საქართველოში ადგილობრივმა თვითმმართველობის არჩევნებმა მეორე ტურის გარეშე ვერ ჩაიარა. ქვეყნის ხუთივე თვითმმართველ ქალაქში, მერის არჩევნები განმეორებით ჩატარდება. მმართველი პარტიის თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ, რომელიც დედაქალაქის მერი ერთი ვადით უკვე იყო, ხმების 45,06% მიიღო. მას კონკურენციას მთავარი ოპოზიციური პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მერობის კანდიდატი, ნიკა მელია უწევს, რომელმაც 2 ოქტომბერს ხმების 33,95% მიიღო, მესამე ადგილზე ექსპრემიერი გიორგი გახარიაა.

მერის არჩევნების მეორე ტური ჩატარდება ასევე, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავსა და ფოთში. ამ უკანასკნელში მერის თანამდებობისთვის თბილისის ყოფილი მერი, გიგი უგულავა იბრძვის. მეორე ტურში მას “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატის, ბექა ვაჭარაძის დამარცხება მოუწევს. მეორე ტურია მოსალოდნელი 59-დან 15 თვითმმართველ თემში: თიანეთში, თელავში, ქარელში, ხაშურში, ცაგერში, ბაღდათში, წყალტუბოში, ოზურგეთში, სენაკში, ხობში, მარტვილში, ზუგდიდში, წალენჯიხაში, ჩხოროწყუსა და ხელვაჩაურში.

2 ოქტომბრის არჩევნების შედეგად, ქვეყნის მასშტაბით მუნიციპალიტეტების საკრებულოებში პროპორციული და მაჟორიტარული წესით გასანაწილებელი იყო 2068 მანდატი, რომლებიც პოლიტიკურ პარტიებს შორის შემდეგი სახით განაწილდა: „ქართული ოცნება“ – 1331 მანდატი; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 502 მანდატი; გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ – 109 მანდატი; მეოთხეზეა „ლელო“ 27 მანდატით, მას მოსდევს „ევროპული საქართველო“ 18 მანდატით და „მესამე ძალა“ – 8 მანდატით. 6 მანდატი მიიღო პარტიამ “მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“, ხოლო “პატრიოტთა ალიანსმა” – 5 მანდატი. „ევროპელი სოციალისტები“ – 4 მანდატი, ლეიბორისტული პარტია – 3 მანდატი, სახალხო პარტია – 3 მანდატი, „პროგრესი და თავისუფლება“ – 2, „ანა დოლიძე – ხალხისთვის“, ასევე 2 მანდატი. “მოქალაქეები”, “გირჩი” და “გირჩი მეტი თავისუფლება” – თითო მანდატი. დამოუკიდებელმა დეპუტატებმა მოიპოვეს 2 მანდატი.

მთლიანობაში საკრებულოებში “ქართულმა ოცნებამ” მანდატების 66%, “ენმ”-მ 25%, სხვა პარტიებმა 9% მოიპოვეს. “ოცნების” ლიდერები იმედოვნებენ, რომ მეორე ტურის შემდეგ მათი მაჩვენებელი 68%-მდე გაიზრდება.

ირაკლი კობახიძე

როგორც პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, “ოცნება” თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში ქმნის მყარს უმრავლესობას. გამონაკლისია, რამდენიმე საკრებულო, თუმცა, დარწმუნებულია, რომ მყარი უმრავლესობის შექმნა იმ საკრებულოებშიც არ გაუჭირდებათ. ირაკლი კობახიძე კატეგორიულად გამორიცხავს თანამშრომლობას “ქართული ოცნების” მეხუთე პრემიერის, გიორგი გახარიას პარტიასთან და მას მოღალატეს უწოდებს, მის პარტიას კი დაშლას უწინასწარმეტყველებს.

“გახარიასთან პარტიასთან, როგორც მოღალატის პარტიასთან გამორიცხულია თანამშრომლობა, თავად მისი პარტია კი აუცილებლად დაიშლება. არჩევნების შემდეგ, გახარია ბოლივით აორთქლდა, მან მადლობაც კი არ გადაუხადა საკუთარ ამომრჩეველს, ის საკუთარ თავსაც კი ემალება”, – განაცხადა კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

“ქართული ოცნების” მერობის კანდიდატებმა არჩევნები პირველივე ტურში 44 მუნიციპალიტეტში მოიგეს, მეორე ტური კი, 20 მუნიციპალიტეტში გაიმართება. კობახიძე მეორე ტურში გამარჯვებაში დარწმუნებულია. ამბობს, რომ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის შედეგსაც კი, გააუმჯობესებენ, როდესაც მერის არჩევნები მხოლოდ 2 მუნიციპალიტეტში წააგეს.

მისივე შეფასებით, 2 ოქტომბრის არჩევნებით, “ქართულმა ოცნებამ” რადიკალური ოპოზიციის მიერ გამოცხადებული ე.წ რეფერენდუმიც მოიგო, რადგან დათქმული 43%-ის ნაცვლას 47% დადო.

“ქართველმა ხალხმა მყარი უარი უთხრა მოღალატეებსა და მოძალადეებს და ქვეყნის მყარ განვითარებას დაუჭირა მხარი. მას შემდეგ, რაც მეორე ტურშიც გავიმარჯვებთ, მომდევნო სამი წლის განმავლობაში მოგვეცემა შესაძლებლობა მშვიდად ვიზრუნოთ ქვეყნის განვითარებაზე. „ნაციონალური მოძრაობა“ მოშლილია, მისი კრიმინალი ლიდერი კი, ციხეში იხდის დამსახურებულ სასჯელს. ეს საშუალებას იძლევა 2024 წლამდე, ქართული პოლიტიკური სპექტრი თვისებრივად გაჯანსაღდეს”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც კობახიძე ამბობს, მმართველი პარტიისთვის მნიშვნელოვანია, ის შედეგი გაიმეოროს, რაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ჰქონდათ და, რომელ შედეგებსაც ოპოზიცია მთელი 6-თვის განმავლობაში აპროტესტებდა. მცირე პარტიების შედეგებს რაც შეეხება, კობახიძის შეფასებით, სანამ “ნაციონალური მოძრაობა” იქნება მნიშვნელოვანი ფაქტორი ქვეყანაში, მანამდე ჯანსაღ პოლიტიკურ ძალებს განვითარების შესაძლებლობა არ მიეცემათ. “ნაციონალური მოძრაობა” არის პოლარიზაციის მთავარი წყარო, რომელიც სივრცეს არ ტოვებს სხვა ოპოზიციური პარტიებისთვის.

ელენე ხოშტარია

ოპოზიცია კვლავ გაყალბებებზე საუბრობს. როგორც “დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია აცხადებს, თბილისის პროპორციულ ნაწილში, ბიულეტენების 40%-ში დისბალანსია – მეტობა არის 26 უბანზე, რაც ნიშნავს, რომ ბიულეტენები უტყუარად არის ჩაყრილი. ელენე ხოშტარიას თქმით, საკამათოც არ არის, რომ ეს უბნები უნდა გაუქმდეს.

პოლიტოლოგთა ნაწილი მიიჩნევს, რომ თბილისის მერის არჩევნებში სახელისუფლებო კანდიდატმა კახა კალაძემ პირველივე ტურში რომ ვერ გაიმარჯვა, ამის მიზეზი არის არა სააკაშვილის ფაქტორი, რომელიც პირველ ოქტომბერს თბილისში დააკავეს, არამედ გიორგი გახარიას დამსახურებაა.

ის, რომ პირველ ადგილზე “ქართული ოცნება” გავიდოდა, მეორეზე “ენმ” და მესამეზე გახარიას პარტია, არავის გაჰკვირვებია. თუმცა, სააკაშვილის ფაქტორმა მაინც შეცვალა პროცენტული მაჩვენებელი. ექსპერტთა ნაწილის აზრით, ძებნილი ექსპრეზიდენტ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლით, შემდგომ კი მისი დაპატიმრებით, იხეირა “ქართულმა ოცნებამ” და “ნაციონალურმა მოძრაობამ”, მაგრამ დაარტყა სხვა პარტიებს, მათ შორის, გახარიას პარტიას.

ვახტანგ ძაბირაძე

“წვრილი პარტიები მართლაც გაიკრიფნენ თვალსაწიერიდან, მაგრამ ამას მხოლოდ მიშას ჩამოსვლას ნუ დააბრალებენ, უპირველესად, საკუთარ თავს დააბრალონ. შარშანდელი არჩევნებიდან მოყოლებული ამ პარტიებმა, ჩვენდა სამწუხაროდ, ყველაფერი გააკეთეს, რომ დღეს სწორედ ამგვარი შედეგი მიეღოთ“, – აცხადებს ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე.

იგი დარწმუნებულია, რომ კახა კალაძე მეორე ტურში აუცილებლად გაიმარჯვებს, რადგან ფიქრობს, რომ გახარიას და ბევრი სხვა ნეიტრალური ამომრჩევლის ხმები მის კალათში გადავა.

ექსპერტთა მეორე ნაწილი მიიჩნევს, რომ ამ 9 წლის განმავლობაში “ქართულმა ოცნებამ” თუ რამ გააკეთა “წარმატებით”, საკუთარი ამომრჩევლის განაწყენებაა. 2 ოქტომბრის არჩევნებმა აჩვენა, რომ უამრავი იმედგაცრუების მიუხედავად, საზოგადოებაში, მაინც არსებობს იმედი, რომ ქვეყანაში არჩევნების გზით შესაძლებელია ცვლილებები, სხვა შემთხვევაში, თვითმმართველობის არჩევნებზე მაღალი აქტიურობა არ იქნებოდა.

ამომრჩევლის აქტიურობა სააკაშვილის ფაქტორმაც რომ განაპირობა, ამას არჩევნების შედეგებიც მოწმობს. “ქართული ოცნებისა” და “ნაციონალური მოძრაობის” მერობის კანდიდატები აღებული ხმების რაოდენობით, გვერდიგვერდ მისდევენ ერთმანეთს. საერთო ჯამში, ქართველმა ამომრჩეველმა უკვე მერამდენედ, არჩევანი გააკეთა არა მრავალპარტიულობაზე, არამედ კონკრეტული პოლიტიკური ძალის წინააღმდეგ.

რამაზ საყვარელიძე

Dalma News-სთან საუბარში, ფსიქოლოგი და პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე აცხადებს, არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე თვალშისაცემია ის, რომ “ნაციონალური მოძრაობის” პროცენტი გაიზარდა, რაზეც, ადვილი შესაძლებელია სწორედ სააკაშვილის ფაქტორმა მოახდინა გავლენა.

“ყველა ისეთ შემთხვევაში, როდესაც ქვეყანაში არსებობენ ქარიზმატული ლიდერის თაყვანისმცემლები, ეს მხოლოდ პოლიტიკური თაყვანისცემა არ არის, ლამის შეყვარებაა, ფანების ჯგუფი ერთი და იგივე რაოდენობას ინარჩუნებს. ისინი არ არიან დამოკიდებულნი იმაზე, პოლიტიკოსი შეცდომას დაუშვებს თუ არა, იტყვის სისულელეს თუ არა. ეს ყველაფერი წვრილმანია, ყველაფერს გაამართლებენ და გაყვებიან მას”, – აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

დასრულდება თუ არა 2 ოქტომბრის არჩევნებით ქვეყანაში ფესვგადგმული ორპოლუსიანობა, ალბათ, ძნელი მისახვედრი არ არის, რომ არ დასრულდება. ოპოზიცია კვლავ ქუჩის აქციებისთვის ემზადება და ექსპრეზიდენტ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლებას მოითხოვს.

“ორივე მხარე იძახის, – ორპოლუსიანობა უნდა დასრულდესო, – ამავე დროს ორივე პოლუსის წარმომადგენლები არიან. „ენმ“ გულისხმობს, რომ „ქართული ოცნება“ უნდა დასრულდეს, რათა ქართულ პოლიტიკურ სცენაზე, მხოლოდ “ნაციონალური მოძრაობა” დარჩეს. მეორე მხრივ, ისეთი საშინელი მოგონებები აქვთ ადამიანებს ნაციონალების მმართველობის პერიოდზე, რომ ეს ნაკლებად სავარაუდოა”, – აცხადებს საყვარელიძე.

მისივე თქმით, საქართველოს მოსახლეობას ბევრი პრეტენზიები აქვს “ქართული ოცნები” მიმართ, მაგრამ მაინც “ოცნება” ურჩევნია ნაციონალებს. ამდენად, თუ გამოჩნდება მესამე ძალა, ალბათ, დიდი ნაწილი მისკენ წავა. ეს იქნება ორპოლუსიანობის მოხსნის ნორმალური ქმედითი მეთოდი.

შეგახსნებთ, რომ, როგორც მერის, ასევე საკრებულოს მაჟორიტარების არჩევნების მეორე ტური არჩევნებიდან მეოთხე შაბათს უნდა გაიმართოს – ამ შემთხვევაში, 30 ოქტომბერს.

შ. ქარჩავა