შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მასშტაბური ცვლილებები მიმდინარეობს. მალე რეაბილიტირებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლი გაიხსნება. აეროპორტში თითქმის 3 კმ-ის სიგრძის ახალი გზის დაგების ტოლფასი სამუშაოები ჩატარდა, რომლებიც ყოველდღე, დილით 10 საათზე იწყებოდა და უკვე 20:00 საათიდან აეროპორტი რეისებს ღებულობდა. ჩატარებულ სამუშაოს საქართველოს მთავრობაში უპრეცედენტოს უწოდებენ. რეაბილიტაცია ჩაუტარდა აეროპორტის სამიმოსვლო ბილიკებს – “ბრავო”, “ჩარლი”, “ეკო” და “ალფა”. ყველა მათგანზე მოეწყო სანავიგაციო შუქტექნიკა და გაკეთდა მარკირება. გარემონტდა სამიმოსვლო ბილიკ “ჩარლის” 560 მეტრიანი და სამიმოსვლო ბილიკ “ეკოს” 90 მეტრიანი მონაკვეთი.

ასაფრენ-დასაფრენი ზოლის (31L კურსით და 13R კურსით) მომდევნო 2 550 მეტრიან მონაკვეთზე მთლიანად დასრულდა პირველი ეტაპისთვის განსაზღვრული სარეაბილიტაციო სამუშაოები (შემასწორებელი და მეორე ფენის გადაგება), რის შემდგომ დაამონტაჟეს სანავიგაციო შუქტექნიკა და გაკეთდა მარკირება.

kumsishvili_lari

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოები ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დაათვალიერა და შესრულებული სამუშაოთი კმაყოფილი დარჩა. მან მადლობა გადაუხადა აეროპორტის მმართველ კომპანია “ტავ ჯორჯიას”, სამშენებლო კომპანია “ბლექსი გრუფს”, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში შემავალ უწყებებს – „სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს”, “საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას” და “საქაეროგავიგაციას” შესრულებული სამუშაოებისათვის და განაცხადა, რომ ესოდენ რთული პროექტის განხორციელება, მხოლოდ ერთობლივი შრომით იყო შესაძლებელი.

ვიცე-პრემიერის შეფასებით, ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე სამუშაოების დასრულება ნიშნავს იმას, რომ თბილისის აეროპორტში მგზავრებს აღარ ექნებათ ის ცუდი შეგრძნება, რაც აქამდე ჰქონდათ თვითმფრინავის დაშვების თუ აფრენის დროს.

8840272015 წლის 28 მაისს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა” და შპს “ტავ-ურბან საქართველოს” შორის ხელი მოეწერა, ათი წლის წინ დადებული ხელშეკრულების (Build Operate Transfer – BOT) განახლებულ ვარიანტს. 2005 წლის ხელშეკრულებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, შპს “ტავ-ურბან საქართველოს” მართვაში 2027 წლამდე გადაეცა. თურქული “ტავ-ურბანი”, რომელიც “ტავ ჯორჯიას” დამფუძნებელი კომპანიაა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მართვის უფლებით 2005 წელს შემოვიდა. როგორც ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, იმის გამო, რომ 2005 წლის შემდეგ თბილისის აეროპორტში მგზავრთა ნაკადის ოდენობა თითქმის გაოთხმაგდა და ზრდას შემდგომ წლებშიც ელიან, დღის წესრიგში დადგა არსებული ინფრასტრუქტურის განახლების აუცილებლობა და შესაბამისად არსებული ხელშეკრულების პირობებსაც გადახედეს.

თითქმის წელიწადნახევრის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, “საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა” და “ტავ ჰოლდინგსა” და მის შვილობილ კომპანია შპს “ტავ-ურბან საქართველოს” შორის აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. განხილვის თემა იყო თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სამომავლო განვითარება და ხელშეკრულების ახალი ვერსიის შემუშავება, რომელიც შესაბამისობაში მოვიდოდა ავიაციის საერთაშორისო სტანდარტებსა და აეროპორტის სამომავლო მოთხოვნებთან.

აეროპორტის არსებული ასაფრენი ზოლის და სამიმოსვლო ბილიკების სრულ რეაბილიტაციაზე მხარეები სწორედ მაშინ შეთანხმდნენ, რაც 2014 წელს, საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაცია – IATA Consulting-მა მოამზადა დასკვნა და რეკომენდაციები, თუ როგორი უნდა იყოს თანამედროვე აეროპორტის ინფრასტრუქტურა. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულდება 2016 წლის ივნისის ბოლოსთვის იყო დაგეგმილი. გარდა ამისა, არსებობს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების ოთხეტაპიანი გეგმა, რომელიც მგზავრთა ნაკადის მატების შესაბამისად, ხელშეკრულების ბოლომდე, ანუ 2027 წლამდე უზრუნველყოფს აეროპორტის ინფრასტრუქტურის განვითარებას და კონკრეტული პროექტების განხორციელებას.

Dalma News-ის მცდელობა, სამომავლო გეგმებსა და უახლესი პერსპექტივების შესახებ პირადად “ტავ ჯორჯიას” წარმომადგენლებისგან შეგვეტყო, უშედეგო გამოდგა. გვითხრეს მხოლოდ, რომ ზაფხულის სეზონი ავიაციაში მარტიდან იწყება, აეროპორტში უსაფრთხოებაზე შინაგან საქმეთა სამინისტრო, კერძოდ დაცვის პოლიცია ზრუნავს. ჩატარებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს რაც შეეხება, მათზე საუბარი ზედმეტად მიაჩნიათ.

ახალი ტერმინალი…

kvirikashvili_journalistsთბილისის საერთაშორისო აეროპორტში, 27 ივნისს ახალი ტერმინალის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი. საზეიმო ცერემონიალს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე, მთავრობის წევრები და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.

პრეზენტაციაზე გამოსვლისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ თბილისის აეროპორტში მოფრენის ტერმინალის მშენებლობა დაგეგმილზე ადრე იწყება, რაც ტურიზმის მაჩვენებლების ზრდით არის განპირობებული.

“ბოლო თვეების განმავლობაში 25%-ზე მეტი ზრდა გვაქვს დაფიქსირებული, რაც შენარჩუნდება და დიდი ალბათობით შეიძლება იყოს კიდევ უფრო მაღალი მაჩვენებლები. ამიტომ, “ტავ ჯორჯია” იწყებს მოფრენის ახალი ტერმინალის მშენებლობას, საქართველოს მთავრობა ყოველთვის მზად არის ხელი შეუწყოს უცხოელი ინვესტორების საქმიანობას, შექმნას შესაბამისი გარემო ბიზნესის განვითარებისთვის და ამავე დროს მაქსიმალურად დაიცვას საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოში ჩამომსვლელი ტურისტების ინტერესები,” – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისი შეფასებით, ყოველივე იმის ნათელი მაგალითია, რომ საქართველოში ტურიზმი და ავიაცია ვითარდება.

yytyv

როგორც Dalma News–ს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში განუცხადეს, 2015 წლის მონაცემებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა ნაკადმა 1.800.000 გადააჭარბა, რამაც ბიძგი მისცა ტერმინალის გაფართოების და მშენებლობის ფაზის განხორციელებას. ახალი მოფრენის ტერმინალის ფართობი 12000 კვადრატული მეტრი იქნება. მშენებლობაზე დასაქმდება 500-მდე ადამიანი. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების პროექტი არსებული ასაფრენი ზოლის, სამიმოსვლო ბილიკების რეაბილიტაციას, ახალი მოფრენის ტერმინალის 5 ახალ სადგომს და მგზავრთა ხიდით უზრუნველყოფას მოიცავს. ახალი ტერმინალის მშენებლობა 2017 წლის ბოლოს დასრულდება, რის შემდეგაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტი წელიწადში 3,5 მლნ. მგზავრს მოემსახურება.

პირველი ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის აზრით, ავიაციის სფეროს განვითარება პირდაპირ აისახება ტურიზმის და მთლიანად ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე, რადგან თითოეული მგზავრი და ყოველი საჰაერო ხომალდის აფრენა-დაფრენა ნიშნავს მეტ ტურისტს საქართველოში, მეტ შემოსავალს აეროპორტისთვის და შესაბამის ინდუსტრიაში ჩართული ყველა კომპანიისთვის. ვიცე-პრემიერი დარწმუნებულია, რომ ტერმინალის მშენებლობის დასრულების შემდგომ, როგორც უშუალოდ აეროპორტში, ასევე ამ სფეროში ჩართულ კომპანიებში ახალი სამუშაო ადგილები გაჩნდება.

ახალი მიმართულებები…

2016 წლის ივნისიდან, საქართველოს სამოქალაქო ავიაციაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდა. საქართველოს ტურისტული ზონების მიმართ ირანელი ვიზიტორების დაინტერესების გამო, ქვეყნის ავიაბაზარზე ირანული ავიაკომპანია TABAN Airlines-ი შემოვიდა და ორ ქვეყანას შორის მრავალჯერადი ჩარტერული ფრენების განხორციელება დაიწყო, როგორც თბილისი ისპაჰანის, ასევე ბათუმი ისპაჰანის მიმართულებით.

როგორც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განმარტავენ, TABAN Airlines-ის ფრენები ძირითადად ქვეყნის მიმართულებით ტურისტული ჯგუფების ტრანსპორტირებაზე იქნება ორიენტირებული. საქართველოსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის საჰაერო მიმოსვლა მიმდინარე წლის 26 თებერვლიდან აღდგა. ამ პერიოდიდან დღემდე, ATA Airlines-სა და Qeshm Airlines-ის მიერ თეირანსა და თბილისს შორის განხორციელებული ავიარეისებით უკვე 6 987 მგზავრმა ისარგებლა.

საქართველოში ავიაკომპანიის დაფუძნებას გეგმავს ჩინეთიც. ქართულმა მხარეს უკვე ჰქონდა შეხვედრები “ჰაულინგ ჯგუფთან”. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელი პირები, სულ ახლახანს ჩინეთში იმყოფებოდნენ, სადაც სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციასთან ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების, საქართველოს საავიაციო ბაზარზე ჩინური ავიაკომპანიების შემოსვლის ხელშეწყობისა და დაინტერესებულ ბიზნეს ორგანიზაციებთან მოლაპარაკებები გამართეს. სამდღიანი სამუშაო ვიზიტით მხარეები კმაყოფილები დარჩნენ. როგორც შეხვედრაზე გაირკვა, „ჰუალინგ ჯგუფი“ ინვესტიციების განხორციელებას სამოქალაქო ავიაციის სხვა სფეროებშიც გეგმავს, კერძოდ, კომპანია დაინტერესებულია საქართველოში ტექნიკური მომსახურებისა და საფრენოსნო-ტექნიკური პერსონალის მომზადების ცენტრის შექმნით, აგრეთვე მცირე ავიაციის განვითარებისა და მისი ტურისტული მიზნებისათვის გამოყენების შესაძლებლობებით. ქართულმა მხარემ მათ სრული მხარდაჭერა აღუთქვა და მომდევნო შეხვედრა თბილისში დაგეგმეს.

შეხვედრაზე ასევე გადაწყდა, რომ მიმდინარე წლის 22 სექტემბრიდან China Southern Airlines-ი პეკინი-ურუმჩი-თბილისის მიმართულებით რეგულარულ ფრენებს დაიწყებს, რის შედეგადაც ორი ქვეყნის დედაქალაქებს შორის საავიაციო მიმოსვლა დაიწყება. ეს არის საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და China Southern Airlines შორის ერთი თვის განმავლობაში მიმდინარე მოლაპარაკებების შედეგი. მასპინძელი მხარის მოწვევით, შეხვედრას უმსხვილესი ჩინური ავიაკომპანიების – Air China, Hainan Airlines, China Southern Airlines-ისა და China Eastern Airlines -ის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. მხარეებმა განიხილეს ქვეყნებს შორის საავიაციო სფეროში არსებული ორმხრივი ურთიერთობების გაღმავებისა და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები.

როგორც ჩინეთის სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის (CAAC) პირველმა პირებმა განაცხადეს, ორ ქვეყანას შორის გაღრმავებული პოლიტიკური და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობებიდან გამომდინარე, საქართველო სულ უფრო მიმზიდველი ხდება ჩინური ავიაკომპანიებისთვის. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ქართული საავიაციო ბაზრის ინტენსიურად ათვისების ხელშეწყობის მიზნით, საავიაციო ხელისუფლებები მჭიდროდ ითანამშრომლებენ მათ კომპეტენციაში შემავალი საკითხების ირგვლივ. პოზიტიურად შეაფასეს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორიო ორგანიზაციის (ICAO) მიერ საქართველოში ჩატარებული საავიაციო უსაფრთხოებისა და უშიშროების აუდიტების მიერ გამოვლენილი შედეგებიც, რაც ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორი იქნება გაზრდილი საჰაერო მიმოსვლის უზრუნველყოფის თვალსაზრისით.

ჩინური ავიაკომპანიების ხელმძღვანელები ასევე დაინტერესდნენ ავიაგადაზიდვებით, საქართველოს საავიაციო ბაზრის განვითარების ტენდენციებით და ქვეყანაში მოქმედი ლიბერალური საავიაციო საკანონმდებლო ბაზით. ქართველ კოლეგებთან შეხვედრას ჩინეთის მხარემ ისტორიული უწოდა და ისინი აგვისტოში, ქალაქ ურუმჩიში დაგეგმილ საავიაციო ფორუმზე მიიწვიეს.

შორენა ქარჩავა Dalma news-თვის