო თბილისელის ბიოგრაფიას მოიცავს.

დავით ნარმანიას ინფორმაციით, “თბილისობა” წლეულს, თბილისის რამდენიმე პარტნიორ და დაძმობილებულ ქალაქშიც აღინიშნა.

P.S. Dalma News-ი დიდი ხანია ცდილობს დავით ნარმანიასთან, როგორც თბილისის მერთან ინტერვიუს ჩაწერას, რამდენიმე თვის წინათ დაგვპირდა მისი პრესსამსახური მერთან აუდიენციას, მაგრამ უშედეგოდ. იმედია, მისი მომავალი საქმიანობის სფერო გაცილებით ღია იქნება პრესის ნებისმიერი წარმომადგენლისთვის. ჩვენ კი, ჩვენის მხრიდან წარმატებებს ვუსურვებთ თბილისის მერს მომავალ საქმიანობაში, ხოლო თბილისელებს – ჭეშმარიტად სახალხო “თბილისობას”.

გიორგი ქართველი