დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში კიდევ ერთი, პოლიტიკურად მეტად დატვირთული და შეიძლება ითქვას, ცხელი წელი დასრულდა. 2023 წლის გაზაფხული, თბილისში, საპროტესტო გამოსვლების პიკი იყო, როდესაც რადიკალურმა ოპოზიციამ ახალგაზრდების გულწრფელი პროტესტის საკუთარი რევანშისტული მიზნებისთვის გამოყენება სცადა, მაგრამ უშედეგოდ. წლის ბოლოს საქართველომ ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსი მიიღო. საშინაო პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე საქართველოს გარშემო კვლავ ცხელი პროცესები მიდის. ამ ყველაფრის ფონზე ქვეყანას, კვლავაც დანის პირზე უწევს სიარული. როგორი იქნება 2024 წელი, რომელიც საქართველოში საპარლამენტო არჩევნების წელია და როგორ დასრულდა 2023 .? Dalma Newsის ამ კითხვებს ანალიტიკოსებმაგია ხუხაშვილმა და თორნიკე შარაშენიძემ უპასუხეს.

– საშინაო პოლიტიკის რომელ მნიშვნელოვან მოვლენას გამოყოფდით, როგორც დადებით, ისე უარყოფითს, რომელიც 2023 წელს მოხდა და როგორ აისახა ის ქვეყანაში არსებულ სიტუაციაზე?

გია ხუხაშვილი: ფაქტობრივად, მთელი წელი მხოლოდ ერთი თემა იყო განხილვის საგანი, რაც უკავშირდებოდა ქვეყნის გრძელვადიან განვითარებას – მოგვენიჭებოდა თუ არა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი? საკმაოდ დრამატულად ვითარდებოდა ეს პროცესი. მთელი პოლიტიკური სპექტრი ჩაციკლული იყო ამ თემაზე. რისკი იყო ძალიან მაღალი, იმიტომ, რომ ხელისუფლება, ფაქტობრივად, დიდი ხნის განმავლობაში ძალიან სერიოზულ ბრალდებებს უყენებდა დასავლეთს, რაც საზოგადოებაში გარკვეულ შეშფოთებას აღძრავდა. საერთო ჯამში, ჩვენდა საბედნიეროდ, ყველაფერი მეტ-ნაკლებად მშვიდობიანად დასრულდა. სამწუხაროდ ჩვენ რეალური რეფორმების თვალსაზრისით წინ ვერ წავიწიეთ, მაგრამ სტატუსი მოგვენიჭა, რითაც ევროპამ გვითხრა, რომ ჩვენთვის კარებს არ კეტავენ და გვაძლევენ შანსს. პრინციპში, მეტი არც არაფერი ხდებოდა. დანარჩენი მოვლენები იყო ქარიშხალი ჭიქაში. ისევ და ისევ გვესმის ურთიერთბრალდებები, სიძულვილის ენა და სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი მაინც და მაინც, არაფერი მახსენდება. მარტის მოვლენებით გამოჩნდა, რომ საქართველოში ჯერ კიდევ არსებობს საზოგადოების დაუზიანებელი სეგმენტი – ახალგაზრდობა და ემიგრანტები. სხვა მხრივ, მთელი წლის განმავლობაში თვალს ვადევნებდით პოლიტიკური პროცესების დეგრადაციას. ეს კვლევებშიც აისახა, როდესაც ამომრჩევლის 62% ამბობს, რომ მას არ აქვს ღირსეული არჩევანი არსებულ პოლიტიკურ ელიტაში, ეს იმას ნიშნავს, რომ მთელი პოლიტიკური სპექტრი, ხელისუფლებიდან ოპოზიციამდე, ფაქტობრივად, გაკოტრებულები არიან.

თორნიკე შარაშენიძე

თორნიკე შარაშენიძე: უარყოფითი არის ოპოზიციის დასუსტება, რაც ცუდია ოპოზიციის განვითარებისთვის. დადებითი ისეთი არაფერი, თუმცა, არც ტრაგედია არაფერი მომხდარა. ოპოზიციის დასუსტების მთავარი მიზეზი არის ის, რომ მათი უდიდესი ნაწილი მოწყვეტილია ხალხს, რეალობას, ვერ გაუგიათ, რა მოთხოვნაა ხალხში. 24 საათი სხედან ოპოზიციურ არხებზე და ერთი და იმავეს ლაპარაკობენ, განსხვავებულის მოსმენა არ უნდათ. რაღაც-რაღაცებში არათანმიმდევრულები არიან, ხან შედიან პარლამენტში, ხან გამოდიან.

– საგარეო პოლიტიკიდან 2023 წლის რომელ მნიშვნელოვან მოვლენას გამოყოფდით საქართველოსთვის?

გია ხუხაშვილი: ევროკავშირის გაფართოების პროცესი გრძელდება. ევროკავშირში ამის პოლიტიკური ნება არსებობს და ეს კარგია. მეორე – უკრაინის ომი, ისრაელში დაწყებული ომი, ფაქტობრივად წლის განმავლობაში სამყარო იმყოფება დიდი გლობალური დაპირისპირების ფაზაში. მიმდინარეობს მსოფლმხედველობრივი ომი. ზუსტად ამ ომზეა დამოკიდებული, თუ შემდგომ წლებში, როგორი მსოფლიო წესრიგი დამკვიდრდება. ძალიან მნიშვნელოვან გზაგასაყარზე იმყოფება სამყარო და საქართველოც მათ შორის. ჩვენი ქვეყნის ბედიც, ფაქტობრივად მომავალ წელს გადაწყდება. საქართველო ჯერ გზის დასაწყისზეა. ომი შედგება ძალიან ბევრი ბრძოლებისგან. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება არ ნიშნავს ევროკავშირში ინტეგრაციას. წინ ძალიან გრძელი და საკმაოდ მძიმედ გასავლელი გზა არის. ასე, რომ ჩვენ კიდევ ბევრი პრობლემა გველის ამ გზაზე. მაღალია შიდა და გარე რისკები, მათ შორის, სამწუხაროდ, ხელისუფლებიდან მომდინარე. ხელისუფლებას არანაირი პოლიტიკური ნება იმისა, რომ ჩვენ ფასეულობათა დონეზე განვიცადოთ ინტეგრაცია – გვქონდეს სამართლიანია სახელმწიფო, კონსტიტუციური წესრიგი დამკვიდრდეს ქვეყანაში, ტარდებოდეს კონკურენტული, ჯანსაღი არჩევნები, დემოკრატიისთვის დამახასიათებელი სხვა პოლიტიკური ატრიბუტებით შევიარაღდეთ, სამწუხაროდ არ აქვს, აქედან გამომდინარე ეს გზა იქნება ძალიან რთული.

თორნიკე შარაშენიძე: ქვეყანა გადარჩა, თუმცა ომში ჩათრევის საფრთხე კვლავაც არსებობს. სტატუსიც მივიღეთ და ეს კარგია. უკრაინის ომმა გავლენა იქონია საქართველოს საგარეო პოლიტიკაზე, ხელისუფლების საგარეო პოლიტიკა კიდევ უფრო ფრთხილი გახდა. ასეთი ომის ფონზე ეს სრულებით გასაგებია. საქართველოს როლი რეგიონში შესაძლოა არ გაიზარდა, მაგრამ დასრულდა ერთი ომი – ყარაბაღის, რაც ჩვენთვის დიდი შეღავათია, იმიტომ, რომ საქართველოს ამ ომში ჩათრევის საფრთხეც არსებობდა. რეგიონში მშვიდობა ჩვენ ძალიან გვაწყობს.

– რისკების დაძლევაში ხედავთ თუ არა ოპოზიციის წილ პასუხისმგებლობასაც ხელისუფლებასთან ერთად?

გია ხუხაშვილი: ოპოზიციის ფუნქცია ზუსტად ის არის, რომ აიძულოს ხელისუფლება გადადგას სწორი ნაბიჯები, მაგრამ ოპოზიცია იმდენად სუსტია, რომ ამასაც ვერ ახერხებს. ფეხების ბაკუნით არიან დაკავებულნი.

– როგორ დაასრულა საქართველომ 2023 წელი?

გია ხუხაშვილი

გია ხუხაშვილი: წელი ქვეყანამ კარგად დაასრულა ფორმალურად. ჩვენ გზა არ ჩაგვეკეტა დასავლეთისკენ და ეს კარგია. ბევრი ნეგატიურის მიუხედავად ფინალური აკორდი იყო მაჟორული და ეს მისასალმებელია. ამაში დიდია ქართული საზოგადოებისა და თვითონ ევროპის დამსახურება. ევროკავშირმა პრაგმატული გადაწყვეტილება მიიღო, სტატუსი მოგვცეს არა იმიტომ, რომ დაგვიფასეს რაღაც, არამედ იმიტომ, რომ შეეშინდათ, სტატუსის არმიცემის შემთხვევაში კიდე უფრო მეტად არ ებიძგებინათ ჩვენი ქვეყნისთვის რუსეთისკენ.

თორნიკე შარაშენიძე: არაფრით განსაკუთრებული წელი არ იყოს, ქვეყნის მოსახლეობისთვის ბევრი არაფერი შეცლილა. ოპოზიცია ხატავს უბედურებას და მძიმე მდგომარეობას, ხოლო ხელისუფლება პირიქით – კარგ მდგომარეობას, სიმართლე ყოველთვის სადღაც შუაშია. არც დიდი ტრაგედია ხდება ჩვენს თავს, მაგრამ აყვავებულიც არ ვართ. როცა ცუდი არ ხდება, უკვე კარგია. XX საუკუნის 90-იანი წლებიდან მოყოლებული დამოუკიდებელი საქართველოს ისტორია ისეთია, რომ როცა ცუდი არ ხდება, უნდა გიხაროდეს. იმდენი ცუდი და უარესზე უარესი გვინახავს იმ წლებში.

როგორი იქნება 2024 წელი?

თორნიკე შარაშენიძე: რეიტინგებს თუ შევხედავთ, 2024 წლის არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ არანაირი პრობლემა არ ექნება. მათ ეს ვითარება, რაც არის ქვეყანაში, აწყობთ. სიტუაცია შესაცვლელი აქვს ოპოზიციას. „ოცნებამ“ ამ არჩევნებსაც ჩვეულებრივად მოიგებს, დღეის გადასახედიდან ასეთი პირი უჩანს, მერე ოპოზიცია არჩევნებს გამოაცხადებს გაყალბებულად, რუსეთის გამარჯვებად და ა.შ. მაგრამ ამას მნიშვნელობა დიდად არ ექნება.

გია ხუხაშვილი: მაღალი დაძაბულობა იქნება, პოლიტიკური ესკალაცია კიდევ უფრო მაღალი იქნება, იმიტომ, რომ ამ არჩევნებზეა დამოკიდებული დიდწილად ჩვენი ქვეყნის მომავალი. გამომდინარე იქიდან, რომ პოლიტიკური ელიტა არ არის ლეგიტიმური, „ოცნება“ შეეცდება ხიდები გადოს ნეიტრალურ ამომრჩეველთან და ამ გზაზე ბევრი არასასიამოვნო მეთოდი იქნება გამოყენებული.

ესაუბრა შორენა პაპაშვილი